ახალი თაობა 25.07.2007 საქართველოს დაშლა ოფიციალურად დაიწყო
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, კოკოითის ბოლო მუქარის ტონს როგორ შეაფასებდით და საერთოდ, იმ პროცესებს, რომლებიც ამ რეგიონთან დაკავშირებით ვითარდება?
_ კოკოითის ტონი და მოქმედებები, გამონათქვამები, არანაირად არ არის საინტერესო სერიოზული პოლიტიკისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კოკოითი არც არასდროს წარმოადგენდა რაიმე მნიშვნელოვან ფიგურას და არც დღეს არის ის ასეთი ფიგურა. კოკოითი არის სპექტაკლში დეკორაცია, რომელმაც ხანდახან ენა უნდა ამოიდგას. ეს დეკორაცია თავის დროზე ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას არა როგორც თვითონ პიროვნება ან მისი წინამორბედი ინსტიტუტი, მხედველობაში მაქვს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ინსტიტუტი, იგი ასრულებდა იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომ დღევანდლამდე მოეყვანათ საქმე.
დღეიდან უკვე ახალი ეტაპი დაიწყო და ეს ინსტიტუტი თავის კოკოითიანად უკვე აღარავისთვის არის საინტერესო, გარდა ერთისა. ეს ერთი კი თავად კოკოითია. კოკოითი აღარავის აინტერესებს აღარც რუსეთში და არც საქართველოში. კოკოითმა იცის, რომ ის უკვე გასროლილი გილზასავით არის. ამ ინსტიტუტმა შეასრულა თავისი მისია. აქედან გამომდინარე, კოკოითი დღეს არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, მისი გამონათქვამები სერიოზული პოლიტიკისთვის საინტერესო ნამდვილად არ არის. კოკოითის ეს ხმამაღალი განცხადებები ერთადერთი რამისთვის არის საჭირო, რომ მან თავისი გამონათქვამებით საქართველოს მოსახლეობის თვალში სანაკოევს რეიტინგი უნდა აუწიოს. როდესაც კოკოითი ამ ფუნქციას საერთოდ ამოწურავს, მაშინვე გასტუმრებული იქნება ისტორიის სანაგვეზე. გაცხადდება, ვითომ სანაკოევმა მოიპოვა ქართველი მოსახლეობის სიმპათია.
_ ფიქრობთ რომ კოკოითის მუქარას საქართველოს ხელისუფლებამ ყური არ უნდა ათხოვოს?
_ რა თქმა უნდა. საქართველოს ხელისუფლებას კოკოითის ეს ტონი აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში იგი საქართველოს ხელისუფლების საქმეს აკეთებს.
_ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კოკოითი რუსეთის ინტერესებს ახმოვანებს. არ უნდა აღვიქვათ ეს რუსეთის მუქარად?
_ არა, ეს არ არის რუსეთის მუქარის ტოლფასი. ამ მუქარით რუსული საქმე კეთდება. სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს და დღეს ეს ყველასთვის ნათელია. სააკაშვილის და სანაკოევის ეს ქმედებები რომ არ გამოჩნდეს, საჭიროა ვიღაცამ ბინძური მისია შეასრულოს. კოკოითი რომ არ იყოს, მერწმუნეთ, სააკაშვილი და სანაკოევი მოსახლეობის უმეტესობის თვალში რუსული საქმის გამკეთებლებად იქნებოდნენ მიჩნეული. დღეს ეს ორი ჭანჭიკი _ კოკოითი და სანაკოევი _ ვითომ ერთმანეთს ეჭიდავება. სინამდვილეში კი კეთდება რუსული საქმე: საქართველოში ყალიბდება ოსური ეთნიკური ავტონომია. ჩვენ კი ჩვენი დაუდევრობით ტაშს ვუკრავთ საქართველოს დამღუპველ გეგმას.
_ თუ კოკოითი არ არის ანგარიშგასაწევი ძალა და თუ პუტინი და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ, რატომ იცვლება ასეთი ინტენსივობით სახელმწიფო მინისტრები კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, რას უკავშირებთ ამ საკადრო ცვლილებებს?
_ ეს უკავშირდება ეტაპებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. შესაბამისად, თავის დროზე, პირველ ეტაპზე, ჯერ კიდევ 15 წლის წინ, საჭირო იყო, სამხრეთ ოსეთი ცნობილი ყოფილიყო როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი ინსტიტუციონალურად გამხდარიყო სუბიექტი. რა მნიშვნელობა აქვს იმას, მაშინ კოკოითი იყო იქ თუ ჩიბიროვი, ან ვინმე სხვა. სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო სუბიექტად ოთხმხრივ მოლაპარაკებებში აღიარებდა ევროსაბჭო, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. შემდგომი ეტაპი იყო ლაპარაკის ეტაპი. ხაინდრავა და ანთაძე ამ ლაპარაკისთვის იყვნენ საჭირო. დღეს უკვე არის ახალი ეტაპი: ნელ-ნელა ჩვენ, ქართველები შეგვაჩვიეს ამ აზრს. თანდათან გვაჩვევენ აზრს, რომ ამ ტერიტორიაზე რეალურად შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ჩვენ ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ. დღეს რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, 20 მეტრით მეტი ტერიტორია ექნება თუ არა. დღეს რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს ავტონომია, რომელიც ნებისმიერ დროს გამოვა ქართული საქმის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ მასში ეს მუხტი უკვე ჩადებულია. რატომ ვუწოდებდით ეროვნული მოძრაობის პერიოდში ცხინვალის ავტონომიას შენელებული მოქმედების ნაღმს?! რა, ლენინი სულელი იყო, ეს ავტონომია რომ შექმნა? აქ თავიდანვე იყო ჩადებული, რომ ქართველი და ოსი ხალხი უნდა დაეპირისპირებინათ. დღეს პრაქტიკულად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თანამედროვე ეტაპზე სამართალსუბიექტი გავხადოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომია და აქედან, თუ საჭირო გახდება, ერთი ნაბიჯია დარჩენილი იმ ეტაპამდე, რაც კოსოვოსთან მიმართებაში მიდის ევროპაში. თუ ვინიცობაა, საქართველო ქართულ ნაციონალურ პოლიტიკას გაატარებს, მაშინ ეს ეთნიკური ავტონომიები ავტომატურად დაუპირისპირდებიან ამ საქმეს. იმის მაგივრად, რომ თვითონ ოსებთან გავარკვიოთ საქმე, იმის მაგივრად, რომ ოსებმა და ქართველებმა ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა შევიმუშაოთ, ჩვენ პირიქით, საქართველოს ინტერესების მიმართ ლიოალურ ოსებს, ძალიან ღირსეულ ადამიანებს, პრაქტიკულად ხელს ვუბიძგებთ, რომ საქართველოში სეპარატიზმი განავითარონ. ის შეკრება, რომელიც გუშინწინ ჩატარდა, სხვა მეტი არაფერია. შეკრების მონაწილეები გაკვირვებული ამბობდნენ, არ გვჭირდება ჩვენ _ რუსთავში და თბილისში მცხოვრებ ოსებს, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ახლობლები ვართო. ჩვენ ხელოვნურად ვქმნით ოსურ ავტონომიას, რომელიც ინსტიტუციონალურად დაუპირისპირდება ხვალ ერთიან ქართულ სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ეს ფედარალური სახელმწიფოს მოწყობაა და არა უნიტარული. ეს ავტონომია იქნება დამღუპველი საქართველოსთვის. დღეს ეს ისე ჩანს, თითქოს საქართველოს გაერთიანება ხდება, მაგრამ პრაქტიკულად ხდება საქართველოს დანგრევის იურიდიული გაფორმება და ქართველი და ოსი ხალხის ისეთი გადაკიდება ერთმანეთზე, რომელიც შემდეგ შეუძლებელი იქნება გამოსწორდეს.
_ თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე რუსეთის ინტერესებს ატარებდა და ახლად დანიშნული დავით ბაქრაძეც პუტინის ინტერესების შემსრულებელი იქნება…
_ ერთი რამ მინდა გითხრათ: მერაბ ანთაძე რეალურად ცდილობდა, ქართველ და ოსი ეროვნების ადამიანებს შორის სწორედ ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო. თავისი ბუნებით მერაბ ანთაძე არ არის აგრესიული პიროვნება. ის ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ დღეს არის პოლიტიკა, როდესაც ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობა არავის არ აინტერესებს. დღეს დადგა ის დრო, როდესაც აგრესიულმა დავით ბაქრაძემ უნდა გაიტანოს ის პროექტი, რომელიც არის ცხინვალის ფართო ავტონომიის შექმნა. აი, ამან განაპირობა შედარებით ადამიანური, შედარებით რბილი მერაბ ანთაძის შეცვლა ამ თანამდებობაზე. იმიტომ, რომ ის ვერ იქნება ასეთი აგრესიული. ბაქრაძე იქნება ასეთი პოლიტიკის გამტარებელი, რომ ქართველ ხალხს შავზე უთხრას, თეთრიაო.
_ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ბაქრაძე კომფლიქტებთან მიმართებაში აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს?
_ გამომდინარე იქიდან, რომ რასაც ის აკეთებდა პარლამენტში, სწორედ ამის დასტურია.. ბაქრაძე ისე წარმოაჩენდა პარლამენტში ვითარებას, თითქოს ხელისუფლების ესა თი ის ნაბიჯი, ეროვნული პოლიტიკის გამარჯვება იყო. თანაც ამას ისე აკეთებდა, სახეზე ერთხელაც არ გაწითლებულა. ბუნებრივია, ასეთი დამღუპველი პოლიტიკის პირობებში არც ამჟამად გაწითლდება. თავისთავად ცხადია, ეს საკადრო ცვლილებაც სწორედ ამით არის გამოწვეული.
_ თქვენი აზრით, უკვე დაიწყო ცხინვალის რეგიონის რეალურად ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლის აღიარება?
_ დაიწყო საქართველოს დაშლის სამართლებრივი გაფორმება.