26 მაისი – მერაბ კოსტავა

მერაბი მამუკა

ძმანო და დანო, უძვირფასესო მოყვასნო ჩემნო! მოგილოცავთ ქართველი ერისათვის უსანუკვარეს თარიღს, 1988 წლის 26 მაისს, დღესასწაულთა შორის დიახაც გამორჩეულს_საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების 70 წლისთავს. ამ ღირსად შესარაცხ დღეს ქართველობამ განიცადა ის დიდი სიხარული, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ ღირსებია. მე-15 საუკუნიდან სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, რომლის მთლიანად დამორჩილება ამ ხნის მანძილზე მეგობრის ნიღბით მოვლენილი რუსეთის იმპერიის გარდა ვერავინ შესძლო, კვლავ აღდგა 1918 წელს ამ იმპერის ნანგრევებზე, როგორც სახემწიფო სუვერენული და ერთიანი, თვითმყოფადი და თავისუფალი. საქართველოს დამოუკიდებლობა იმჟამად მრავალმა სახემწიფომ სცნო, რამეთუ როგორც ღვთის, ასევე ხალხების წინაშე ჭეშმარიტად სამართლიანი გახლდათ ქართველი ერის მიერ ყოველივე იმის დაბრუნება, რუსეთის იმპერიამ რომ წარსტაცა გეორგევსკის ტრაქტატის ხელყოფითა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების აშკარად ანტიქრისტიანული აქტით. ერთის მხრივ, თითქოს წარმატებით დაგვირგვინდა ის ბრძოლა, ქართველი ხალხის რჩეულმა შვილებმა რომ გაუმართეს რუსეთის იმპერიას, მეორეს მხრივ, აშკარად ღაღადებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განაპირობა არა იმდენად შინაგანმა, რამდენადაც გარეგანმა მიზეზმა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში მყოფი მენშევიკები, ეს დოგმატიკოსები მარქსიზმისა, რომელთათვისაც დამოუკიდებულობისადმი ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფება მუდამ დაქვემდებარებულ იდეად რჩება, მხოლოდ შემთხვევამ დააყენა მწვავე ეროვნული პრობლემების წინაშე. ისინი არც კი მოისურვებდნენ საქართველოს რუსეთისგან გამოყოფას, იქ რომ დროებით მთავრობას გაემარჯვა.  ამადაც სამ წელიწაზე მეტს ვეღარ გასტანა ხონჩით მორთმეულმა, უსისხლოდ მოპოვებულმა თავისუფლებამ. ეს განაპირობა როგორც გარეშე, ასევე სუფთა ეროვნულმა ფაქტორმაც; მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამ, რუსეთ-თურქეთის სამარცხვინო ალიანსმა, ამიერკავკასიაში მოქმედმა გამთიშველმა ძალებმა და ყველაზე მეტად კი იმ საბედისწერო ფაქტმა, რომ ქართველ სამოციანელთა მიერ აღორძინებულმა ეროვნულმა თვითშეგნებამ ვერ ჰპოვა სრული გამოხატულება პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში. სახელმწიფოებრიობის იდეა, ნებისმიერი ერის თავისუფლებისთვის აუცილებელი ეს სიკეთე ვერ გამკვიდრდა ქართველთა ცნობიერებაში. მიზეზი ამისა, ისევ და ისევ, მარქსისტული იდეოლოგია გახდათ XX საუკუნის სისხლიან გარიჟრაჟზე რომ იმძლავრა ჩვენში. მარქსის მოძღვრება, კლასობრივი ზიზღისა და პოლიტიკური მიზეზებით ამ ზიზღის მაქსიმალურად გაღვივება-გამოყენების მქადაგებელი, კლასთა მესაფლავეობისა და გენოციდის აპოლოგეტიც, იმჟამად ნებისმიერი ერის ანტაგონისტურ ფენებად გათიშვას, ხოლო ათეიზმის დამკვიდრებით კი ერთა ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულებისთვის ხელყოფას ლამობდა. განა შესძლებდნენ ქრისტიანობის ანტიპოდური რელიგიის მიმდევარი საჭეთმყრობელნი მაშინდელი საქართველოში ქართველი ერის კონსოლიდაციას და მაღალი მიზნისაკენ წარმართვას? ან როგორ უნდა ეარსება დამოუკიდებლად ათეიზმისგან მონუსხულ ქვეყანას, რომლისთვისაც მარტოოდენ ღვთის რწმენა და უზენაესი სპირიტუალობა წარმოადგენდა წარსულში ძლიერებისა და ქედუხრელობის საფუძველს?! არა! ვერას არგებდა იბერიას უღმერთობისა და სიძულვილის თეორია, რადგან ოდითგან ჩამოყალიბებული კასტები თუ კლასები გახლდათ სწორედ ის ღვთივდადგენილი წინააღმდეგობა, რომელიც სიყვარულსა და მაღალ შეგნებას უნდა დაეძლია და შეეწონასწორებინა. ადამიანის ეს მარადიული ღირებულებანი სწორედ ამგვარ წინააღმდეგობათა დაძლევით უნდა აღმოცენებულიყო. ამ  დაძლევის გამოხატულებაა, ერთიანი მოწიწებით რომ მიეახლნენ ჩვილ იესოს მწყემსნი და მეფე-მოგვნი, ამგვარი გაწონასწორებისათვის იქადაგეს მსოფლიო ხალხების წინაშე ღვთისა და მოყვასის სიყვარული ქრისტეს მოციქულებმა. ბიბლიის მრავალ ენაზე თარგმნამ ჩაუყარა ოდითგან საფუძველი სალიტერატურო ენებისა და ეროვნული კულტურების აღორძინებას ჩვენშიც და ევროპულ ქვეყნებშიც. ახლაც თანაბრად იქნა მასში ჩადებული ღვთაებრივი, ზეეროვნული იმპულსი, რის გამოც ამ ენებმა და ერებმაც იმთავითვე თანასწორუფლებიანობა დაიმსახურეს. ჭეშმარიტი რელიგიურობა იყო და ამჟამადაც გახლავთ ის ერთადერთი ძალა, რომელიც იცავს ნებისმიერ ეროვნებას ცალკერძ უდღეური კოსმოპოლიტიზმსა, ხოლო მეორეს მხრივ, შოვინისტური ბესტიალიზმისგან, ქრისტეს მოძღვრება  მსოფლიოს ყველაზე კულტუროსან ერთა განვითარების, თითეული ერში სოციალურ Fფენათა და ერთა შორის ჰარმონის საწინდარია. ერთა შორის ქრისტიანული ჰარმონიის დამყარება  გულისხმობს ადამიანისა და ეროვნებათა უფლებების სრულ უზრუნეელყოფას მსოფლიო სამართლიანობის საფუძველზე. ამგვარი სულისკვეთება კი დასავლეთის სამყაროსი ერთმორწმუნე ქრისტიანული ქვეყნების ხანგრძლივი ურთიერთობებით მოპოვებულმა მშვიდობიანმა ატმოსფერომ შეამზადა. მას შემდეგ, რაც ბიზანტიისა და  კარლოს დიდის იმპერიებმა თავიანთი მისია შეასრულეს და ევროპა არაბ-თურქთა ექსპანსიისგან დაიცვეს, თითქოს აღუკვეთაო განგებამ იმპერიებს არსებობა დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.” ომის თეატრმა ზღვებსა და კოლონიებში გადაინაცვლა და კონტინეტს გარეთ გასულმა ევროპულმა იმპერიალიზმმა თავისი მისია ერთობ დადებითად, სხვადასხვა დროთა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთა ეროვნული კულტურების სინთეზითა და გლობალიზაციით დააგვირგვინა.
ამის აშკარა ანტიპოდი გახლდათ მოწოდება ხალხების  გაერთიანებისა პროლეტართა კავშირის საფუძველზე. თუკი ევროპული იმპერიალიზმი დროებით ხასიათს ატარებდა და მას ცივილიზაცია შეჰქონდა იქ, სადაც ის არ იყო, პროლეტართა კავშირზე აღმოცენებულ ხალხთა ერთობას “ურღვევობა-მარადიულობის” პრეტენზია ჰქონდა და ცივილიზაციას სპობდა იქ, სადაც კი შედიოდა და მკვიდრდებოდა.
—————————————————————————————————————-
“-ამიტომაც გაუცდდათ ნაპოლეონსა და ჰიტლერს ევროპის კონტინეტზე იმპერიის შექმნის მცდელობანი.-ავტ.შენ.

მარქსისტულმა დოგმატიკამ გაუნელა სიფხიზლე მეფის რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებულ ხალხებს, დაურღვია მთლიანობა და ყალბი დემოკრატიის ძილქუშითაც მონუსხა. რუსეთმა პროლეტართა გაერთიანების  მარქსისტული დოქტრინა ინტერნაციონალური სოლიდარობის ლენინური საკაზმით შეაზავა და ამგვარად სცადა მეზობელი ქვეყნების მიმართ ექსპანსიის გამართლება, რასაც ახალი ტიპის, უფრო შემზარავი იმპერიის შექმნა მოჰყვა. ასე აიფარა ველიკორუსულმა შოვინიზმმა ყალბი ინტერნაციონალიზმის ნიღაბი.  ამ მოვლენის მსხვერპლად ოციანი წლების დასაწყისში ამიერკავკასიის ქვეყნები მოგვევლინნენ.  დიახ, საქართველო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია იმ ბოროტებისა, ჩვენს დროში სისხლით რომ მორწყა ავღანეთის მიწა-წყალი და დღემდე ორად ჰყავს გახლეჩილი გერმანია და თვით ევროპაც.
მიზანი ბოლშევიკებისა ძალაუფლების მოპოვებისთანავე იყო საკუთარი იდეოლოგიისა და სახელმწიფო წყობის გავრცელება რუსეთის ყოფილი იმპერიის მთელ ტერიტორიაზე, რაც ამ ტერიტორიის ხელახალ გამთლიანებას, ანუ იმპერიის აღდგენას ნიშნავდა.  ამ სულისკვეთებას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ  იმჟამად რუსეთში შეხიზნული, ოდესღაც იმპერიის მიერ დაპყრობილ ერთა უძღები შვილები, დენაციონალიზებული ბოლშევიკები_ ანგარიშსწორებისა და ხელისუფლების ნდომით ამოძრავებული მოღალატენი.
საუბედუროდ სიტუაციის მთელი სიმძიმე სწორად ვერ შეაფასა დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, ვერ დაინახა საფრთხე ფანატიზმის დონემდე აყვანილი უკიდურესად ექსპანსიონისტური ველიკორუსული შოვინიზმისა. იმთავითმე ერთ მუშტად უნდა შეეკრა, ერთიან სიმაგრე-ბანაკად უნდა ექცია იმჟამინდელ მთავრობას დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველო, ყველაფერი თავდაცვითი მიზნებისაკენ წარემართა და ერთდროულად ერის დამცველ ჯარისკაცად და მოურნედ ექცია ყოველი მოქალაქე. მღვიძარებითა და უაღრესი მობილიზებით, მიღწეულის შესანარჩუნებლად  სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე უნდა გაეტარებინა მას მთელი ერი, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქ, სადაც თავისუფლება საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ფასად  არ უღირთ.  მიუხედავად ხელმძღვანელობის უვარგისობისა, ქართველი ერი ვაჟკაცურად შეება დუშმანს. 1921 წლის თებერვალში, თბილისის დამცველი იუნკრები ადგილიდან ფეხმოუცვლელად-კოჯრის მისადგომებთან –უთანასწორო ბრძოლაში შეაწყდნენ რუს დამპყრობლებს და სახელები 300 არაგველზე არანაკლები შარავანდედით შემოსეს.  ქართველი ერი არც დიდებულ ცაჟკაცს_ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაივიწყებს, ოციან წლებში ბოლშევიკური ჯარების რისხვას.  ჩოლოყაშვილის სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა ქართველ გმირთა პანთეონში მისი დიდი წინაპრის ბიძინა ჩოლოყაშვილის კვალობაზე.
…მაგრამ წყევლა-კრულვა არ მოაკლდებათ რუსეთიდან აზერბაიჯანის გამოვლით შემოსული მე-11 არმიის წინამძღოლებს, თანამენამულეთა სისხლში ხელგასვრილ სამშობლოს მოღალატეებს: სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს, და სხვებს, რომელთა სახელი ლეგიონია და მემატიანეც ამ სახელის შესატყვის ადგილს განუმზადებს მათ ერის ისტორიაში, დღესაც კი ერთის ძეგლსა და მეორის საფლავს გაძლიერებული დაცვა სჭირდება.
სწორედ სამწლიანი თავისუფლების მზემ აღმოაცენა საქართველოში მძლავრი   ინდივიდუალობები საგმირო საქმეებში, მოწამეობაში, მწერლობაში, ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში… იმ სამი წლის ხსოვნა-მადლი სოვეტიზაციის შემდეგაც აასკეცებდა მათში შემოქმედებით ძალებს. იგი დღესაც მოქმედებს ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლებზე და ამის შედეგი ის ათობით პოლიტპატიმარიცაა, ბოლო ათწლეულში რომ შეერკინა ტოტალიტარულ სახელმწიფოს.
–    –
თუ ოდესღაც ვილჰელმ ორანელის ნიდერლანდებმა, იან ჰუსისა და იან ჟიჟკას ჩეხეთმა, გარიბალდისა და მაძინის იტალიამ გვიჩვენეს უმაგალითო შემართება ეროვნულ დამოუკიდებლობისავის ბრძოლაში, დღეისთვის ავღანელმა ხალხმა თავისუფლების სიყვარულს წაუძალა და მოუსპო ყოველგვარი საზღვარი. გმირმა ავღანელმა ხალხმა ჩვენი არცთუ შორეული წარსული დაგვანახა და ჩვენი ეროვნული გმირებიც გაგვახსენა საკუთარი მუჯაჰედინებით.
…ამიტომაც იმპერიის ზემოდან გარდაქმნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მოლოდინის ამ გაუთავებელ ძილქუშში თავად ეროვნული მოძრაობა განიცდის ხარისხობრივ გარდაქმნას.  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებში ჩართულმა სხვადასხვა ერის შვილებმა პერმისა და მორდოვეთის პოლიტბანაკებში აშკარად იგრძნეს ურთიერთსიახლოვე არა მარტოოდენ ბედის, არამედ მათი საქმის სამართლიანობისა და თანაგვარობის გამო, რითაც ისინი ზნეობისა და შეგნების მსოფლიო სტანდარტებს მიეახლნენ.  დიახ, ეკლიანი მავთულით შემორაზულ არეში, ჩრდილოეთის დღეების ზოზინში იბადებოდა ეროვნულობის მანმადე უცნობი ფორმა, საერთაშორისო პატრიოტიზმის სავსებით ახალი გაგება, რომელიც ცხადყოფს, რომ ცალკე, სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფი ვერცერთი ერი ვერ მოიპოვებს არამცთუ თავისუფლებას, არამედ შედარებით შეღავათიან მდგომარეობასაც კი. დამოუკიდებლობა მიიღებს ყველა ერთად, არცერთ მათგანი. სწორედ ეროვნულობის ამ ახალი გაგების შედეგია ამა წლის 12 ივნისს პატრიოტულ მოძრაობათა ახალი, ერთაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომელიც სწორედ პოლიტპატიმართა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა.  ასე რომ, ამაოდ არ ჩაუვლია ცხოვრების უმკაცრეს სკოლას, იძულებით განსაწმენდელს სიკვდილის ბანაკებში.
მიმდინარე წელს საქართველოში რამოდენიმე მიტინგი ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 26 მაისის მიტინგი გახლდათ. ეროვნულმა ძალებმა ოფიციოზი ბევრ დათმობაზე წაიყვანეს და ეს წმინდა ილია მართლის საზოგადოება_IV დასი_ უმთავრესი დამსახურებაა. ჩვენმა საზოგადოებამ თავის რიგებში საქართველო უკვე დამოუკიდებლად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველმა მეოთხე დასელმა უნდა იცხოვროს და იმოქმედოს დამოუკიდებალი საქართველოს შესაბამისი კანონებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წარსულის შეცდომები არ განმეორდეს და ხელსაყრელ სიტუაციაში ჩვენმა ერმა შესძლოს არამარტო თავისუფლების მოპოვება, არამედ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც.
უპირობისთვის  ვწყევლით ცრუ სოფელს   და საქართველოს სახელს ვაბოდებთ,   დადგება ჟამი, იმის ხელმყოფელს   უშრეტის  ცეცხლით  დავანაფოტებთ.
არ დაგვითრგუნავს სხვათა  უფლება,  ყველამ გაიგოს, ყველამ უწყოდეს,                                                      იმიტომ შევტრფით თავისუფლებას,  ჩვენადვე თავი რომ გვეკუთვნოდეს.
სწორედ ამ ბოლო სიტყვების გამოხატულებაა 26 მაისის დღესასწაული. იგი ნიშნავს: როგორც ყოველთვის ახლაც გაუვა ყავლი იმპერიალისტურ მცდელობებს, რამეთუ სამართალს ღვთისას წინ ვერფერი დაუდგება. თუკი რუსეთი გონს არ მოეგება და დემოკრატიას არ ანაცვალებს “განუყოფელ იმპერიას”, მაშინ  უთუოდ ახდება ვლ. სოლოვიოვის წინასწარმეტყველება და რუსეთი იმასვე იწვნევს, სხვებს რაც განუწესა.
“Смириться в трепете и страхе,
Кто мог завет любви забыть…
И третий Рим лежит во прахе,
А уж четвертому не быть. ”
კართაგენი უნდა დაინგრეს! ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა იარსებოს, მაგრამ არა როგორც იმპერიამ: მაშინ იგრძნობს ის სხვათა ეროვნულ ტკივილს…
…და მწამს, აღმოცისკრდება ახალი, მომავალი 26 მაისი  და მსოფლიო ისტორიის კაბადონზე კვლავ აელვარდება თავისუფალი საქართველოს სანუკვარი ვარსკვლავი.

მერაბ კოსტავა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress