NEWS.GE 27 ნოემბერი 2013
“სახალხო პარტია” უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ დღეს გამართულპრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა.
“ამ ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსია ევროპული ოჯახის წევრად იწოდებოდეს “,-აღნიშნა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და ეს გარდამტეხი მომენტია.
“პრაქტიკულად, მთავრდება საბჭოთა იმპერიის პერიოდი. პრაქტიკულად ხდება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უჩნდებათ შანსი, გახდნენ ევროპის ნაწილი. ეს გარდამტეხი მომენტია და ბუნებრივია, ასე იოლად არ ჩაივლის. ამის ნათელი დადასტურებაა უკარაინაში მიმდინარე პროცესები”,-განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენს, რათა ქვეყანამ ევროპისკენ ნაბიჯი არ გადადგას. გიორგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ ამ პროცესებიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს.
“1 წლის შემდეგ ჩვენც რომ არ აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში, თავიდანვე უნდა გავაცნობიეროთ, რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია და გავაანალიზოთ ის საფრთხეები, რომლის ნეიტრალიზება აუცილებელი გახდება”,-აღნიშნა გიორგაძემ.