NEWS.GE 20.11.2013
„სახალხო პარტია“ პარლამენტში წარდგენილი თვითმმართველობის კოდექსიდან მეშვიდე კარის ამოღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ „პრესკლუბში მე-17 სართულზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც მუნიციპალიტების რეგიონულ გაერთიანებას ეხება, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის დასაწყისია.
„კოდექსის ეს ნაწილი, რომლითაც კანონდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციებით, დივერსიის შემცველია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იწყებს ფედერალურ მოწყობაზე გადასვლას. ამ კოდესის მიღება ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება. ხვალ გამოჩნდება ვინმე ტვინგახურებული ადამიანი, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეეცდება კუთხური პატრიოტიზმის გაღვივებას და ერთიანი ქართული ცნობიერება საფრთხის ქვეშ დადგება”, – განაცხადა გიორგაძემ.
იგი 22 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიასთან, კანონპროექტიდან კოდექსის მეშვიდე კარის ამოღების მოთხოვნით, აქციის გამართვას აპირებს.
„22 ნოემბერს, მთავრობის სახლის წინ, მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, შევიკრიბოთ და ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, კანონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საშიშროებაზე, რომელიც ემუქრება საქართველოს ინტერესებს. ამიტომ მოვითხოვთ, ამოღებული იქნას მეშვიდე კარი შემოტანილი კანონპროექტიდან”, – აცხადებს გიორგაძე.
იგი მიიჩნევს, რომ კოდექსის მეშვიდე კარი არის არა მართვის, არამედ ქვეყნის დეცენტრალიზაციის მცდელობა.
“ეს კარი არის ანტიკონსტიტუციური. ავტორებმა იციან, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ ცდილობენ, რომ თვითმმართველობის კანონში შემოაპარონ. ანტიკონსტიტუციურია იმიტომ, რომ ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, არ შეიძლება განხორციელდეს.
ამავე დროს, შეიცავს უდიდეს საფრთხეებს. რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. დაკარგული ტერიტორიები, ეთნიკური სიჭრელე, სხვდასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დეცენტრალიზაციის ჩვენი მხრიდან დაწყება, ავტომატურად გაააქტიურებს სეპარატისტულ ტენდენციებს და ხელი შეეწყობა, ჩვენგანვე ნებადართულ ქვეყნის დაშლას”, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
როგორც გიორგაძე აცხადებს, კანონპროექტის ავტორები მიზანმიმართულად ცდილობენ ეს კარი კანონპროექტში „შეაპარონ“, რითიც იკვეთება მათი კონკრეტული ინტერესი,
„ან ზედმეტად არიან გატაცებული ნეოლიბერალური ფსევდოიდეოლოგიით და მიაჩნიათ, რომ საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყნის დაშლა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ კონკრეტული დაინტერესება კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურებიდან, – აღნიშნავს გიორგაძე.
იგი ვარაუდობს, რომ თუ კოდექსის მეშვიდე კარი არ იქნება ამოღებული, რეგიონული ენების საკითხი გააქტიურდება და ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი მხარს დაუჭერს მათ მოთხოვნას.
„რეგიონების შექმნას არ ითხოვს ევროპა ჩვენგან. პირიქით, ჩვენგან ითხოვნ მუნიციპალიტეტების, თვითმმარველობების უფლებების გაფართოებას, ხელშეწყობას და არა იმას, რომ თვითმმართველობაზე დანიშნული გუბერნატორი დააჯდეს.