“სახალხო პარტიის” განცხადება 27.08.13
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების დამოუკიდებლობის ცნობა არის რუსეთის აგრესიული იმპერიალიზმის მიერ საქართველოსათვის მოყენებული ყველაზე მძიმე დარტყმა 1801 და 1921 წლების ანექსიების “დაკანონების” შემდეგ. ამ თავხედური ნაბიჯით სუვერენული და გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც, მისი წინმსწრები ომით ამავე ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთმა დაამტკიცა, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი იმპერიალისტური სულისკვეთება და საგარეო პოლიტიკური მენტალიტეტი, მიუხედავად საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე არსებითი ჰუმანიტარული ცვლილებებისა, გამოუსწორებელია.
თავისი ღია და თვითმიზნურად ანტიქართული ნაბიჯით რუსეთის მაშინდელმა და დღევანდელმა პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა პირველხარისხოვანი ამოცანის რანგში აქვთ აყვანილი, რასაც, ორი ძირითადი პოლიტიკური მოტივიც აქვს. ერთია მათი გეოსტრატეგიული მისწრაფება, რომ მოახდინოს საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ნების პარალიზაცია და გადაუკეტოს გზა დასავლურ დემოკრატიულ ცივილიზაციას, რომელთანაც ისინი არაკონკურენტურნარიანნი არიან, რათა, რაც შეიძლება, დიდი ხნით დაიმკვიდრონ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მონოპოლიური გავლენისა და დიქტატის შესაძლებლობა. მეორეა იმის დემონსტრირების მისწრაფება (ძირითადად, საკუთარი მოქალაქეებისთვის და გავლენის სფეროში მცხოვრებთათვისაც), რომ რუსეთი მსოფლიოს დღევანდელი ლიდერი დემოკრატიული სახელმწიფოების „ტოლი“ ძალაა და მსოფლიოს ბედის განსაზღვრა მათთან თანასწორად ეკუთვნის.
სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ნების დეფიციტის მქონე ქართული პოლიტიკური სპექრისა და რუსული მრავალრიცხოვანი და ფართოდ განშტოებული აგენტურის პროპაგანდა, თითქოს ჩვენი, ანუ ეროვნული პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკოსების კატეგორიული პოზიცია „არავითარი პოზიციის შერბილება რუსეთთან, მანამდე, სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ გავა საქართველოდან და არ გაუქმდება ჩვენ ტერიტორიათა „დამოუკიდებლობის“ ცნობა რუსეთის მიერ“ არის ახირება ან არაარეალისტური მოთხოვნა, მტკნარი სიცრუეა. ჩვენი, მართლაც, კატეგორიული მოთხოვნა ეხება და ემსახურება ერთჯერად ამოცანას _ რუსული ოკუპაციისა და დიპლომატიური აგრესიის ამ კონკრეტული შემთხვევის მოგერიებას, ანუ, საქართველოს დეოკუპაციას და ზემოხსენებული ყალბი „დამოუკიდებლობის“ ცნობაზე ხელის აღებას. ეს ამოცანა სრულებითაც არაა დაკავშირებული ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის თემასთან ამის შემდეგ. ამგვარად, ჩვენი პოზიციის კატეგორიულობა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხედავთ რუსეთის არსებობის გეოგრაფიულ ფაქტს და ამ მეზობლობის გაგრძელებას ახალ პირობებში, როცა რუსეთს და მის ხელისუფლებას _ ნებით თუ იძულებით _ ხელი ექნება აღებული მანიაკალური საძულვილით მართულ პოლიტიკაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გზა, უფრო ზოგადად _ რუსეთისაგან საქართველოს თვით სიცოცხლის დაცვის გზა _ გადის მხოლოდ რუსული იმპერიის დამარცხებაზე შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში.
ეს დამარცხება, ჩვენდა საბედნიეროდ, გარდუვალია. მაგრამ მის დადებით შედეგებს ჩვენც მოვიმკით (არაერთ სხვა მცირე ქვეყანასთან ერთად) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა იქნება პასუხისმგებლობის შეგნებით აღჭურვილი და პოლიტიკური აზროვნების მხრივ სავსებით მომწიფებული. ჩვენი მომავალი პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზებულობის ხარისხზე (რის განხორციელებაც, ჩვენი აზრით, მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივად განწყობილ ადამიანებს ძალუძთ). ქართველ ერში ამისთვის საკმარისი რესურსი არსებობს.
ხელის გულზე დევს ის ნათელი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს, ზნეობრივი თვალსაზრისითაც და პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისითაც, მართებს იყოს, მრავალი სხვა პოლიტიკური პარამეტრის პარალელურად, საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
ოკუპანტმა ქვეყანამ და მსოფლიომ მკაფიოდ უნდა იცოდნენ შემდეგი:
I. აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელების უფლება უპირობოა. ეს არის საქართველოს უფლება მსოფლიოში მოქმედი ყველა ნორმის წინაშე.
საქართველოს და ქართველი ერის შეუვალი ამოცანაა აფსუა (“აფხაზ”) ხალხთან ნორმალური, მოყვრული ურთიერთობის აღდგენა. ორივე ეს ამოცანა _ იურისდიქციის განხორციელებაც და ურთიერთობის აღდგენაც _ სასიცოცხლოა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, მაგრამ ერთის გადაჭრა ვერ იქნება დამოკიდებული მეორის გადაჭრაზე. საქართველოს რეალურად ერთგულ პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ერს, რომლის ნებასაც ეს ძალები ასახიერებენ, გვაქვს აფხაზ ხალხთან გულწრფელი მოლაპარაკების საშუალება. რადგან ამის უყალბო ნება გაგვაჩნია.
საქართველოს ეს შეუვალად იმპერატიული ამოცანა _ ქართველი და აფსუა (“აფხაზი”) მოსახლეობის ურთიერთობის ნორმალიზაცია _ დაძლევადია. საქართველოს შეუძლია (ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან განსხვავებით), რომ აფსუა (“აფხაზ”) ხალხს შეუქმნას სამარადისო ეროვნული გადარჩენის რეალური იურიდიული (ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეულის სახით) და ფაქტობრივი პირობები.
II. ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებელია. “სამხრეთ ოსეთი” არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი (რუსული ინსტანციების დადგენილებით ჯერ კიდევ 1920 წელს, საქართველოს დაპყრობამდე 1921 წელს) ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არანაირი არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული, არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არა აქვს და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია იქ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე. ფუნქციური ავტონომია გულისხმობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სისტემას, რომლის ამოცანაა ოსების სპეციფიკურად ეროვნული (ეთნიკური) ინტერესების ლობირება და რომელსაც ის უპირატესობა აქვს, რომ იგი მოიცავს საქართველოს მთელ ოსურ მოსახლეობას და არა მის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობს.
III. თავის ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასთან ურთიერთობის რაგვარობისა და მიმართულების განსაზღვრაში საქართველოს სახელმწიფო არ საჭიროებს ჩარევას გარედან, მით უმეტეს _ რუსეთის ფედერაციისაგან. ქართველი ერის სულისკვეთებაში და მის ისტორიულ ტრადიციაში ჩამოყალიბებულია მყარი პრინციპები საქართველოს არაქართველ მოსახლეობასთან სახელმწიფოს ურთიერთობისა. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი (‘აფსუა”) ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა. ქართველი ერის ისტორიული და დღევანდელი მენტალიტეტის პრინციპი ამ სფეროში არის „ინტეგრაცია (ანუ ორგანული წევრობა საზოგადოებაში ) ასიმილაციის გარეშე“.
IV. ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფედერაციის, ანუ, ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია და, შესაბამისად, გამოირიცხება რომელიმე მეზობლის უფლება, მოითხოვოს საქართველოს შინაგანი პროცესების რეგულირებაში მონაწილეობის რაიმე ბერკეტი.
წინამდებარე განცხადებით ჩვენ გვინდა, ვუთხრათ ქართველ საზოგადოებრიობას: რუსულ იმპერიალიზმს არც წინსვლის, არც თავისი დღეს არსებული ფორმატის შენარჩუნების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ვერც ერთი გონიერი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი ვერ დაუშვებს, რომ რუსეთის იმპერიალიზმი ჩრდილო კავკასიის სამხრეთ ზოლში გაძლებს, თუნდაც, თვალსაწიერ მომავალში.
წინამდებარე განცხადებით “სახალხო პარტია” უერთდება ქართველი ერის მტკიცე ნებას, რომ, განურჩევლად საქართველოს ამა თუ იმ მარიონეტული ხელისუფლების პოზიციისა, არასდროს არ შეურიგდეს რუსეთის მიერ საქართველოს მიწაწყლის ხელყოფის ამ აგრესიულ მცდელობას და გამარჯვებამდე მიიყვანოს თავისი ბრძოლა რუსი ოკუპანტების განდევნისათვის საქართველოს ტერიტორიიდან.
მამუკა გიორგაძე 27.08.13