ქრონიკა 27,07. 2021 მამუკა გიორგაძე- „5-მა ივლისმა ქართულ სახელმწიფოს იმიჯი შეულახა“

მამუკა აააა

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გიორგაძე, მიიჩნევს, რომ ის რაც 5-6 ივლისს მოხდა, ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. გიორგაძის თქმით, ამ შეთქმულებამ ხელისუფლება, მოძალადეები, ლგბტქ თემის წარმომადგენლები და ეკლესიის ზოგიერთი წევრი გააერთიანა.

თავის მოსაზრებებს მამუკა გიორგაძე ქრონიკა+- უზიარებს:

_ ბატონო მამუკა, 5 ივლისის დარბევას ბევრი და მწვავე შეფასება მოჰყვა. თქვენ რას იტყვით ამ ყველაფერზე?

_ ის, რაც ივლისის დასაწყისში თბილისში მოხდა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, საპატრიარქო უნდა წარმოჩენილიყო მხარედ. აქამდე საქართველოს ეკლესია ინარჩუნებდა ისეთ ნეიტრალობას, ვერავინ ბედავდა ეთქვა, რომ ის მხარეა. ეკლესია მუდმივად ცდილობდა, რომ ყოფილიყო შემკვრელი და ჰქონოდა ნეიტრალური პლატფორმა იმისთვის, რათა დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ენა გამოენახათ. მაქსიმალურად ცდილობდა თანაბრად მოფერებოდა ყველას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ.
ახლა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საპატრიარქო გამხდარიყო მხარე და მასზე ფრონტალური შეტევა განეხორცილებინათ. არადა, ამ ინსტიტუტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამ პროცესებში მხარე არ ყოფილიყო.

_ თქვენ ამბობთ, მაქსიმალური გააკეთა, რომ მხარე არ გამხდარიყოო და ყველაფერი პირიქით ჩანდა.

_ საპატრიარქომ რამდენიმე მიმართვა გააკეთა. მიმართა საზოგადოებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ შფოთი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ხელისუფლებას ცალკე მიმართვა გაუგზავნა, სადაც ეწერა, ეს დაძაბულობა ცუდ შედეგს მოიტანს და თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობაო. ჩვენ ხელისუფლება ხომ იმისთვის გვჭირდება, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე? მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილება პოპულარული იქნება, თუ არაპოპულარული. საპატრიარქომ ხელისუფლებას მიუთითა ის მუხლი, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. როდესაც შფოთია, წინააღმდეგობაა, უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და სხვისი ღირსება შეილახება, მთავრობა ვალდებულია, შეზღუდოს გამოხატვის ესა თუ ის ფორმაა. ამის გაკეთება ევროპული კონვენციით იყო შესაძლებელი.
მთავრობამ ეს არ გააკეთა. ეს არ გააკეთა არც ე. წ. ლიბერალურმა ნაწილმა ჩვენი საზოგადოების. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არც რადიკალურად კონსერვატიულმა ფრთამ გააკეთა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვიხილეთ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ორი ბანაკი. მივიღეთ ხელისუფლება, რომელმაც თავიდან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, რაც შეცდომა და უპასუხისმგებლობაა. როგორ შეიძლება, ხელისუფლება რამეში ნეიტრალური იყოს? ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საპატრიარქო წარმოჩენილიყო, როგორც მხარე, ხოლო მისი რამდენიმე უღირსი წარმომადგენელი _ მოძალადე. ამათ გამო დღეს საპატრიარქოს ბევრი აიგივებს ძალადობასთან. ამ დროს ძალიან ბევრი სასულიერო პირი 5 ივლისს იმიტომ გავიდა ქუჩაში, რომ დაეცვა ადამიანები.

_ დაიცვეს მერე?

_ რა თქმა უნდა! არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, ჟურნალისტები. მათი ნამოქმედარი არ ჩანს. სასულიერო პირები გამოჩნდნენ, როგრც მოძალადეები. არადა, საპატრიარქომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო. საბოლოო ჯამში, დაზარალდა საქართველო, როგორც სახელმწიფო და დაზარალდა ეკლესია, როგორც ინსტიტუტი. ყველა სხვამ იხეირა.

_ რანაირად იხეირა?

_ ხელისუფლებამაც და რადიკალურმა ჯგუფებმაც დიდი დივიდენდი მიიღეს. ქართული სახელმწიფო და ეკლესია დაზარალდნენ. ეს არის ამ მოვლენების შედეგი. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს ასეა.

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ რადიკალები, ლგბტქ თემი და ხელისუფლება ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ?

_ ერთად შეიძლება არ მოქმედებდნენ, მაგრამ რაც მათ მოიმოქმედეს, მიმართული იყო ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. სახელმწიფო დაზარალდა, როგორც მსოფლიოს თვალში, ასევე ჩვენი საზოგადოების თვალში.

_ ხელისუფლების ასეთი ქმედება ჩვენში ვიღაცებს მოეწონათ.

_ ეს როგორ უნდა მოგეწონოს? ეს არ არის ჩემი სახელმწიფო. მე არ მინდა ასეთი სახელმწიფო. მე ისეთ სახელმწიფოში მსურს ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება. არც ის სახელმწიფო მინდა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს მიუქსევს. არც ის მინდა, რომ იდეოლოგიის საფარქვეშ მოქმედი ჯგუფები მეზობელი ქვეყნებიდან იმართებოდნენ.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებს, ის ყველაფერში ლიბერალი უნდა იყოს. იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის თავისუფალი, სადაც არ არის თვითმმართველობა, სადაც უმრავლესობის უფლებები დაუცველია, როგორ შეიძლება, ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესი იყოს მხოლოდ დაცული? ეს თეორიულად მაინც ვნმემ ამიხსნას. სასამართლო და მედიის თავისუფლება როცა არ არის, იქ ვინმეს უფლებების დაცვაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?! მედიის თავისუფლებაში ვდებთ ამა თუ იმ კლანის წარმომადგენელი ჟურნალისტების აქტიურობას. მთელი ტრაგედია ეს არის. თუ ლიბერალი ხარ, ყველას რატომ არ უთმობ შენს ეთერს? ჩემს პროდასავლურობაში ჯერ არავის შეუტანია ეჭვი და არც იმაში, რომ ეკლესიის ერთგული შვილი ვარ და ამის მიუხედავად, არც მთავარ არხზე ვარ ნამყოფი და არც _ ალტ-ინფოს.

_ ეს ცოტა უცნაურია. ერთ-ერთს აუცილებლად უნდა მოსწონდე.

_ ამ მდგომარეობაში მხოლოდ მე არ ვარ. კიდევ ბევრია ჩემს დღეში. ჩვენ არც ერთი ტელევიზია არ გვიწვევს ეთერში. იბადება კითხვა, რა ხდება? ხდება ის, რომ ეს ჯგუფები ხალხის ხელოვნურ პოლარიზაციას ახდენენ. ეს იმ ტაქტიკის გაგრძელებაა, რასაც შუას გაკრეფა და ჩარეცხვა ჰქვია. საერთო ჯამში, შუა უნდა გაიკრიფოს. ამას ყველა ხელისუფლება ცდილობდა.

_ შუას გაკრეფა რატომ უნდათ?

_ იმიტომ, რომ პოლარიზაცია სჭირდებათ, ქვეყანაში მუდმივად უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირება, მუდმივად უნდა არსებობდეს მტრის ხატი. როგორც წესი, მხოლოდ ხელისუფლებაა პროგრესული, მხოლოდ ხელისუფლებამ იცის, რეფორმები როგორ განახორციელოს. მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, ბედნიერი მომავლისკენ წაიყვანოს ერი. 45 წელია, ამ პროცესებში ვარ ჩართული და მუდმივად ეს მესმოდა. ამას ამბობდნენ კომუნისტები და ამას გაიძახიან ის ხელისუფალნი, რომელნიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მართავენ ქვეყანას.
ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად მესმოდა, რომ დასავლეთი გვრყვნის, ხოლო ეკლესიას უფსკრულისკენ მივყავართ. სწორ გზას, თურმე, მხოლოდ ხელისუფლება ადგას. ამის ნათელი მაგალითი იყო შევარდნაძე, რომელმაც ღიად განაცხადა, ქართველ ხალხს იმის ტვინი ჰქონდა, პრეზიდენტი აერჩია, მარამ იმის ტვინი არა, რომ სოფლის გამგებელი აერჩია.

_ სოფლის გამგებლის არჩევა მართლა არ შეგვიძლია.

_ საერთოდ, სოფელიც არ გვაქვს. სოფელი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, არ არსებობს. სამაგიეროდ, ბელადს წარმატებით ვირჩევთ.

_ ბელადების არჩევა ჩვენი მოწოდებაა.

_ წარმატებით ვირჩევთ ბელადებს. ათი წლის მერე ამ ბელადს ვუშვებთ და ახალს ვირჩევთ, ძველს ვლანძღავთ და საერთოდ არ გვრცხვენია, რომ ისიც ჩვენი არჩეული იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, სულ ერთი სცენარით ვითარდება მოვლენები. რაზე უპირისპირდებიან ადამიანები ერთმანეთს, ვერ გეტყვიან. ლოზუნგები კი აქვთ ლამაზი. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება; სასამართლო რეფორმა და ადამიანის უფლებების დაცვა. ტაშის გრიალით ვირჩევთ ბელადს და მერე ათი წელიწადი წადის ვყვირივართ.
პოლიტიკაში რაღაცები გამეგება და ამ ოპოზიციის არ მესმის. როგორ შეიძლება, ხელისუფლებას ებრძოდე და საზოგადოებას არ წარუდგინო პროექტები, რომლის განხორციელებასაც აპირებ?

_ ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ქართული ამბავია. სულ ასე არ იყო?

_ მეც მაგას ვჩივი, რომ ასე იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა გარედან იმართება. შიდა ინტერესები რომ იყოს, სხვანაირი პროცესები იქნებოდა. ახლა გვეუბნებიან, შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებზე რეფერენდუმს ვატარებთ ვადამდელ არჩევნებზეო. რა რეფერენდუმი, ხალხო, მოიგეთ თვითმმართველობის არჩევნები და დამთავრდება ხელისუფლება. მონოპოლისტს თუ თვითმმართველობას გამოაცლი, სხვანაირიად განვითარდება მოვლენები.
მთელი ცივილიზებული სამყარო თვითმმართველობაზე დგას. თვითმმართველობა წარმართავს პროცესებს. აშშ-ში ნებისმიერი ქალაქის მერს შეუძლია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაჩეროს. ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენ მრავალჯერ გვინახავს.

_ ის ამერიკაა და მსგავს პროცესს საქართველოში ვერ ვნახავთ.

_ თუ არ მოვინდომებთ, ვერ ვნახავთ. აქ ყველაფერი მონოპოლიზებულია. უკვე მეცხრე წელია, რაც „ოცნებაა“ ხელისუფლებაში. მთელი ამ ხნის მანძილზე არ შემოუთავაზებიათ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების გზები. სამაგიეროდ, გაიძახიან, „ნაცები“ დამნაშავეები არიანო. მათზე კარგად ვიცი, რომ დამნაშავეები არიან, მაგრამ ეს რას ცვლის? „ნაცებს“ გადავაყოლოთ ქვეყანა? ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ექსცესები და გაისვაროს ეკლესია.

_ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეკლესიის გაშავება მიდის. ეს, ძირითადად, ვის ინტერესებში შედის? აქამდე სააკაშვილს აბრალებდნენ, ახლა _ ივანიშვილს.

_ არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონს ეკლესია. ეს ბოლშევიკური სისტემა ვერ იტანს მისგან წარმართულ და დამოუკიდებელ ინსტიტუტს. კომუნისტები ეკლესიას მხოლოდ რელიგიური კომპონენტის გამო არ დევნიდნენ. ისინი ეკლესიას ვერ იტანდენ იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი და, ამავე დროს, საზოგადოებრივი დაწესებულება.
წლების წინათ სულ 15-20 დისიდენტი ვიყავით საქართველოში, პატარა გოგო-ბიჭები. ხშირად გვიფიქრია, რატომ დაგვდევდა ამხელა ინსტიტუტი. მთელი სამმართველო იყო შექმნილი „კაგებეში“. რა უნდა გვექნა? რატომ უნდა შინებოდათ ჩვენი? ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ყველას ხელი მოხვიეს და ქალაქგარეთ გაიყვანეს. რა უნდა გვექნა ბრეჟნევისთვის ან ვინ მიგვიშვებდა მასთან?
უბრალოდ იციან, რომ მონოპოლიზებული სისტემა აქვთ და არ არიან მართლები. მათთვის არაკონტროლირებადი ძალის არსებობა დამღუპველია. დისიდენტი მორალურად ანადგურებდა ხელისუფლებას, თორემ კომუნისტურ პარტიას 20 დისდენტი რას დააკლებდა?
ხელისუფლებისთვის ეკლესია არის მიუღებელი, იმიტომ რომ მისგან დამოუკიდებელია. ეს მათ მორალურად ანადგურებს. ისინი ვერ იტანენ მისი უწმინდესობის მაღალ რეიტინგს. გასაგებია, რომ მისი რეიტინგი გაღიზიანებს, მაგრამ იფიქრე იმაზე, როგორ მოიპოვა ამ ადამიანმა ამხელა რეიტინგი. ის არასდროს ფიქრობდა საკუთარ ავტორიტეტზე. ხშირად საზოგადოება მას უნაწყენდებოდა იმის გამო, რომ ვიღაც უღირსს თბილად მოეპყრო.

_ ეს მართლა საწყენი ამბავია.

_ ერთი შეხედვით, საწყენი იყო, მაგრამ კარგად რომ გაგვეანალიზებინა, ვნახავდით, რომ ის ამ ადამიანის გადარჩენას ცდილობდა. ღერა-ღერა შეკრიბა ის ხალხი, რომელიც უფალმა მისცა გადასარჩენად. ამით მოიპოვა ილია მეორემ რეიტინგი და ავტორიტეტი. ვისაც მასთან კონკურენცია უნდა, სიკეთეში შეეჯიბროს. აქ იმიტომ მიდის ბრძოლა, რომ ასეთი რეიტინგული ფიგურა, რაღაც მომენტში, მათთვის შეიძლება საფრთხე გახდეს. რამდენჯერმე შეუქმნა პატრიარქმა მათ პრობლემები.
წლების წინათ რეგიონალიზმის შემოცურება სურდათ, რაც ამ ქვეყანას დააქუცმაცებდა. ამაზე ხელი პატრიარქის მკაფიო პოზიციის გამო აიღეს. მიწის უთავბოლო გაყიდვაც უწმინდესის მკაფიო პოზიციის გამო შეაჩერეს. არაერთხელ გადაუწყვეტია კონკრეტული ადამიანების ბედი. გაგახსენებთ აგვისტოს ომს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადმოასვენა ჩვენი დაღუპული მებრძოლების ცხედრები.
ასე იქმნება რეიტინგი და ავტორიტეტი. ვიღაც გამოშტერებული მღვდლის ქმედებისა და განცხადების გამო უნდათ, რომ ეკლესიის ავტორიტეტი შემცირდეს. დღეს საქართველოში 3000-მდე სასულიერო პირია. ამდენი ადამიანიდან ვიღაც რაღაც სისულელეს იტყვის. შეიძლება, გააკეთოს კიდევაც, მაგრამ ამის განზოგადება ეკლესიასთან დაუშვებელია. საკმარისია, რომელიმე ნაძირალა ჩინოვნიკს შეეხო, პარტიას მოსთხოვო პასუხი, რომ გეტყვიან, პარტიას რას ერჩი, ეგ პარტიული თემააო. ერთი სულელი მღვდლის გამო მთელ ეკლესიას როგორ ლანძღავ? იცით, რამდენი ღირსეული სასულიერო პირი გვყავს? იცით, რამხელა საქმეებს აკეთებენ ისინი? მათი საქმეები არ ჩანს.

_ სამაგიეროდ, ჩანს . . გამოშტერებულების ქმედებები და განცხადებები. ეს ხალხზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

_ არც მე მომწონს ეს, მაგრამ ამის გამო მთელი ეკლესია როგორ უნდა გავლანძღო? რამდენმა მღვდელმთავარმა გააკეთა ამ დღეებში სიბრძნით და სახელმწიფოებრიობით გაჯერებული განცხადებები. მათზე რატომ არ ამბობენ, ეკლესიას წარმოადგენენო? მხოლოდ უღირსად ვინც მოიქცა, იმათ რომ ატრიალებენ? „იმელის“ პარლამენტში 4 გიორგაძე ვიყავით და ოთხივეს სხვადასხვა პოზიცია გვეკავა. 3000 სასულიერო პირი ერთ პოზიციაზე ვერ იქნება. ვიღაცის ქმედება თუ არ მოგწონს, ის დაგმე კონკრეტულად და მთელ ეკლესიას თავი დაანებე. ვმეორებ, იქ უამრავ ღირსეული ადამიანია.
ამ შეტევის ორგანიზატორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ კონკრეტული პრების გამო მთელი ეკლესია არ უნდა გაილანძღოს, ამის მიუხედავად, მიზანმიმართულად მიდის ეკლესიის ლანძღვა. ამ შეტევას რაღაც მიზანი აქვს, ეს შემთხვევით არ ხდება.

_ რა მიზანი უნდა ჰქონდეს ამას?

_ რაღაც ისეთის გაკეთებას აპირებენ, რაშიც ეკლესია ხელს შეუშლის.

_ და წინასწარ ლანძღავენ?

_ ცდილობენ, ეკლესიის რეიტინგი შეასუსტონ და ავტორიტეტი შეამცირონ, რათა საჭირო დროს ეკლესიის სიტყვას ფასი აღარ ჰქონდეს.

_ საინტერესო ვერსიაა, სხვაგან არ მომისმენია ასეთი შფასება.

_ პროცესებს თუ გადავხედავთ, ყველაფერი აქეთ მიდის. აშკარაა, რომ წინასწარ ცდილობენ ეკლესიის განეიტრალებას, რომელიც მათ რაღაცაში შეუშლის ხელს. მე გაგახსენებთ იმ დაპირისპირებას, რაც კოვიდთან დაკავშირებით მოხდა. ამის მერეც იკითხავენ, რატომ აქვს უწმინდესს ავტორიტეტიო? ამ კოვიდდაპირისპირებამ ყველაფერს გასცა პასუხი.

_ რას გულისხმობთ?

_ შარშან როცა კოვიდი პირველად გამოჩნდა, პატრიარქს მოუწოდეს, სააღდგომო ლიტურგია ხალხის გარეშე ჩაეტარებინა. ასაკითაც და ჯანმრთელობის მდგომარეობითაც პატრიარქი რისკჯგუფში იყო. ამის მიუხედავად, მან არ ისურვა, ხალხის გარეშე შეხვედროდა ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. სხვა ეკლესიის ხელმძღვანელებმა სააღდგომო ლიტურგია მარტოებმა აღასრულეს. მან თქვა, ხალხთან ერთად მინდა ცხონებაო. ამიტომ აქვს მას ამხელა ავტორიტეტი.
ეს ავტორიტეტი ვიღაცას ხელს უშლის. რაკი ვიღაცას ხელს უშლის, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა მოსალოდნელია. ჩემი პოლიტიკური გამოცდილება მკარნახობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა რაღაცის წინაპირობაა.

_ რა შეიძლება მოხდეს?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც სერიოზული უნდა იყოს. ახლა ყველაფერი მრევლზეა დამოკიდებული. მრევლი კი გაიძახის, მიყვარს ჩემი პატრიარქიო, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

_ მრევლმა რა უნდა ქნას?

_ რა უნდა ქნას და გახდეს ეკლესიის პარტნიორი სამოქალაქო სივრცეში. ეკლესიას ყველაზე კარგი პერიოდი მაშინ ედგა, როცა სამოქალაქო სივრცეში ჰყავდა პარტნიორი. გიორგი მთაწმინდელმა ეკლესიის რეფორმირება ვერ შეძლო, იმიტომ რომ ბაგრატ მეოთხემ ვერ გაუწია პარტნიორობა რეფორმირებაში. ბაგრატ მეოთხეს უნდა აღეკვეთა ეკლესიის საქმეებში გარე ძალების ჩართვა. სამაგიეროდ, ეს შეძლო არსენ იყალთოელმა. იმიტომ მოახერხა, რომ მას გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი ჰყავდა პარტნიორად.
ეროვნულმა მოძრაობამაც მოახერხა გამხდარიყო ეკლესიის პარტნიორი. სწორედ მაშინ მიაღწია ეკლესიამ თავის მაქსიმუმს. შედეგიც იყო. რაღაცების მოგვარება ეკლესიამ ვეღარ შეძლო, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური თემები იყო წინა პლანზე. მხედველობაში მაქვს შეიარაღებული დაპირისპირება. იქაც ბევრი იშრომა ეკლესიამ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს გეოპოლიტიკური თემა იყო და ეკლესიამ ამ სიმაღლის აწევა ვერ მოახერხა.
სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინია იმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ შეტევას. რაღაცა რომ იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთი რამე შემთხვევით არ ხდება.

_ თქვენ ეს რამდენჯერმე გაიმეორეთ და აშკარად რაღაც იცით.

_ კონკრეტული არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ რაღაც მოხდება. სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც რამდენჯერმე დაიწყო ეკლესიის წინააღმდეგ სერიოზული შეტევა. ერთ შეტევას აგვისტოს ომი მოჰყვა, მეორეს _ 2011 წლის 26 მაისის დარბევა.

_ იმედია, ომი არ იქნება.

_ რაღაც რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. რა იქნება, ეს უახლოეს ერთ წელიწადში გამოჩნდება. საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. არც ისაა შემთხვევითი, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელი დიპლომატები ასეთი გააქტიურებულები რომ არიან.

_ უცხოელი დიპლომატების ყურადღება არასდროს აკლდა ქვეყანას.

_ ახლა განსაკუთრებით არიან გააქტიურებული. ვიმეორებ, ეს შემთხვევითი არაა. ამაზე ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობა არ მიდის. არავინ კითხულობს, თუ რა შეიცვალა. საერთოდ არავის აინტერესებს, თუ რა მოხდა სამხრეთ კავკასიაში. არც ის განიხილება, თუ რატომ არის ატეხილი ასეთი ამბები შავ ზღვაზე ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით. უკრაინის საზღვაო აკვატორიაში შესულ ბრიტანულ სამხედრო ხომალდს ლამის ცეცხლი გაუხსნეს. არ ვაანალიზებთ, რა დატრიალდა ყარაბაღში. არც თურქეთის ქმედებებს ვაანალიზებთ, რომელსაც ავღანეთზე კონტროლის დამყარება სურს. არც ის გვაინტერესებს, თუ რა ხდება ირანში, რომლის სათავეშიც უაღრესად კონსერვატიული ხელისუფლება მოვიდა. ჩრდილო კავკასიაშიც სერიოზული ამბებია. ჩვენ გარშემო სერიოზული დუღილი მიდის და ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, „ნაცი“ სჯობს თუ „ქოცი“. სწორედ ამიტომ მაფიქრებს ეკლესიაზე შეტევა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გადაიფაროს.

შორენა მარსაგიშვილი

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress