“ფანდარასტი” საქართველოს ხელისუფლება გამოდგა 2011-01-19

ახალი თაობა   2011-01-19
ვლადიმერ სანაკოევის – ფეესბეს აგენტის აღიარებითმა ჩვენებამ რატომღაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში მშვიდად ჩაიარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის თანამებრძოლმა 9 იანვარს ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშია და ფეესბესთან 1989 წლიდან თანამშრომლობს.  პროექტ “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სანაკოევი დღესაც დიმიტრი სანაკოევში ეჭვს არ იწვევს, თუმცა ფაქტია, რუსეთმა სასურველ შედეგს მიაღწია ამ თუ სხვა ჯაშუშების დახმარებით.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ საბოლოოდ ფანდარასტი საქართველოს ხელისუფლება გამოდგა. გიორგაძის თქმით, სააკაშვილს რუსეთი სულ ცოტა ხანში წაიყვანს, მანამდე კი უნდა ველოდოთ რუსეთის სხვა ჯაშუშების აღსარებებსაც.

გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან.

- ბატონო მამუკა, თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც სანაკოევის პროექტს თავიდანვე აპროტესტებდა და ქვეყნისთვის დამღუპველად აფასებდა. რა შეგიძლიათ თქვათ ვლადიმერ სანაკოევის აღიარებითი ჩვენების გავრცელებიდან გამომდინარე?
- აქ ორი ფაქტორი უნდა გამოვკვეთოთ: პირველი – პრაქტიკულად, რუსეთმა და სანაკოევმა დაადასტურეს ის მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე რუსული პროექტი იყო და თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესებს შეესაბამებოდა. საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, პრაქტიკულად, ამ რუსულ თამაშში მონაწილეობდა. ხელისუფლება – შეგნებულად და მიზანმიმართულად, ოპოზიციის ნაწილი ასევე მიზანმიმართულად იქცეოდა, ნაწილი – ფეხის ხმას იყო აყოლილი; მეორე ფაქტორი: ბუნებრივია, ნებისმიერ ქმედებაზე ისმის კითხვა, რატომ მაინცდამაინც ამ დროს? როგორც ჩანს, კვლავ ხდება სანაკოევის გამოყენება და კვლავ აჟიოტაჟები, რომლებიც არ წყდება ქართულ პერიოდულ პრესაში, საჭიროა გაგრძელდეს.  ეს აჟიოტაჟები, სკანდალები, რომ ჩვენ თავისთავად იმაზე ვისაუბროთ, რატომ უწყობდა ამას ხელს ოქრუაშვილი ან რატომ უწყობდა ხელს მერაბიშვილი, რატომ შეხვდა ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილს, ბურჯანაძის ქმრის როლი ყოველივე ამაში და უკანა პლანზე გადაიწიოს თვითონ ფაქტმა, რომ სამხრეთ ოსეთის პროექტი – ეს არის რუსული დავალება. ეს არის რუსული ინტერესი და, შესაბამისად, ყოველივე ამის შემდეგ ლოგიკური დასკვნა: დღეს მაინც ვთქვათ უარი ამ პროექტზე და იმ სულელ მეორე სანაკოევს ნუ დაათრევენ ჟენევის კონფერენციებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა. პრაქტიკულად, საქართველომ ხელი მოაწერა იმას, რომ აუცილებელია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა, თუ გვინდა სამშვიდობო პროცესი. ეს ნიშნავს, რომ რუსული თამაში გრძელდება, ჩვენ კი, ამ აჟიოტაჟებში ჩაძირულები, მხოლოდ ამ სპექტაკლებით ვკმაყოფილდებით და არა ქმედებებით. ქართველი საზოგადოება დღეს უნდა იყოს დამუხტული იმით, იქნებ როგორმე შევაჩეროთ ეს რუსული პროექტი.
- ეს თამაში, როგორც თქვენ უწოდეთ, ბიუჯეტიდან, თუ არ ვცდები, ყოველწლიურად 30 მლნ-ით ფინანსდებოდა.
- რა თქმა უნდა. 30 მლნ ბიუჯეტიდან იყო. სხვაა, რაც არასამთავრობო სექტორიდან წავიდა, რაც საერთაშორისო დახმარებებიდან წავიდა. ეს ყოველივე რუსულ საქმეს აკეთებდა ქართული ფულით.
- ვანო მერაბიშვილის უწყებამ რუსული აგენტურული ქსელი გაშიფრა საქართველოში. სანაკოევის აგენტობა გამორჩათ თუ შეგნებულად მიჩქმალა?
- სწორედ ესაა, რომ ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ამ პროექტში. ხელისუფლება თავიდან ბოლომდე და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ხურჩაში ჩასვლას და სანაკოევის ადმინისტრაციას დითირამბებს უმღერდნენ. პარლამენტი, რომელიც ტაშს უკრავდა ანტიქართული პროექტის რეალიზებას. ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს. სამწუხაროდ, ჩვენ ადეკვატურები არა ვართ. სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები ადეკვატურები არიან. ისინი ისე იქცევიან, როგორც მტერი უნდა მოიქცეს. ისევე იქცევა რუსეთი, როგორც უნდა მოგვექცეს. მაგრამ, თუ ჩვენ მოყვარეები ვართ საქართველოსი, ჩვენ არ ვიქცევით ადეკვატურად, შესაბამისად, პასუხს არ ვთხოვთ ამაზე და სპექტაკლებით ვკმაყოფილდებით. ვკმაყოფილდებით იმ ფსევდობრძოლის იმიტაციით, რომელსაც ადგილი აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
- ფაქტია, ანტირუსული კამპანია ბოლო წლებში გააქტიურდა. იმის მიუხედავად, გაწირა რუსეთმა სააკაშვილი ომისთვის, რაც მისი პროექტი შეასრულა?
- არა, ბატონო, რუსეთი სააკაშვილს არ წირავს. სააკაშვილი დღესაც აგრძელებს რუსეთის სამსახურს. რაც მოხდა ბოკერიას ხელმოწერით ჟენევაში, ამის ნათელი დადასტურებაა. ის დღესაც აგრძელებს რუსულ სამსახურს. რით გამოიხატება ეს? – მხოლოდ ერთი რამით: სააკაშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, ქართული სახელმწიფო არ აშენდეს. ამისთვის სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს. მოშალა ყველა ის საფუძველი, ყველა ის საყრდენი წერტილი, რასაც უნდა დაეფუძნოს ქართველი საზოგადოება. ხელისუფლება დღესაც აგრძელებს ამ მიმართულებით მოქმედებას, დაწყებული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით, რაც ბოლო ეტაპზე ძალიან მაღალ საფეხურზე აიყვანა და უკვე სახელმწიფო ტელევიზიაც ჩართო საქმეში, დამთავრებული იმ გენოციდით, რომელსაც ადგილი აქვს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ გაზის ტარიფზე, წყლის ტარიფზე, ერთიან გადასახადზე თუ ა.შ. ეს ამ საკითხის მხოლოდ უტრირებაა და მეტი არაფერი. მიმდინარეობს გეგმაზომიერი გენოციდი ქართველი ხალხისა. ან გაწყდება ქართველი ხალხი, ან საზღვარგარეთ გაიქცევა. მიმდინარეობს ქართული სულიერებისა და ქართული ინტელექტის საფუძვლების მოშლა-განადგურება, ქართული პედაგოგიკის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემის ნგრევა. ეს ხდება რუსული დავალებით და განხორციელებულია სააკაშვილის სახელით, მაგრამ ე.წ. ანტირუსული ისტერიის ფონზე. და ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ: აქ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენა. ჩვენ მუდამ გვახსოვდეს ჯანსაღი ნაციონალიზმი; უნდა გვახსოვდეს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, მეობა, თავის დაცვის აუცილებლობა, მაგრამ ის ისტერიკა, რომელსაც სააკაშვილი რუსეთის მიმართ ეწევა, არ არის ჯანსაღი ნაციონალიზმი. ეს არის ქართველისთვის მიუღებელი, უცხო, შოვინისტურ-პოპულისტური ნაზავის დამკვიდრება, რაც საქართველოში არასოდეს ყოფილა. ეროვნული მოძრაობის დროს, მის ყველაზე დიდ ზენიტშიც კი არ ყოფილა ჩვენთან შოვინიზმი. ეს იყო ჯანსაღი ნაციონალიზმი. სააკაშვილი ცდილობს, შოვინიზმი დანერგოს. ის ცდილობს, ქართული ისტორიული გენეტიკური ვაჟკაცური ბუნება გადაიყვანოს ასეთ ისტერიკულ შოვინისტურ ანტიქართულ წინააღმდეგობაში. ყველა მიმართულებით სააკაშვილი აკეთებს იმას, რომ ემსახურება რუსულ ინტერესს. ეს ყოველივე ხდება ქართული ნაციონალიზმის ვითომდა დასავლური ღირებულებების სახით.
- კონკრეტულად რომელმა ოპოზიციურმა ძალებმა დაუჭირეს მხარი სანაკოევს და რატომ დუმს ოპოზიციის ეს ნაწილი დღეს?
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც გაბედა და ხმამაღლა თქვა, რესპუბლიკური პარტია იყო. მან წამოაყენა პროექტი ე.წ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის ცნობაზე. ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონფერენციებზე და დადეს დოკუმენტი, რომ მიესალმებიან ამ გეგმას და ღიად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მას, ხოლო დანარჩენმა ორგანიზაციებმა, არ ვიცი, უშუალოდ ფულის, პოლიტიკური კონიუნქტურის დავალების, აგენტურული საქმიანობის გამო თუ ა.შ., უმეტესმა მათგანმა, პრაქტიკულად, ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. უმეტესი მათგანი ამ “კოკოითი ფანდარასტის” პროექტში მონაწილეობდა. ბოლოს ფანდარასტი ვინ აღმოჩნდა, ყველამ კარგად ნახეთ. ოპოზიციიის უმეტესი ნაწილი სწორედ ის ფანდარასტია, რომელიც ხელს უწყობს სხვა ქვეყანას საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გაცილებით უფრო უარესი ფანდარასტია, ვიდრე ხელისუფლება, იმიტომ რომ ესენი ამით ამაყობენ და ქართველ ხალხს თავის თავს წარუდგენენ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ რაინდებად, არადა, თითოეული მათგანი მონაწილეობს ამ პროექტში და ცოტა ხანში თითონვე მოყვებიან “კოკოითი ფანდარასტის” პროექტში მონაწილეობაში, ვინ რამდენი გამოართვა მიშა სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვ.
- ბატონო მამუკა, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, როცა დასტურდება, რომ რუსეთის აგენტი მუშაობს ქვეყანაში და თანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება?
- ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა დასვას ქართულმა ჯანსაღმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ოპოზოციური სპექტრი საკმაოდ უძალოა. დღეს პოლიტიკური სპექტრის სახელით საუბრობს ხელისუფლების დანამატი, მისი მოსამსახურე ე.წ. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების ნასუფრალით იკვებებიან. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისგან მართული ეს ე.წ. მყვირალა, ვირტუალური ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი და ამით შეზღუდონ ის სივრცე, რომელშიც უნდა შევიდეს ეროვნული სულისკვეთების მატარებელი პოლიტიკური სპექტრი.
- ოპოზიციის მხრიდან არ უნდა ველოდეთ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის დაყენებას?
- პრაქტიკულად, დღეს ტელევიზიით მოქმედი პოლიტიკური სპექტრიდან არანაირი ქმედება არ არის. ისინი დაკავებული არიან ერთმანეთის ჭიდილითა და იმ კასტინგში მონაწილეობით, რომელსაც პუტინი აწყობს – აბა, ვინ უკეთ მოემსახურება რუსეთის ახალ ინტერესებს. ამიტომ, რომელი ამოიღებს ხმას, რაც რუსეთიდან მათი მიმართულებით მოდის, ამ თემაზე? რომელი გააკრიტიკებს იმას, რაც რუსეთისთვის მისაღებია. მაშინ ხომ ამ კასტინგიდან მოიხსნებიან? მაშინ იმ დაფინანსებას ხომ ვეღარ მიიღებენ? სწორედ ამიტომაც არის მშვიდად სააკაშვილი. ამიტომ არის, რომ, ეროვნული ჯგუფების გარდა, ამ საკითხებს მათ არავინ დაუსვამს. რისი უფლებაც აქვთ მიცემული, იმ საკითხებს დასვამენ. მაგალითად, დასვამენ საკითხს, რომ თბილისში დარბევა მოხდა; რომ წყლის ტარიფი გაიზარდა. დასვამენ ერთიანი ტარიფის თემებს. ისაუბრებენ პრესის თავისუფლებაზე, სააკაშვილის სექსუალურ აღტყინებებზე, მასაჟისტებზე, ახალგაზრდა მინისტრების ცუღლუტობებზე და ა.შ. ეს ის თემებია, რომლებიც მოსკოვიდან დაშვებულია. მიდით, ილაპარაკეთ, რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდეთ სააკაშვილისგან. ეს ოპოზიციაც ისეთივეა, როგორიც სააკაშვილი, იმიტომ რომ ერთი ცენტრიდან იმართებიან, ანუ ყველაფერზე საუბარი დაშვებულია, გარდა სახელმწიფოებრივი პრობლემებისა. თუ ილაპარაკებ მართლმადიდებელი ეკლესიის როლისა და ფუნქციის დასაცავად, თუ ილაპარაკებ კონფედერაციის წინააღმდეგ და ქართულ გენოციდზე, ამ თემებს შეხება მხოლოდ გაკვრით შეიძლება. რუსეთიდან დაშვებულია სააკაშვილის გინება. სააკაშვილსაც ეს უნდა, არანაირი პრობლემა არ აქვს. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ ჯგუფებშია გაერთიანებული ან დღეს ჰგონია, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის: ამ ხალხმა ერთად მოვძებნოთ ძალა, საშუალება, თუ რაღაც გასარკვევი გვაქვს, გავარკვიოთ. თუ მისატევებელი გვაქვს, მივუტევოთ, მაგრამ დროზე ვაგებინოთ პასუხი ამ ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტა ხანში უკვე შეუძლებელი იქნება შექმნილი ვითარების გამოსწორება. სააკაშვილს სულ ცოტა ხანში რუსეთი თვითონ შეცვლის, როცა ის თავის თავს ამოწურავს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებული საქმეების გამოსწორება შეუძლებელი იქნება ბევრ რამეში. სწორედ ამიტომაც არის საჭირო აქტიური ქმედებები.

ავტორი:  შორენა კოწოწაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress