ახალი თაობა 28.07.2021 „ხელისუფლება ამოეფარა ეკლესიას და დაუშვა, რომ ეკლესიისთვის ტალახი ესროლათ“

mamuka 16
მამუკა გიორგაძე: „სხვა სახელმწიფოებში არჩევნები სიტუაციის განმუხვის საშუალებაა, ჩვენთან კი-დაპირისპირების საბაბი“
მარიამ მჭედლიშვილი
რას ნიშნავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის არჩევნების შესახებ? როგორ ტარდება არჩევნები საქართველოში? ვინ უწყობს ხელს საზოგადოებაში კონფლიქტს? სად იკვეთება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები? რა არის მოსალოდნელი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. თქვენ რას იტყვით? არჩევნების შემდეგ აქცენტს აკეთებდით მართვადი ქაოსის ახალ ტალღაზე, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა.
_ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პატარა მუგუზალი ჩადო იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს. ჩვენთან ასეთი კომისიები ყოველთვის მხარეს წარმოადგენს. ჯერ არ გვაქვს იმის კულტურა, რომ კომისიამ ჭეშმარიტება დაადგინოს და მისცეს მოვლენას პოლიტიკური შეფასება. კომისია მხარეა, ამიტომ მისი დასკვნა იწვევს უნდობლობას და ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ზრდის.
_ იქნებ, ტოტალურად არ გაყალბებულა არჩევნები?
_ არსებული საარჩევნო კოდექსით ნორმალური, სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოუწესრიგებელია საარჩევნო სიები. გარდა ამისა, არჩევნებზე და წინასაარჩევნოდ იხარჯება უზარმაზარი უკანონო ფული. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის ეს არის ასტრონომიული თანხები. ჩვენ ხომ აშშ-ს მსგავსი სახელმწიფო არა ვართ, რომ ამდენი დაიხარჯოს! ამას ემატება მიბმულობა დამსაქმებელზე.
_ გულისხმობთ ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ პირებს, რომლებიც იძულებული არიან, ხმა მმართველ პარტიას მისცენ?
_ მათაც და ხშირ შემთხვევაში კერძო სექტორსაც. გვყავს უამრავი ჩინოსანი. რატომღაც თანამდებობის პირების ოჯახების წევრები არიან ისეთი „ნიჭიერები“, რომ ყველგან საქმდებიან. ბიზნესიც ხომ სახელისუფლებოა! ის ჩამოკიდებულია ხელისუფლებაზე, დასაქმებული-დამსაქმებელზე. გვყოლია დიზაინერები, არქიტექტორები, რომლებმაც მაშინ გაიბრწყინეს, როცა მათი ოჯახების წევრები იყვნენ პარლამენტის სპიკერატში. რაც ისინი აღარ არიან პარლამენტის ხელმძღვანელობაში, იმათი შემოქმედებაც გაქრა. ამიტომ ვამბობ მიბმულობაზე.
_ მომავალ არჩევნებზე არაფერი შეიცლება?
_ როგორც გითხარით, ჯერჯერობით, საქართველოში ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. არის იმის საშიშროებაც, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ გამეორდეს იგივე, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. საგამოძიებო კომისიები ჩვენთან ვერ დებენ შედეგს. სხვაგან ისინი შესანიშნავად მუშაობენ. ეს შეიძლება ითქვას 2008 წლის მოვლენებზე.
_ სააკაშვილის დროს იძიებდა საპარლამენტო კომისია ამ ამბებს.
_ მეც ამას ვამბობ, რომ იკვლევდა, მაგრამ დასკვნა არ დადო. 2 012 წლიდან სხვა ხელუსუფლება მოვიდა. იმას მაინც ხომ უნდა გამოეკვლია?! „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა. არ აწყობდა. არ უნდოდა ობიექტური დასკვნის გამოტანა. ეს არც არის გასაკვირი. ნაცმოძრაობას და „ქართულ ოცნებას“ ერთი და იგივე პატრონი და კურატორები ჰყავთ. ლიტვაში წლების შემდეგ გამოიძიეს 1 991 წლის 13 იანვრის მოვლენები და ხალხის დარბევა. ჩვენ 9 აპრილის მოვლენებს არ ვუბრუნდებით. დავკმაყოფილდით საბჭოთა პერიოდის დასკვნით. ვინმემ გამოიძია როგორ დაიღუპა მერაბ კოსტავა? იქნებ, ვინმემ წინასწარ მწყობრიდან გამოიყვანა მანქანა? გიორგი ჭანტურიას და ზვიად გამსახურდიას ამბებიც გამოუძიებელია. მარტო ის კი არაა გასარკვევი, ვინ გააკეთა ეს. დასადგენია რისთვის მოიცილეს ეს პიროვნებები. თუ ამას გავარკვევთ, შესაბამისი გზა და სტრატეგია უნდა ავირჩიოთ.
_ 2 020 წლის არჩევნების შემდეგ მართვადი ქაოსის გააქტიურებაზე საუბრობდით. რუსეთმა არჩევნების საკითხი საბაბად გამოიყენა?
_ რა თქმა უნდა. საბაბი ნებისმიერი შეიძლება იყოს. საბაბი ემოციებს უნდა იწვევდეს. ასეთი თემები ბოლო დროს იყო. დაპირისპირებას საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ როგორც ხელისუფლება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ავიღოთ ასეთი მტკივნეული თემა-პრეზერვატივებზე წმინდანების გამოსახვა. ეს სამართლებრივი კი არა, კულტურის საკითხია. ტუალეტები იკეტება. კანონში არ წერია, რომ კარი უნდა დაკეტო. შენ კარს კეტავ, იმიტომ რომ პატივს სცემ გარშემომყოფებს. საუბედუროდ, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად ვერ შექმნა ის მორალური კლიმატი, რომელიც თავიდან აგვაცილებდა დაპირისპირებას ამ ნიადაგზე.
_ დაუწერელი კანონებიც ხომ არსებობს? ჯერ კიდევ ანტიკური ლიტერატურა ამტკიცებდა, რომ დაუწერელი კანონები დაწერილზე მნიშვნელოვანია.
_ დიახ. ყველა კანონის მიმართ იხმარება ასეთი სიტყვა-„კანონის სულისკვეთება“. უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვიღებთ რომელიმე კანონს. ხანდახან მორალური შემაკავებლები მუშაობს. თუ მიზანმიმართულად შეურაცხყოფ სხვას, ან ავადმყოფი ხარ, ან-პროვოკატორი. ხელისუფლება არ არის შემაკავებელი. დაპირისპირებისას ხელისუფლება წამქეზებელი და სტიმულის მიმცემია. ამ დროს ხდება დემოკრატიით აპელირება. ამბობენ, თითქოს დემოკრატია ყველას ყველაფრის უფლებას აძლევს. სინამდვილეში, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არაა. იქ მუშაობს მორალური შემაკავებლები.
_ საქართველოში ბოლო ხანს დემოკრატიისა და დასავლეთის დისკრედიტაციაც გააქტიურდა.
_ ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას მორალური კლიმატი. დავით აღმაშენებლის მეფობისას ელიტა იგივე დარჩა, რაც გიორგი მეორეს დროს იყო. შეიცვალა 5 თუ 6 პიროვნება. გამოჩნდნენ დავითი, გიორგი ჭყონდიდელი, არსენ იყალთოელი, კიდევ ორიოდე კაცი და სიტუაცია შეიცვალა.
_ ჩვენთან მორალური კლიმატი კრიტიკას ვერ უძლებს?
_ ეს 5-6 ივლისსაც გამოჩნდა. საზოგადოებაში არსებობენ რადიკალური ჯფუფები. ხელისუფლებამ მათ გასაქანი კი არ უნდა მისცეს, უნდა შეაკავოს. ხელისუფლებას შეეძლო, არსებული საფრთხიდან გამომდინარე აეკრძალა ე. წ. მარშის ჩატარება.
_ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მისი გამართვა მიზანშეუწონელია.
_ ეს თვალთმაქცობაა. ერთი მხრივ, უშვებ ამ ღონისძიებას, მეორე მხრივ, ხელს უწყობ რადიკალურ ჯგუფებს. ეს ანტისახელმწიფოებრივია, ისევე, როგორც ეკლესიის გამოყენება და მის ზურგს უკან დამალვა.
_ ხელისუფლებამ ეკლესია გამოიყენა?
_ ხელისუფლება ეკლესიას ამოეფარა და დაუშვა, რომ ტალახი მისთვის ესროლათ. თუ ეკლესიის და მისი უწმინდესობის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება გაქვს, ხანდახან არაპოპულარულ ნაბიჯებზეც უნდა წახვიდე! ხელისუფლება კი ეკლესიას ეფარება.
_ არჩევნებს დავუბრუნდეთ. თვითმმართველობაზე რომ საუბარი არ იქნება, ცხადია. რას უნდა ველოდოთ?
_ სხვა სახელმწიფოებში არჩევნები სიტუაციის განმუხტვის საშუალებაა, ჩვენთან კი-დაპირისპირების საბაბი. თვითმმართველობა არავის ახსოვს. ის, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც წინა პლანზე მყოფი ოპოზიცია არ საუბრობენ თვითმმართველობაზე, ადასტურებს, რომ ეს ძალები იდენტურები არიან. გასაგებია, რომ იქნება ბევრი საუბარი 43%-ზე. მთავარია, რა იცვლება. შესაძლებელია, რომ „ოცბებამ“ ეს ბარიერი ვერ გადალახოს და თქვას, რომ ვადამდელ არჩევნებს მაინც არ ჩაატარებს, იმიტომ რომ ეს კანონში არ უწერია.
_ ვარაუდობთ, რომ „მიშელის შეთანხმება“ დაირღვევა?
_ მსგავსი დარღვევები და უპირობა არ გვინახავს?! ამ არჩევნების შემდეგაც იქნება პროტესტი და უკმაყოფილება. ერთადერთი, ოდნავ შეიცვლება კონფიგურაცია და გაჩნდებიან ახალი მოთამაშეები.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress