სახალხო პარტია – RMG Gold-სთვის საყდრისში მუშაობის ნებართვა სპეციალისტების მოსაზრებების იგნორირებაა

gerbebi_Page_6

NEWS.GE 14.03.2014

„სახალხო პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ RMG Gold-სთვის საყდრისში მუშაობის განახლების ნებართვის მიცემა, სპეციალისტების კომპეტენტური მოსაზრებების იგნორირებას ნიშნავს.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილებით RMG Gold -ს მიეცა ნებართვა, გააფართოვოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს.

იგნორირებული იქნა სპეციალისტების, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების არგუმენტირებული და კომპეტენტური მოსაზრებები. მხედველობაში არ იქნა მიღებული 9-წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის მიმართ გამოხატული კეთილი ნება. უგულებელყოფილი იქნა კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირება _ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით.

ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის სიახლოვეს გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებასა და კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ინვესტორი კომპანიის მიერ დასაქმებული 3 ათასი ადამიანის ბედზე “ზრუნვა” საქართველოს მთავრობის მხრიდან იაფფასიანი სპეკულაციის მორიგი გამოვლინებაა. მას თუ ხალხის წინაშე მდგარი პრობლებების მოგვარება აინტერესებს, იმაზე დაფიქრდეს, რომ ჯერ ერთი ეს პრობლემები ხელისუფლებამ შეუქმნა ამ ხალხს და მეორეც უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ობიექტის დანგრევის ხარჯზე ეს პრობლემები არ უნდა გვარდებოდეს“, – აცხადებენ პარტიაში.

პარტიაში საყდრისთან დაკავშირებით კერძო კორპორატიული ინტერესების მიმართ მთავრობის პოზიციას ხედავენ.

„აშკარად იკვეთება საქართველოს მთავრობის პოზიცია კერძო კორპორატიული ინტერესებისა და საქართველოსა და ქართველი ხალხის კონფლიქტის დროს ის საქართველოს ინტერესების დაცვის ნაცვლად ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგეთა მხარესაა.

სახალხო პარტია აცხადებს მტკიცე პროტესტს საქართველოს მთავრობის ამ კიდევ ერთი ქართული სახელმწიფოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების გამო და ამასთანავე, გამოთქვამს წუხილს, რომ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა აღრმავებს უნდობლობისა და დაპირისპირების უფსკრულს ქართველ ხალხთან.

სახალხო პარტია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტს, ქალბატონ ნინო მიქიაშვილს, რომელმაც თავგანწირული ნაბიჯი გადადგა, მის სამართლიან ბრძოლაში და მოუწოდებს საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს გამოვიჩინოთ მეტი ძალისხმევა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობისა და სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვისათვის“, – აცხადებენ „სახალხო პარტიაში“.

საყდრისში სამუშაოების განახლებაზე დადებითი დასკვნა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა, დღეს, წარუდგინა მედიას.

რამდენიმე თვის წინ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი შპს RMG GOLD-ის გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს წიაღისეულის მოპოვებასა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამუშაოების განსახორციელებლად დადებითი დასკვნის გაცემაზე უარს წერილით  განუმარტავდა.

წერილში მითითებულია, რომ შპს “არქეოლოგთა გაერთიანების“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიშზე დაყრდნობით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვერ გასცემს დადებით დასკვნას სალიცენზიო ტერიტორიის ამ მონაკვეთში წიაღისეულის მოპოვებასა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამუშაოების განსახორციელებლად. RMG-ში კი აცხადებენ, რომ დადებითი დასკვნის გასაცემად სამინისტროს ყველა საკანონმდებლო საფუძველი და არგუმენტაცია აქვს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress