ხალი თაობა 31.01.2024 „ის, რაც ხდება, კლანებს შორის ბრძოლაა“

mamuka 333
მამუკა გიორგაძე: „სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოურ აზროვნებას“
„პოლიტიკური კლასის ფაქტობრივი არარსებობით იქმნება ნიადაგი რუსული
სპეცსამსახურის პარპაშისათვის“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში მომხდარ საკადრო გადაადგილებებსა და სხვა პროცესებზე „ახალი თაობა“
ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“საპატიო
თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ პრემიერი არ შეიცვლება. ამასთან, მან ახსენა კორუფციის
პრობლემა. ამ სიტყვებიდან ერთი თვის თავზე პრემიერი შეიცვალა. რას იტყვით?
_ დავიწყებ იმით, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, დიდი პრობლემებია რეგიონში. ამ
დროს ისეთი რეალობაა, რომ ასეთ საკითხებზე გვიწევს საუბარი. ეს გადაადგილებებიც და
ბევრი სხვა პრობლემაც ქვეყანაში განპირობებულია იმით, რომ ჩვენ აქამდე არ გვყავს
პოლიტიკური კლასი. მმართველი პარტიის მაგივრად არსებობს ერთი ადამიანის გარშემო
კერძო ინტერესებით გაერთიანებული ჯგუფები და კლანები. პოლიტიკური კლასის
არარსებობა იწვევს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი არანაირად არ მონაწილეობს ქვეყნის
მართვაში.
ეს საკადრო ცვლილებები არანაირ გავლენას არ ახდენს ქვეყნის განვითარებაზე, ხალხის
ცხოვრებაზე. ეს არის ურთიერთობების გარკვევა კლანებს შორის. ზოგი ჯგუფი
გაძლიერდება, ზოგი-შესუსტება. იმ დროს, როცა ურთულესი პროცესები მიმდინარეობს
ჩვენს რეგიონში, როცა საქართველოს სიახლოვეს ცხელი ომებია, როცა ბევრი რამ იცვლება
და ყველა სახელმწიფო ცდილობს თავისი ადგილის მოძებნას, ჩვენ გვიწევს რაღაც
ჯგუფების კერძო ინტერესების გამო დაპირისპირებაზე ლაპარაკი.
_ პოლიტიკური კლასის არარსებობა ახსენეთ. აქტიურ ოპოზიციაში რა მდგომარეობაა?
_ იგივე მდგომარეობაა. იქაც კერძო ინტერესები დომინირებს. იქაც არის გაერთიანებები
ერთი პირის გარშემო. ოპოზიციაში ხან იშლებიან და იყოფიან, ხან-ერთიანდებიან.
პოლიტიკური კლასის, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის უქონლობა ძალიან ცუდია
ქვეყნისათვის. ეს მადას უღვივებს გარე ძალებს, რომლებიც უფრო აქტიურად ცდილობენ
საქართველოს ინტერესების შებღალვას.
_ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რუსეთის ინტერესი
მაინც არ შენელებულა?
_ ევროპას თავისი სისტემა აქვს. უბედურება ისაა, რომ ჩვენ ვერ გამოვედით რუსული
მმართველობის სისტემიდან. ამიტომაც ხდება ის, რაზეც ვსაუბრობთ, კლანებს შორის
დაპირისპირება, კლანების გადაჯგუფება და არა ჯანსაღი კამათი ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა საგარეო ორიენტაცია, ეკონომიკის განვითარება და სხვა. პოლიტიკუტი ჭიდილი,
დუღილი, აზრების გამოთქმა, კამათი – სავსებით ნორმალური მოვლენებია. საქართველოში
ამდაგვარი არაფერი ხდება. მიმდინარეობს ის, რაც ხელს აძლევს რუსეთს. საქართველოს
საზოგადოება ამას უყურებს. ერი უბრალო მაყურებლის როლშია. რუსეთი ცდილობს
დაიკმაყოფილოს საკუთარი ინტერესები ჩვენს ხარჯზე.
_ ბიძინა ივანიშვილს დავუბრუნდეთ. პრემიერის გამოცვლა მას კულუარებიდანაც შეეძლო.
რატომ გამოვიდა ჩრდილიდან?
_ გავიხსენებ მის განმარტებას. თუ მის სიტყვებს ვენდობით, მან თქვა, ხელისუფლებას
ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდიო. მან ეს არგუმენტი ახსენა. ასეა თუ ისე, ძალიან საეჭვოა,
ასეთ პირობებში ამ ხელისუფლებამ დაიცვას ქვეყნის ინტერესი.
_ 29 იანვარს პარლამენტში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის 9
რეკომენდაციის შესასრულებლად. გამოცხადაა, რომ სამუშაოდ იწვევენ ყველა პარტიასა და
არასამთავრობო ორგანიზაციას. მაგალითად, თქვენ პარტიას შეუძლია ამაში მონაწილეობა?
_ ჯერ ერთი, არავის არსად მივუწვევართ. „ყველას მიწვევა განხილვაზე“-ეს სიტყვის
მასალაა. მეორეც,-როცა მიზანს ვერ ვხედავთ, მონაწილეობასაც აზრი ეკარგება.
_არ გაქვთ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ამ რეკომენდაციებს შეასრულებს?
_ ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავ. წარმოუდგენელია, რეფორმები გაატაროს და
დემოკრატიზაციაზე იფიქროს ხელისუფლებამ, რომელიც დაკავებულია კლანებს შორის
ურთიერთიერთობის გარკვევით. ის საკადრო ცვლილება, რაზეც თავიდან მკითხეთ,
მრავლისმეტყველია.
_ იანვრის შუა რიცხვებში ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში
ხელმძღვანელობდა „ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში. რუსეთთან პარალელი ხომ არ ჩნდება?
რუსეთის ახლანდელი მთავრობის თავმჯდომარეა მიშუსტინი. როცა პუტინმა მისი
გაპრემიერება გადაწყვიტა, დაასწრო მაღალი დონის შეხვედრას ჩინეთის
ხელმძღვანელობასთან. შემდეგ ის მთავრობის მეთაური გახდა..
_ შესაძლებელია პარალელის გავლება, ვინაიდან, ჩვენ პოლიტიკური ინფრასტრუქტურა არ
გვაქვს, ნამდვილი პოლიტიკური პარტიები არ გვყავს, არ ხდება პოლიტიკური პრიგრამების
წარმოდგენა. ყველაფერი აგებულია კერძო ინტერესებზე.
_ ეს ყველაფერი საგარეო ორიენტაციას ასახავს?
_ ხელისუფლება არ მიისწრაფვის დემოკრატიისკენ, სახელმწიფოს განვითარებისკენ. როცა
ასეა, ხარ ავტოკრატების ბანაკში. ავტოკრატიულ სახელმწიფოებში პიროვნება
გაიგივებულია სახელმწიფოსთან. დემოკრატიულ სამყაროში ასე არ არის, იქ სახელმწიფო
არ არის გაიგივებული პიროვნებასთან. სამწუხაროა, რომ ჩვენ ცხოვრების ეს
წესი(ავტოკრატიული) ავირჩიეთ.
_ საზოგადოებამაც აირჩია? გამოკითხვების თანახმად, ხალხის უმრავლესობას დასავლური
დემოკრატია უნდა..
_ სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოურ აზროვნებას. საზოგადოებაშიც
ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ავტოკრატია აწყობს. აზროვნება შრომატევადი და
ენერგოტევადი პროცესია. ამაზე ბევრად უფრო ადვილია არ იაზროვნო, არ იშრომო და
პირველ პირებთან ურთიერთობის დალაგებით მიაღწიო იმას, რაც გინდა. ამიტომაა, რომ
მთავრობაში და პარლამენტში გვყავს შემთხვევითი ადამიანები, ვისაც მარტო ფული
აინტერესებს. დემოკრატიის დროს არის კონკურენცია, საჭიროა ნიჭის, უნარის,
შრომისმოყვარეობის გამოვლენა. ავტოკრატიის დროს მთავარია, დაალაგო ურთიერთობა
გავლენიან პირებთან. ბოლშევიზმი ამის საშუალებას იძლეოდა. ამიტომაც მიიღეს
ბოლშევიზმი არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.
_ ბოლშევიზმი ძალადობასაც გულისხმობს..
_ დიახ, მაგრამ ყველა შეიძლება თვითონ არ იყოს მოძალადე. მან შეიძლება ისარგებლოს
არსებული ძალადობრივი სისტემით.
_ ავტორიტარიზმში ხშირია ერთპარტიულობა. საქართველოსაც ეს მოელის?
_ საქართველოში ნამდვილი პარტიები არ არსებობენ. ოპოზიციაც მიბმულია
ხელისუფლებაზე. ყველანი, ვინც ტელეეკრანებზე ყოველდღე ჩანან, ერთ თამაშში
მონაწილეობენ. ყველას თავისი როლი აქვს. ერთი პარტია იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა
მოვა, ეს, საუბედუროდ, დამოკიდებულია რუსეთის სპეცსამსახურებზე. რუსეთის
სპეცსამსახურები წყვეტენ, რა სპექტაკლი უნდა დაიდგას, რა მუხტი უნდა შეიქმნას
საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით. მასის მართვა მთელი
მეცნიერებაა. რუსეთის სპეცსამსახურებს ჩვენთან ეს ბევრჯერ გამოუცდიათ. ეს შეიძლება
იყოს რომელიმე თემის წამოწევა საარჩევნოდ. მაგალითად, დავითგარეჯის თემის.
გვახსოვს, როგორ „ააგდო“ ეს თემა „ქართულმა ოცნებამ“. დამთავრდა არჩევნები და
დავითგარეჯი არავის უხსენებია.
გავიხსენებ 1989 წელს. თბილისში ხმა დაირხა, რომ ცხინვალში აკვანში მყოფი ქართველი
ბავშვი მოკლეს. ხალხი გაშმაგდა და ცხინვალისკენ ის ადამიანებიც დაიძრნენ, რომლებსაც
პოლიტიკა სულ არ აინტერესებდათ. მერე გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო-არავინ მოუკლავთ.
იმავე დროს ცხინვალშიც დააგდეს რაღაც პროვოკაციული ჭორი. ცხინვალისკენ დაძრულებს
ჯანსაღი ძალები ვერ ვაჩერებდით. ამით ზოგიერთმა პიროვნებამ ისარგებლა. ამას იმიტომ
ვიხსენებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა იციან, როგორ ითამაშონ ხალხის ემოციებზე.
ისინი პროვოკაციებზე უარს არ მომავალში იტყვიან. პოლიტიკური კლასის არარსებობა და
გარკვეული ძალების რუსეთთან კავშირები ნოყიერი ნიადაგია რუსული სპეცსამსახურების
საპარპაშოდ.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress