მარქსიზმ-ლენინიზმის ძლიერება და უძლურება ს. ჭირაქაძე

gerbi axali 1

ივერია   #14   1971  პარიზი    

თანამედროვე ეპოქა შეუძლებელია გავიგოთ ისე, თუ მარქსის დოქტრინა სწორად არ იქნება გაგებული, როგორც მისი მიმდევრების, ისე მოწინააღმდეგეების მიერ. „მეცნიერული სოციალიზმი“ დასაბამს მარქსიდან იღებს. უმანდელი სოციალიზმი „უტოპიად“ იქნა გამოცხადებული. ჩვენთვის ორთავე უტოპიაა.  ეს სრულებით ხელს არ უშლის, სოციალისტური მოძრაობა ინტერნაციონალური მასშტაბით ძალზე განვითარებულიყო და მთელს ჩვენს პლანეტას ერთბაშად მოდებოდა, განსაკუთრებით, 1917 წლიდან – რუსეთის რევოლუციის შემდეგ, როცა ოქტომბრის სამხედრო გადატრიალებას ლენინის საბჭოთა რეჟიმი მოყვა, სოციალიზმიც თეორიიდან პრაქტიკაში გადავიდა.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ სხვადასხვა ცივილიზაციის წიაღში წარმოშობილ სოციალიზმს, მარქს ენგელსის მეცნიერულ სოციალიზმს უკვე 150 წელი შეუსრულდა. ახლა კი ჩვენს ხანაში, საბჭოთა კავშირი და მისი უნებლიეთი სატელიტები, მაოს ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, აფრიკის ხალხები, კუბა და სხვა მრავალი, განა მარქსიზმის მოძღვრების მაღიარებლად არ თვლიან თავიანთ თავს? თუ მართალია, რომ მსოფლიო ისტორიას იდეები წინამძღვრობენ, მაშინ „კაპიტალის“ ავტორის სოციალისტური იდეები, განა არ ძრავს და არ მართავს თანამედროვე საზოგადოებას? კაცობრიობის მამოძრავებელი არა უსულო მანქანები, არა საწარმოო საშუალებანი, არამედ ეპოქის სული და იდეებია. მსოფლიოში ყველაზე დიდი რეზონანსი, გამოძახილი „კომუნისტურმა მანიფესტმა“ ჰპოვა, რომელიც დასავლეთ ევროპის ინდუსტრიულ ცივილიზაციას გასულ საუკუნეში (1845 წ.) მოევლინა, იდეების სიძლიერით, მუშათა კლასის ვრცელი დარაზმულობით და შენივთული რევოლუციური აქციით. კაცობრიობის ერთი ნაწილი მას მიმართავს და იმოწმებს, როგორც მორწმუნენი თავიანთ წმინდა საღმთო წიგნებს, რათა კაპიტალისტური მწყობრი რევოლუციური ბრძოლით გარდიქმნას და ახალი სოციალისტური საზოგადოება დაფუძნდეს. ისტორიის პერიოდი, რომელშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ, ამის ახსნა განმარტებას, ამის გამართლებას სხვანაირად ვერ პოულობს, თუ არა მარქსიზმის მიმდევართა ქცევა-მოქმედებაში, ე.ი. მარქსის ადეპტები, მის სოციალისტურ დოქტრინას, როგორ მართებულად ითვისებენ, სინამდვილეს უფარდებენ და დაუმახინჯებლად ცხოვრებაში ატარებენ. ხშირად განუწყვეტლივ ლაპარაკობენ სოციალიზმსა, კომუნიზმსა, მარქსიზმ-ლენინიზმისა, პროლეტარიატის დიქტატურაზე და სხ. შესახებ, საინტერესოა ვიცოდეთ, ზუსტად რას შეესაბამებიან ეს სიტყვები, ან ეს ცნებები, ან და თუ ყველას მიერ მარქსის მოძღვრება ერთნაირადაა გაგებული? ჩვენ შევეცდებით შეძლებისდაგვარად მასზე პასუხი გავსცეთ. ამ საკითხებზე თვალის გადავლება (რაც შეიძლება მოკლედ), ცოტა შორიდან მოგვიხდება.

ამბობენ, რომ მარქს-ენგელსის სოციალისტურმა მოძღვრებამ და განსაკუთრებით, „კომუნისტურმა მანიფესტმა“ და „კაპიტალმა“, ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური სამყარო ძირეულად გარდაქმნა, მისი ტრანსფორმაცია დააჩქარა ო. ეს უდაოდ მართალია. საჭიროა ზოგიერთი ისტორიული მოვლენების გახსენება, რომ სათანადო დასკვნა იქნეს გამოტანილი.

1848 წ. (იანვარში) დეპუტატთა პალატაში ცნობილმა „ამერიკის დემოკრატიის“ ავტორმა – ალექს დე-ტოკვილმა, თავის კოლეგებს მეტად მამხილებელი სიტყვით მიმართა. მათაც მეტ ნაკლების ყურადღებით მოუსმინეს ამ ჭეშმარიტ დემოკრატს: „შევიხედოთ მუშათა კლასის წიაღში თუ რა ხდება… განა თვალსაჩინო არ არის, რომ მათი პოლიტიკით დაინტერესება და გატაცება უფრო სოციალურია, ვიდრე პოლიტიკური? განა ვერ ვხედავთ, რომ ისინი თავიანთ წრეებში ისეთ აზრებს და იდეებს ავრცელებენ, რომლითაც მათ უნდათ არა მარტო ესა თუ ის არსებული კანონები შესცვალონ, ან ესა თუ ის მინისტრი გამოცვალონ, ან ესა თუ ის მთავრობა დაამხონ, არამედ მათი შეუნელებელი მისწრაფებაა თვით არსებული საზოგადოების შეცვლა და გარდაქმნა?.. განა არ გესმით, რომ ისინი ამას  განუწყვეტლივ იმეორებენ: რომ დღემდის სიმდიდრის განაწილება უსამართლო და უთანაბროა, რომ კერძო  საკუთრება უთანასწორობის ბაზისზეა დამყარებული?

როცა ტოკვილმა, კაპიტალისტური მწყობრის უმართებულობა, ასე დაუზოგველად ამხილა და მუშათა კლასის მძიმე მდგომარეობა მეტად დრამატიულ ასპექტში მოგვცა და ხატოვან ფორმულებში გაშალა, ის მაშინდელ დროის განწყობილებას ანგარიშს უწევდა: ერთი მხრივ ამით მას უნდოდა უსამართლო საზოგადოების წარმომადგენლები გაეფრთხილებია და ამავდროს კიდეც დაეშინებია, ხოლო, მეორეს მხრივ – მუშათა კლასის მომავლის პერსპექტივა დაესახა, მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების რწმენა მიეცა. ეს იყო უკვე, არაპირდაპირად, ზომიერი სოციალიზმის ჩანასახი, ზევიდან ერთგვარი სოციალიზმის შესაძლებლობა, მისი ერთი ვარიანტი. და თუ ეს წინასწარი გაფრთხილება შეუწყნარებელი დარჩებოდა, მას მოყვებოდა უფრო საშიში, მეორე სახეობის სოციალიზმი – კომუნიზმი.

სოციალიზმი პროტესტია მუშათა კლასის იმ აუტანელ პირობების წინააღმდეგ, როგორადაც ეს შექმნა ახლად შობილმა ინდუსტრიამ, მისმა ამომავალმა ბურჟუაზიამ. სახელდობრ, ინგლისსა და საფრანგეთში, თავისუფალ კონკურენციასა, ადამიანის ადამიანზე ექსპლოატაციასა და ინდივიდუალურ კერძო საკუთრებასთან შეწყობილ შეხამებული.

ეს პროტესტი, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიური რიგისაა, სანამ ის წინად პოლიტიკური ხასიათის იქნებოდა; იგი გულისხმობს საწარმოო ორგანიზაციის სფეროში, სიმდიდრის პირდაპირ უშუალო განაწილებას რაციონალურ სოციალურ მოთხოვნილების მიხედვით და არ უნდა იყოს სარგებლობაზე (სარგებელზე) აგებული; ე.ი. სოციალიზმი – (საერთო სარგებლიანობისპრინციპზე დამყარებული), კერძო, ინდივიდუალურ ეკონომიურ სარგებლიანობის წინააღმდეგია.

ასე ფიქრობენ, თუ ყველა არა, ზოგიერთი ჯურის სოციალისტები მაინც. ხოლო სოციალიზმის კონცეფცია ხან ასოციაციონუსტურია – (საზოგადოებრივი-საწარმოო ამხანაგობა-არტელი), ხან კოოპერაციული – (კოოპერაციული ამხანაგობა), ხან თანაზიარული ამხანაგობა (საზიაროდ წარმოება-საურთიერთო წარმოება). ფრანგი ფურიე და პრუდონი, ინგლისელი ოუენი ხან ეტატისტებია (სახელმწიფო სოციალიზმის დამცველნი), ხან მიქსიტური (შერეული კერძო და საზოგადოებრივ წარმოების) სოციალიზმის მომხრენი. სენ-სიმონის მწარმოებელი სახელმწიფო, სულ სხვა არის, ვიდრე ლუი ბლანის სოციალური მოძრაობის თაოსანი – სახელმწიფო. იმ დროს ლ. ბლანს ზოგიერთები კომუნისტადაც კი თვლიდა, თუმცა იმდროინდელი სოციალისტური დოქტრინის მიხედვით განსხვავება სოციალისტურ და არასოციალისტურ დოქტრინის შორის არც თუ ისე ზუსტადაა გამიჯნული.

1848 წ. სოციალიზმის მომხრეობა უფრო აფექტიური რიგის იყო, ემოციურ გრძნობით გამოწვეული, ვიდრე მოქმედებითი განცდით. სიტყვა კომუნიზმის რეზონანსი, ჟღერადობა, ეპოქის სულისკვეთების მიხედვით სრულებით უცნაური, მეტად თავისებური და განსაკუთრებული იყო. თანამედროებში ის იწვევს, პირდაპირ უხმობს მთელი სიმდიდრე საერთო სარგებლობის ობიექტად აქციონ. რა თქმა უნდა, თვით უსაჭიროეს მოხმარების საგნების ჩათვლით: ე.ი. თვითეულს მიეზღოს მოთხოვნილების მიხედვით და არა შრომის მიხედვით. ის აგრეთვე გვახსენებს 1796 წლის ბაბეფის შეთქმულებას, მუდამ აჯანყებულ ბლანკის ფიგურას, საპყრობილეში ათეული წლებით გამომწყვდეულს. მე-19 საუკ. 30 წლიანებში ბლანკის სახელი ფართო პროგრესიულ საზოგადოებას განუსაზღვრელად ფლობს, არსებულ წესწყობილებას და ხელისუფლებას, თავისი კონსპირაციის ატმოსფეროთი, ფარული მოქმედებით და ბრძოლაში ძალადობის გამოყენების საშუალებით, მუდამ შიშს გვრიდა.

ვინც ამბობს, რომ კომუნიზმის განხორციელება გარდაუალია, მათ უნდა სთქვან, რომ ეს უნდა შესრულდეს უხეში ძალით, ძალმომრეობით მოქმედებით და ეს უნდა წამოიწყოს, უმეთაუროს სამრეწველო პროლეტარიატმა, ე.ი. ორგანიზებულმა მუშათა კლასმა. არსებული კაპიტალისტური სისტემის დაშლა, დანგრევა, ქუჩაზე გამოსვლით, ხელჩართული ბრძოლით უნდა მოხდეს, რადგან არც კაპიტალისტები და არც მათი ხელისუფლება არც ისე ადვილად დასთმობენ თავიანთ პრივილეგიურ მდგომარეობას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ 1840 წლიდან კაბეს (ავტორი მეტად კურიოზული წიგნის სათაურით „მოგზაურობა იკარში“) კომუნიზმს, განსაზღვრულ წრეებში უდაოდ ერთგვარი წარმატება ჰქონდა, განსაკუთრებით, მისი ასპირაცია, მისი გავლენა დიდი იყო ხელოსანთა შორის. პარიზში გერმანელ ტოლვილთა მუშები, რომელნიც კომუნიზმთან შეზავებულ პრიმიტიულ ქრისტიანიზმის შეხედულებებს იზიარებდენ (ვაიტლინგის „მართალთა ლიგა“ ქრისტიანიზმის და კომუნიზმის შერწყმას წარმოადგენდა. ეს ლიგა უმთავრესად გერმანელ ემიგრანტების კავშირისგან შესდგებოდა). ხოლო ყველა ეს წინანდელი კომუნისტური მოძრაობა, მართლაც იდეალისტური და უტოპიური იყო, მისი არიალი (ასპარეზი) მეტად განსაზღვრული და ვიწრო წრეებისგან შესდგებოდა, ფართო საზოგადოებაში მათ არავითარი გავლენა არ ჰქონდათ.

სინამდვილეში კომუნიზმის მოძღვრების სისტემატიური და მწყობრი დამუშავება მარქსით დაიწყო. პარიზში, მაშინ ევროპის რევოლუციური ცენტრი, 1848 წ. წინად სოციალურ უტოპიების და უამრავ დოქტრინების აკვანი, 1843 წელს აქ გადმოიხიზნა რენაანიდან 26 წლის, სულ ახალგაზრდა ფილოსოფოსი, არაჩვეულებრივ გონებამახვილობის მქონე კარლ მარქსი, რომელსაც როგორც მოწინავე აზრების მატარებელს არ შეეძლო პრუსიაში საუნივერსიტეტო კარიერის გაკეთება. მან გადმოსახლებისთანავე მჭიდრო კავშირი დაამყარა მუშათა კლასის მოძრაობასთან. იგი „სოციალიზმს“, უფრო ნაკლებ უპირატესობას აძლევდა ვიდრე „კომუნიზმს“, ვინაიდან ის თვლიდა ძალზე ბურჟუზიულად, უფრო სწორად, წვრილ-ბურჟუაზიულად. მისთვის კომუნიზმი მისაღები იყო, რადგან ის მკვეთრად გამოხატავდა პროლეტარულ მუშების სულისკვეთებას, შეეფერებოდა დამონებულ კლასის ინტერესებს, რომელნიც მსხვერპლი იყვენ მრავალნაირ სოციალურ და ეკონომიურ „ალიენაციის“ (განსხვავების). და აი, მარქსმა მაინც ეს კლასი მიიჩნია  მთელი საზოგადოების განმათავისუფლებლად, მის მხსნელად, ეს კომუნიზმი კი იმ დოქტრინად, რომელიც იდეურად შეაიარაღებდა, მებრძოლებად გარდაქმნიდა, უსამართლო კაპიტალისტურ სამყაროს მოსპობდა და კომუნიზმს დაამყარებდა.

მისი ინტიმიური მეგობრის და თანამემამულის ენგელსის მონაწილეობით და თანამშრომლობით, მარქსმა ამ მიმართულებით წარმართა რევოლუციური მოღვაწეობა. ენგელსის მითითებით, ის გათვითცნობიერდა „პოლიტიკურ ეკონომიაში“, რომელიც მისთვის გახდა სოციალური პრობლემის ნამდვილ გასაღებად, მეცნიერულ დასაბუთების საფუძვლად. მარქსი, ამიერიდან, გატაცებით და დიდის დაძაბით იკვლევდა მეცნიერულ კომუნიზმის იდეოლოგიას, ისე რომ არავის ზოგავდა თუ ვისმეს შეხედულება მცდარი და მიუღებელი იყო. ის არავის არ ინდობდა და მძაფრად აკრიტიკებდა მეგობრებსაც კი თუ ის არ გააძლიერებდა პროლეტარიატის მსოფლმხედველობას და მის ორგანიზაციულ მოძრაობას. ის ამბობდა: არათვითნებური იდიალისტური საზოგადოების დაწესება, არც კაბეს უტოპიური კომუნიზმის ექსპერიმენტი, არც ბლანკის უთავბოლო ჯანყური და სრული ეგალისტური (სრული გათანასწორების) სოციალიზმი, სანტიმენტალურ და სარწმუნოებრივ ფერებით შეღებილი, არც ვაიტლინგის „ძმურ გრძნობებზე“ დამყარებული „მართალთა ლიგა“. ეს ყველაფერი მას ფანტაზიებად მიაჩნდა, რადგან, ობიექტიური პირობები და გარემოება, მათ საფუძვლად არ ედო.

დიახ, კომუნიზმი, მაგრამ პროლეტარული და მეცნიერული. იდეოლოგიურად გამართული და ორგანიზაციულად გაფორმებული. კომუნიზმი, სრულიად ახალი საწყისით და სტილით, რომლის მთავარი მიზანი იქნება იმისგან გამიჯნა რაც პროლეტარიატის გამარჯვებას არ ემსახურება, რაც მუშათა კლასის კომუნიზმისკენ ძლევამოსილ წინსვლას შეაფერხებს.

1845 წ. საფრანგეთის მთავობის მიერ, მარქსი პარიზიდან გაასახლეს, ის დროებით ბრიუქსელში დაბინავდა, სადაც მას ენგელსიც შეუერთდა. მიუხედავად სიძნელისა, დევნილობისა, უსახსრობისა (ამასთანავე ის უკვე დაცოლშვილებული იყო), გაჭირვებულ არსებობისა, მაინც განაგრძობდა კომუნიზმის იდეოლოგიურ გეგმის დამუშავებას, საიდანაც შემდეგ „მარქსიზმი“ წარმოიშვა. ეს გეგმის დამუშავება ემთხვეოდა იმ ორი წლის შეუწყვეტელ ბრძოლას, რომელიც წარმოებდა, ერთის მხრივ, მარქს-ენგელსის მომხრეთა და მეორე მხრივ გერმანელ ხელოსანთა და მუშათა „მართალთა ლიგის“ შორის. თვით „მართალთა ლიგის“ წევრებიც არ იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში, ისინიც არანაკლებ განიცდიდნენ ცვალებად დუხჭირ ცხოვრებას, რომელთა ცენტრი იმ ჟამად ლონდონში იყო, სადაც ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ემიგრანტები ვაიტლინგის გარშემო თავსიყრიდენ, რომელთაც თავიანთ დევიზად ჰქონდათ: „ჩვენ ყველანი ძმები ვართ!“ ამ ლიგის აზრებს და შეხედულებებს მარქსი დაუზოგველად შეებრძოლა. ის ენგელსის დახმარებით აქტიურ და დაუცხრომელ ბრძოლას აწარმოებს ვაიტლინგის გავლენის წინააღმდეგ. ის მას უმეცრად აცხადებს, ბრალს სდებს, რომ ის თავის მიმდევრებს აბრიყვებს და ატყუებს კიდეც, რომ მის მოძრაობას და იდეებს არავითარი სერიოზული მეცნიერული ბაზა არ გააჩნია. მკაცრი კრიტიკის და მხილების შემდეგ, მარქსმა 1847 წ. ვაიტლინგის ლიგა თავის გავლენას დაუმორჩილა, წინანდელი სახელი შეუცვალა და მას ამიერიდან „კომუნისტების ლიგა“ ეწოდა, სრულიად ახალი დევიზით: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ამ ახალი ლიფის კომიტეტის დავალებით, მარქს (ენგელსის უშუალო თანამშრომლობით) დაევალა, კომუნისტური დოქტრინის საფუძველზე, მანიფესტის შედგენა, რაც მან დიდის აღფრთოვანებით შეასრულა.

როგორც ცნობილია, ეს ახალი კომუნისტური მანიფესტი მცირე მოცულობისაა (სულ ოცდახუთი გვერდი), ხოლო მისი ისტორიული მნიშვნელობა განუზომელია. მიუხედავად ამ არაჩვეულებრივი დოკუმენტის სიპატარავისა, მისი წონა და ღირებულება დიდია, იგი იყო მუშათა მოძრაობაში ახალი ეპოქის დასაბამი. ის პირველად ლონდონში 1848 წ. დაისტამბა გერმანულად (შემდეგ სხვა ენაზეც ითარგმნა). მაშინ პარიზში (ლუი-ფილიპეს პარიზში) რევოლიციური აღტყინება თანდათან ძლიერდებოდა, რაც ბონაპარტის რეჟიმს წალეკვით ემუქრებოდა. ისიც აქვე უნდა ითქვას, რომ იმ ხანაში, საერთოდ, არც მარქსი და არც ენგელსი არ იყვნენ მაინცდამაინც დიდად ცნობილნი მსოფლიო მუშათა კლასის წრეებში. იმ დროს უფრო სახელგანთქმული იყო ფრანგი სოციალისტი პრუდონი, მისი გახმაურებულ თქმით: საკუთრება ქურდობაა! (კერძო საკუთრება ქურდობაა). კიდევ მეტიც, პირველ ხანებში „კომუნისტური მანიფესტი ფართო წრეებისათვის სრულებით შეუმჩნეველი დარჩა. ბევრმა ის მიიჩნია კადნიერებად, როგორც გერმანელ ემიგრანტების, უცნობი სექტის სულიერ განწყობილებათა ექსპრესია – გამოსახულება, მაინც ძალუმად ნათქვამად, ეპოქის სემარხეველად, რაც შემდეგ თაობისათვის იდეურად მიმზიდველი გახდა, მთელი რიგი რევოლიციური მოძრაობისთვის კი საწყისად და გონებრივ საზრდოდ გადაიქცა.

ბურჟუაზია – (სინონიმი კაპიტალისტის), პროლეტარიატი, კომუნისტი, ასეთია ისტორიული განვითარების ეს სამი პროთოგონისტი, რომელთა შესახებ მანიფესტის ავტორები ცდილობენ გამოავლინონ ის აუცილებელი კანონები, რომელიც გამწვავებულ კლასთა ბრძოლას განსაზღვრავენ. „ყოველი საზოგადოების ისტორია, კლასთა ბრძოლის ისტორია არის“. თანმიმდევრობით, ანტიკური (ძველი საბერძნეთის) და ფეოდალური საზოგადოება (თავისუფალი ადამიანი და მონა, პატრიციები და პლებეები, ბარონი და ყმა, ხელოსნები და სოფლის მუშაკები) უკვე იცნობდენ კლასთა შორის ანთაგონიზმს, სოციალურ დაბალ ფენების ულმობელ ჩაგვრას.

ეს კლასთა ბრძოლა არ მოსპობილა თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სადაც გაბატონებული მდგომარეობა ბურჟუაზიას ეკუთვნის, ე.ი. პრივილეგიურ კლასს – კაპიტალისტებს, ხოლო მუშათა კლასის ყვლეფა, შედარებით წინა საზოგადოებასთან, მეტ-ნაკლებად უფრო განმარტივებულია (ახლა უფრო ვიდრე წინად, ზომიერ ფორმებში სწარმოებს). ბრძოლა ისე მწყობრად მიმდინარეობს, რომ მთელი საზოგადოება მკვეთრად იყოფა ორ დიდ დაპირისპირებულ მტრულ ბანაკად, ორ დიდ დიამეტრალურად შემართებულ კლასად: ბურჟუაზიად და პროლეტარიატად.

კლასთა არსებობა დაკავშირებულია, საერთოდ, საწარმოო განვითარების ისტორიულ პირობებთან. თანამედროვე ბურჟუაზია ჩაისახა და წარმოიქმნა, იმავე ფეოდალურ საზოგადოების, სწორედ ამ ბრძოლათა ნიადაგზე. ფეოდალური რეჟიმი (მწყობრი) მეტად ვიწრო გასაქანს იძლეოდა საწარმოო ძალების განვითარების და გავრცობისათვის (ექსპანსიისათვის). ის აბრკოლებდა წარმოებას, ბორკილებს ადებდა მის წინმსვლელობას, „საჭირო იყო ამ ბორკილების დამსხვრევა“ (კომ. მანიფესტი). იმავე დროს, ბურჟუაზია, ინდუსტრიაში, ის ძრავი იყო, რომელმაც წარმოშვა მთელი რიგი ტექნოლოგიური რევოლუციებისა, ახალი საშუალებანი ტრანსპორტისა; მანუფაქტურიდან დიდი მრეწველობა დაიბადა, ამუშავდა ორთქლის მანქანები, გაფართოვდა მსოფლიო სავაჭრო ბაზარი, ამას მოჰყვა, მანამდე გაუგონარი, ყველა ქვეყნებთან ვაჭრობის სწრაფი გაჩაღება, რკინის გზების და ნაოსნობის წსელების არაჩვეულებრივი გაზრდა.

„ბურჟუაზიამ, კლასიურ ბატონობის თითქმის საუკუნოვან არსებობის გასწვრივ, შექმნა უამრავი და კოლოსალური საწარმოები, რომელიც არ შეუქმნია მის წინანდელ ხანგრძლივ თაობას“ (კომ. მანიფესტი). მანიფესტის ავტორები არ იშურებენ მრეწველთა კლასის – მილიონერების ქება-დიდებას, როგორც ისინი უწოდებენ, „ინდუსტრიის თაოსნობის ნამდვილ არმიას, მოდერნულ ბურჟუაზიას“.

ხოლო, ზოგიერთ მარქსისტების თქმით, სამგლოვიარო, საუკუნო განსვენების ქება, როგორც ისტორიულად განწირულ კლასზე, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, გამართლებული და დრამატიულ დასასრულის მომასწავებელია. მართლაც, ანალოგიურ ისტორიულ პროცესის თანახმად, ისე როგორც ფეოდალიზმი დაამსხვრია ბურჟუაზიამ, ასევე პროლეტარიატი გაანადგურებს კაპიტალისტურ მწყობრს. თანამედროვე საწარმოო ძალები აჯანყებულია ახლანდელ კერძო წარმოების ურთიერთობის წინააღმდეგ, სადაც კერძო წარმოება ისე შეიკუმშა, რომ მას აღარ შეუძლია ეს უზარმაზარი, ვეება სიმდიდრე, რომელიც კაპიტალიზმის ზღაპრულ განვითარების შედეგია, თავის წიაღში დაიტიოს და მთელი საზოგადოების, არამქონებელი კლასის გაუზიარებლად დარჩეს. მარქსისტების ზეპროდუქციით გამოწვეული ეკონომიური კრიზისების სანუკვარი თეორიები, რომლის შესახებ ასე ხშირად წინასწარმეტყველებდენ როგორც ნამდვილ „სოციალურ ეპიდემიას“, ჯერხნობით არ გამართლდა და საყოველთაოდ კაპიტალიზმის მოსპობით არ დამთავრებულა. ის საშუალებანი, რომელსაც ბურჟუაზია იყენებს (მაგ. ახალი ბაზრების მოპოება), რომ პერიოდული ეკონომიური კრიზისი აიცილოს და ამით საქონლის წარმოების და გასაღების მეთოდი გააჯანსაღოს. თუ დასავლეთში ამ კრიზისების შესახებ ახლა ნაკლებად ლაპარაკობენ და მაზე არავითარ იმედებს არ ამყარებენ, საბჭოთა-კავშირის მარქს-ლენინისტები კი უფრო დაჟინებით იცავენ კაპიტალიზმის კრიზისების თეორიას, რა თქმა უნდა პოლიტიკური მოსაზრებით, ყოველგვარ ობიექტიურ პირობების გარეშე, რითაც კომუნისტურ მოძრაობას, შინ და გარეთ, ილუზიებით კვებავენ, რომ კაპიტალიზმის აღსასრული მოახლოვებულია, მანამდის კი კაპიტალიზმა და კომუნიზმა მშვიდობიანად უნდა ითანაარსებოს.

როგორია პროლეტარიატის ბრძოლის პირობები? დღეს პროლეტარიატმა ბურჟუაზიის წინააღმდეგ ისევე შეაბრუნა ბრძოლის იარაღი, როგორც ოდესღაც ბურჟუაზიამ ფეოდალიზმის მოსასპობად აღმართა, რადგან ინდუსტრიის წიაღში წარმოიშვა მუშათა კლასი, როელიც ამ ბრძოლის ტექნიკას გამოიყენებს იმავ კაპიტალისტების წინააღმდეგ; ეს კლასია თანამედროვე მუშათა კლასი ანუ პროლეტარიატი, რომელიც კაპიტალიზმის „მესაფლავედ“ გახდება. აი, გამოჩნდა ახალი სოციალური ძალა, ახალი კლასი – პროლეტარიატი, საწარმოო ცენტრთან გარსშემოკრებილი, მას შეუძლია თავის რიცხობრივ და გიგანტიურ მოცულობით მძლავრად შეიმართოს და დაუპირისპირდეს ბურჟუაზიას, როგორც მოხაზულია „კომუნისტური მანიფესტის“ ერთერთ პარაგრაფში (ბურჟუაზია და პროლეტარიატი).

ბურჟუაზიის წინააღმდეგ პროლეტარიატის ბრძოლა გაცილებით ადრე დაიწყო, ე.ი. როცა ფეოდალიზმის დროს თვით ბურჟუაზიას ჰყავდა თავისი ყმები. ეს ბრძოლა უფრო გამწვავდა კაპიტალისტური სახელმწიფოს პირობებში, ხოლო არაორგანიულ, ადგილობრივ შეუკავშირებელ ბრძოლას მიჰყვა აშკარა დარაზმული ორგანიზებული ბრძოლა. თანდათან მრავალრიცხოვან მუშათა კლასის რიგებს წამოეხმარა წვრილ-ბურჟუაზიული ელემენტები, რომელნიც ადრევე იყვენ მსხვილი ბურჟუაზიის მიერ, განადგურებული და ეკონომიურ სარბიელიდან განდევნილნი. კიდევ მეტიც, ამან ხელი შეუწყო მუშათა მასები გაერთიანებული და თვის ძალის ზრდით გათვითცნობიერებული, მნიშვნელოვან მებრძოლ ძალად ქცეულიყო.

უდაოა, რომ პროლეტარიატი არ არის ერთადერთი კლასი, რომელიც კაპიტალიზმის წინააღმდეგ არის შემართული, მაგრამ ის არის ჭეშმარიტად ერთადერთი რევოლიციური კლასი და ამ ფაქტით, ის მოწოდებულია „კაპიტალიზმს სასიკვდილო ისტორიული განაჩენი გამოუტანოს“. ეს ის ძალაა, „რომელსაც მომავლის გამარჯვებულის ალამი ხელთ უპყრია“.

რატომ? ეს იმიტომ, რომ სხვათა შორის, პროლეტარიატი თავის სოციალურ მდგომარეობის გამო, მჭიდროდ დაკავშირებულია მომავალ სოციალისტურ საზოგადოებას, რომლისათვისაც ბურჟუაზიული მწყობრი, მის მიერ მიჩემებულ პრეტენზიული ფასეულობით, ძველი ფორმით, უკვე აღარ არსებობს და წინანდელი კლასთა შორის ძალთა განწყობილებაც საგრძნობლად შეცვლილია: „პროლეტარიატს კერძო საკუთრება არ გააჩნია, მისი ცოლ-შვილთან ურთიერთობა, ოჯახური მატერიალური მდგომარეობა ძალზე განსხვავდება ბურჟუაზიულ ოჯახების ურთიერთობის და მდგომარეობისაგან. თანამედროვე ინდუსტრიის შრომა, როგორც ინგლისში, ისე ამერიკასა, გერმანისა და საფრანგეთში, პროლეტარიატისთვის არ ატარებს რაიმე, განსაკუთრებულ ნაციონალურ ხასიათს; კანონები, მორალი, რელიგია მისთვის ბურჟუაზიული ცრუმორწმუნეობაა და მეტი არაფერი, რომლის უკან იმდენათვე თვით ბურჟუაზიის ინტერესები იმალება“ (კომ. მანიფესტი).

ამასგარდა, მუშის ხელფასის შეუწყვეტელი შემცირება, რასაც მარქს-ენგელსი თავიანთ ნაწერებში ასე დაჟინებით ამხელდენ და რაც შემდეგ მათ კანონად აქციეს (მზარდი პაუპერიზაციის – გაღარიბების კანონი), მათი აზრით, მაჩვენებელი იყო ბურჟუაზიის უმწეობის, რომ ისინი ხანგრძლივად ვერ შეინარჩუნებენ გაბატონებულ კლასის მდგომარეობას. მუშათა ჩაგრული კლასი კაპიტალიზმის პირველ ხანებში შევიწროების გამო ნაკლებად იყო ნივთიერად უზრუნველყოფილი, მას არ ჰქონდა არავითარი გარანტია ნორმალური არსებობის. თანამედროვე პროლეტარიატი, რომ მატერიალური მდგომარეობა აიმაღლოს ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, თანდათან, პროგრესიულად „ძირს ეშვება“.

პროლეტარიატის ასეთი პირობების გამო, მის რიცხობრივ მატებასა და ორგანიზაციულ გაძლიერებასთან დაკავშირებით, თავისთავად იქმნება, აშკარა რევოლიციური განწყობილება, რასაც დიდი გადატეხა მოჰყვება: შეკავშირებული და გაერთიანებული პროლეტარიატი აღიმართება ახალ მართველ კლასად, ბურჟუაზიაზე თავის ბატონობას ძალით დაამყარებს, რომ შემდეგ შესძლოს „დესპოტიურად“ მოსპოს ძველი წარმოებითი წესები და საწარმოო საშუალებათ (იარაღებს) თვით დაეპატრონოს. „პროლეტარიატის დიქტატურა“ – რომელიც „კომუნ. მანიფესტში“ არაა ნახსენები, მაინც ეს გამონათქვამი ფართოდ გავრცელდა, რადგან მარქსის სხვა ნაწერებში გარკვეულად და ხშირადაც იყო ნათქვამი, ხოლო შემდეგ თვით მარქსის, ენგელსის და სხვების მიერ სხვაგვარად იყო განმარტებული, საგრძნობლად შერბილებული.

უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ „მუშებს სამშობლო არ გააჩნიათ“ და რომ მათი ბრძოლა ძირითადათ ინტერნაციონალურია, ის უნდა მაინც ფორმით ნაციონალური იყოს, სხვანაირად რომ ვსთქვათ, მუშათა კლასის ეროვნულ ერთეულს ევალება საკუთარ ბურჟუაზიის საბოლოო ანგარიში მკაცრად გაუსწოროს, ე.ი. გაანადგუროს, პოლიტიკური ხელისუფლება ძალით დაიპყროს და ამჯერად „არაბურჟუაზიულ ნაციად“ იქცეს, ე.ი. გაბატონებულ კლასად გახდეს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამ ჟამად პროლეტარიატის აღზევება რადიკალურად განსხვავებული იქნება, ვიდრე წინანდელ გაბატონებულ კლასის მმართველობა: „აქამდის ყოველი მოძრაობა ისტორიულად, უმცირესობათა მოძრაობა იყო და მხოლოდ საკუთარ კერძო ინტერესებს იკმაყოფილებდა. პროლეტარიატის მოძრაობა კი არის თვითნებიერი – სპონტანური მოძრაობა, მასიური უმრავლესობის, მთლიან საზოგადოების სასარგებლოდ. ახლანდელ საზოგადოებაში პროლეტარიატი სოციალურ წყობის სულ დაბალ ფენას წარმოადგენს, და ისე მას არ ძალუძს ამაღლდეს, ზეაღიმართოს, თუ კაპიტალისტურ სტრუქტურის ზედნაშენს, მის ეკონომიურ ბაზისს არ დაანგრევს და არ მოსპობს იმ სოციალურ კლასს, რომელიც ახლა ბატონობს“. (კომ. მანიფ.).

ეს ძლიერი სოციალური ფენომენი, გეოლოგიური ფენის გამოსახულება, უკვე შესაძლოა განიმარტოს, როგორც მაუწყებელი ყოველი სოციალური დიფერენციაციის, განსხვავების დასასრული. ის ფაქტი, რომ მანიფესტის თანახმად, თუ კლასთა ბრძოლა დიალექტიკური განვითარების კანონით, აუცილებლად უნდა დამთავრდეს პროლეტარიატის დესპოტიური ბატონობით, ეს სრულებით იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული, ძლევამოსილი პროლეტარიატი ბურჟუაზიას პირისაგან მიწისა აღგვის. პროლეტარიატის დომინაცია, ეს მისი დიქტატურა, აუცილებლად, მაინცადამაინც არ იქნება უკლასო საზოგადოება, ერთბაშად ვერ წარიმართება ყოველი კლასის მოსპოლვით.

უკლასო საზოგადოება, – მაშასადამე, არც სახელმწიფო ორგანიზაცია, არც პოლიტიკური ხელისუფლება: რადგან ეს უკანასკნელი – სახელმწიფო სხვა არა არის რა, თუ არა იგივე „სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, გაბატონებულ კლასის ხელისუფლება, რომელმაც სხვა დანარჩენი კლასი დაჩაგროს“. მაშასადამე, ეს არც იქნება უკლასო საზოგადოება, როგორც ამას „კომ. მანიფესტის“ ავტორები ამტკიცებენ.

პროლეტარიატის დიქტატურა, მაშასადამე, ერთად-ერთი ეტაპი იქნება, დროებით მაშუალება, ისტორიულად აუცილებელი, ხოლო მაინც გარდამავალი. დიალექტიკური პროცესის შესადეგისად, „სიმთეზის“ მომენტში, ძველი ბურჟუაზიული საზოგადოების მაგივრად, მისი კლასებით, მისი ანტაგონისტური კლასების, მისი პოლიტიკური ორგანოებით, იძულებით სახელმწიფო აპარატები იქნება: „ასოციაცია, სადაც თვითეულის თავისუფალი განვითარება, ძირითადი პირობაა თავისუფალ განვითარებისა“ (კ. მან.).

ენგელსმა, სწორედ, ეს აზრი გაატარა, როცა მან 1883 წ. „კომუნ. მანიფესტის“ ახალ გამოცემას წინასიტყვაობა წაუმძღვარა, სადაც მან მკვეთრად განსაზღვრა და დაადგინა ამ დოკუმენტის „სახელმძღვანელო და ძირითადი იდეები“. დიახ, ამბობს იგი: „კაცობრიობის ისტორია ყოველთვის კლასთა ბრძოლა იყო, ექსპლოატატორულ (მყვლეფელ) და ექსპლოატირებულ (გაყვლეფილ) კლასებს შორის. ახლა ამ ბრძოლამ უკვე გადამწყვეტ ფაზისს მიაღწია, სადაც ექსპლოატირებულ და ჩაგრულ კლასს, პროლეტარიატს აღარ შეუძლია, იმ კლასს, ბურჟუაზიას, რომელიც მას ამდენხანს ყვლეფდა და ჩაგრავდა, სრული თავისუფლება მიანიჭოს, სანამ მთელი საზოგადოება საბოლოოდ არ იქნება განთავისუფლებული, ე.ი. სანამ ერთჯერ და სამუდამოდ არ იქნება მოსპობილი ექსპლოატაცია, ჩაგვრა და კლასთა ბრძოლა“.

ჩვენ ზემოდ ვსთქვით, რომ ენგელსმა მანიფესტის ძირითადი და სახელმძღვანელო იდეა მკვეთრად ჩამოაყალიბა (ის ჩვეულებრივ, მისთვის დამახასიათებელ მოკრძალებით „კომ. მანიფესტის“ შედგენის ავტორობას კ. მარქს აკუთვნებდა, – „მისს აბსოლუტურ და განსაკუთრებულ საკუთრებად სთვლიდა“) და ეს იდეა იყო შემდეგი: ისტორიის ყოველ ეპოქაში, რეალური ბაზისი (მატერიალური ფუძე, – იდეოლოგიური, რელიგიური, ფილოსოფიური და ხელოვნების ფორმები, ასევე იურიდიული ურთიერთობა, პოლიტიკური სისტემა), მოძიებული უნდა იქნეს მატერიალურ ცხოვრების საწარმოო წესებში, მის სოციალურ სტრუქტურაში, სხვაგვარად რომ ითქვას, საზოგადოების კლასებად დანაწილება-გაყოფაში, რაც მას (წარმოებით წესებს) თანყვება.

როცა ეს მატერიალური ბაზისი იცვლება, როცა წარმოების ერთ წესს მეორე ცვლის, ყველაფერი, დანარჩენი იცვლება, – რაც მისი (მატერიალური ბაზისის) ზედნაშენია. ასეთია მოკლედ ისტორიულ მატერიალიზმის მოძღვრება: აი, თუ გნებავთ ნაკლი და ცალმხრიობა ამ კონცეფციისა, თურმე მხოლოდ საწარმოო წესების ცვალებადობა ახდენს სასწაულებს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი (მაგ. ადამიანი) ფაქტორი გამორიცხულია. აქ ისტორიული მატერიალიზმი ყოვლის შემძლეობას ეკონომიურ მატერიალურ ურთიერთობას აკუთვნებს იმას, რასაც კ. მარქსი ერთ დროს მაინც სხვაგვარ განმარტებას აძლევდა, ე.ი. ეკონომიურ განვითარებას ის კაცობრიობის „ზოგად სულიერ და გონებრივ წინსვლის შედეგად თვლიდა“. და არა მარტო ეკონომიურ ურთიერთობის შედეგად. ასეთია ის შეთავსებული იდეა, რასაც ვერ ვპოულობთ ვერსად გარკვეულად სხვა ნაწერებში, გარდა „კომ. მანიფესტისა“, რომელიც უფრო განკუთვნილი იყო მუშების საკითხავად, ხოლო თავიდანვე პირვანდელი ვერსია დარჩა სახელმძღვანელო იდეად. მხოლოდ ამ ძირითადი იდეის მატარებელი პროლეტარიატი იყო და კომუნიზმის მოძღვრება მიმზიდველ ძალად ხდებოდა, ხოლო მაინც ეს კომუნიზმის ყოველნაირი თეორიები მუშებისათვის შეუცნობელი და გაუგებარი დარჩა ბოლომდის. აქ უნდა ვიგულისხმოთ მარქს-ენგელსთან ერთად ლონდონის კომუნისტთა ლიგა, ამიერიდან კომუნიზმის კრედოს სრულად დამორჩილებული, რომელიც მათ თავზე მოახვიეს მეცნიერული სოციალიზმის ჭეშმარიტება და ისტორიული მისია რომელიც პროლეტარიატს კომუნიზმის განხორციელებაში უნდა შეესრულებია.

საერთო არაფერია თუნდაც ამ ახალ სტილის კომუნიზმსა და წინანდელ კომუნიზმს შორის, არც სხვადასხვა სოციალიზმის ფორმის შორის: „კომუნიზმის თეორიული კონცეფცია, სრულებით იმ იდეებზე არ არის დაფუძნებული, რომლის პრინციპები ამა თუ იმ ეპოქის რეფორმატორებმა გამოიგონეს: ისინი არსებულ კლასთა ბრძოლის ზოგად რეალურ პირობების ამსახველია, ისტორიულ მოძრაობის გამოხატულება, რომელიც ჩვენს თვალს წინ ხდება… თეორიულად, კომუნისტებს დანარჩენ პროლეტარიატზე ის უპირატესობა აქვთ, რომ ისინი (კომუნისტები), მათი პირობების მიხედვით, გონებრივად (შეგნებით) უფრო მაღალ დონეზე იმყოფებიან, და ამის გამო პროლეტარიატის მოძრაობის ზოგად მიზმნის – კომუნიზმის განხორციელების ისტორიის პროცესში, მათი ხვედრითი წონა მეტად დიდია“ (კომ. მან.).

მარქსს გონებრივი სიმახვილე და სიღრმე არ აკლდა: თითქმის ყველაფერი ნათელი და გარკვეულია, სოციალიზმის დოქტრინა მეცნიერულად გაშუქებული როგორც ცნობილია, მარქსი და ენგელსი უარყოფდენ არამეცნიერულ, უტოპიურ, სანტიმენტალურ იოლ ილუზიებს კომუნიზმის განხორციელებისას, იდეალს, რომელსაც წინა თაობა ასე ნატიფად ესწრაფოდა და რაც ასევე მკაცრ რეალობას დაშორებული იყო. პირიქით, მარქსი და ენგელსი სისტემატიურად ირკვევდენ და გულმოდგინედ სწავლობდენ ეკონომიურ და სოციალურ ფაქტებს. მეცნიერულ დაკვირვებას ახდენდენ და უნდოდათ შეეცნოდ ობიექტიური სინამდვილის მთლი მოცულობა, რასაც მაშინდელი საზოგადოების გარემო წარმოადგენდა. მათი მთავარი მიზანი იყო ამოეცნოთ თუ რა ცვლილებები სწარმოებდა მიმდინარე ცხოვრებაში. კიდევ უფრო აინტერესებდათ განეჭვრიტათ ისტორიის განვითარების პროცესი, შეეცნოთ ძველი და ახალი საზოგადოების შეუწყვეტელი ტრანსფორმაცია, მისი მომავალი გარდაქმნის ტემპი. მათი დაუცხრომელი ზრუნვა იყო, სხვადასხვა ერის პროლეტარიატისათვის ეჩვენებიათ ბრძოლაში მათი არათანაბარი მომზადება „ინტეგრალურ მიზნის“ – კომუნიზმის დასამყარებლად, რომლისაკენ ამიერიდან მაინც უნდა წარიმართოს შეუნელებლად მუშათა კლასის საერთაშორისო მოძრაობა. საერთოდ, რომ ეს ნაკლი და დაბრკოლება მუშათა კლასის უთანაბრო შეგნება მოისპოს, რომ მუშათა კლასი ერთ მთლიან შეგნებულ ძალად იქცეს, ამისათვის საჭიროა პროლეტარიატთან კომუნისტურმა ლიგამ ორგანიული კავშირი დაამყაროს, ცნობიერი და შეგნებული ბრძოლისათვის ორგანიზაციულად დაირაზმოს. ასეთნაირად ჩამოყალიბდა მარქსის და ენგელსის იდეოლოგიური პოზიცია და პრაქტიკულ მოქმედების სტრატეგია, რასაც მოგყვა პირველი ინტერნაციონალის დაარსება და კაპიტალიზმთან სასტიკი ბრძოლის გამოცხადება. ბრძოლა ათეულ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ზოგან რევოლიციური და ზოგან რეფორმატიული გზით და დასრულდა რუსეთის თებერვლის რევოლუციით, შემდეგ კი ოქტომბრის სამხედრო შეთქმულობით და გადატრიალებით. ბოლშევიკების პარტია (ლენინის მეთაურობით) დაეპატრონა ხელისუფლებას. თუ როგორ წარიმართა შემდეგ სოციალიზმის მოძრაობა, ამის შესახებ მეორე წერილში.

ს. ჭირაქაძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress