ყველას! ყველას! ყველას!

ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე… მურმან ლებანიძე
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი” _ პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საჭიროებებს, არამედ, პრაქტიკულად, გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას.

ამ წერილის მიზანი არ არის სრულად შევაფასოდ კანონის ავკარგიანობა (ეს ცალკე წერილის თემაა), ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საკითხზე, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველია.Aაქ დუმილი ან დათმობა დანაშაულია!
ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო კანონპროექტში არის ის, რომ მასში აშკარად იკვეთება მიზანმიმართული ანტისახელმწიფო დივერსიის ნიშნები _ კოდექსის VII კარი -ს მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” ცნება, რომელსაც, ავტორთა განმარტებითაც, არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან. მაშ, რისთვის ჩაიწერა პროექტში?!
ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას.
თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევა დადებითი მოვლენაა, მაშინ ეს უნდა განაცხადოს ღიად, პირდაპირ და პატიოსნად, გახსნას საჯარო სივრცე და დაიწყოს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით სრული ეროვნული თანხმობის მისაღწევად. თუ იცის, რომ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, ხელი უნდა აიღო ამ გეგმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონვე იმხელს საკუთარ თავს!.
საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღებას რუსეთი ბოლო 25 წლის განმავლობაში თავის ამოცანად მიიჩნევს. ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე დისკუსიის სურვილის მიუხედავად, იდეის ძველ თუ ახალ ავტორთა და ლობისტთა მხრიდან, ამ ორი ათეული წლის განმავლობაში პასუხის მცდელობაც არ ყოფილა; არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზით, რომ ავტორებსა და ლობისტებს საპასუხო სერიოზული არგუმენტები არ გააჩნიათ. მათ იციან, რომ მხოლოდ მალვით და ქურდულად, საკუთარ პრობლემებში ჩაძირული მოსახლეობის უყურადღებობის, ინფორმაციის დეფიციტის ან ტერმინებში გაურკვევლობის პირობებში ძალადობითა და საღი აზრის იგნორირებით თუ შეძლებენ საქართველოს დაშლის გეგმის რეალიზაციას.
ჩვენ მივისწრაფით მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციისკენ, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთი გამიჯვნისკენ, რომელიც უკეთ დაიცავს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და განავითარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, კოდექსის ავტორები კი გვთავაზობენ ამ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ქვეშ ქვეყნის დეცენტრალიზაციის განხორციელებას _ რეგიონული დემოკრატიის საფარქვეშ ქვეყნის დანაწევრებისა და პროვინციებად დაშლის პირველი ნაბიჯების დაკანონებას.
ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და კულტურული სივრცის დანაწევრების საფრთხეს ოდითგანვე ებრძოდა ყველა ღირსეული მამულიშვილი. ქვეყნის ერთიანობისთვის იღვრებოდა ქართული სისხლი. თავის დროზე წმიდა ილია მართალი გვაფრთხილებდა: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში _ ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!” (ილია ჭავჭავაძე, “ზოგიერთი რამ”). მწარე ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ფედერალური მოწყობის ელემენტების შემოტანა დღეს მეცნიერულ ანალიზსა და პოლიტიკურ გათვლას ექვემდებარება და, ამიტომ, ძნელი გამოსაცნობი არ არის მისი დამღუპველი შედეგები უახლოეს მომავალში _კოდექსის VII კარი გამოიწვევს საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.
ავტორთა თვალთმაქცობა სათაურშივე იკვეთება _ სათაური არ შეესაბამება მის შინაარსს. თვითონაც იციან, რომ გაიშიფრებოდა “თვითმმართველობის” კანონში არათვითმმართველი სტრუქტურების შექმნის “შემოპარება” და, დაარქვეს “კოდექსი” (რომელიც კანონთა კრებულია), თუმცა, “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” გარდა, არც ერთი სხვა საკითხი პროექტში სრულად შეტანილი არ არის. რეგიონული სტრუქტურების შექმნის სათაურში ხაზგასმა კი ყველასთვის გასაგებს გახდიდა მათ მიზნებს და ამიტომაც შექმნეს მუტანტი კანონი-კოდექსი.
თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა არა მარტო ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, არამედ, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია და, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 2). კონსტიტუციის იგნორირებით, ფაქტობრივად, ყალიბდება ავტონომიური (სახელმწიფოებრივი) ნიშნების მქონე რეგიონული ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით (პროექტის სამუშაო ვარიანტში ეს უფრო მკაფიოდ გამოიხატებოდა, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო, როგორც ჩანს, თვითონვე მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე “შემოპარება” ჯობია).
დროთა განმავლობაში, “დემოკრატიასა და ხალხზე ზრუნვის” საბაბით, ეს ორგანოები გახდება არჩევითი, გამოჩნდება “კუთხური პატრიოტი” ლიდერები, რომლებიც მოითხოვენ რეგიონებისთვის უფრო მეტი რეალური სახელმწიფოებრივი უფლებების გადაცემას და განვითარდება შეუქცევადი პროცესი, რომლის შეჩერება სულ უფრო რთული გახდება. საბოლოო შედეგი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენი ქვეყნის ურთულესი მდგომარეობა: ოკუპირებული ტერიტორიები, მრავალი ქვეყნის ინტერესთა კვეთა, გეოპოლიტიკური დაპირისპირებები და საქართველოს ეთნიკური სიჭრელე, გვაიძულებს სერიოზულად დავფიქრდეთ, როგორ გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები შენიღბულ ფედერალიზაციას სეპარატიზმისთვის ხელის შესაწყობად და სეპარატისტების წასახალიზებლად.
აშკარაა, რომ რეგიონული სტრუქტურების შემოღება გამოიწვევს რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, რომლის მძიმე შედეგები, თემის ემოციური ფონის გათვალისწინებით, წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ. სასურველია, რომ ყველამ დღეს იპოვოს თავისთვის პასუხი შეკითხვაზე: ხელოვნურად რატომ უნდა შეიქმნას საქართველოში ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები რეგიონული გაერთიანებების სახით? ხვალ, ალბათ, გვიან იქნება.
იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ჩვენით დავიწყებთ საკუთარი ქვეყნის დაშლას რეგიონებად, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ რეგიონული ენების მოთხოვნის რეალიზებაში ევროპა თავის დიდ წვლილს შეიტანს, რაც ანტიდასავლური ემოციების ფრქვევას გამოიწვევს საქართველოში (ამითაც შეიძლება, განვსაზღვროთ, საიდან ქრის ქარი).
პროექტით განსაზღვრული რეგიონული გაერთიანებისა (მუხლი 168) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუხლი 16) უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები თანხვედრილია, რაც, საკუთრების გაუმიჯნაობისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის დღევანდელ პირობებში, პრაქტიკულად, გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვას და მოახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას. კოდექსის VII კარი დააკანონებს გუბერნატორებისა და გუბერნიების არაკონსტიტუციურ ინსტიტუტებს და ადგილებზე მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გამყარებას.
საქმეში ჩახედული ხალხისთვის თვალნათელია პროექტის ავტორთა ტყუილი, რომელიც გათვლილია მარტივ ანგარიშზე _ მოსახლეობის უმეტესობას წაკითხული არ აქვს “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია” (სტრასბურგი, 15.10.1985), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის და ევროპის საბჭოს კონგრესის სხვადასხვა რეკომენდაცია და რეზოლუციები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ Eეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. VII კარი არ არის ჩვენი “კარი” ევროპაში და, რომ ევროპა არ გვთხოვს ამას! პირიქით, ევროპა ჩვენგან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ითხოვს და წინააღმდეგია იმისა, რომ რეგიონულმა თუ ცენტრალურმა ადმინისტრაციამ აკონტროლოს და მართოს თვითმმართველობა.
დროა, გამოვფხიზლდეთ, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ–იღბალზე, წინ აღვუდგეთ ანტისახემწიფოებრივ ზრახვებს და უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას!
მოვთხოვოთ ხელისუფალებას რეალური თვითმმართველობა და წარმოდგენილი კოდექსის პროექტის VII კარის გაუქმება!
სხვა შემთხვევაში, “ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული “გამარჯვება” მითხრა შენ _ მე, და მე _ შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..” ( ილია ჭავჭავაძე “ზოგიერთი რამ” ).
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე
20.11.2013

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress