ყოველკვირეული ჟურნალი გუმბათი #13 28.03-3.04.2011 დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო წრთვნები დაიწყეს
დავით გარეჯის სამხედრო წვრთნები (სკანდალი)
შორენა კოწოწაშვილი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება. ორიოდე კვირის წინ გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი, სადაც ნიკა ვაჩეიშვილი გარეჯელი ბერების საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებაზე საუბრობდა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარეჯის სმონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ანუ ეს ტერიტორია კომუნისტების შემდგომ კვლავ სამხედრო პოლიგონად იქცა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები, რაც შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად დაწყებულმა ბრძოლამ შეაჩერა. მაშინ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა არმიის სამხედრო პოლიგონი მოქმედებდა და საბჭოთა ჯარის ქვემეხები ანგრევდა ამ უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ ძეგლს. ორი ათეული წლის შემდეგ, უკვე თავისუფალ საქართველოში ისევ იშვა საბჭოეთი და ამჯერად დამოუკიდებელი საქართველიოს ხელისუფლების ქცევასა და აზროვნებაში.
22 მარტს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მონიტორინგისა და სამხედრო ბაზის პიკეტირებისთვის “ქართული პარტიის” ლიდერები გაემგზავრნენ.
მამუკა გიორგაძე:
_ ძალიან კომიკურია, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი და სოზარ სუბარი მიუძღვის ხალხს ქრისტიანობის ერთ-ერთი კერის გადასარჩენად. ეს არის ძალიან კომიკური საყურებელი. კიწმარიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ ეკლესია და საერთოდ, მართლმადიდებლობა მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყო. უბრალოდ, ამ ხალხს ოდნავ მაინც ხომ უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ სიტყვა, სდექ! _ ამის გრძნობა. არის რაღაც საკითხები, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს. არის ასეთი გამოთქმა: ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო. სოზარ სუბარმა და კიწმარიშვილმა რელიგიაზე, ეკლესიაზე, ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების გადარჩენაზე და საერთოდ, ამ თემებზე არ უნდა ილაპარაკონ. ეს უკვე სცილდება ყველანაირ ზღვარს და აბსურდში გადადის. ეს ერთი მომენტი; მეორე, თუ ამბის გასაგებად მიდიხარ, ერთი-ორი კაცი წავიდეს, რად უნდა ამას 300 კაცი? რაც დაგხვდება, ჩამოდი და შესაბამისი საკითხი დასვი. არ შეიძლება რელიგიურ თემებზე პიარი, არ შეიძლება არა მარტო იმიტომ, რომ ეს უზნეობაა, არამედ იმიტომაც, რომ ღმერთი თვითონ ამ თემით არ გაგამარჯვებინებს. ღმერთი არ მოგცემს საშუალებას, რომ ამ თემებით გააკეთო სპეკულირება. სხვათა შორის ისტორიის თუნდაც ბოლო მომაკვეთებში ხომ გვაქვს ჩვენ ეს გამოცდილება, რომ ვინც ამ თემით დაიწყო არაჯანსაღი მანიპულირება, ყველა როგორ დაინგრა და დაიშალა თვითონვე. როდესაც შენს სულში ეს თემა მთავარი არ არის და შენ ეს გამოგაქვს იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიზიდვა გინდა, ეს იქეთ დაგანგრევს. ამ ხალხმა ეს ვერ გაიგო. შეიძლება სპორტი არ გაინტერესებდეს, მაგრამ გამოხვილე და სპორტის დასაცავად მგზნებარე გამოსვლა მოაწყო. შეიძლება ვიღაცის სოციალური მდგომარეობა არ გაინტერესებდეს, მაგრამ გამოხვიდე და ვენები გადაიჭრა სოციალურ თემატიკაზე. ამით შეიძლება ვიღაც მოატყუო. მაგრამ, როდესაც რელიგიურად არ ცხოვრობ, როცა შენში რელიგიურობა, საქართველოს ეკლესია, მართლმადიდებლობა არ არის, რომლითაც შენ უნდა იცხოვრო და ამ ღირებულებებს დეკლარირებას უკეთებ, ეს დაგანგრევს. მრავალი დანგრეულა ამ ცნებების ასე არასწორად გამოყენების გამო. ყველას ვურჩევ, დაანებეთ ამ თემას თავი, თორემ ამის გამო თავზე რისხვა დაგატყდებათ. ხოლო თუ გულწრფელად ნებისმიერი ადამიანი დაინტერესდება, პირიქით, ღმერთი ისეთ ძალას მისცემს, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადაალახინებს. სახარებისეული სიტყვები რომ არის _ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეს, მთას გადაატრიალებდითო. ამ რწმენის დეფიციტია. თუ მორწმუნე ხარ, ე.ი. უნდა მიხვდე, რომ არა გაქვს რწმენა იმიტომ, რომ მთა კი არა, სააკაშვილი ვერ გადაატრიალე. უნდა იზრუნო იმაზე, როგორ მოიპოვო უფლის თვალში ის მადლი, რომ ეს რწმენა მოგეცეს. ამიტომ, ყველას ვურჩევ და მოვუწოდებ, მხოლოდ და მხოლოდ მათ გულში რაც არის, ის წამოიღონ, სხვანაირად შეუძლებელი იქნება მათთვის. ეს კეთილი რჩევაა ჩემგან.
_ ბატონო მამუკა, დავით გარეჯის მიმდებარედ საარტილერიო სროლების შესახებ ინფორმაციას წინ უძღვოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადება, რომელიც `დოდოს რქაზე~ მიმდინარე სამუშაოების თვითნებურად ჩატარებისთვის ბერების საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებაზე მიანიშნებდა. რას ნიშნავს ეს განცხადება?
_ რაც შეეხება ბერებისადმი დამოკიდებულებას, სამწუხაროდ, დღეს ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნის, რომ მართლმადიდებლობა, ქართული მონასტრები, ხატები, თუნდაც სახარება _ ეს მხოლოდ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ასე სტერილური სახით ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და უბრალოდ ვთქვათ, რომ ჩვენი მამა-პაპანი ამ გზაზე მიდიოდნენ. არა ბატონო, ეს ასე არ არის. მართლმადიდებლობა, რელიგია, სახარება დღესაც მოქმედია. დღესაც კონკურენტუნარიანია. ის არა მარტო ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის წიგნია, არამედ დღესაც ცხოვრების სასწავლებელი წიგნია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ შევხედავთ მართლმადიდებლობას და დავაკონსერვებთ, როგორც ჩვენს მტერს უნდა, მაშინ მივიღებთ სწორედ იმას, რომ ქართული საზოგადოება მოსწყდება მის მაცოცხლებელსა და მაცხონებელ ფესვებს. სწორედ ეს უნდა ნიკა ვაჩეიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას.
_ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილმა ნიკა ვაჩეიშვილის ეს განცხადება მართლმადიდებლურ ეკლესიაზე განხორციელებულ მორიგ შეტევად მიიჩნია. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ბუნებრივია. ნებისმიერი მსგავსი ფორმით გამოთქმული პრეტენზია, ეს არის ზეწოლა. ამ შემთხვევაში ეს ზეწოლა უშუალოდ პატრიარქზე არ არის, მაგრამ გაკეთდა იმათ გასაგონად, რომ ხვალ მეორე მონასტრის ბერმა ვერ გაბედოს და ხელი არ მოკიდოს რომელიმე შენობას ტაძრის ნაწილს და არ მოახერხოს მისი პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ მისი წირვა-ლოცვისთვის გამოყენება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ დაშინდეს ესა თუ ის ბერი და არ და ვერ განავითაროს საქართველოში მონასტრული თუ საეკლესიო ცხოვრება. ეს არის პრაქტიკულად ზეწოლა. იმუქრებიან დაგიჭერთო. შენ თუ ბედავ იმას, რომ ბაგრატის ტაძარს ეკლესიის ნებართვის გარეშე ეხები და თუ ბედავ იმას, რომ თურქეთთან ხელს აწერ საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის გარეშე მეჩეთის აშენების უფლებას, მაშინ ყველაფერს გაბედავ. სიონი და მრავალი ქართული ტაძარი ათასჯერ დანგრეულა და მოშლილა. სვეტიცხოველი აღადგინეს, სიონი აღადგინეს. ეკლესია მუდმივად უნდა ფუნქციონირებდეს, სახარება მუდმივად უნდა იკითხებოდეს. ეს ადამიანები კი იმ მოტივით, რომ ვითომ კულტურული მემკვიდროებაა, ხელს უშლიან ამ ეკლესიურ, რელიგიურ ფუნქციონირებას. ამით გამოხატავენ თავიანთ სურვილს, რომ მოსწყვიტონ ამ ისტორიულ ფესვებს ქართველი და მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, სამუზეუმო ექსპონატად აქციონ, ისე, როგორც მრავალი ქართული სიწმინდე.
ანჩისხატიდან დაწყებული, დღეს სამუზეუმო ექსპონატად არის ქცეული არაერთი ჩვენი სიწმინდე. იგივე ანჩისხატმა უნდა იმუშაოს, გაიღოს თავისი მადლი.