NEWS.GE 14.03.2014
„სახალხო პარტიის“ ერთერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
„სამოქალაქო ორგანიზაციები ისევ აპროტესტებენ მოსმენებს; საკითხები – დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, საყდრისი, ID ბარათები და სხვა, რომლებიც აწუხებს და რაზეც პროტესტს გამოთქვამს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევ ერთპიროვნულად, ხისტად და ყოველგვარი სხვა აზრის გაუთვალისწინებლად წყდება; ისევ გრძელდება საჩვენებელი დაჭერები და სასამართლო შოუები; პოლიტიკური და მედიასივრცე ისევ მონოპოლიზებულია; არც ერთი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ სატელევიზიო არხზე არ რჩება ადგილი განსხვავებული აზრისთვის, თუმცა, ამავე არხებზე გამუდმებით მიმდინარეობს ,,ნაციონალური მოძრაობის” შეუნიღბავი რეანიმაციის მცდელობა; ტირაჟირებადი მედიავერსიებით საქართველოში არის მხოლოდ პროკურატურა, სასამართლო, ციხე და ადვოკატი, მხოლოდ ხანდახან _ ხუდონჰესი და საყდრისის მაღარო; კადრები, თურმე, ახლაც დეფიციტია, სანთლითაა საძებნელი და, ამიტომ, გამოსავალი ნეპოტიზმია და ა.შ. და ა.შ.
ისმის კითხვა: რა შეიცვალა ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ? პასუხი ცალსახაა: შეიცვალა მხოლოდ დეკორაციები და, ალაგ-ალაგ, მოქმედი პერსონაჟები, სისტემა კი, სამწუხაროდ, იგივე დარჩა“, – განაცხადა ლორთქიფანიძე.
იგი ძველსა და ახალ მთავრობას შორის განსხვავებად გადაწყვეტილების განხორციელების პროცესს მიიჩნევს.
განსხვავება ძველსა და ახალს შორის ის არის, რომ ისინი მაშინვე, უკანმოუხედავად აკეთებდნენ (საზოგადოების აზრის დაუკითხავად), რასაც გადაწყვეტდნენ; ესენი კი დროში წელავენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, ოდნავი კეკლუცობის შემდეგ მაინც იგივეს (საზოგადოების აზრის დაუკითხავად) აკეთებენ.
თუმცა, ავანსად მიცემული ნდობის ფონზე, დღევანდელი ხელისუფლება ისეთი მიუღებელი საკითხების გადაწყვეტის გაპარებასაც ცდილობს, რომლის დღის წესრიგში დაყენებასაც ვერ ბედავდა უფრო მეტად აგრესიული, მაგრამ, საზოგადოებაში სრულად ნდობადაკარგული ,,ნაცმოძრაობა”.ეს ყველაფერი კი პოლიტიკური ნების უქონლობის ბრალია. არავის არ უნდა ქვეყნის მართვის დრომოჭმული, ძველ, ჟანგიან ველოსიპედთან ასოცირებული საბჭოთა სისტემის დემონტაჟი. სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემა არ იცვლება, მხოლოდ პერსონაჟებისა და ერთი კლანის მეორეთი ჩანაცვლებით კი საქმეს არ ეშველება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ქართული პოლიტიკური საზოგადოება ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: ,,ჩამნაცვლებლები“, ანუ ისინი, ვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული რეჟიმის ჩანაცვლება უნდოდა რეჟიმის ცვლილების გარეშე და, ,,შემცვლელები,“ ანუ ისინი, ვისაც სისტემური ცვლილებების გატარება სურდათ. დღეის მდგომარეობით, აშკარად ,,ჩამნაცვლებლები“ დომინირებენ.
გამოსავალი ერთია: მოქალქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა უნდა მოახერხონ თვითორგანიზება და მიზიდულობის ისეთი ცენტრის შექმნა, რომლის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოებრივად და სოციალურად აქტიური ადამიანების ერთობა მოახერხებს და ბიძგს მიცემს ქვეყანაში სისტემური ცვლილებების დაწყებას“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.