მერაბ კოსტავა
ლურჯად ლივლივებს ზეცა უზადო,
ირკალებიან სტეპნი დონისა,
გაშიშვლებულა დიდი რუსეთი
როგორც მეძავი ბაბილონისა.
ნუთუ ფორტუნას ჰყავს ატანილი
და თავს საკუთარს ვეღარ იპოვის…
როდემდე გასტანს აუტანელი
უსულგულობა ჩინოვნიკობის.
ვაჰ, თუ მეუფემ ისევ ინება
მახვილად დაგვცეს ფრთა ანგელოსის,
არა, არა სურს ჭეშმარიტებას
გაწირვა დედა საქართველოსი.
როცა აჰყარა დედაბუდიან
მამის ბეჭედი ეპყრა სარჩულად,
რადგან გასწირა მან იუდეა
კაცობრიობის გადასარჩენად.
მისგან განდგომილთ დაატყდა წყევლად,
სახეტიალო დრო მერმინდელნი
მაგრამ სიკეთით ატარა ყველა
მან ჭეშმარიტი ისრაიტელი.
წოდებულთაგან რჩეულ თავკაცთა
ახალი დროის გვაცნეს დადგომა,
ხალხებს აგლოვეს მესიის ჯვარცმა,
ახარეს ღმერთის მკვდრეთით აღდგომა.
საქმეა იქცე მსოფლიო კაცად
და არ უმუხთლო ერსა და თვისტომს,
ცის მაღალ ყელზე ვარსკვლავთა აცმას
ჰმატო ზურმუხტი და ამეთვისტო.
ცხოვრება მუდამ სვამდა საკითხებს
უკომპრომისოდ, ულმობლად, მწვავედ,
საკუთარ სინდისს მკაცრად მოჰკითხე,
თორემ პირისგან მიწისა განვედ.
დღევანდელობის ავიტანთ პროზას,
რადგან განზრახვა შემოქმედისა
გვპირდება ახალ მეტამორფოზას,
თანამდგომელად ქართლის ბედისა.
ზიზღით გასტყორცნის ალესილ ნაჯახს,
ვინც სინანულის ბილიკს იპოვის,
საკუთარ სულში გარდაქმნის ყაჩაღს
რუსეთი_ბნელი რასკოლნიკოვი.
აკრთობდა ჯალათს მაღალი მუხლის
გადაღარული ელვით რკალები,
კოპებთან შეყრა საწვიმარ ღრუბლის
და ხანჯალივით ბასრი თვალები.
მაგრამ დაღუპვა მისი არ სურდა
გამოცდა სწადდა მფარველს უჩინარს,
და სამერმისოდ იგი აღსრულდა
ბედის ვარსკვლავმა რაც განუჩინა.
ჰა, კატორღელი სასწაულს ელის,
თანანადებთა მოსჩხრეკს იარას,
გზები კაენის, განცდები მკვლელის
ცოდვის ზიარად შემოიარა.
არ აიცდინა იღბალი კრული
შხამად რომ ასვა წუთისოფელმა,
სინდისის ცეცხლში გავლებულ სულის,
მენელსაცხებლე მახარობელმა.
გადაეძაბა ლოდინის ძაფი,
იმედის ელდამ გული გალია,
სად თანაგრძნობას კამარით მძაფრით
ქვესკნელთა ზეცა განუმსჭვალია.
ვერ ანარცხებდა ცხოვრება მრუში,
არ უდრკებოდა შემზარავ ფერებს
და განაგონი ნახევრად რულში
ახსენდებოდა დიდი ხნის მერე.
ააგიზგიზებს შორეულ ესკიზს,
უხამს ხიფათებს ვერ მოინელებს
აწამებს ხსოვნა და დოსტოევსკის
დაალტობს ცრემლი მაგდალინელის.
საშოს სულისას არ დაიბერწებს
ქვით დამკრეფელთა მკაცრი მქირდავი,
მეძავის დარდში მარგალიტს ეძებს
შვიდი დემონის ტანით მტვირთავი.
ვის წიაღიდან დიდმა უფალმა
ლოცვით განასხა ეშმათა დასტა
ახლა თვით არის ჭირისუფალი
ცოდვის საწერტლით დადაღულ კაცთა.
სჭვრეტს მეოხებას, მონადენს მაღლით,
სად ლოთობაა, სიძვა, როზგები,
და განგვაციფრებს თავისი ხალხის
აღუწერელი პარადოქსებით.
და როგორც მოგვი, ორგზის ნაშობი,
ჭეშმარიტების ხდება მხლებელი,
ეოცნებება სულ სხვა სამშობლო,
ქვეყანა ღმერთის მაძიებელი.
კაბადონივით გადაიავდრებს,
გულს გააშიშვლებს უზომოდ ალალს
და უჩვეულოს შესძენს სიმძაფრეს
მოყვასის ხვედრში ჩაწობის კალამს.
სისხლად ნანთხევი თითო პწკარედი
უძირო ტანჯვის აჩენს ტიტანად,
სიზმართა წყების გენესარეთი
ვინც პეტერბურგში გადმოიტანა.
ბნედიანივით შეაზანზარებს
აპოკალიფსი მეხის და სეტყვის
მკვდრეთით აღმდგარა მისი ლაზარე,
სისხლი და ხორცი დიდი მესიტყვის.
ის მოგონება არ არის მითი,
გამონაგონი ბოგანო რუსის,
მასში იმძლავრებს ხმა პირველ სკვითის,
ვარდისჯვრიანი სკვითიანუმის.
მყოფადის ბედი არ წყდება უცებ,
არ გადიხსნება ზეცა იოლად,
უფალი ბევრჯერ გამოცდის რუსეთს,
ვეშაპის მუცლით გასულ იონას.
და აიაზმას გადაასხურებს,
როცა განწმენდის ჟამი იელვებს,
როცა იქცევა ყველას მსახურად,
როცა ფეხს დაბანს გადამთიელებს.