ძვირფასი თანამებრძოლის ხსოვნას – დავით ვაჩნაძე. ივერია #7 07 1954

gerbi axali 1

ულმობელმა სიკვდილმა ჩვენს ქართულ ეროვნულ რიგებს ძვირფასი მებრძოლი გამოაცალა _ ალექსანდრე ასათიანი.
მე გავეცანი მას თბილისში, 1917 წელს, როდესაც საფუძველს უყრიდით ერ. დემ. პარტიის ორგანიზაციას. ეს იყო პირველი წელიწადი საქართველოში, არა სოციალისტურ ქართული პარტიის დაარსებისა.
განათლებული, 26 წლის ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე, ალექსანდრე მხურვალედ ჩაება მის პოლიტიკურ-საორგანიზაციო საქმიანობაში. მან გამოიჩინა ისეთი განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, რომ გახდა ერ. დემ. პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი. იმ ხანად, როცა ასეთი სამეთაურო ადგილების მოსურნე მომზადებულ პიროვნებათა რიცხვი საკმაოდ ითვლებოდა, ალექსანდრე ასათიანს ეს ადგილი პარტიის სათავეში სამართლიანად მიეკუთვნებოდა.
იგი თავიდანვე, მართლაც შესანიშნავი ორგანიზატორი აღმოჩნდა. თავისუფლების წლებში დასავლეთ საქართველოში, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან სოციალისტურმა პარტიებმა: სოც-დემ, სოც-ფედ, სოც-რევ, მონოპოლიური მდგომარეობა შეიქმნეს, ალ. ასათიანმა თანამოაზრე მეგობრებით გაარღვია მათი რკალი და უძნელეს პირობებში ჩაუყარა მკვიდრი საფუძველი ერ. დემოკრატიულ ორგანიზაციებს ამ მხარეში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლიდან, ალექსანდრე პარლამენტის, შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრად მყოფი, განაგრძობს დაუღალავად მუშაობას პარტიის და მის ც. კომოტეტის პოლიტიკურ ეკონომიური საფუძვლების გამაგრებისათვის.
Mმან შექმნა შესაფერი აპარატი, გამოუნახა მუდმივი მატერიალური წყაროები და ორი წლის განმავლობაში გაუჩინა პარტიულ პრესას საკუთარი სტამბა. კომერციულ – იურიდიული განათლება დაეხმარა მის ინიციატივას საქართველოს ახალ სავაჭრო – ფინანსურ დაწესებულებათა მოწყობაში. სავაჭრო – სამრეწველო საზოგადოება, ც. ბანკი, რომლის გამგებელთა წრეში გავლენიან როლს თამაშობდა.
ალ. ასათიანის საფუძვლიანი ნაშრომი, ,,მიწის საკითხი საქართველოში”, გამოცემული სოციალისტური ექსპერიმენტების ხანაში, დარჩება ისტორიულ დოკუმენტად, როგორც მტკიცე დამცველი საკუთრების საფუძვლებისა საქართველოში.
როდესაც ნორჩი პარტიის ფენებში დაიწყო რღვევის პროცესი, მან სხვებთან ერთად დიდი წვლილი დასდო დარღვეულ ნაწილების კვლავ ერთ მთლიან ორგანიზმში გამთელებისათვის. 1921 წელს, იანვარში, საერთო კონგრესსზე ის დასრულდა განაყოფ ნაწილების საბოლოო შეთანხმებით ,,საქართველოს დემოკრატიული პარტიის” (გაერთიანებულ ერ. დემოკრატიულ, რადიკალ-დემ. და უპარტიოთა) სახელით. Mმაგრამ ამ ისტორიულ აქტს არ ეღირსა თავისი დადებითი შედეგების განაღდება ქართველი ხალხის საკეთილდღეოთ.
ერთი თვის შემდეგ, თებერვალში, საქართველოს ვერაგულად თავს დაესხა ბოლშევიკური რუსეთის ჯარები. თუ რამდენად მნიშვნელოვნად თვლიდა მტერიც ამ ამბავს, მოწმობს მისი შემოსვლის დღეებში თბილისში კედლებზე გაკრული რუსული წითელი შტაბის გაზეთის ,,კრასნი ვოინის” მსხვილი ასოებით დაბეჭდილი განცხადება: ,,რატომ ვეშურებოდით ჩვენ საქართველოსაკენ?” მის ქვემოთ ჩამოთვლილ მეორე პუნქტში ეწერა: ,,ქართველი რეაქციონერების გაერთიანების გამო”.
ხვალ ახლად დაწყებულ ბრძოლაში შემოსული მტრის საქართველოში გაბატონების წინააღმდეგ, ჩვენი პარტია, მომაგრებული გაერთიანებით, ფარული გაცხარებით შეუდგა აჟანყების სხვა და სხვა გეგმის შედგენას.
1922 წელს თებერვალში, საქართველოში დარჩენილ პარტიის ცენ. კომიტეტის წევრები, თითქმის მთლიანად დაჭერილნი, მეტეხის ციხეში მოექცნენ. ალ. ასათიანმა ორგანიზატორის ნიჭი აქაც გამოიჩინა. მეტეხის ტუსაღნი მან მეტად მოხერხებული დაშიფრვის წესით გადააბა გარედ მყოფ წევრებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან.
1921 წელს მომხდარი სვანეთის აჯანყებას, რომელსაც მეთაურობდნენ ჩვენი მიმართულების წევრები, ახლა მიემატა დაწყებული განმანთავისუფლებელი მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ამ უკანასკნელთან მეტეხიდან შეუწყვეტელი კავშირი გვქონდა, რომლის მთავარი მომწყობი იგივე ასათიანი იყო. გაბედული და უშიშარი ალექსანდრე, გარეგნულად მშვიდი და აუღელვებელი, ვერ ურიგდებოდა მეტეხის კედლებს. Mმან მოიგონა ბრმა წელის ანთების ტკივილები და მოითხოვა ოპერაციის გაკეთება. დარაჯების თანხლებით გადმოიყვანეს ციხიდან მიხეილის საავადმყოფოში. ჯერ კიდევ შეუხორცებელ იარით, საავადმყოფოს ტანსაცმელში, ალექსანდრე დღისით გაუსხლტა მიჩენილ დარაჯებს და თავს უშველა. მის დასაჭერად მთელი ჩეკისტური ორგანიზაცია საქართველოში ფეხზე დადგა. მალულობაშიც მქონდა მასთან შეუწყვეტელი კავშირი. (მე უფრო ადრე არა ჩვეულებრივი შემთხვევით ვიყავი მეტეხიდან ხსნილი.) დავატყე, რომ ჩეკისტების რკალი უკვე უახლოვდებოდა მის საიდუმლო ბინას თბილისში. შევატყობინე ჩვენს ფარულ კომიტეტს. გადავწყვიტეთ ურჩიოთ ალექსანდრეს საზღვარ გარეთ გახიზვნა. ვაცნობე ეს მის უნცროსს ძმას. მან მოგვიტანა პასუხი. ჩემს ძმას მეტად უმძიმს ამ გასაჭირის დროს სამშობლოს მიტოვება. საბრძოლველი აქ არის და იქ რა უნდა ვაკეთოო. მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობელი ქვეყანა, რადგან მას თავს აშკარად წაადგა მოსკოვის ჯალათების ნაგანის ლულა. ალექსანდრეს ემიგრანტულმა თავგადასავალმა და მისმა მამულიშვილურმა მოღვაწეობამ საზღვარ გარეთ ყველა ჩვენგანის თვალ წინ გაიარა.
მეტ ხანად დიდ გაჭირვებაში მყოფი იგი არც ერთ დროს არ სცილდებოდა ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. მუდამ ხელში ეჭირა საქართველოსათვის თავგამოდებული, დამსახურებული, მებრძოლი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის დროშა და ამ დროშით იგი უდროოდ მიებარა უცხოეთის მიწას.
და, როდესაც დაიწერება უკანასკნელი ნახევარი საუკუნის ქართველი ერის საბედის-წერო ბრძოლის ისტორია, რომელთაგანაც გადაწნილია დიდათ გაღებული სისხლით ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მოღვაწეობა, ალექსანდრე ასათიანის სახელსაც საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა პანთეონში საპატიო ადგილი მიეკუთვნება.
დავით ვაჩნაძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress