მიხეილ ჯიბუტი
ივერიონი 3-12-2012
საქართველოში დღეს შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას სხვადასხვანაირად აფასებენ. ამ შეფასებებში უმთავრესი ფიგურა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილია.
ცნობილი ქართველი ეკონომისტი, პროფესორიმიხეილ ჯიბუტი ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ივანიშვილი ხაფანგში მოექცა. თუ რატომ, ამას მისი კომენტარისგან შევიტყობთ.
მიხეილ ჯიბუტი: ხაფანგი დაკავშირებულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებსა და არჩევნების შემდგომ შექმნილ რეალობასთან. შესრულების დროის მიხედვით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები 2 ნაწილად შეიძლება დაიყოს:
პირველი- დაპირებები, რომლებიც 1 ოქტომბერს გამარჯვებისთანავე, ხოლო მეორე- დაპირებები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესრულდებოდა.
“ქართული ოცნების” უმთავრესი პოლიტიკური დაპირება იყო ის, რომ 1 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში თუ არა, ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ეს დაპირება არ შესრულებულა. ეს არის ხაფანგის ერთ-ერთი შემადგენელი. “ქართული ოცნების” მხარდამჭერთათვის სააკაშვილის პრეზიდენტობა-მოუთმენელია, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომლის წარმომადგენლებიც დასავლეთში გავრცელებულ აზრს ახმოვანებენ, სააკაშვილის პრეზიდენტობა გამოხატავს არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების დემოკრატიულობას. ბუნდოვანია ივანიშვილის და სააკაშვილის თანაარსებობის ხასიათი და ხანგძლივობა. სააკაშვილმა განაცხადა,რომ ის არის “ოპოზიციაში.” როგორიც არ უნდა იყოს პოლიტკორექტულობის თვალსაზრისით ეს პოზიცია, ცხადია, რომ ის ივანიშვილთან დაძაბული ურთიერთობის გატარებას გეგმავს მომავალშიც. რას აპირებს ივანიშვილი? აპირებს სააკაშვილთან თანაარსებობას 2013 წლის ოქტომბრამდე, თუ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული? თუ ის არ ითანამშრომლებს სააკაშვილთან, ან ეცდება მისი პრეზიდენტობის ვადის შეკვეცას, ან თუნდაც მის პრეზიდენტობას მოაქცევს ლეგიტიმურ ვადაში- 2013 წლის 5 იანვრამდე-ეს უკვე აშკარაა მას დასავლეთთან ურთიერთობას გაუფუჭებს და შეუქმნის რეტროგრადის იმიჯს. თუ ის ასე არ იმოქმედებს- მას შეუსრულებელი დარჩება მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და ხალხში გაიღვიძებს “ცოცხების რევოლუციის” მოლოდინის რეჟიმში გადასული მუხტი, რამაც შეიძლება ხაზი გადაუსვას “ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების” თეორიას. ეს ხაფანგის პოლიტიკური კონტექსტია.
აღნიშნულ კონტექსტს სხვა შემადგენელი ნაწილებიც გააჩნია. ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას 2014 წლის გაზაფხულზე, მართალია, შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეარბილა,მაგრამ როგორც იტყვიან, ეს თარიღი მას ხომ “დამახსოვრებული აქვს”?! მთავარი გაუგებრობა აქ იმ პოზიციაშია, როდესაც ივანიშვილი აცხადებს, რომ წასვლის შემდეგ “ოპოზიციაში” ჩაუდგება მის დატოვებულ ხელისუფლებას. რატომ? ეს ცნობილი არაა. ასეთი გაურკვევლობა აანონსებს ხაფანგში ყოფნის შესაძლებლობას მომავალშიც.
პოლიტიკური კონტექსტის მეორე შემადგენელი ნაწილი ისაა, რომ არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არჩევნების შემდეგ არ იჩენენ ინტერესს პარტიული აღშენებლობისთვის _არც ერთს არ მოუწვევია პარტიული ფორუმები ,სადაც შეაჯამებდნენ არჩევნების შედეგებს და დასახავდნენ შექმნილ სიტუაციაში მოქმედების გეგმებს. ამას პარტიული პასუხისმგებლობა დაჰყავს ივანიშვილ-სააკაშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობამდე. ასეთი მდგომარეობა პოლიტიკურად აწყობს სააკაშვილს. მან ფაქტობრივად მოახდინა დისტანცირება პარტიული ყოველდღიური საქმიანობისგან და მხარდამჭერებისგან, თუ არ ჩავთვლით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მცირე ჯგუფს, რომელთაც გააჩნიათ დასავლეთან ჩამოყალიბებული კავშირები და რომელთა საუბრის ენა “გასაგებია” დასავლეთისთვის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საშუალო და ქვედა დონის აქტივი თავისებურ თვითგადარჩენის რეჟიმში გადავიდა. ნორმალური იქნებოდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” განესაზღვრა “ქართულ ოცნებასთან” ერთად საქმიანობისა და ურთიერთობის საკითხები, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ეს ასე არ მოხდა(ეს არც “ქართულ ოცნებას” გაუკეთებია) და მას სტიქიური ხასიათი აქვს ადგილზე არსებული გარემოს მიხედვით, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ადგილობრივ სუბიექტურ ინიციატივებზე, განწყობა-ტემპერამენტზეა დამოკიდებული. სააკაშვილმა ასეთი “განდეგილობის” შედეგად მოახერხა ახალი პოლიტიკური რეალობის მისთვის სასარგებლოდ მობრუნება. თუ არჩევნებამდე ხალხისა და ქვეყნის პრობლემები მიმართული იყო პრეზიდენტისკენ. არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოქმედებით (ვგულისხმობ მხარდამჭერებისგან დისტანცირებას) ნელ-ნელა პრობლემები ბიძინა ივანიშვილს გადაულოცა. ამით სააკაშვილმა ერთი მხრივ, მასსა და მეორე მხრივ, ხალხსა და პრობლემებს შორის ივანიშვილი თავისი მთავრობით ჩააყენა. სწორედ ეს არის ხაფანგის მთავარი შემადგენელი ნაწილი.
_თქვენ სიტყვა “ხაფანგი” მრავალგზის ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა თავი ხაფანგში თვითონ გაყო, თუ ეს გარკვეულწილად სააკაშვილის დამსახურებაა?
თუ ხაფანგს მონადირეების გაგებით წარმოვიდგენთ, რომ ის ვიღაცისათვის იდგმება და მასში ის ხვდება, ვინც მის დამდგმელს სურდა-სააკაშვილის დადგმული არაა ეს ხაფანგი. საკუთარ ხაფანგშიც ბევრი გაბმულა. ივანიშვილის შემთხვევა ეს უკანასკნელია. მას შეეძლო პრემიერად დაენიშნა სხვა პიროვნება მისი გუნდიდან, თვითონ დაეკავებინა პარტიული თანამდებობა და დამდგარიყო მოვლენებზე მაღლა_ ფუნქციონერის ნაცვლად გამხდარიყო ეროვნული ლიდერი. მან რატომღაც ეს გზა არ აირჩია. შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი არის სხვა სააკაშვილი, ხოლო ივანიშვილი სხვა ივანიშვილია. დიახ, პირველი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი თავისი რიტორიკით უფრო სწორი და გასაგებია დასავლეთის ფასეულობების თვალსაზრისით, ვიდრე, ივანიშვილი. ეს არის რეალობა, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ივანიშვილმა თავი მოიქცია ხაფანგში. როგორც ითქვა-
წინასაარჩევნო დაპირებებსა და მის რეალიზებას შორის ხაფანგში.
რაც შეეხება სააკაშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, ისინი ცდილობენ ივანიშვილის ახალ ხაფანგში გაბმას. ეს უფრო ჭადრაკში დამკვიდრებული მოქმედებაა. როდესაც აკეთებ სვლას იმ ანგარიშით, რომ მოწინააღმდეგე დაუშვებს შეცდომას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ერთხმად და ყველა შესაძლო საშუალებით ახმოვანებენ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებსა და მათი შესრულების მდგომარეობასა და პერსპექტივებს. ივანიშვილი ამ ხაფანგშიც მხოლოდ მისით შეიძლება აღმოჩნდეს. ამისთვის მან და მისმა გუნდმა უკვე გადადგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ივანიშვილის ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების დროს წარმოადგინეს მთავრობის პროგრამა, რომელიც თითქმის მთლიანად ემთხვევა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას.
_თქვენ ამბობთ რომ ახალმა მთავრობამ დამტკიცებისას წარმოადგინა პროგრამა, რომელიც თითქმის არ განსხვავდება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამისგან. რატომ ხდება ასე, მთავრობას დრო არ ეყო, თუ კომპეტენცია?
მთავრობის პროგრამის კორექტირება, თუ არ მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებასთან ერთად , მაშინ ეს იქნება ისეთი ხაფანგი, რომლიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. ერთია, როდესაც არასრული ინფორმაციის ქონის პირობებში წერ საარჩევნო პროგრამას და მეორეა, როდესაც სრული ინფორმაციის შემთხვევაში, როდესაც შენს სამსახურშია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის მეცნიერებათა აკადემია, როცა შეგიძლია თავი მოუყარო ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალს. ასეთ შემთხვევაში პარტიის საარჩევნო პროგრამის უცვლელად გადმოტანა შეცდომაა, მით უმეტეს, რომ ის მართლაც მოიცავს მოკლევადიან პერიოდში შესასრულებლად შეუძლებელ დაპირებებს. უპირველესი მიზეზი მე მგონი კომპლექსია: როგორ დავპირდით და არ შევასრულოთ? კორექტირება პროგრამის მიღებული პრაქტიკაა და თუ ხალხს აუხსნი, ის მიხვდება. ამისთვისაა გამოგონილი ხალხის მართვაში უშუალოდ მონაწილეობის ფორმები. მაგრამ თუ ამას არ იზამ, ხვალ იძულებული იქნები დაიწყო მანიპულირება ციფრებით, მოიტანო სხვადასხვა მიზეზი, დაუკარგო ქვეყანას სიმშვიდე. არარეალური პროგრამა ხალხთან აუცილებელი დაპირისპირების საფუძველია. პოლიტიკური ოპონენტები შეადარებენ საარჩევნო დაპირებებს მთავრობის პროგრამას, ხოლო ხალხი შეაფასებს მთავრობის პროგრამის შესრულებას.
მთავრობის პროგრამად პარტიული წინასაარჩევნო პროგრამის გადმოტანა მცდარია იმ მარტივი მიზეზითაც, რომ ამ უკანასკნელში წარმოდგენილი ბევრი საკითხი ცდება მთავრობის კომპეტენციას, ხოლო ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მოცემული იყო გამარტივებული სქემითა და წარმოდგენებით. რა თქმა, უნდა მოცემულ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლით კომპეტენციის პრობლემას. მაგრამ პარტიული პროგრამის შედგენის დროს თუ იყო შეზღუდული რესურსები,ვინ უშლიდა მთავრობას გამოეყენებინა პარტიის გარეთ არსებული ადამიანური კაპიტალი?
მთავრობის პროგრამის ფარგლებიდან გასვლის კარგი მაგალითია პროგრამაში პოზიტიურად, გადაწყვეტილად მოცემული თვითმმართველობის სისტემის ცვლილება იმ მიმართულებით, რომ ჩამოყალიბდება ორიარუსიანი თვითმმართველობა და მხარეებში იქნება არჩეული პარლამენტი და საკუთარი ბიუჯეტი. ეს მოდელი სხვა არაფერია, თუ არა ფედერალიზაციის მოდელი, რომელიც საქართველოში ბევრჯერ უარყვეს. ეს ისეთ უარყოფით ძვრებს გულისხმობს ქვეყანაში, რომლის მაშტაბების წარმოდგენაც კი ძნელია. როგორ ფიქრობთ, უნდა ჩამოყალიბდეს თუშეთის, ფშავის,გურიის, სამეგრელოს და ა.შ. პარლამენტები და ბიუჯეტები? სეპარატიზმის მთავარი წყარო ეკონომიკურია. დავანებოთ სისწორე-არსისწორეს თავი. არის ამის განხორციელების პირობები შესწავლილი? არის ეს საკითხი განხილული საზოგადოების მიერ? არის ეს მომენტის ამოცანა? ასეთი მაგალითები ბევრია.
_ამ ბოლო დღეებში საკმაოდ აქტიურია ტარიფების განახევრების საკითხი. ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდება_ტარიფები არ განახევრდება…
ეს კარგი მაგალითია წინასაარჩევნო პოპულიზმის ელემენტებით საკითხის დასმის. რაც შეეხება ტარიფების საკითხს, ესეც ახალი ხელისუფლებისთვის ხაფანგად იქცა. “ხაფანგი” ამ სიტუაციაში არის ივანიშვილის გუნდისთვის ეკონომიკური იდეოლოგიისა და ეკონომიკური სტრატეგიის არქონა. გაურკვეველია, რა პრინციპებს უნდა დაემყაროს ეკონომიკა ამ მთავრობის პირობებში. თუ ეკონომიკური პრინციპები არ ჩამოყალიბდება, ჩვენ მივიღებთ ეკლექტიზმს. დღეს არსებული მდგომარეობით ეკლექტიზმის ნიშნები სახეზეა, რადგან არ არის ეკონომიკური დოკუმენტი, არ არის პროგრამა და არ არის გაწერილი ეს პრინციპები. მე თავიდანვე ვამბობ, რომ ლიბერალიზმზე უარის თქმა(მიუხედავად იმისა და უფრო იმიტომაც, რომ სააკაშვილ-ნოღაიდელ-ბენდუქიძის ცრუ ლიბერალიზმმა-”ტომარა ფქვილითა” და “კანისტრა დიზელის საწვავით” განხორციელებულმა ლიბერალურმა რეფორმებმა- საქართველოში მოახდინეს ლიბერალური იდეების დისკრეტიზაცია), ყველაზე დიდი საფრთხე იქნებოდა ნებისმიერი მთავრობისთვის.
ტარიფების დირექტიული შემცირების რიტორიკა არის ჩიხი. არავის ამაზე სწორი პასუხი არა აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს, გარდა ბაზრისა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ გავლენის მოხდენა არ შეიძლება. მთავარია ტარიფების რა კონცეფციას ახორციელებს ქვეყანა.
_თქვენ, როგორც ექსპერტი, პროფესორი ეკონომიკის საკითხებში, რას სთავაზობთ ხელისუფლებას?
_მე ვთავაზობ ამ ხელისუფლებას ახალ კონცეფციას_ ეს არის ფასების, ტარიფებისა და მომსახურების ბაზრის სრული ლიბერალიზაცია. ტარიფი ესაა არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ ბუნებრივი აირის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, იურიდიული მომსახურების და ა.შ. ფასები. ხელი უნდა შევუწყოთ კონკურენციის განვითარებას. ბევრმა არც იცის, რომ თბილისში ელექტროენერგიის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს ერთ ფირმას. თუ მაინც იქნება მონოპოლისტი, ვიმოქმედოთ ანტიმონოპოლიური მექანიზმებით. სახელმწიფო დადგება მომხმარებლის ინტერესების დასაცავად და მონოპოლისტს მოთხოვს გააფორმოს ხელშეკრულება მოსახლეობასთან თავისი ვალდებულებების შესახებ. მიმწოდებელ ორგანიზაციებს უნდა მოსთხოვოს, რომ საზოგადოებასთან გააფორმონ ხელშეკრულებები.დღეს არსებულ ვითარებაში ელექტროენერგის მომწოდებელი კომპანიები არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ არც დენის ხარისხზე და არც მიწოდების უწყვეტობაზე. ოპერაციის დროს დენის გამორთვით ადამიანი კიდევაც რომ დაიღუპოს, ენერგოკომპანიას პასუხს ვერ მოსთხოვ. სამაგიეროდ, თუ არ გადაიხდით გადასახადს, გაგითიშავენ დენს. მას გაგითიშავენ, თუ არ გადაიხდი ნაგვის გადასახადს. სხვათაშორის ნაგვის გადასახადის შემცირება-არშემცირება კი არაა მთავარი-არამედ, მისი დადგენის პრინციპი. ერთი სიტყვით, ვპრინციპი არის შესაცვლელი _ მისი მიბმა დენის დანახარჯებზე კარიკატურულია. თუმცა, ადმინისტრირებისთვის ეს მექანიზმი შეიძლება შეინარჩუნო გადასახადების გადახდის კულტურის გარკვეულ დონის მიღწევამდე.
_როგორ დაიცვას ამ სიტუაციაში სახელმწიფომ მომხმარებლის ინტერესები?
_ დღევანდელი ხელისუფლება რჩება წინასაარჩევნო დაპირებების რიტორიკის დონეზე. ტარიფის აწევ-დაწევა ლიბერალური მთავრობის საქმე არ არის. ეს არის ეკონომიკის საქმე. მაგრამ ამასთან, ლიბერალური პოლიტიკის საქმეა, რომ თუ ბაზარზე არსებობს მონოპოლისტი, დაიცვას მომხმარებლის ინტერესები. თუ მონოპოლისტი სარგებლობს მისი მდგომარეობით, ისეთი პირობები შეუქმნას, რომ ვერ გამოიყენოს თავისი პრივილეგიები. შექმნას კონკურენცია. ტარიფის ხელოვნურად შემცირების ნაცვლად ახალ ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს სოციალურად დაუცველ ფენებს სხვადასხვა პროექტი-ანუ, კი არ შეამციროს ტარიფი, არამედ გაზარდოს გადახდისუნარიანობა. ახალ ხელისუფლებას შეუძლია მოძებნოს ბევრი რესურსი ცხოვრების გასაიაფებლად- გააიაფოს საჯარო რეესტრისა და სახელწიფო მომსახურების სხვა სახეობათა ტარიფები,შეამციროს ჯარიმების არაადექვატური ზომები, ჩამოაშოროს “სითი პარკის” მსგავსი “კოვბოური” ორგანიზაციები და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში მეტი შეღავათი იქნება ,ვიდრე დანაპირები ტარიფის შემცირება და ბოდიშის მოხდით ამით გამოისყიდოს თავისი წინასაარჩევნო ლაფსუსი.
_ თქვენი აზრით, ივანიშვილს შეუძლია თავი დააღწიოს აღნიშნულ ხაფანგს?
დიახ,შეუძლია თავი დააღწიოს არსებულს და არ მოექცეს ახალ ხაფანგში. პოლიტიკურად ეს ასე გამოიყურება: ოპოზიციის პოზიციაზე დაყრდნობით, მან უნდა შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები რიგითობით: ჯერ პირველი ოქტომბრისათვის დაპირებული და შემდეგ სხვა. ხალხს კი უნდა აუხსნას, რომ პირველის შესრულება სხვა დაპირებების აუცილებელი პირობაა.
ესაუბრა ირმა ჭარაქაშვილი