მამუკა გიორგაძე: „მარიონეტულ რეჟიმთან პოლიტიკაზე დალაპარაკება ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღიარებ და ცალკე სუბიექტად მიიჩნევ“.
„საქართველოში კონკურენტული საარჩევნო გარემო არ არსებობს“
მარიამ მჭედლიშვილი
საარჩევნოდ შექმნილ სიტუაციასა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლითაც პარტიების დაფინანსება (მათთვის შემოწირულობა) აეკრძალებათ იურიდიულ პირებს. გააუმჯობესებს თუ არა ეს საარჩევნო გარემოს?
_ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს ამის კონცეფცია, საარჩევნო გარემოს თემა კონცეპტუალურად არ განიხილება. არჩევნების წინ, როგორ წესი, ამოიჩემებენ ხოლმე ერთ ან რამდენიმე საარჩევნო საკითხს და მიდის მერე ამაზე შეჯახება და შუბლების რტყმევა. შეიძლება ამ საკითხებიდან რომელიმე მნიშვნელოვანიც არის, მაგრამ, როგორიც გითხარით, ყველაფერს ეპიზოდურად უყურებენ და არა კონცეპტუალურად. პარტიების დაფინანსებაზე მკითხეთ. დაფინანსების სქემასაც ფართოდ უნდა მივუდგეთ. მარტო იურიდიულ პირებში ხომ არ არის საქმე?! აუცილებელია ეფექტიანი კონტროლი ადმინისტრაციული ფინანსების გამოყენებაზე. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ იყენებენ არჩევნებისთვის თანამდებობის პირები სამსახურის მანქანებს, ბენზინს და სხვა. კანონით შეზრუდვები დადგენილია, მაგრამ გასაკონტროლებელია, როგორ სრულდება ისინი. საერთოდ, პარტიებისთვის კონკურენტული გარემოს არსებობაზე საუბარიც ზედმეტია.
_ პოლიტიკური პარტიები ერთნაირ პირობებში არ არიან ჩაყენებული?
_ რასაკვირველია, არ არიან. პოლიტიკურ სუბიექტებს არ გააჩნიათ თანაბარი სასტარტო პირობები. წარმოვიდგინოთ დოღი, ან რბოლა. ერთი მონაწილე რომ სტარტის წინ 100 მეტრით და მეტით წინ დააყენო, ისეა პარტიების საქმე. საქართველოში ზოგიერთ პარტიას მინიჭებული აქვს კვალიფიციური პარტიის სტატუსი. მათ საარჩევნოდ ეძლევათ უფასო საეთერო დრო, ისინი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან და ა. შ. სხვა პარტიები ამ სასათბურე პირობებს მოკლებული არიან. პარადოქსია, რომ კვალიფიციური პარტიებიც ლაპარაკობენ ხოლმე არჩევნების გაყალბებაზე. ამით ისინი ამტკიცებენ, რომ კვალიფიციური სუბიექტის სახელი დაერქვათ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით. კიდევ ბევრი საკითხია-სასამართლოში გასაჩივრებით დაწყებული, სიებით დამთავრებული.
იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსება არ არის მთავარი თემა. საქართველო ნამდვილად არაა ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ბიზნესს შეუძლია დააფინანსოს ის პარტია, რომელიც მას მოსწონს. საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არ არის. ბიზნესი, ანუ იურიდიული პირი, აფინანსებს ან მმართველ პარტიას, ან იმ პარტიას, რომელზეც მას ხელისუფლება მიუთითებს. საქართველოში ბევრი რამ ვერ დაიმალება. ყველა ყველაფერს იგებს. ისიც ვიცით, რომელ ე. წ. ოპოზიციურ პარტიას მიუღია მსგავსი გზით შემოწირულობები.
საოცარია, რომ პარტიები, რომლებიც თავის თავს ოპოზიციურს უწოდებენ, ხმას არ იღებენ საარჩევნო სიებზე. თუ ვინმე ამაზე რაღაცას ამბობს, ზერელედ და სასხვათაშორისოდ. არადა, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოში არსებობს მოქალაქეთა სხვადასხვა სია. კერძოდ, შსს-ს ბაზა, ცესკოს ბაზა, ასევე, არჩევნების წინ გამოიფინება ხოლმე საარჩევნო სამაგიდო სიები. ეს სიები ერთმანეთს არ ემთხვევა. უბედურება ისაა, რომ სამაგიდო სიები ჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ესაა იმის მიზეზი, რომ ვერ ესწრება გასაჩივრება. დღემდე ვერ გავიგეთ, ზუსტად რამდენი ამომრჩეველია.
_ ოფიციალური მონაცემები ქვეყნდება ხოლმე.
_ მონაცემებს შორის სხვაობას რა ვუყოთ? ბოლო აღწერის მონაცემები და საარჩევნო სიები ერთმანეთს არ ემთხვევა. არსებობს 800 000-იანი სხვაობა. სად წავიდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, უცნობია. საარჩევნო უბანზე საქართველოდან გასული ადამიანების სიები ცალკე უნდა იყოს. ბევრი საუბარია ელექტრონულ არჩევნებზე. არადა, ეს არჩევნები გაყალბებისგან არავის იცავს. ასე რომ, პრობლემა უამრავია. კონკურენტულ, თავისუფალ არჩევნებს ესაჭიროება კონცეპტუალური მიდგომა. ეს არ ჩანს. კონცეპტუალურად საერთოდ არაფერს უდგებიან. მაგალითად, აფხაზეთს. ზოგადად, ტერიტორიულ მთლიანობას.
_ ამაზე საერთოდაც იშვიათად ლაპარაკობენ.
_ ლაპარაკობენ ძირითადად საოკუპაციო ზოლზე, ბორდერიზაციაზე, ხანდახან ახსენებენ ოკუპაციას. არადა, ასეთი დამოკიდებულება ქმნის ნოყიერ ნიადაგს საქართველოს მოწინააღმდეგეებისთვის. კერძოდ, რუსეთის აგენტურისა და ავანტიურისტებისთვის. როცა სახალხო პარტია პარლამენტში იყო, ჩვენ მივაღწიეთ კონცეფციის დამტკიცებას აფხაზეთზე. მას შემდეგ ამგვარი დოკუმენტი, დოქტრინა, არ მიუღიათ.
_ რამდენიმე დღის წინ გაიმართა საუბარი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების მდივან სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას შორის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და დეპუტატია. რუსულ წყაროებში განახლდა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის თემა. არადა, ეს საქართველოს ხელისუფლებამ მაის-ივნისში გამორიცხა. როგორ აფასებთ ამ საუბარს?
_ გავიმეორებ, რომ აფხაზეთზე უნდა გვქონდეს კონცეფცია. მისი არარსებობით ბევრი ისარგებლებს. შამბა-ყოლბაიას დიალოგი არის მონიშვნა.
_ რას გულისხმობთ?
_ უნდათ, საზოგადოება შეაჩვიონ იმას, რომ აფხაზეთი ცალკე სუბიექტია. აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, სადაც არსებობს მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმი. მარიონეტულ რეჟიმთან პოლიტიკაზე დალაპარაკება ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღიარებ და ცალკე სუბიექტად მიიჩნევ. ხელისუფლება კარგად სარგებლობს საზოგადოების ნაწილის სამართლებრივი უცოდინარობით და ხდება ვირეშმაკობების შემოპარება. ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა შეგუებულია ოკუპაციას. იქ ხანდახან რაღაცას აპროტესტებენ. მთლიანობაში, აფხაზებისთვის ოკუპაცია მისაღებია.
_ აპროტესტებენ უმთავრესად ეკონომიკურ საკითხებს..
_ მეც მაგას ვამბობ. მარიონეტულ რეჟიმთან დიალოგი შეუძლებელია. საერთოდ, ძნელია განსაზღვრო, ვინ წარმოადგენს მარიონეტულ რეჟიმს და ვინ-არა. ცხელი ომი მიმდინარეობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. ღაზაში მოსახლეობა კმაყოფილია „ჰამასით“. აფხაზეთშიც დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაა. იქ არსებული სიტუაცია მახინჯდება. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა იყოს კონცეფცია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ამის მიხედვით. საყვედური ამ მხრივ ყველა ხელისუფლებას ეკუთვნის. გამსახურდიას დროს მიღებული კანონით 3 ქართველის ხმა ერთი აფხაზის ხმას გაუტოლეს. ეს აპარტეიდული კანონი იყო. შევარდნაძემ გაგანია ომის დროს სოხუმიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანა და ა. შ.
აუცილებელია საფუძვლიანი დოკუმენტი აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის შესახებ. აქტიური ოპოზიცია რატომღაც ამ საკითხებზე დუმს.