ახალი თაობა 1.03.2007 რატომ ჩავაბარეთ მთელი ეკონომიკა რუსეთს
რატომ ჩავაბარეთ მთელი ენერგეტიკა რუსეთს?
შორენა კოკორაშვილი – ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად აფხაზეთში დაძაბულობამ იმატა. როგორ ფიქრობთ, ბაღაფშისა და ხაჯიმბას მომხრეებს შორის დაპირისპირება სადამდის მიაღწევს?
_ არ გამოვრიცხავ, დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდოს, მაგრამ ეს იქნება ლოკალური ბრძოლა. არავისთვის გასაკვირი არ არის აფხაზეთის ხელისუფლების კონტროლი. დარწმუნებული ვარ ამ ტერიტორიის მაკონტროლებელი არ დაუშვებს კონფლიქტის საზღვრების მიღმა გამოსვლას.
_ შეიძლება სხვა ძალების ჩარევამდე არ მივიდეს საქმე, თუმცა არც ის არის გამორიცხული, არჩევნები მსხვერპლით დასრულდეს…
_ ამგვარი მოვლენებისგან არავინ არის დაზღვეული. საქართველოში არ ტარდება არჩევნები უმსხვერპლოდ და რა გასაკვირია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ამბავს შეეწიროს ვინმე.
_ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტობა გალში იმყოფება. არ არის გამორიცხული, ისინი გადავიდნენ აფხაზეთში და საპროტესტო აქციები მოაწყონ. როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია მოჰყვება ახალგაზრდების ამგვარ ქმედებას აფხაზი სეპარატისტების მხრიდან?
_ საქართველოში რატომღაც დამკვიდრდა მხოლოდ პიარით ბრძოლა. წინათ მოქალაქეთა კავშირის წევრები, იმის მაგივრად, პარლამენტში მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთის საელჩოსთან ენგურის ხიდთან და ა.შ. აწყობდნენ აქციებს. ისინი ამით საზოგადოების ყურადღებას იქცევდნენ და აჩვენებდნენ ხალხს, თითქოს რამე კეთდება.
_ ამ შემთხვევაში თვლით, რომ ყურადღების მიქცევის მიზნით კეთდება ყველაფერი და არა პატრიოტული გრძნობით?
_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პიარის ნაწილია. იმ ახალგაზრდებმა სჯობია პროტესტი მთავრობის სახლის წინ გამოხატონ.
_ დამეთანხმებით, მოვლენის ეპიცენტრში ყოფნას მაინც სხვა ეფექტი აქვს…
_ მოვლენის ეპიცენტრი თბილისია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოფხიზლდება, შეიძლება აფხაზეთი საერთოდ დავკარგოთ, ამიტომ ზეწოლა სააკაშვილის ხელისუფლებაზე უნდა მოხდეს, რადგან არ გაყიდოს აფხაზეთი.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზეთია გაყიდვის მცდელობაა?
_ ამის მცდელობა ნამდვილად არის.
_ ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აკეთებენ ნატოში შესვლისთვის, იმ მიზნით, რომ ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული იყოს…
_ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით შედიოდა ბატონი სააკაშვილი დსთ-შიც.
_ სააკაშვილი შედიოდა დსთ-ში?
_ მოქალაქეთა კავშირი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ბატონი მიხეილი.. მათ თავის დროზე სახალხო პარტიის ყველა დადგენილება ჩააგდეს, რომელიც იმ ორგანიზაციიდან გამოსვლას ისახავდა მიზნად.
_ ფაქტია, რომ დღეს ნახმოძრაობა რადიკალურად იჭერს ამერიკულ ორიენტაციას…
_ მე სერიოზული ეჭვი მეპარება ამ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მეორე საკითხია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით სააკაშვილისთვის სულერთია, მოსკოვს შეეკვრება თუ დასავლეთს. რაც შეეხება ორიენტაციას, მე ვერ დაგეთანხმებით მის პროდასავლურობაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას იმ პრინციპებით და ღირებულებებით არ უცხოვრია და არც ცხოვრობს, რომელსაც ქადაგებს დასავლეთი, მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს თვითმმართველობა, კანონის უზენაესობა, რომელ დასავლურ ორიენტაციაზეა საუბარი. ქვეყნის მმართველი დილით ცუდ ხასიათზე რომ გაიღვიძებს და გააუქმებს რომელიმე დაწესებულებას, ეს შახების სტილია.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს საყვედურობენ _ ნუ იქნებით მთლად რადიკალურები, ჩვენ ხომ ჯერ რეფორმების გზაზე ვდგავართო…
_ რას ჰქვია ყალიბდებიან, გუშინ შვიდი და დღეს ხუთი კაცი რომ “შეჭამეს”, ასე მივლენ ცივილიზაციის ზღვარზე? დემაგოგია, რომელსაც ეს ხელისუფლება ეწევა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არანაირი ღირებულებების დამკვიდრებას არ ცდილობენ.
_ ბატონო მამუკა, მთავრობის წევრები საკმაოდ აგრესიულები არიან იმ პარტიებისა და პიროვნებების მიმართ, რომლებიც რუსულ ორიენტაციაში არიან შემჩნეულნი…
_ მათი ქმედება ბუნებრივია, აბა ხომ არ იტყვის, მეც მათ მხარეზე ვარო.
_ ამ შემთხვევაში ტონსა და შეფასებებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?
_ რამდენი გინახავთ, ოპოზიციური პარტიის მანტიით ხელისუფლებას რომ ემსახურება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კონსტიტუციაში პირველი ცვლილება რომ შევიდა, 7%-იან ბარიერთან დაკავშირებით სარიშვილის და ნათელაშვილის ინტერესით იყო გამოწვეული ვითომ. მე ვსაუბრობ ყოველთვის ფაქტებით.
_ ანუ გამოდის, რომ თქვენ ეროვნული ფორუმის წევრების მოსაზრებას იზიარებთ?
_ ჩვენ ამ თემაზე რევოლუციის პირველივე დღეებიდან ვსაუბრობდით. არავისთვის დასამალი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვაში იგორ გიორგაძის გამოგზავნილი ხალხი იყო.
_ ფასეულობების გადაფასება უცხო ხომ არ არის?
_ თუ მართლაც ასეა, მაშინ უნდა თქვან, რომ ჩვენ გუშინ ვიყავით ამ აზრზე, დღეს სხვა პოზიცია გვიჭირავსო. სულ მართალი როგორ ხარ? რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მეტი საქმე არ ჰქონდა, რუსეთისა და ბათუმის მიტინგებზე უაზროდ ერბინა. თუ რუსეთი ჩვენი მთავარი მტერია, მთელი ენერგეტიკა რატომ ჩააბარეს რუსებს? სად არის ლოგიკა? 1999 წლის არჩევნებში რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად გადაუხადა ფული ჟვანია-სააკაშვილის გუნდს…
_ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამერიკიდანაც სერიოზული თანხა შემოვიდა?
_ რა თქმა უნდა, ასეა. როდესაც ვაჭარი ხარ ბუნებით, ხან ერთს მიჰყიდი შენს საქონელს, ხან მეორეს, იმისდა მიხედვით, რამდენს გადაგიხდიან.
_ ანუ, ჩვენს ქვეყანას ვაჭრები მართავენ?
_ ფაქტი სახეზეა, ისინი სხვა ფორმით ვერ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. მე ვეჭვობ იმასაც, რომ აფხაზეთში და ცხინვალში არის საეჭვო ქმედებები, თუ ასე არ არის, მაშინ რატომ არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი დარეგულირების გეგმა, საინტერესოა, რა წერია მასში.
_ აფხაზეთში უკანონო არჩევნების შემდეგ რაიმე ცვლილებები თუ გესახებათ?
_ ეს ყველაფერი სპექტაკლებია, მტკივნეულია იმათთვის, ვინც ვერ მიიღებს დეპუტატობას და ფულს.. ეს ყველაფერი გლადიატორების ფილმს მაგონებს.
_ ანუ რუსეთი, რეჟისორის რანგში უკვეთავს და იხდის?
_ თავისთავად ასეა.
_ და მაინც, თქვენი ვარაუდით ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში?
_ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამაში წინა არჩევნებზეც დავრწმუნდით.
_ თუ უსმინეთ ჰავიერ სოლანას განცხადებას და როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
_ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ თქმულა. როგორც ყოველთვის, მოგვიწოდებენ ჯანსაღი აღმშენებლობის გზით, ჩვენ კი ამას არ ვაკეთებთ. დიპლომატიური ენა არ ითვალისწინებს რადიკალურ განცხადებებს და თუ არ ესმის ჩვენს მთავრობას, მისი პრობლემაა.