თავდაპირველად მხოლოდ საზოგადოებრივი აზრისა და მედიის დონეზე ინერგებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანში მოსაზრება, რომ ნარიყალა თურქული ციხეა, რომ ქართველები ქვემო ქართლში ისტორიულ ტოპონიმებს, ანუ თურქულ სახელწოდებებს უცვლიან დაბებსა და სოფლებს (არადა სწორედაც რომ, ისტორიული სახელწოდებები დავუბრუნეთ ქართულ დაბებსა და სოფლებს და მერე რა, რომ იქ დღეს ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?!). ახლა უკვე აზერბაიჯანელი მეცნიერები გამოთქვამენ აზრს, რომ არათუ თბილისი, ზოგადად, აღმოსავლეთი საქართველო აზერბაიჯანის კუთვნილება იყო და დღესავით ნათელია, რომ ამას ისინი ვერ იტყვიან ოფიციალური ბაქოს თანხმობისა და მითითების გარეშე, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი ოფიციალურად პატივისცემას გამოხატავს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, ანუ ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ შორის აქტიური მიმოსვლა და ძმური სიყვარულის ორმხრივი მტკიცებაა. რისკენ ისწრაფვის აზერბაიჯანი? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
– მე არ ვიცი, როგორ უნდა წაგვართვას აზერბაიჯანმა ჩვენი ისტორია და კულტურა ოფიციალურად და, საერთოდაც, როგორ გაიყოფენ სომხები და აზერბაიჯანელები ჩვენს ტერიტორიასა და კულტურას. თითქოს ეს კომიკურია, მაგრამ აშკარად უსიამოვნო ფაქტია. რის იმედი აქვს ოფიციალურ ბაქოს ან რა საფუძველი, რომ ასეთი პრიმიტიული გზით მიითვისებს, რაც მისი არ არის?
– ქართული გამოთქმაა, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო და როდესაც მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ქართველები დაკავებული არიან ერთმანეთთან უაზრო ძიძგილაობითა და პერსონიფიცირებული პოლიტიკით, ბუნებრივია, ეს მადას უღვივებს ყველას. ნივთი, რომელიც უპატრონოდ დევს, აცდუნებს ადამიანებს.
– ნარიყალა, ჯვარი, სვეტიცხოველი, ანანური რატომ დევს უპატრონოდ?
– როდესაც გელათი თავზე გენგრევა, ნიკორწმინდაში პრობლემები გაქვს, გარეჯის საკითხში ერთი ნაბიჯით წინ არ წაგიწევია, ჰერეთში არ იცავ ქართველი მოსახლეობის ინტერესებს, წითელი ხიდი შენი საზღვრების გარეთ ისე მოექცა, რომ ხმაც არ ამოგიღია, ხუჯაბის მონასტერი სომხეთის ტერიტორიაზეა, რუსი, აფხაზი და ოსი ამდენს გიბედავს, იმის გამოხატულებაა, რომ ეს ნივთი, რაც უნდა შენ გეკუთვნოდეს და რაოდენ ძვირად ღირებულიც იყოს, მაინც უპატრონოდ დევს, რაც დროთა განმავლობაში ნებისმიერს უღვივებს სურვილს, რომ მოჰკიდოს ხელი და წაიღოს. ამიტომ პრობლემის სათავე თავად ქართველები ვართ: რას ვარჩევთ ჩვენ? არის თუ არა ერთი კაცი ოლიგარქი და როგორი ანალიზის პასუხები აქვს მეორე კაცს. სხვა არაფერი გვაინტერესებს. ამდენად, ამ ხალხს შეექმნა იმის განცდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ინტერესების დაცვა. ამდენად, უმთავრესი დამნაშავეები ვართ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, რომლებიც ამას იტანენ.
– სომხები ყველაფერს ეჭიდებიან, მაგრამ ისინიც ვერ იცავენ თავიანთ ძეგლებს, აზერბაიჯანელები საკუთრივ სომხურ ძეგლებსაც ალბანურად აცხადებენ. მხოლოდ ისაა მიზეზი, რომ ცუდად დევს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა?
– ორ ნაწილად გავყოთ თემა: ერთია ჩვენი დამოკიდებულება და მეორე – აზერბაიჯანის დამოკიდებულება. ჯერ ჩვენს დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ. ქართველი მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში, ინტერნაციონალური პრინციპიდან გამომდინარე, გამოსცემდნენ წიგნებს და დღესაც გამოიცემა, რომლებშიც წერია, რომ რუსთავამდე ალბანეთის ტერიტორია იყო. ეს წერია საქართველოს ისტორიის ოცტომეულის მეორე ტომში. საქართველოში ბოლომდე არ არის დაგმობილი, ეგრეთ წოდებული, ქართიზაციის თეორია, რომ თითქოს ქართლმა გააქართველა ტერიტორიები და ჰერეთი და ლორე ქართული მიწა კი არ არის, არამედ შუა საუკუნეებში ძლიერი საქართველოს ქართიზაციის შედეგი.
– ჩვენი არც ხელისუფლება აქტიურობს და არც საზოგადოება, საზოგადოება უკრაინის გამარჯვებას ელის, როგორც გადარჩენის ერთადერთ გზას.
– საზოგადოება ტკბება იმით, რა ბრწყინვალე პატრიარქი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის მცდელობებს, მოაგვაროს ეს საკითხები, მხარს არ უბამს. ერთია, როდესაც ქართულ „ფეისბუკში“ ესა თუ ის, თავის თავს რომ მეცნიერს უწოდებს, წერს, რომ ლამის სამყაროს ცენტრში ვართ ქართველები და მეორეა ის, რომ რეალურ სამეცნიერო ნაშრომებში ეს ყველაფერი ანტიქართული კუთხითაა ასახული. ჩვენ ჩვენს ინტერესებს არ ვიცავთ, ამიტომ ცალსახად ჩვენ ვართ დამნაშავენი, ისევე, როგორც თავის დროზე, ვითომ მშვიდობის, ვითომ ბიზნესის გამო სოჭი დავთმეთ; არ წავედით ბრესტ-ლიტოვსკში, არ განვაცხადეთ ჩვენი პრეტენზიები, როდესაც კომუნისტებმა ჰერეთი და ტაო-კლარჯეთი ისე გადასცეს თურქეთს, რომ თვალიც არ დაუხამხამებიათ, ლორე დავთმეთ უსიტყვოდ. ეს ყველაფერი თავად ჩავიდინეთ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს: ნაციონალისტური თემა ყოველთვის ემოციურია და გათვლილია საზოგადოების დიდ ფენებზე. ამდენად სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მთავრობები მაქსიმალურად იყენებენ ამ კოზირებს და შიდა მოხმარებისთვის ამ პროპაგანდას ეწევიან. იმავდროულად, ჩვეულებრივი აღმოსავლური პოლიტიკაა, რომ ტკბილი სიტყვით, ბიზნესდაინტერესებით, ყველგან გამოხატავენ აზრს, თუ რა კარგი მეგობრებო ვართ, თუმცა დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ელექტორატს ხასიათზე მოიყვანს. ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი დემოკრატიის ოაზისი არ არიან. რით უნდა დარაზმოს ამომრჩეველი? ასეთი ნაციონალისტური განცხადებებით. იმიტომ რომ სხვას ვერაფერს სთავაზობენ საკუთარ მოსახლეობას. თავისთავად, სახელმწიფო აზერბაიჯანი სულ ახლახან შეიქმნა, სომხეთს ათი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფოებრიობა დაკარგული ჰქონდა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გადადგა მათმა სახელმწიფოებრიობამ პირველი ნაბიჯები. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღეს მათი ნაციონალიზმი წინა პლანზეა წამოწეული და ეს ყველაფერი ეჯახება ქართველების გულგრილობას, უნიათობას, ბოდიში გამოთქმისთვის, ფეხებზემკიდიაობას.
– და სრულ გაუნათლებლობას. ვიდეო-ბლოგი ჩავწერე და ვახსენებდით ბორჩალოელ თათრებს, ქართული სახელმწიფოს უერთგულეს ადამიანებს და ქართველების ნაწილმა შემაგონა, შეურაცხმყოფელია ტერმინი „ბორჩალოელი თათარიო“. გავოგნდი, არ ველოდი, თუ ვინმემ არ იცის ეს ისტორიული ტერმინი.
– თავის თავის იდენტიფიკაციას ეს ხალხი ასე ახდენდა ერთი საუკუნის წინათ. იმავე ასპინძის ომში ხუდია ბორჩალოელის ერეკლე მეორისადმი თანადგომა არის ჩვენი ერების ერთმანეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითი. ხოლო კრწანისში, როგორც ისტორია გვამცნობს, 500 ბორჩალოელი ედგა ერეკლეს გვერდით. არ არის თათარი შეურაცხმყოფელი სიტყვა. ეს არის მათი რელიგიური მრწამსის გამომხატველი.
– თათარსტანია რუსეთში. ეს მაინც არ გაუგიათ? თუმცა ჩვენი და ის თათრები ერთი და იგივე ხალხი არაა.
– სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ამაზე არ ველაპარაკებით მათ. იმავე კახეთში სხვა წარმომავლობის ხალხია, ჩვენ რომ აზერბაიჯანელებს ვეძახით. სხვადასხვა დროს, ბედის უკუღმართობით თუ რაღაც მოვლენების მიზეზით, გადმოსახლდნენ საქართველოში და ძალიან იყვნენ ინტეგრირებულები ქართველ საზოგადოებასთან. თავის დროზე არც არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ დღეს, ამ უაზრო ინტერნაციონალიზმის ეპოქაში, ჩვენ თვითონ ვქმნით ამ პრობლემებს და მერე ქართული ნაციონალიზმი ყველაზე მდარე ფორმით წარმოჩნდება. ჩვენ ვერ გავთავისუფლდით საბჭოთა აზროვნებისგან. რა არის საბჭოთა ნაციონალიზმი? საბჭოთა ნაციონალიზმი პროპაგანდირებდა იმას, რომ მე სხვაზე უკეთესი ვარ. რა არის ქართული ჯანსაღი ნაციონალიზმი? ეს არის ჩემი სურვილი, მოვაწყო ჩემი ქვეყანა ჩემი ღირებულებების შესაბამისად. სხვას არ ვეხები: სხვაზე არც უკეთესი ვარ და არც უარესი; არც ზემოდან ვუყურებ და არც ვემონები. მინდა, ჩემი ქვეყანა ჩემი ღირებულებების შესაბამისად და სხვა ერები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ამ ღირებულებებით უნდა ცხოვრობდნენ, თავიანთი სპეციფიკური ინტერესების გარანტირებული დაცვით. ჩვენ ამ გზაზე, ჯანსაღი ეროვნული მოძრაობის გზაზე, უარი ვთქვით. ზემოდან ვუყურებთ სხვებს და მერე გვიკვირს, ჩვენს საქმეს რატომ არ აკეთებს აზერი, სომეხი და როგორ გაბედეს ეს მათ?! გაბედეს, იმიტომ რომ ჩვენ მივეცით საამისო საფუძველი. ნოდარ ნათაძემ რამდენიმე წელი მიუძღვნა ჰერეთის საკითხის შესწავლას. ეს მასალები არსებობს. გვაქვს ქართველ საზოგადოებას ურთიერთობა ჰერელ ქართველებთან?! ვუწყობთ ხელს მათ ინტეგრირებას ქართველ საზოგადოებაში?! რამდენი სუფთა კრიმინალური შემთხვევა ვიცი, როდესაც იქ რამდენიმე ქართველი დაიღუპა. ჩვენმა სახელმწიფომ, თუნდაც, პროტესტი გამოხატა ამის გამო?! იგივე ხდება სომხეთთან, თურქეთთან დამოკიდებულებაში. პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ ყველას თავი დაუხარო; პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ პარტნიორმა უკადრებელი იკადროს, მაგრამ, შენ თუ ისე დააყენებ საკითხს, რომ ყველაფერზე თანახმა ხარ, ბუნებრივია, ის ამას გააკეთებს. ამერიკას, ევროპას, თურქეთს ვთხოვთ უმაღლეს სტანდარტებს, ჩვენ კი გვინდა, წამოვწვეთ სახლში, ფეხი ფეხზე გადავიდოთ და ვიწუწუნოთ, ეს გაფუჭებული ხალხი როგორ არ აკეთებს ქართულ საქმესო. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ცნობიერების დეფიციტი. როგორც საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სხვა სახელმწიფოში, ისე ვცხოვრობთ დღესაც. ხომ ვიყავით დაპყრობილები? და თუ არ ვიყავით, რატომ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს?! ხოლო, თუ დაპყრობილები ვიყავით, მაშინ დღეს რატომ განვაგრძობთ იმავე მენტალობით ცხოვრებას?! რატომ ვიტანთ იმას, რაც ხდება?! აი, ეს პრობლემები არ განიხილება ჩვენთან და შემდეგ ამ დაბალ, ნაციონალურ თემებს წამოვწევთ და ვამბობთ, როგორ გაგვიბედეს?! გასაბედი იყავი და გაგიბედეს. როდესაც ფეხზე იდექი, ვერ გიბედავდნენ. მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომლებმაც პირველად წამოსწიეს გარეჯის თემა და არც ერთი აზერბაიჯანელი იქითა მხრიდან ამ საქმეში არ ჩართულა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მხარეს სამხედრო პოლიგონის გაცილებით დიდი ნაწილი იყო განთავსებული. ჩვენ ხომ გვქონდა ურთიერთობა აზერბაიჯანული ეროვნული მოძრაობის წევრებთან, ისინი არც კი ჩარეულან, ეს თქვენია და თქვენ უნდა მოუაროთო. ერთადერთი ბერთუბანთან იყო პრობლემა, ესეც ვერ მოგვარდა, იმიტომ რომ საქართველოში დაიწყო არეულობა და ბერთუბნისთვის არავის ეცალა. დღეს კი, არათუ ბერთუბანი, ფაქტობრივად, მარტო ლავრაა ჩვენს მხარეს. ასე რომ, პრობლემაა ჩვენში და სწორი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებით შეგვიძლია, შემოვატრიალოთ.