რატომ იწყებენ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში მრავალვექტორულ პოლიტიკას დასავლური დროშით, როდესაც ეს რუსეთს სჭირდება

mamuka 333

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაუფარავად აცხადებს, რომ საფრანგეთი სომხეთს ახალი ომისთვის ამზადებს და ამ მიზნით, იარაღით ამარაგებს. მართალია, ოფიციალურად ბაქო არაფერს ამბობს, მაგრამ არაოფიციალურად, აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს პრეზიდენტის ფრანგულ გადახვევებს, როგორც აზერბაიჯანისადმი არაკეთილმეზობლობის გამოვლინებას. ახლახან სომხეთმა საფრანგეთისგან ჯავშანმანქანები შეიძინა, რაც, ბუნებრივია, საქართველოს გავლით მიეწოდა. ვფიქრობ, საერთაშორისო ნორმები არ დარღვეულა, თუმცა არც კი ვიცი, მოქმედებს თუ არა დღევანდელ მსოფლიოში რამე საერთაშორისო შეთანხმება. შესაბამისად, იბადება კითხვები: რატომ უნდა იყოს საფრანგეთის გეოპოლიტიკური ინტერესი სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყება, იმას გარდა, რომ, რაც უნდა მოამარაგოს იარაღით, როგორ შეძლებს სომხეთი აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემის დამარცხებას? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– რატომ უნდა იყოს საფრანგეთი დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში არეულობით და აქვს თუ არა საამისოდ საკმარისი რესურსი?

– არეულობა სხვა თემაა, მაგრამ საფრანგეთს რეგიონში ინტერესები აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ დარჩათ კომპლექსები, რაც კაპიტულაციას უკავშირდება და საფრანგეთის, როგორც მსოფლიო მოთამაშის სტატუსი აწვალებთ. საფრანგეთს სირიაშიც აქვს ინტერესი, ლიბანშიც, სხვაგანაც, რათა მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ თავადაც მსოფლიო მოთამაშეა და ამის ნათელი დასტურია მაკრონის მცდელობები, რომელიც ბოლო წუთამდე ურეკავდა პუტინს და ჰქონდა იმის განცდა, რომ მისი ავტორიტეტი პუტინის სტრატეგიაში რაღაცას შეცვლიდა. ამის გარდა, არის პრაგმატული ინტერესიც, რაც უკავშირდება საფრანგეთის სომეხ მოსახლეობას, როგორც ელექტორატს და მაკრონი ამიტომაც ლაპარაკობს იმ თემებზე, რაც ამ ელექტორატისთვის საინტერესოა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ეს საფრანგეთის მხრიდან ზღვარს არ სცდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა პიარისთვის იყენებს ამ გარემოებებს და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობას. ანუ ბულინგს ეწევა, არ ჩაერიოთ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებშიო. იმიტომ რომ ალიევი წარმატებულ სვლებს აკეთებს, მას ზანგეზურის დერეფანი დარჩა გასაკონტროლებელი და ამის შემდეგ შეიძლება, ალიევმა აზერბაიჯანის ისტორიაში საუკეთესო ხელმძღვანელის სტატუსსაც გამოჰკრას ხელი. ამდენად, ბუნებრივია, პრევენციას მიმართავს, რომ ვინმე დაინტერესებული მოთამაშე ზედმეტად არ ჩაერიოს აზერბაიჯან-თურქეთის ინტერესებში.

– თურქეთის გარდა ზედმეტად ვინ ჩაერევა? რუსეთი და თურქეთი უკვე ჩაერივნენ, როგორც შეეძლოთ.

– თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ შეიძლება, საერთაშორისო უსაფრთხოების მთლიანი სისტემა მოშლილია, მაგრამ არც იმდენადაა განადგურებული, რომ არ გაითვალისწინონ საერთაშორისო მოთამაშეებმა. არათუ ალიევს, პუტინსა და ირანს უწევთ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის გათვალისწინება და აშშ ითვალისწინებს რაღაც-რაღაცებს. ამიტომ შეიძლება, დღეს ეს აწყობილი მექანიზმი აღარ არის და არც გაეროა ის ორგანო, რომელიც ბოლომდე გამოხატავს მთლიანი მსოფლიოს ინტერესს, მაგრამ მის წევრებს უწევთ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება. ისრაელს უწევს აშშ-ის ინტერესების გათვალისწინება, აშშ-ს უწევს არაბული ქვეყნების ამომრჩევლების ინტერესის გათვალისწინება და აზერბაიჯანსაც მოუწევს საფრანგეთის, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, ინტერესების გათვალისწინება, იმიტომ რომ საფრანგეთს შეუძლია, ევროკავშირის ურთიერთობებიც დაუბლოკოს აზერბაიჯანსა და თურქეთს. ასე რომ, ბუნებრივია, აზერბაიჯანი ცდილობს, გაანეიტრალოს სიტუაცია, ვინაიდან ხვალ-ზეგ აქტიური საფრანგეთის პოზიცია მისთვის შეიძლება, პრობლემა გახდეს. ზუსტად ისევე, როგორც საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული ფორმა, ანუ პრეზიდენტის საფრანგეთის მოქალაქეობა. არადა არც უიმისობაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უყურებს, როგორც ფრანგი მოხელე.

– ეს იმდენად აშკარაა, ჩვენც კი ვამჩნევთ.

– დიახ, აშკარაა. ამას არავინ მალავს და ეს რომ აშკარაა, ამასაც იყენებს აზერბაიჯანი, ოღონდ შიდა მოხმარებისთვის. ალიევმა ძალიან კარგად იცის ჩვენი შიდა სტრუქტურა, მაგრამ შიდა მოხმარებისთვის, საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად იყენებს. მეორე მხრივ, მსგავსი რეჟიმები ვერ ძლებს გარე მტრის გარეშე, რომ აი, მე კი არ ვარ ცუდი, მტრები მებრძვიან. რუსეთი დღემდე ამის კლასიკური ნიმუშია. საბჭოთა კავშირის დაშლას იმას კი არ უკავშირებენ, რომ სისტემა დალპა, არამედ ვიღაც იმპერიალისტების ხრიკებმა დაანგრიეს ასეთი ბრწყინვალე სახელმწიფოო. ბევრ ქვეყანაში და საქართველოშიც არის ასეთი ტენდენციები.

– სულ მტრების ბრალია ყველაფერი, ჩვენი – არაფერი.

– ყველა ქართველი ანგელოზია, მათ გარდა, ვინც მოწინააღმდეგეა. ბოლშევიკური აზროვნება ჩვენთან სისხლშია გამჯდარი. სომხეთშიც იგივე ხდება: 30 წლის განმავლობაში სომხეთის ხელისუფლება გარე მტრის ხატით ინარჩუნებდა ხელისუფლებას და ახლაც, ფაქტობრივად, იგივე გრძელდება, დამარცხების მიუხედავად. ამიტომ ამ ტიპის ქვეყნებში შიდა და გარე მტერი აუცილებელია და აზერბაიჯანის პიარი ამ კუთხით მუშაობს, თუმცა ალიევმა იცის, რეალურად რა ხდება საქართველოში, მან იცის, რომ ზღვარს არ უნდა გადავიდეს, მაგრამ საფრანგეთისადმი მოქმედების უფრო დიდი ამპლიტუდა აქვს და ამას იყენებს.

– გასაგებია, რომ პოლიტიკური განცხადებები საჩვენებელია და ისინი არსს არ გვიჩვენებენ, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანის მიერ ბოლო სამხედრო კამპანიის დაწყება სწორედ იმას დაუკავშირდა, რომ ფაშინიანს არ მოესწრო ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში ევროკავშირელი, ანუ ფრანგი სამხედრო დამკვირვებლების შემოყვანა.

– საერთაშორისო ბიუროკრატია იმდენად მოუქნელია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა. ასე რომ, მოულოდნელად ვერ განხორციელდებოდა. პროცესი კი ბევრად ადრე დაიწყო. რაც შეეხება ფაშინიანს: რაც უფრო მეტს, უკაცრავად და, იხვანცალებს აქეთ თუ იქით, უფრო მეტად გაეხვევა აბლაბუდაში. მან უნდა იცოდეს, რომ აზერბაიჯანმა პროცესი მანამდე დაიწყო, სანამ სომხეთის მთავარმა პარტნიორმა, რუსეთმა, სომხეთი თხასავით გაყიდა.

– საშინელი სანახავი იყო რუსეთის რეაქცია, ანუ ურეაქციობა, მაგრამ ერთიც მგლისკენო და, ვიყოთ ობიექტურები: ფაშინიანი დაუპირისპირდა რუსეთს. ესეც საბჭოური აზროვნების შედეგი მგონია, როდესაც ვფიქრობთ, რომ ისეთები, როგორებიც ვართ, არა მხოლოდ მშობელ დედას, პოლიტიკურ ოპონენტებსაც უნდა ვუყვარდეთ. ჩვენც გვახასიათებს ეს პოლიტიკური ინფანტილიზმი: მე დავუპირისპირდები მტრისა თუ მოყვრის პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ მას მაინც უნდა ვუყვარდე, იმიტომ რომ მე საყვარელი ვარ.

– დიახ, ბევრ მოუმწიფებელ პოლიტიკოსს ახასიათებს მსგავსი. ამის შესახებ ათწლეულების წინაც საუბრობდა გამორჩეული სომეხი დისიდენტი აირიკიანი, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენ რუსეთი ასე მოგვექცევა, როდესაც აღარ დავჭირდებით, გაგვცვლის აზერბაიჯანთან ან თურქეთთან თავისი პირადი ინტერესების გამო და სარგებელს ჩვენს ხარჯზე მიიღებსო. არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტერ-პეტროსიანის წერილები, რომელიც ამბობდა, რუსეთი ამას არ შეგვარჩენს და ჯობია, რაღაცები ჩვენით დავთმოთ, რომ ყარაბაღი სამართლებრივად გარანტირებული გვქონდესო. ანუ ამას ამბობდნენ სომეხი პოლიტიკოსები, მაგრამ სწორედ ის არის პრობლემა, რომ სომხეთის ხელისუფლებაში იყვნენ რუსული პოლიტიკის ქვემოიჯარე ადამიანები. ზუსტად იმ დროს დაიწყო ფაშინიანმა მრავალვექტორული პოლიტიკა, როდესაც რუსეთს უნდოდა. აი, აქ არის ჩამარხული ძაღლის თავი. ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ფაშინიანი პოლიტიკურ ველზე, როდესაც რუსეთი დაინტერესებული იყო სომხეთის მრავალპოლარულობით. საერთოდაც, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, როდესაც რუსეთს ვინმეს დასჯა უნდა, აუცილებლად გამოხტება ვიღაც, ვინც ამ მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს.

– პროდასავლური დროშით.

– რა თქმა უნდა, რომ შემდეგ ის ქვეყანა რუსეთმა მარტივად გალახოს. მეტი კი არაფერი ხდება უკრაინაში?! იგივე ხდება მოლდოვაში, ეს მოხდა ყაზახეთში და ჩვენთანაც. ამდენად, როდესაც მოედანზე შეუშვეს ფაშინიანი, სცენარი უკვე ჩაშვებული იყო. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები იმ ეტაპზე იყო გადასული, რომ სომხეთი უნდა გაწირულიყო. ამაზე მცოდნე ექსპერტები საუბრობდნენ და ოთხიოდე წლის წინ ჩვენც გვქონდა ინტერვიუ ამ თემაზე. რუკას რომ დახედავ, ნათლად ჩანს, რომ დღეს ასეა საჭირო, თუმცა დღეს სომხეთის პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც, პირდაპირ თუ ირიბად, რუსები ეუბნებიან, ცოტა მოითმინეთ, რუსეთს აღარ დასჭირდება თურქეთი და ჩვენ კვლავ დავიბრუნებთ ყარაბაღს. ამ ილუზიებსაც აქვს ერთპროცენტიანი არსებობის ალბათობა. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება: გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა ერეკლე მეორესთან რუსეთის იმპერიამ და შემდეგ აღა მაჰმად-ხანს აგრძნობინა, თუ საქართველოს დაესხმებოდა თავს, რუსეთი ხმას არ ამოიღებდა. ეს რუსული პოლიტიკაა და ასე მოიქცევა მუდმივად. და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ალიევმა ძალიან ოსტატურად გამოიყენა ეს მომენტი და სულაც არ იყო შემთხვევითი, რომ 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო, პუტინის კაბინეტში ალიევი იჯდა. ეს წინასწარ განსაზღვრული სცენარი იყო და ამ სცენარში თავისი, ამრევის ადგილი ჰქონდა ფაშინიანს, ისევე, როგორც სააკაშვილს ჰქონდა ამრევის როლი, ოღონდ პროდასავლური და „ელგებეტეს“ დროშით. სამწუხაროდ, ეს მწარე გამოცდილება საქართველოში დაგროვილია. ამდენად, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა კლასმა უნდა შეისწავლონ ეს ვითარება, რომ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ და ვიღაცამ ვიღაც ჩვენს ხარჯზე არ მოიმადლიეროს. ჩვენთან სიღრმისეულად არ იკვლევენ ამ საკითხებს. დღეს ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, თუ რამდენი აქვს შარდში სააკაშვილს ლეიკოციტები და არა იმაზე, რა პროცესები მიდის. ახლა ჯანმრთელობის თემა მოვილიეთ და ის გვაწუხებს, რამდენ ნაწილად დაიშლება „ნაცმოძრაობა“.

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress