ფრაქცია “სახალხო”-ს თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის მიმართვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ზურაბ ჟვანიას
6 დეკემბერი 1996
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავალი პერსპექტივების შესახებ შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. შესაძლოა რუსეთის რამოდენიმე სახე ვეძიოთ. შეიძლება ვიკამათოთ სტრატეგიული ინტერესების არსებობა-არარსებობის შესახებ, მაგრამ არსებობს ქმედებები, რომელთა შესახებაც ქვეყნისა და საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელ ადამიანს ერთი შეფასება უნდა გააჩნდეს.
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, როცა, პარლამენტის დადგენილების თანახმად, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გამრკვევი დელეგაციის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე ყველა ჩვენს უბედურებაში დამნაშავე ქვეყნის _ რუსეთის _ პარლამენტის თავნმჯდომარის გამოსვლაა დაგეგმილი. ეს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნის შეურაცხყოფაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პარლამენტი არ ახდენს რუსეთ-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას, რითაც ხაზს უსვამს ჩვენდამი დამოკიდებულებას (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უფრო პატიოსნადაც იქცევა, თავისი პოზიციის შესაბამისად მოქმედებს).
საგულისხმოა, რომ რუსეთის მხარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს მსგავსი ყურადღება არ გამოუხატავს.
პროტოკოლური მიღება სრულიად საკმარისი იქნება (სულ რომ სიყვარულსა და ძმობას უმღეროს), ჩვენც მზად ვართ ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად.
ნებისმიერი მოქალაქისათვის საკუთარი ღირსების დაცვა სასურველია, ხოლო ქვეყნისა კი _ სავალდებულო.
ბატონო თავმჯდომარე, თქვენმა პირადმა დამოკიდებულებამ და გრძნობებმა რუსეთის მიმართ არ უნდა გადაფაროს თქვენი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის უპირველესი მოვალეობა _ ქვეყნისა და პარლამენტის ღირსების დაცვა.
ფრაქცია “სახალხო”, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის დროს, რომელიც მორიგი თვალში ნაცრის შეყრა იქნება, ვერ მისცემს თავს უფლებას იმყოფებოდეს კიდევ ერთხელ პატივაყრილ დარბაზში, თუ მისი თანდასწრებით სიმართლის თქმის საშუალება არ მიეცემა.
გულწრფელად კეთილი სურვილებით
მამუკა გიორგაძე ფრაქცია “სახალხო”-ს თავმჯდომარე