პუტინმა სააკაშვილს ყური აუწია – 2006

mamuka
  • დღევანდელი ხელისუფლების მოსვლას რუსეთმა შეუწყო ხელი    2006, 2329ივლისი,#201
    /შორენა კოწოწაშვილი/
    ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
      _ ბატონო მამუკა, პარლამენტის დადგენილებას რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით ხელისუფლება ისტორიულს უწოდებს. რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დადგენილება, რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს ოპოზიციას?
    _ ეს ხელისუფლება არ შეიძლება ქართველი ერის ნებას, ინტერესებს გამოხატავდეს, ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ პრობლემას თავის საკუთარ არსებობას აბამს. ყველა ეს თემა პირდაპირ არის მიბმული მის ხელისუფლებაში ყოფნაზე. ამიტომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა არის ქართველი ერის ნება და რას ითხოვს დღეს ქვეყნის ინტერესები. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ეს ადამიანები გულწრფელები არიან და თუ მათ მიაჩნიათ, რომ “სამშვიდობო პროცესმა” დაღუპა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა; თუ ეს ადამიანები გულწრფელები არიან იმაში, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების იქ ყოფნამ დააზარალა ქართული სახელმწიფოებრიობა, ელემენტარულად, იმ ხალხის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ყოველივე ეს გააკეთა. ვგულისხმობ ადამიანებს რომლებმაც დაანგრიეს სახელმწიფო, ვერ გამოდგნენ ამ სახელმწიფოს ამშენებლებად; რომლებმაც დსთ-ში შეიყვანეს საქართველო; რომლებიც 13-15 წლის განმავლობაში კბილებით იცავდნენ რუსი სამშვიდობოების ყოფნას საქართველოში და ა.შ. ეს ადამიანები ვერ დაამტკიცებენ, რომ ისინი დღეს სახელმწიფოებრივი ნებით აღჭურვილი არიან და ამიტომ ითხოვენ რუსი სამშვიდობოების გაყვანას. ეს არის პინგ-პონგი რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთი უარს არ იტყვის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, მაშინ ისინი დაუპირისპირდებიან რუსეთის ხელისუფლებას. აი მთელი კვინტენსენცია ამ დადგენილების. მთელი არსი გახლავთ ეს. ამ შემთხვევაში, ცეცხლს ეთამაშებიან ანუ ეთამაშებიან სერიოზულ თემებს და შესაძლოა, ეს საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდეს.
    _ რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედრო პირების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ნაბიჯი სისხლისღვრამდე მიიყვანს მხარეებს კონფლიქტის ზონაში, თქვენც ასე ფიქრობთ?
    _ ბუნებრივია, ისინი ყოველივე ამის მონაწილენი არიან. როგორც ნადირობისას არიან მაყეფრები, ეს ხალხი სწორედ მაყეფრის ფუნქციას ასრულებს. სანამ სააკაშვილი პუტინს შეხვდება, მანამ ამ მაყეფრებმა ფონი უნდა მოამზადონ. ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ პიარკამპანიის წარმართვის ფუნქცია ეკისრებათ. იმისთვის, თუ პუტინს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება, ხალხი მზად უნდა იყოს.
    _ რამდენად სწორად შეარჩია ხელისუფლებამ დრო რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გასაყვანად პარლამენტის დადგენილების მისაღებად?
    _ სწორედ დროის შერჩევაა პირდაპირ დაკავშირებული ხელისუფლებაში მათ ყოფნასთან მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს არავისთვის დასამალი არ იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლას რუსეთმა შეუწყო ხელი ნუ დაგვავიწყდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები და მიტინგებზე გამოსვლები. რატომ ვივიწყებთ ამას და რატომ გვგონია, რომ ის ბიჭები, რომლებიც ტაშით იღებდნენ იგორ ივანოვს, არ იყვნენ მათ მიმართ დავალებული და არ ჰქონდათ აღებული ვალდებულება? რა თქმა უნდა, ჰქონდათ, ეს ღიად განაცხადა პუტინმა სხვათა შორის, ამის შესახებ არც სააკაშვილს დაუმალავს და თქვა, რომ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებების დროს რუსეთი გვერდით ედგა. ითქვა, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის იყო მოლაპარაკება, იყო კონტრაქტები და შესაბამისად, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ასლან აბაშიძე რუსეთში წასულიყო. ლამის პატარა ბავშვივით ყური აუწია პუტინმა სააკაშვილს, ჩვენი მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმებას რატომ არღვევ და სიტყვას რატომ ტეხო. ალბათ გახსოვთ მათი პრეს კონფერენცია, როდესაც ამაზე სააკაშვილმა პასუხი ვერ გასცა. როგორც გითხარით, რუსეთი მონაწილეობდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში და შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ მათ რაღაც რაღაცეები ვერ გაარკვიეს. ის ვალდებულებები, რაც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას აღებული (როგორც ჩანს, უფრო მეტი ჰქონდა აღებული) რუსეთის ხელისუფლების მიმართ, არ შესრულდა. არ ვიცი, მეტი რა უნდა გაეკეთებინათ. ფაქტობრივად მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს ჩააბარეს. მოთხოვნა რუსეთის სამშვიდობოების გაყვანისა საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის არის მხოლოდ პიარკამპანია. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ ვადებში ეს ჯარები უნდა გასულიყვნენ. მეორე მხრივ, რუსეთისთვის ამ ჯარების გაყვანას პოლიტიკურად უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მათ უფრო სერიოზული ბერკეტები აქვთ ხელში როგორც ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის, ისე ბიზნესის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე სხვა ეკონომიკური ბერკეტები. რუსეთს სრულებით არ სჭირდება ის დაშლილი ტექნიკა, რომელმაც ბათუმიდან მცხეთამდე ძლივს მიაღწია. აშკარაა, რაღაც ვალდებულებები შესრულდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ, როგორც ვთქვი, სააკაშვილს უფრო მეტი ვალდებულებები ჰქონდა აღებული რუსეთის მიმართ. შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულებებიც.
    _ ფიქრობთ, სწორედ ეს ვალდებულებები შეახსენეს ამერიკაში ვიზიტის დროს?
    _ რა თქმა უნდა. ესენი ოღონდ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, ყველაფერზე ხელს აწერდნენ. ახლა ეს მათ წინ დაუხვდათ იგივე ამერიკელებთან, იგივე რუსებთან. დღეს ორივე მხარე მათ სთხოვს პასუხს. სიტყვას, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში მოსვლის გარანტად მიიღეს, შესრულება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ გაგანია ღვინის კრიზისის დროს, როდესაც დუჟმორეული საქართველოს ხელისუფლება რუსეთს აგინებდა, საქართველოს ღვინის ქარხნები სწორედ რუს ბიზნესმენებზე იყიდებოდა. ესეც პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის დროს ცალსახად ითქვა. ე.ი. დანარჩენი რაც ხდება, კერძოდ, პიარი ტელევიზიით, პრესით, დაპირისპირებები, ყველაფერი მეორე პლანზე იწევს და ამის მიღმა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთში არკვევს, დატოვებენ თუ არა სააკაშვილს ხელისუფლებაში. დღეს, სამწუხაროდ, ეს პროცესი მიმდინარეობს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ქართველი ერის ნებასთან, არც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან და არც ისეთ მწვავე პოლიტიკურ ვითარებასთან, რაც შეიქმნა დღეისთვის. პრაქტიკულად პარლამენტმა, რომელმაც დადგენილება მიიღო, თავადვე განაცხადა, რომ ეს არის უფუნქციო, ძვირადღირებული დამატება (რომელიც თავისთავად არაფერს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში) და რომ ეს ყველაფერი გადაწყდება პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრის დროს.
    _ ოპოზიცია ახსენებს ხელისუფლებას, რომ არაერთი მსგავსი დადგენილება იქნა მიღებული პარლამენტის მიერ და ამით ანიშნებს, რომ თავის მოსაწონებელი არაფერი აქვთ. . .
    _ ხელისუფლებას არ ძალუძს, სერიოზულ დებატებში ან დისკუსიაში შევიდეს ვინმესთან. არც ამის მდგომარეობა აქვს და არც არგუმენტები. სხვათა შორის, ყველაზე სერიოზული დადგენილება 1997 წელს იქნა მიღებული, როდესაც სახალხო პარტიამ შესთავაზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფცია. ეს იყო ყველაზე სერიოზული და ნამუშევარი დოკუმენტი,. სამწუხაროდ, მათ ეს ხშირად რჩებათ მხედველობის მიღმა, ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლებას იმ შეუსრულებელი დადგენილებების გამო აკრიტიკებს, წინა დადგენილებებს მაშინაც ისტორიულად მოიხსენიებდა. რა განსხვავებაა ამ დადგენილებებს შორის, ანდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარი და ცოტა ამაზრზენიც არის, როცა ერთმანეთს ახსენებენ, ვინ როდის იყო აღორძინების ბლოკში, ვინ ვისთან იყო გარკვეულ პერიოდში, ვინ რა დამოკიდებულებაში იყო შევარდნაძესთან. კი, მაგრამ, ყველანი შევარდნაძის ძირმაგარი ფესვიდან არ არიან გამოსულები? ისე ახსენებენ ერთმანეთს წარსულს თითქოს მეორე მხარეს საამაყო ჰქონდეს თავისი წარსული. ეს ის ხალხი არ იყო, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე ამბრაზურასავით რომ ეფარებოდა ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტებზე მაშინდელ რუსეთის ხელისუფლებას? ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც ჩვენ მიერ შეთავაზებულ მრავალ დადგენილებას და ამ დადგენილებებზე კონტროლის განხორციელების მოთხოვნას წინ ეღობებოდნენ? დღეს, გარკვეული მიზეზების გამო, ოპოზიციაში აღმოჩნდნენ და თავიანთ როლს ასრულებენ იმ დიდ გლობალურ სურათში, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ძალიან წარმატებით მიმდინარებს. ჩვენ ავცდით მთავარ თემებს. წინა პლანზე წამოვიდა თავისთავად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, კრიმინალური ვითარება, უდანაშაულო ადამიანების დახოცვისა და დაპატიმრების ფაქტები, მაგრამ ყოველივე ეს გვაცილებს ძირითად საქმეს, სადაც თითოეულმა ქართველმა უნდა ჩამოაყალიბოს და ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ, რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს ქვეყანა. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის გვიწევს მოვლენებზე რეაგირება. თამაშის ასეთი წესები შემოგვთავაზეს: მხოლოდ მოვლენებზე მოვახდინოთ რეაგირება და არ ვისაუბროთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს შემადგენელი ნაწილია იმ სცენარის და რეჟისორის, რომელმაც ეს ხელისუფლება მოიყვანა. ეს არ არის დადგმული სპექტაკლი მონაწილეებისთვის. ეს სისხლიანი დრამაა. მაგრამ რეჟისორისთვის მთავარი ამოცანაა, ეს ხალხი გადაიყვანოს თავისი ბუნებრივი განვითარების გზიდან და ასეთ თემებზე ერთმანეთს ცხვირ-პირში ვულაწუნოთ, გუშინ ვინ თანამშრომლობდა აღორძინებასთან, შევარდნაძესთან, მაშინ, როდესაც თავად ისინი ყველანი თანამშრომლობდნენ შევარდნაძესთან და აბაშიძესთან. სხვათა შორის, დღევანდელი ოპოზიციის გარკვეული ნაწილი 2000 წელს შევარდნაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში. ამდენად, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების მაგისტრალური ხაზი არ იყოს განსაზღვრული. სამაგიეროდ, აქცენტები  კეთდება იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ერევიან ოჯახურ საქმეებშიც კი. ერთმანეთს ძალიან უხერხულად მოიხსენიებენ, რაც საბოლოოდ მოსახლეობის პოლიტიკური რელსებიდან გადაყვანას ემსახურება და ეს არის მთავარი ამოცანა იმისთვის, რომ ხელში ჩაგვაკლან საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების კიდევ ერთი შანსი.
    _ თქვენი აზრით, როგორ წარიმართება პროცესები სამაჩაბლოში? აშკარაა, კოკოითი აქტიურობს, სანგრებს თხრიან . . . . .
    _ რა შემიძლია ვთქვა. როგორც შევარდნაძის კარგი მოწაფე, ისე მოიქცევა პრეზიდენტი. როდესაც შევარდნაძემ 1992_93 წლებში დაინახა, რომ პოლიტიკურ ძალებს შესწევთ ძალა, სერიოზულად გააკონტროლოს ხელისუფლება, ეჭვქვეშ დააყენონ მისი ძალაუფლება. აფხაზეთში ომი დაიწყო, თუ შეამჩნევს სააკაშვილი, რომ ძალაუფლება ეცლება ხელიდან, ის ომს დაიწყებს, ეს ცალსახად შემიძლია განვაცხადო. სააკაშვილს დასჭირდება უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება, ვიდრე მშვიდობიან პერიოდშია შესაძლებელი. ამიტომ, ბუნებრივია, საფრთხე იმისა, რომ მან დაიწყოს ომი, ძალიან დიდია.
    _ ბატონო მამუკა, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ თავის შვებულებას ის ჯარისკაცებთან ერთად ორფოლოში გაატარებს. . .
    _ უბედურება სწორედ ესაა, რომ მას ჰგონია, ამით რაღაცას მიაღწევს. თქვენ როგორ გგონიათ, ორი კვირა ერთ ადგილზე გაჩერდება სააკაშვილი? ხომ გამორიცხულია, რომ მან ჯარისკაცის ცხოვრებით იცხოვროს და მისი ულუფა იკმაროს. ეს იქნება, უბრალოდ, ორ – სამ დღეში ერთხელ ტელეკამერების წინ თავის მოწონება, ერთი – ორჯერ ალბად ყაზარმაში გაიქცევა. მისი აღნაგობიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება იმის ყურება, როგორ დარბის პრეზიდენტი, როგორ ისვრის და ა.შ. მაგრამ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე, როგორც წითელ პიჟამოში რომ დარბოდა უკრაინაში და მრავალი სხვა. მე ისევ დავუბრუნდები თქვენს შეკითხვას სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, რადგანაც დღეს ხელისუფლებაში ძალიან დიდია ხვედრითი წილი სრულიად გაუწონასწორებელი ადამიანებისა, რადგანაც დიდია საფრთხე ხელისუფლების დაკარგვისა. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების მომხრეებს მხოლოდ ფული აართვეს თავისუფლების სანაცვლოდ. ამ ადამიანებმა, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, ძალიან ბევრი გადაიმტერეს. ალბად ბევრი გადამტერებულის გულში შურისძიების სურვილი ანთია და ამიტომ, შესაძლებელია, ამ ადამიანებმა გაუთვლელი, ძალიან სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებიც კი გადადგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ იგივე რუსეთი, უფრო მეტად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთა მიმართ ძალიან დიდია ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შეეცდებიან, სერიოზული სისულელე არ ჩაიდინოს ამ ხელისუფლებას. Mმეორე მხრივ, ქართველი საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, ამ პიარს და პროპაგანდას არ უნდა აჰყვეს. რაც უფრო მალე გამოფხიზლდება ქართველი საზოგადოება, შეკავშირდება ერთი იდეით და ერთი სულისკვეთებით, ერთიანი ღირებულებებით და ამ ყველა მოთამაშეს უარს ეტყვის სპექტაკლში მონაწილეობაზე, მით უფრო ავიცილებთ მსგავსს საფრთხეებს. თუნდაც ისეთი თემა, როგორიც იყო ზვიად გამსახურდიას საკითხი, ესეც კი არ დატოვეს ხელშეუხებელი, აქაც კი შემოიტანეს განხეთქილება, აქაც კი, ოჯახში სურთ ყოვლად მიუღებელი დაპირისპირება შემოიტანონ, დააპირისპირონ ძმები.
    _ ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენებას გულისხმობთ?
    _ დიახ ეს თემა, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დააპირისპირებს გამსახურდიას მომხრეებს. კიდევ ერთი დამატებითი მუხტი შევა დაპირისპირებების იმ საერთო სურათში, რომლითაც დღეს ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ. დადგება მომენტი, როცა ეს ხალხი ერთმანეთთან შეთანხმდება და მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ამ თემაზე.
    _ ბატონო მამუკა, ზოგიერთი პოლიტიკოსი მიუთითებს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება ღრმავდება. თქვენ რას იტყვით ამაზე?
    _ უკვე სახეზეა საკმაოდ ღია სამოქალაქო დაპირისპირება. გავიმეორებ, არანაირი იდეოლოგიური კამათი არ მიმდინარეობს, არანაირი განსხვავება არ არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ყოველდღე ტელევიზიით ყველანაირ ცოდვაში ამხელენ. მათი სულისკვეთება ერთია _ რა განსხვავებაა ხელისუფლებასა და მის ე.წ. “დადგმულ” ოპოზიციას შორის? ხომ ხელისუფლებამ დაადგინა, ვინ უნდა გაშუქდეს ტელევიზიით, ვინ გამოვიდეს ყოველდღე, ერთი და იგივე ადამიანები გამოდიან, პიროვნული დაპირისპირება გადაჰყავთ პოლიტიკურ სიბრტყეში და ვიღებთ ამ უაზრო დაპირისპირებას.
    _ რაში აწყობს ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირება?
    _ ეს აწყობს ხელისუფლებას, რადგან თვითონ არ არის რაიმე იდეების გენერატორი. თავად არ შეუძლია სერიოზული და ფუნდამენტური იდეების წარმოჩენა და არ არის მზად იმისთვის, რომ დისკუსიაში შევიდეს ან იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე. ეს იწვევს იმას, რომ, რადგან პოზიცია არ გააჩნია, ყოველდღიურ მოვლენებზე რეაგირებით კმაყოფილდება. თუნდაც ის ფაქტი, როგორ შეიძლება, გაამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მოქმედებები გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, ხომ ვერ გაამართლებს ამას ვერავინ? მაგრამ ეს გადაჰყავს დაპირისპირების სხვა ასპექტში. ამბობენ, რომ აქ პრორუსული ძალები მოქმედებენ და ა.შ. და ამ დროს სწორედ რუსეთი ყველანაირად დაეხმარა ამ ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში მოსვლაში. პირობითად რომ ვთქვათ, მე რატომ მაბრალებს? ნებისმიერმა ოპოზიციურმა პარტიამ ეს რომ უთხრას, არ ცდილობს, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლისას ერთად იყვნენ.
    _ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, შეხვდება პუტინი სააკაშვილს და რა შედეგებს მოუტონს ეს საქართველოს?
    _ ყველა ვარიანტში ალბად შედგება. შარშან, დოღზე მიპატიჟებულს, რბილად რომ ვთქვათ, არადელიკატურად მოეპყრნენ.
    _ ანუ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრა უშედეგო იქნება, თუ ის მაინც შედგა?
    _ ქვეყნისთვის უშედეგო იქნება, სააკაშვილისთვის შეიძლება შედეგიანიც იყოს. სააკაშვილი არ ახდენს მოსახლეობის კონსოლიდაციას, თორემ ასეთი დადგენილების შემდეგ უმრავლესობის წევრები ყველასთან პირადად უნდა მისულიყვნენ სალაპარაკოთ და თუნდაც ეთხოვათ, იმიტომ, რომ უმრავლესობის პასუხისმგებლობა ოპოზიციის პასუხისმგებლობისგან განსხვავდება. უმრავლესობას ბოდიში უნდა მოეხადა იმისთვის, რაც გუშინ მოხდა.
    _ ფიქრობთ, უმრავლესობის წევრებს შეეშინდათ?
    _ რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ისინი თამაშობენ და საკითხი გადაწყდება პირად შეხვედრაზე, თუ პუტინი სააკაშვილს გარანტიას მისცემს, ჩემს რესურსებს შენ წინააღმდეგ არ გამოვიყენებო, სააკაშვილი დაწყნარდება და იტყვის, რომ ყველაფერი გარკვეულია და სამშვიდობო პროცესი უნდა გაგრძელდეს. ეს არის მთელი უბედურება. ჩვენ კი ვსხედვართ და სერიოზულად განვიხილავთ საქართველოს პერსპექტივას. არადა, ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს პერსპექტივა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ნულია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress