ცოდვას ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად ვერ ვაღიარებთ!

gerbi

ნოდარ ნათაძე, მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი

ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საქართველოს საზოგადოებას მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ერთი ასპექტის შესახებ და იმ საშვილიშვილო უბედურების შესახებ, რომელსაც ჩვენი  ქვეყნის შეგნებული ან შეუგნებელი მტრები გვიმზადებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს განვითარების ჰუმანისტური პროცესი, რომლის რიგითი მონაწილენი ჩვენც, ქართველი პატრიოტები და ადამიანის ადამიანურ უფლებათა (Human Rights) დამცველნი ვართ, არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, სახელდობრ, იმგვარი შემთხვევებისგან, როცა დემოკრატიული ახალი ლოზუნგი, მისი შექმნის პროცესშია, ან არასწორად გაიგება ხოლმე ან რეალურად უპირისპირდება ხალხის ფართო მასის ტრადიციულ ზნეობრივ რწმენებს და მოთხოვნილებებს. დღეს ჩვენის აზრით, საქართველოში ამგვარი სახის შეცდომის საშიშროება არსებობს, რომელმაც შესაძლებებლია მძიმე შედეგი მოიტანოს არა მხოლოდ სადღეისოდ, არამედ მომავალ თაობებშიც.

დემოკრატიის ერთ-ერთი ნორმა, რომლის გამარჯვებასაც ისტორიულად მრავალი ჩვენი თანამემამულე გამოჩენილი მოღვაწეებისა და რიგითების სისხლი შეეწირა, ის გახლავთ, რომ ადამიანს უფლება აქვს თავისი აზრი საჯაროდ გამოთქვას. ბუნებრივია, რომ სხვებს უფლება აქვთ მას შეეკამათონ და ამ გაგრძელებული კამათის შედეგი იქნება წინსვლა ჭეშმარიტების მიზნის გზაზე. ასევე უფლება აქვთ ე.წ. “ლგბტ“ ორგანიზაციებს რომელთაც  აქვთ განზრახვა თბილისში ჩაატარონ გეი-პარადი, ანუ თავისი რწმენა, შეხედულება, გემოვნება და მოხასიათება მოქმედებაში გამოხატონ. რატომ არ აქვთ ამის უფლება ხსენებულ ორგანიზაციებს? იმიტომ, რომ მათი მოქმედების ხედი ანტიპედაგოგიურია, იგი ეწინააღმდეგება მოზარდ თაობათა აღზრდის იმ შეუვალ და კატეგორიულ მოთხოვნებს, რომლებიც ძალაში არიან პედაგოგიკაში, როგორც მეცნიერებაში და მომავლის მთელ ხილულ პერსპექტივაში ძალაში იქნებიან (შევნიშნავთ, გაეროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების არცერთ დოკუმენტში, რომლებიც სქესობრივი ქცევის თემებს ეხებიან, რამდენადაც ვიცით, არ არის მითითება ან მინიშნება რაიმე მეცნიერულ საფუძველზე, რომელიც განაპირობებდეს ახლებურ, ამჟამდ თბილისში კოლოსალური თანხებით დაფინანსებულ დამოკიდებულებას მოკვდავთა ხსენებული ცოდვისადმი).

ამ ცოდვის დეკრიმინალიზაცია, რა თქმა უნდა,  სულ სხვა თემაა. ხსენებული დეკრიმინალიზაცია, ჩვენის აზრით, სამართლებრივი კვლევის განვითარების ბუნებრივი და უალტერნატივო შედეგია. არის საზოგადოების შეურაცხყოფის იმგვარი ფორმები, რომელთა მოთმენის  უფლება საზოგადოებას არა აქვს.

ის, რაც იგეგმება, ერთი ამ ფორმათაგანია. არსებითია ის, რომ ქრისტიანობა აძლევს ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ანუ უფლებას, რომ მან თვითონ აირჩიოს თავისი ცხოვრების წესი (მითუმეტეს, რომ ცნება „ცოდვა“ არ გამოიყენება იმ ადამიანების ქმედებების მიმართ, რომლებიც თავისი ნებით უარს აცხადებენ ეკუთვნოდენ ქრისტიანულ სამყაროს),   მაგრამ ამავე დროს იტოვებს უფლებას, რომ ზოგიერთი ქმედება თავისთვის ცოდვად მიიჩნიოს. დღევანდელი “ფსევდოლიბერალები” კი მოითხოვენ, ყველამ, მიუხედავად აღმსარებლობისა,  უპირობოდ აღიარონ ის, რაც მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება  _  აღიარონ ცოდვა ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად.

ეს პირდაპირი ძალადობაა.

ამასთანავე, მოითხოვენ განსაკუთრებულ პატივისცემასა და პრეფერენციას  სხვისგან მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული არიან  და არა მათი ადამიანური უნარ-ჩვევებისა ან გამორჩეული შემოქმედებითი შესაძლებლობების გამო. ანუ, მოითხოვენ გამორჩეულ  საჯარო ყურადღებას  გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში.

ესეც პირდაპირი ძალადობაა.

გააპროტესტებ ძალადობასა და ცოდვის გავრცელების სტიმულირებას და, საქმეში ჩართავენ ადმინისტრაციულ რესურსსა და მედიას და, მოძალადედ დაზარალებული გამოჰყავთ. შუა საუკუნეების ფუნდამენტალისტის, ანტიდემოკრატისა და „მართლმადიდებლური ირანის“ იმიჯი გარანტირებული გაქვთ.

თავს უფლებას ვაძლევთ, ვახსენოთ კიდევ ერთი მაგალითი საჯარო სივრცისადმი პედაგოგიური მიდგომის საჭიროებისა. როცა დედას, დეიდას, მამიდას, ბებიას, დედინაცვალს, ბავშვი საჯარო სივრცეში გამოჰყავს, ბავშვს ურყევად უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი, რაც იქ ხდება, დედასაც ესმის და, შესაბამისამისად, ყველაფრის საჭირო სახით წარმართვის რაღაც შესაძლებლობაც აქვს.

ნოდარ ნათაძე

მამუკა გიორგაძე

პაატა კოღუაშვილი

 

16.06.2019

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress