სპ. კედია – იმედის საფუძვლები

სპ. კედია საქართველოს გუშაგი # 2

ეს მეთორმეტე ახალი წელიწადია. თერთმეტი მისი წინაპარი შავი და ულმობელი იყო ქართველი ხალხისათვის. მტარვალის მძვინვარებამ საზღვარი არ დაიდო _ მთელი საქართველო გააგოლგოთა. არც სული დაუტევა უწამებელი, არც ხორცი, არც კერა დაუნარჩუნა წაუბილწავი, არც ეკლესია.

არც ზნეობა დაინო, არც ტრადიცია; მამაპაპეული მიწა-წყალიც არ დაზოგა: მისი ერთი ნაჭერი გაასაჩუქრა; დანარჩენზე უცხო ელემენტი მოამრავლა და ქართველობა შეათხელა. ერთბაშად და ყოველის მხრიდან დაეძგერა ყველა იმ ნერგს, რომელზედაც საქართველოს ეროვნული სახე ამოვიდა.


არაფერი დაუზოგავს, რომ საქართველო მოეთხარა და სამუდამოდ სამარეში ჩაესვენებინა. . .
თავის მხრივ, ქართველმა ერმაც ყოველი ღონე იღონა, რომ მტარვალი თავიდან მოეშორებინა და თავისი თავის უფალი გამხდარიყო. მრავალი ათასი ქართული სიცოცხლე სამშობლოს საკურთხეველზე დაიწვა. სხვა მრავალი ათასი სამშობლოდან გაჰკრიფეს და რუსეთის საყინულეებს პატიმრბად მიალურსმნეს. მცირე ნაწილი საზღვარგარეთ ემიგრანტობს. ვინ შინ დარჩა, მტის ველურ იერიშთაგან იცავს ყოველდღიურ დაპირდაპირებაში სამშობლოს სულიერ სამყაროს და მის ფიზიკურ სამკვიდრებელს. ბრძოლაში დაღუპულებმა ერთხელ და სამუდამოდ მოისვენეს და ზედმეტად კიდევ თან წაიღეს ტკბილი შეგნება იმისა, რომ ღირსეულად მოიხადეს ქვეყნის ვალი. სამშობლოს სიყვარული და მისი თავისუფლება აბრწყინვალებდა მათმოწამებრივ სულს. ცოცხალთა ტანჯვა არ გათავებულა, იგი ყოველ დღე ახლდება, ძველს ახალი ემატება, ერთი მეორეზე უფრო მძაფრი და მწარე და თანჯვის ზვინი, ამ სახით, თანდათან ცის გუმბათს უახლოვდება. . . მხოლოდ სამშობლოს ტრფიალი და ოცნება მის თავისუფლებაზე არის მათი სულის ნუგეში და ძალის მიმცემი.
ასე გავიდა ორივე მხრისათვის თერთმეტჯერ გათენებული ახალიწელი, შედეგი? მტერმა მიზანნს ვერ მიარწია: საქართველოს ეროვნული სული და შეგნება _ ის რაც ერს ჰქმნის და ასახიერებს, მან არამც თუ ვერ გასრისა, არამედ კიდევ უფრო გაასალკლდევა, კიდევ უფრო გაამახვილა. ამ წლებში ქართული ეროვნების უკვდავებამ კიდევ ერთი ახალი კურთხევა მიიღო, კიდევ ერთი ახალი გვირგვინი თავს დაიწნა.
ამ თერთმეტი წლის თავზე მტერი ისევ ისე, შემოსევის პირველი დღის პოზიციაზე სდგას: მას უპყრია მხოლოდ საქართველოს გეოგრაფია. წინ ერთი ბიჯიც არ წარუდგამს და რაც უმტავრესია, ვერც წარსდგამს ვერასოდეს! ამ დაპყრობილ გარემოში უტეხად და ამაყად ჰმადლობს საქართველოს სული, ვით აუღებელი ციხე-სიმაგრე, საუკუნეებია თავმდები, რომ მას ვერავინ ვერასოდეს ვერ აიღებს. აქ მარხია საქართველოს მარადიულობის საიდუმლოება.
მეორეს მხრივ, თავის მიზანს ვერც საქართველომ მიაღწია: მტერი ვერ მოიშორა, თავისუფლება ვერ დაიბრუნა. ნაციონალური თვითშეგნების უაღრეს ხარისხამდე აღსვლის გვერდით, იგი დარჩა იმ დონეზე, რა დონეზედაც მტრის პირველმა შემოსევამ თავიდანვე ჩამოაქვეითა. . .
მაგრამ და სწორედ აქ არის განსხვავება ქართველი ერის მდგომარეობასა და მის მტრის მდგომარეობას შორის.
საქართვლოს ეს ყოფა დროებითი ყოფაა. არასოდეს დღეგრძელი, მით უფრო არასოდეს სამუდამო. საქართველო ამ დონედან დაიძვრება. ქართველი ერი კვლავ აღსდგება თავისუფალი და დამოუკიდებელი. ამის რწმენა ქართველ კაცს არ უნდა დაეკარგოს ერთი წუთითაც კი. ჩვენი სამშობლოს ისტორია ამ რწმენის შეურყეველი საძირკველია, მისი დაურღვეველი დასაბუთებაა. ამ რწმენის ძალა და განამდვილება მიცვალებულთა ამ უძლეველი თაობების ხელშია. ერს უნდა სწამდეს წინაპართა საფლავი, მათი სული, მათი საქმენი! ერთსა და იმავე დროს ეს იმედის წყაროც არის და გამარჯვების ფაქტორიც.
მართლაც არ ყოფილა თითქმის არც ერთი ხალხის ევროპისა თუ აზიისა, ეპიზოდური მომენტის ბატონად ასპარეზზე გამოსული, რომ რიგ-რიგად თუ წყვი-წყვილად საქართველოში არ შემოჭრილიყოს და იქ არ დაკვიდრებულიყოს _ ვინ მეტი ხნით, ვინ ნაკლებისა. მურვან ყრუებს, შახ აბასებს, აღა-მაჰმად-ხანებს, თემურ ლენგებს ბევრი რისხვა დაუმეხებიათ საქართველოს თავზე. მათაც დაუდუმებიათ საქართველოს ეკლესიის სამრეკლოები, გადაუბუგამთ, დაურბევიათ ჩვენი ქვეყანა. მრავალი ათი-ათასი ქართველი მოუგლეჯიათ სამშობლოს მკერდიდან და თავიანთ ქვეყნებში გადაუსახლებიათ. . . ბევრი ტანჯვა და წამება გამოუვლია წინაპართა საქართველოს მტერთა შემოსევისაგან. უსათუოდ, დღევანდელისაზე არა ნაკლებ ბევრი და ღრმა, მაგრამ საბოლოო ანგარიშში გამარჯვება ყოველთვის მაინც ჩვენს წინაპრებს დარჩენიათ. ამ რიცხვმრავალ მტერთაგან ზოგი დღეს არარც არსებობოს, ზოგი დაკნინებულია და ჩამორჩენილი. საქართველო კი ყოველთვის სწრაფად ამოსულა დაქვეითების უფსკრულიდან, რომელშიც ძლევამოსილ მტერს იგი დროებით გადაუჩეხია. ამოსულა და ამაყად განუგრძვია შეწყვეტილი გზა ეროვნული წინსვლისა და განვიტარებისა. აი, ფაქტი, აი, ჩვენი ისტორია. . .
საქართველოს დღეს ასეთი ეპიზოდთაგანი უდგას.
ეს ისტორიული ჩვეულება ქართველი ერისა და ის ფაზა კაცობრიობის განვითარებისა, რომელშიაც ჩვენი პლანეტაა შესული. ეს ორი ფაქტორი ერთად აღებული, იძლევა ეჭვმიუტანელ დასტურს, რომ საქართველო ამ ეპიზოდიდანაც გამარჯვებული გამოვა. . .
ოღონდ იმ პირობით თუ თანამედროვე ქართველობა დაუბრუნდება თავის ისტორიულ კალაპოტს და მიაგნებს წინაპართა მოძღვრებას, მათ მოქმედებას, ტემპერამენტს. თუ იგი კვლავ არ აყვება იმ ხალხის პროვოკაციას და დემაგოგიას, ვინც საქართველო “ტაბულა რაზად” გამოაცხადა და ზედ ამ დაფაზე, მამაპაპეული სჯულის ნაცვლად, კარლ მარქსისი კომუნისტური მანიფესტი დაგვიწერა!
თანამედროვე ქართველობას, რომელსაც უსათუოდ აკლია წარსულის ინტიმური გაგება, მისი ღრმა შეგრძნება და არსებრივი განცდა. ეს უნდა ამოეკითანა იმ ემპირიულ მოვლენებში მაინც, რომელიც მას თავს დაატყდა. განვლილი თერთმეტი წლის ამბავთა გაგება, ამავე დროს, მთელი წარსული საქართველოს გაგებაა. ამ ამბავთა შუქზე მის გონების წინაშე მთელი ჩვენი წარსული უნდა განათებულიყო. ამ წლებმა საკმაოდ გამოაჩინეს თუ რა იყო ისტორიულად საქართველოს უკვდავების ნამდვილი წყარო, მისი ეროვნული განუწყვეტლობის ჭეშმარიტი ძალა, აგრეთვე, ის, თუ რა იყო მისი თანდაყოლილი სისუსტე, მაშასადამე, ისა, თუ რა მიმართულებით უფრო უნდა განვითარდეს ჩვენი წინააღმდეგობა და მოქმედება მტრის მიმართ; თუ რას უფრო უნდა დავაწვეთ და რას ნაკლებ.
პირველს შეადგენს ჩვენი ეროვნული სულის უსაზღვრო სიმყარე, მისი აბსოლუტური შეუმუსვრელობა. ამას მოგვითხრობს და გვიმოწმებს მესოპოტამიის ცხელი ველებიდან მოყოლებული მყინვარ-იალბუზის ყინულებამდე ოთხი ათასი წლის ამბები, მეორეს _ ქართული დემოგრაფია, მისი რიცხვითი სიმცირე. არასოდეს არც ერთ ბრძოლაში, არც მაშინ, როდესაც იგი დამარცხებულა და არც მაშინ, როდესაცმას გაუმარჯვნია, ქართველობა არ ყოფილა მტერზე მეტი, არც მისი ოდენა, არამედ ყოველთვის მასზე გაცილებით უფრო ნაკლები. ისტორიულად, მტერი საქართველოში ყოველთვის ამ სისუსტეს შემოუყვანია, მაგრამ ისტორიულადვე მტერი საქართველოდან საბოლოოდ ყოველთვის ამ ეროვნული სულის სიმტკიცეს გაუყვანია.
ეს ორი ეროვნული მდგომარეობა შეპირისპირებული, შესწავლილი და გაგებული ჰქონდა წინაპართა საქართველოს. მათი ერთმანეთთან შეფარდების ნიადაგზე გამომუშავებული იყო ეროვნული ბრძოლის და უფრო საერთოდ, ეროვნული თავდაჭერის სიბრძნე. ფაქტორი-დრო და ფაქტორი-საერთაშორისო ურთიერთობა ყოველთვის ზედმიწევნითი ხელოვნებით იყო გამოყენებული ჩვენი წინაპრების მიერ და საქართველოს საკითხი ყოველთვის მათი დახმარებით გადაუწყვეტიათ. ამგვარად, ჩვენ მივდივართ ჩვენი ისტორიის აქსიომურ დასკვნამდე: ყოვლად შეუძლებელია, რომ ქართველობამ გამარჯვების იმედი თავის ყოველ დროის სისუსტის ამოვსების ვარაუდზე ააგოს. ამ მხრივ, ჩვენ თან გვდევს ფატალური სინაკლულე, რომელსაც ვერასოდეს ვერ ავიყვანთ ჩვენთვის საშიშ მრავალრიცხოვან მტერთა რაოდენობის სიმაღლემდე. ამ სფეროში ჩვენი შესაძლებლობა შეზღუდულია.
თავის გამარჯვების იმედი ქართველობამ უნდა დაამყაროს ჩვენს ეროვნულ უპირატესობაზე; ქართული სულის სიმყარეზე, მის დაუსრულებელ განვითარება _ გამახვილებაზე. ამ დარგში ჩვენი შემოქმედება თავისუფალია და უსაზღვრო; აქაა სტიქია ჩვენი შეუტოლებელი პრივილეგიის. ესაა ჩვენი ეროვნული რაობის წაურთმეველი ატრიბუტი. ამგვარად, ჩვენი გამარჯვების ფაქტორი ინახება თვით ფსიხოლოგიაში, თვით მორალში, ადამიანისა და ერის ამ იმმატერიალურ სამყაროში და არა რიცხვებში ან ტექნიკაში; მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს _და ეს ელმენტი ამ ეროვნული რაობისა _ ის სიბრძნე წინაპართა, რომელმაც მოცდა იცოდა, ვიდრე არ გაიჩენდა თავის უტყუარ მოკავშირეებს: შესაფერ დროსა და შესაფერ საერთაშორისო ურთიერთობას. დღევანდელი ქართველობა, რომელმაც ეროვნული შეგნება აჩქარებული ტემპით შეიძინა, ამ სიბრძნის სიმაღლის ჯერ კიდევ ვერ ასწვდა გასული თერთმეტი წელი ამას ნათლად მოწმობს. ჩვენი ამ წლის ნატვრა და მოქმედების ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ქართველობამ შეიძინოს წინაპრული დიდსულოვნება, ბრძოლის სიბრძნე და გამოცდილება და არ აყვეს პროვოკაციას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს უკანასკნელი, ვერაგი მტრისგან, თუ ძალის ძალად მოჭირისუფლე ხალხისაგან. მან უნდა აიცდინოს 1924 წლის ტრაგედიის ახალი განმეორება, როგორიც არ უნდა იყოს დამდგარი მეთორმეტე წელიწადი, ან მისი მომდევნო წლები _ და ჩვენ იმედი არა გვაქვს, რომ ესენი უფრო ლმობიერნი იქნებიან ქართველი ხალხისათვის ვიდრე წინანდელნი, ეს საახალწლო ნატვრა მას ყოველ პირობებში გამოადგება _ ჭირშიაც ისე კარგად, როგორც ლხინშიაც.

სპ. კედია

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress