მამუკა გიორგაძე: „ბოლო 12 წელიწადია, „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირა დამოკიდებულია ნაციონალური მოძრაობის მომსახურებაზე“
„თავისუფალი არჩევნებისთვის საჭიროა მთელი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. საარჩევნო ბარიერი ამ პროცესის ერთი შემადგენელია“
მარიამ მჭედლიშვილი
2 024 წლის საპარლამენტო არჩევებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა. თავისუფალ, კონკურენტულ, სამართლიან არჩევნებს ბევრი კომპონენტი ესაჭიროება. საქართველოში აქცენტი გადატანილია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერს, მამუკა გიორგაძეს
_ მმართველი პარტია აცხადებს, რომ 5% იანი საარჩევნო ბარიერი არ დაიწევს. საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ამას არ ეგუება. 2 დეკემბერს, მაგალითად, პარლამემტთან დაგეგმილია სამოქალაქო სექტორის აქცია საარჩევნო ზღურბლის დაწევის მოთხოვნით. თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
_ ჩემი პროგნოზი გამომდინარეობს მრავალწლიანი პრაქტიკიდან. მრავალწლიანი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველთვის მახვილდება ყურადღება რომელიმე საარჩევნო საკითხზე (ან საკითხებზე) იმ დროს, როცა მხედველობიდან ამოღებულია მთელი საარჩევნო პროცესი. ასე იყო წინა ხელისუფლებების დროს და ეს ტრადიცია გრძელდება.
როგორც წესი, არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე არის ხმაური რომელიმე ერთ ან რამდენიმე ნიუანსზე და არ არის საუბარი მთელ საარჩევნო პროცესზე. ეს ხელისუფლებას აწყობს. თუ დასჭირდა, პარლამენტს მიაღებინებენ იმ საკითხებსაც, რაზეც ხმაური იყო და იმასაც, რაც მმართველ პარტიას სჭირდება.
_ ანუ, თუ საჭირო გახდა, „შეაპარებენ“ იმ საარჩევნო შესწორებებს, რომლებიც აწყობთ?
_ რასაკვირველია. შეიძლება საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მადე დასწიონ, მაგრამ „თავისი“ საკითხებიც მიაყოლონ. ასეთი რამ ისე ხდება ხოლმე, რომ საზოგადოება ნაკლებ
ყურადღებას აქცევს.
_ იმიტომ რომ მანამდე ყურადღება სხვა საკითხზეა ფოკუსირებული?
_ ამას პრაქტიკა და გამოცდილება ადასტურებს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს პროცედურის დარღვევითაც. 1 998 წელს არნახული რამ მოხდა: ცესკოს განკარგულებით შეიცვალა კანონი ხმების გადათვლის შესახებ. თანაც, ეს მოხდა არჩევნების შემდეგ. ჟვანია-სააკაშვილმა არჩევნები წააგეს და ასეთი „გამოსავალი“ იპოვეს.
_ გამოდის, რომ ოპოზიცია ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების საქმეს აკეთებს?
_ ოპოზიცია, როგორც წესი, ხელისუფლებას ამ თამაშში მიჰყვება. არ ვიცი, რის გამო აკეთებს ამას ოპოზიცია – შეგნებულად თუ გონებაჩლნგობის გამო. ზოგი, შეიძლება გონებაშეზღუდულობის გამო იქცეოდეს ასე, ზოგი-გარიგებული იქნება.
_ რეალურად, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ხომ არის პრობლემა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის?
_დამოუკიდებელი პარტიებისთვის მნიშვნელოვანია მთელი საარჩევნო გარემო. თავისუფალი არჩევნებისთვის საჭიროა მთელი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. საარჩევნო ბარიერი ამ პროცესის ერთი შემადგენელია. 2 021 წელს(ადგილობრივი არჩევნების დროს) 1%-იანი ბარიერი იყო და რა სურათი მივიღეთ?!
_ დაიდო ის სურათი, რომელიც ხელისუფლებას უნდოდა?
_ ბუნებრივია. რაც უნდოდათ, ის დადეს. ხელისუფლება ახერხებს არჩევნების მონოპოლიზებას და ოპოზიცია მას ამაში ხელს უწყობს. პარტიას, რომელიც მარტო საარჩევნო ბარიერზე ლაპარაკობს, ძალიან ვიწყო ხედვა აქვს. არავინ არაფერს ამბობს ამომრჩეველთა სიებზე, არჩევნების ორგანიზებაზე, მთელ პროცესზე. არჩევნების გაყალბება არ ხდება მარტო არჩევნების დღეს. როგორც გითხარით, ეს ფსევდო ოპოზიცია თამაშობს ხელისუფლების თამაშს. ეს ხდება ან შეგნებულად, ან-გონებაჩლუნგობის მიზეზით.
_ მთელი პროცესი ახსენეთ. ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგალითად, ადრევე შეიძლება?
_ მოსყიდვაც, ზეწოლაც, დაშინებაც შეიძლება. არაერთი ოპოზიციური პარტია კმაყოფილია იმით, რომ სამოძრაო საშუალებებს აძლევენ და სათქმელს ამბობენ თავის პარტიულ ტელევიზიებში. იმას ვერ ხვდება, რომ ხელისუფლების რესურსი შეუზუდავია. საერთოდაც, ე. წ. კრიტიკულ ტელევიაზიაში ამბობენ იმას, რის უფლებასაც ხელისუფლება იძლევა.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები ვერ გათავისუფლდნენ ბოლშევიკური სისტემისაგან. ბოლშევიზმია, როცა ფიქრობ, ოპოზიციაში ვარ, მაგრამ ხელისუფლებას გავურიგდები და ყველაფერი აწყობილი მექნება-ქონებასაც შევინარჩუნებ და რამდენიმე მანდატსაც მივიღებ. ამასთანავე, სხვა პარტიებს ჩავაჩოჩებო. არენაზე ასეთი ცრუ ოპოზიცია რომ გვყავს, რეალური ოპოზიცია-არა, იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. შევარდნაძის დროს რეალური ოპოზიცია არსებობდა. სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული ნამდვილ ოპოზიციას არ აჭაჭანებენ. ეს ყველაფერს ეტყობა. მათ შორის, კანონებსაც. დაახლოებით ორი თვის წინ მიღებული კანონით, საარჩევნო კომისიაში ოპოზიციას უფლებები და ფუნქციები ჩამოართვეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩააყენეს რიგითი დამკვირვებლების მდგომარეობაში. ჩვენი პარტია, სახალხო პარტია რომ იყო პარლამენტში, საუკეთესო კანონები იქნა მიღებული საარჩევნო, თვითმმართველობის და სხვა სფეროებში. იმის თქმა მინდა, რომ ჯანსაღი, რეალური პოლიტიკური ძალები ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.
მონოპოლისტი ხელისუფლების ყოლა ვაია, ასეთი ოპოზიციის ყოლა კი ქვეყნისთვის ტრაგედიაა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მოითხოვს ბარიერის დაწევას, იმის მაგივრად, რომ გამართოს დისკუსია საზოგადოების ფართო წრეებთან მთელი საარჩევნო პროცესის საკითხზე. ამის შემყურე საზოგადოება ვარდება ნიჰილიზმში. ადამიანების უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება და არ მოსწონს არსებული ოპოზიცია.
_ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო ამოცანად უსახავს პირველ ადგილზე გასვლას. ეს სააკაშვილის ტრადიციული წინასაარჩევნო გამოცოცხლებაა თუ რაიმე ახალი ხდება?
_ ბოლო 12 წლის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ნაციონალური მოძრაობის მომსახურებაზე. ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხალხში არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება. შეიძლება ითქვას, რომ ნაცმოძრაობის მიმართ ზიზღზე დგას „ქართული ოცნება“. ყოველი არჩევნების წინ „ოცნება“ საზოგადოებას აშინებს ნაციონალური მოძრაობით და სააკაშვილით, სააკაშვილი კი ცრუ მოლოდინს უჩენს თავის მომხრეებს. ის ყოველი არჩევნების წინ გაიძახის, რომ გადაწმწყვეტი მომენტი დგება. საბოლოოდ, ყველაფერი გროვდება „ქართული ოცნების“ კალათაში.
_ სალომე ზურაბიშვილზე მინდა გკითხოთ. ის, გარდა იმისა, რომ აქტიურობს, როგორც პრეზიდენტი, მოიაიზრება როგორც პოტენციური პოლიტიკური ლიდერი. მასზე რას იტყვით?
_ ჯერ წინა აზრს დავამთავრებ. როგორც გითხარით, სააკაშვილი ყოველი არჩევნების წინ აქტიურდება და ახდენს მონოპოლიზებას და მანიპულაციას. ის აბრკოლებს ჯანსაღ პროცესებს პოლიტიკაში. დაახლოებით იგივე თემაა სალომე ზურაბიშვილი. ყველას კარგად ახსოვს, რომ მან პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. ამასაც თავისი მიზეზი აქვს.
_ რა მიზეზი?
_ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, რომ სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გაემარჯვა. მან ეს არ გააკეთა. მმართველმა პარტიამ, ერთი მხრივ, (ჟარგონს გამოვიყენებ), „გააბანძა“ ზურაბიშვილი. მეორე მხრივ, გამოაჩინა თავისი მორალური უპირატესობა.
_ მმართველი პარტია ახლაც აყვედრის სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას..
_ მეც ამაზე ვლაპარაკობ. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს არ უნდა დათანხმებოდა. არ უნდა დაეშვა, რომ ბანერებზე მის მაგივრად სხვები განეთავსებინათ. ახლა სალომე ზურაბიშვილი სიტყვით ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნებას“. ეს მხოლოდ სიტყვებია და არა ქმედებები.
_ ამაში ყველა არ დაგეთანხმებთ. იტყვიან, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპაში ვიზიტები ქმედებებიაო..
_ არ არის პოლიტიკური მოღვაწის ქმედებები. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, მას კარგად ხვდებიან საფრანგეთში. შეიძლება ითქვას, რომ ის მართავს საუბრებს ბრწყინვალე ფონზე, მაგრამ ამას ქართულ პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს. რაც უნდა შეკვეცილი უფლებები ჰქონდეს, პრეზიდენტს ბევრი შეუძლია. მას შეუძლია საზოგადოების ფართო ფენების ორგანიზება, საქართველოს რეალური პრობლემების წინ წამოწევა. ის ამას არ აკეთებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს არ უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკური ლიდერი. რეალური პოლიტიკური მოღვაწე არ უნდა იყოს დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. არადა, ასე იყო წინა პრეზიდენტი მარგველაშვილიც, რომელიც საკუთარ თავს პლასტილინს უწოდებდა. ასეა მოქმედი პრეზიდენტიც.
რაზეც ვისაუბრეთ, სულ წინა წლების პრაქტიკაზე დაყრდნობით ვთქვი. პოლიტიკური შეფასებები არც გამიკეთებია.
სიტუაცია მძიმეა. ყველას მოვუწოდებ, თუ გინდათ, ქვეყანა განვითარების გზას დაადგეს, პოლიტიკური სპექტაკლები უნდა დამთავრდეს. პოლიტიკაში უნდა იყვნენ რეალური, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არა სპექტაკლების მონაწილეები. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. მით უმეტეს, მიმდინარე კატაკლიზმების ფონზე. საჭიროა ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაწყება. ჯანსაღი პროცესები მოიტანს სიკეთეს როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ადამიანისათვის და გააუმჯობესებს ყველა მათგანის ყოფას.