26 მაისს სააკაშვილმა უპატაკა ყველას, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველობა სძულს, რომ თბილისის თავზე კვლავ წითელი დროშა ფრიალებს 2012 წ

გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე

–ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ 26 მაისის საშინელი დარბევის ფაქტს და ზოგადად „სახალხო კრების” რამდენიმე დღიან აქციებს? თქვენ მართალი აღმოჩნდით, როცა  წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ბურჯანაძეს არანაირი გეგმა არ ჰქონდა შემუშავებული
–ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან. 26 მაისს მოხდა ისეთი რამ, რაც არანაირად არ არის გამართლებული და არც პირდაპირ კავშირში არ არის მანამდე მიმდინარე მოვლენებთან. 26 მაისს საქართველო დამარცხდა სააკაშვილთან.  უფრო სწორად, სააკაშვილს ჰქონდა სურვილი მოეძებნა საბაბი საქართველოს კიდევ ერთხელ დასამარცხებლად და მან ეს აღასრულა 26 მაისს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას სძულს ეს დღე, როგორც მოვლენა, როგორც ისტორიული ფაქტი. როგორც ეშმაკი თრთის ჯვრის დანახვაზე, ისევეა ამ „ბოლშევიკებისათვის” 26 მაისი. ითმენს, კიდევ ბევრს მოითმენს, მაგრამ როგორც კი მიეცემა ამის საბაბი,  გამოხატავს თავის ბოღმას ქართველი ერის მიმართ. მას სძულს საქართველო და ქართველი კაცი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდებოდა მანამდე, მას  უბრალოდ სურვილი ჰქონდა გამოეხატა, რომ არანაირი 26 მაისი არ არის და  არც იქნება. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ დღეს საქართველოზე გაემარჯვა. მან ამით უპატაკა ყველას, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველობა სძულს, რომ თბილისის თავზე ისევ წითელი დროშა ფრიალებს,–ნუ გეშინიათ, მართალია დამოუკიდებლები არიან, ქართულად საუბრობენ, ეკლესიაში ხალხი დადის, მაგრამ იცოდეთ, რომ 26 მაისსაც თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს და ისევ  ის ბოლშევიკები ვართ, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი ეროვნული და ქრისტიანული, ყველა ის ტრადიციული ყოფა–ცხოვრების წესი, რითაც ქართველები აქამდე მოვედითო. ეს  მისი მხრიდან სამაგიეროა არა მარტო ჩვენს თაობაზე, არამედ იმ მიცვალებულებზეც, რომლებიც 26 მაისს შეეწირნენ. როდესაც 20 მაისს კოხტა აფხაზის, ანდრონიკაშვილის, ჭავჭავაძის და სხვათა დახვრეტის დღეა, მან ეს 26–ში გაიმეორა. უბრალოდ, დღეს აღარ არის  მსოფლიო ჩაკეტილი და ვერ მოახერხებდა, რომ ყველა ტყვიით დაეხვრიტა იქვე, როგორც 1923 წელს დახვრიტეს ჩვენი გმირი მამულიშვილები. მაგრამ ეს იგივეს ნიშნავს სააკაშვილის  მხრიდან, უბრალოდ მეტს ვერ მოახერხებდა  ამ სიტუაციაში. აი, ეს არის მთავარი დღეს, დანარჩენი კი უკვე მეორეხარისხოვანია. ელემენტარულად, ხელისუფლებაში გვყავს ადამიანი, რომელსაც სძულს საქართველო და გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ გაალახინოს რუსეთს ჩვენი თავი, ხოლო შიგნით ეძებს საბაბს, რომ თვითონაც დაგვიმატოს როგორმე. როდესაც ასეთი მტერი ხელისუფლება გყავს, იქ  ქართველებმა უკვე სხვანაირად უნდა განახორციელონ ქმედებები.
–სხვანაირად როგორ, ბატონო მამუკა?
–სამშობლოს განცდა ეს არის ინსტიქტი, რომელიც ადამიანს დაჰყვება დაბადებიდანვე. ეს ისეთივე ინსტიქტია, როგორიცაა ვთქვათ,  ქუჩაში  დედას რომ შეგაგინებენ და ხელი ავტომატურად უნდა წავიდეს შემგინებლისკენ. როდესაც ხედავ, რომ შვილს გიჩაგრავენ  მშობლის ინსტიქტი ირთვება ხომ? აბა ვინმე მიეკაროს წიწილას, არა აქვს მნიშვნელობა რა სიდიდისაა თავდამსხმელი, კრუხი მაშინვე მივარდება. სამშობლოს სიყვარულიც ინსტიქტია და მინიმუმ ეს ინსტიქტი უნდა გქონდეს ადამიანს, ამის შემდეგ კი უკვე  გონებაა საჭირო, ამ ინსტიქტის რეალიზებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენთან არის როგორც ინსტიქტის, ასევე გონების დეფიციტი. იმიტომ, რომ დღესდღეობით პოლიტიკურ ცხოვრებასა და სამშობლოზე საუბრობენ, როგორც მხოლოდ ბიზნეს–პროექტებზე. როგორც საშუალებაზე საკუთარი კეთილდღეობისათვის ან თვითრეალიზებისათვის. არის შემთხვევებიც, როცა მხოლოდ ინსტიქტი ან მხოლოდ გონებაა, არადა ეს ორი ერთად თუ არ იქნა, შედეგი ნამდვილად არ გვექნება მიღწეული. ამის ნათელი გამოხატულებაა დღევანდელი ვითარება. ეს ჩვენ მივეცით საშუალება სააკაშვილს, რომ  გამოიყენოს თავისი რესურსი საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ჩვენ, ვისაც გული შეგვტკივა, ვერ ავამუშავეთ ჩვენი რესურსი იმისათვის, რომ თავი დავიცვათ შემოსეული მტრისაგან.
–რამდენად არის გასასამართლებელი მიზეზი ხელისუფლებისთვის ის რომ აქცია არასანქცირებული იყო და მათი თქმით, ძალადობის ელემენტებსაც შეიცავდა?
–ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანია და  მსგავს საკითხებზე საუბრით ადგილის დაკავებაც კი ისეთ სოლიდურ გაზეთში, როგორიც „საერთო გაზეთია” მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო სანქცია 24 მაისამდე მიეცა და ეთქვა, რომ 25–ში რეპეტიციაა, ან 25–ში დაერბიათ, ესეც ხომ თავისუფლად შეეძლოთ. ასევე თავისუფლად შეეძლოთ, რომ თუ რაიმე არგუმენტი გააჩნდათ და ეს არგუმენტები მტკიცებულებებით არის გამყარებული, პროკურატურისთვის მიემართათ.  ახლა რომ ავრცელებს ამ სისულელეებს, მაშინ გაევრცელებინა ფაქტები თუ ჰქონდა. არა! მას უნდოდა ზუსტად 26–ში გაეკეთებინა ეს. კოტე მაყაშვილის ერთი ლექსი მახსენდება ახლა,–„თებერვალმა სამუდამოდ დამიზამთრა მაისი”–ასეთი ფრაზაა ლექსში და სააკაშვილსაც სწორედ ეს, 26 მაისის „დაზამთრება” უნდოდა. არაფერ შუაში არ არის აქ, არც აქციის ხელმძღვანელობა და არც ვინმე სხვა პიროვნებები. ნებისმიერ ქართველს ჩააფურთხა მან ამით და ღირსება თუ გააჩნიათ ქართველებს, პასუხი უნდა აგებინონ შეურაცმყოფელს. დანარჩენი ყველაფერი უკვე ტექნიკური დეტალებია,– აქციის ორგანიზატორებმა რა ვერ გათვალეს, მათი გონებრივი მონაცემები, პატრიოტული ინსტიქტები, მათი დირექტორული პოზები. ვერ ანსხვავებენ ესენი ერთმანეთისგან პოლიტიკურ პროცესს და ბიზნეს სტრუქტურას. ბუნებრივი იყო თუნდაც ნინო ბურჯანაძე შვილის დაპატიმრებას რომ აპროტესტებდა, დედის ინსტიქტია ეს, ბიოლოგიური. მაგრამ ასეთივე ინსტიქტი თუ არ გამოძრავებს, აქცია არ უნდა დაიწყო. იქ უნდა გტკიოდეს თითოეული ქართველი. რატომ გარბიხარ და არ გაგყავს იქიდან, თუნდაც ის ბიჭი სპეცრაზმელს რომ ეხმალავება?! ვენაცვალე მე ამ ბიჭის გამზრდელ დედას. არ შემიძლია ამაზე უემოციოდ ვილაპარაკო.  ალბათ უნდა მოვძებნოთ ქართველებმა ეს ადამიანი და რაღაცნაირად პატივი ვცეთ მასაც და დედამისსაც. იომეს იქ სხვა ბიჭებმაც, იომეს ქალებმა, იმიტომ, რომ ქართული ინსტიქტი ამუშავდა და შენ არ გაქვს უფლება, რომ თუ ასეთი ინსტიქტი არ გაქვს ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანო და ის სიტყვები უთხრა, რომელიც შენგან არ უნდა ითქვას. მაგრამ თუ იღებ ამას შენს თავზე, შესაბამისად უნდა მოიქცე და ისეთი ბუნებრივი იყო, როგორიც შვილის დაცვის დროს. ვინ არ გალახულა, ვინ არ დაურბევიათ, ვინ არ დავუჭერივართ. ჩემთვის მითუმეტეს ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ თუ ამბობ, რომ ვიბრძვი ბოლომდე, იქიდან გამოსვლას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ მეორე და მესამე დღესაც აგრძელებ  ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძის მიმართ მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, დღეს რომ დადგეს რუსთაველზე, მეც გავალ. იმიტომ კი არა, რომ ბურჯანაძესთან დავდგე, უბრალოდ, ნებისმიერი, ბოლომდე მებრძოლი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას. თუმცა თუ არ აპირებ მეორე დღეს ბრძოლის გაგრძელებას, მაშინ არსებობს ამისთვის ორგანიზაციული მანევრი.  როდესაც გამოდიხარ, გამოგაქვს ხელკეტები თუ ფარები და მიმტკიცებ, რომ ვიბრძოლებ, მაშინ იომე ბოლომდე. აქციის დირექტორად დანიშნული ბადრი ბიწაძე რომ დადიოდა იქ და „ასხივებდა”, ჩაუდექი ამ ლაშქარს წინ და წაიყვანე, პატივისცემაც გექნება და დაფასებაც. მაგრამ თუ ამას არ აკეთებ, სხვასაც ნუ მოუწოდებ. მაგრამ ამ ხალხმა ერთი რაღაც ვერ გაიგო, რომ ტირანიის წინააღმდეგ ხელკეტებით არ იბრძვიან. ტირანიის წინააღმდეგ არ იბრძვიან იმ მეთოდებით, რა მეთოდებიც მათ შემოგვთავაზეს. სამოქალაქო დაპირისპირება ტირანიასთან არ შეიძლება. პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფორმებია მოსაძებნი და  კაცობრიობამ შეიმუშავა ეს.  ბოლოს და ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ ეს ყველაფერი საქართველოში განახორციელა და სად იყო  ეროვნული მოძრაობის დროს გინდ ხელკეტი და გინდაც სხვა რამე. აი, როდესაც ეს შემოვიდა და მსგავსი საუბრები დაიწყო საქართველოში, იმიტომაც დატრიალდა შემდეგ ის ტრაგედია. არ შეიძლება ამის შემოტანა ქართული პოლიტიკის სინამდვილეში და მითუმეტეს, არ შეიძლება ამის შემოტანა ტირანიის პირობებში, რადგან მას გაცილებით მეტი რესურსი აქვს ძალისმიერი ქმედებებისთვის. მოწინააღმდეგე ჯერ მორალურად უნდა დაამარცხო.  ომის პერიპეტიებს ვინც იცნობს და ვისაც მსოფლიო ისტორიაზე ერთხელ მაინც აქვს თვალი გადავლებული, ყველამ იცის, რომ ბრძოლა იგება მორალურად, ფსიქოლოგიურად და მხოლოდ ძალით არა.  არ მოგვიგია დიდგორი და ბევრი სხვა ბრძოლები ჩვენ ძალით. რა თქმა უნდა, ძალაც საჭიროა და სწორი დაგეგმვაც, მაგრამ პირველ რიგში სწორედ მორალური უპირატესობის მოპოვებაა მთავარი.
–ანუ პოლიტიკური ბრძოლის ძალადობრივი მეთოდები არანაირად არ შეიძლება იყოს დღეს მომგებიანი ჩვენს ქვეყანაში?
–ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ბრძოლის მეთოდები და ფორმები. როცა ვსაუბრობთ შეიარაღებული ხალხის ორგანიზებაზე და ა.შ.– ეს პარტიზანული ბრძოლაა. თქვი მაშინ პირდაპირ, რომ იწყებ პარტიზანულ ბრძოლას, აიღე პასუხისმგებლობა, იზრუნე იარაღზე, იქნება ეს ხელკეტი, დანა თუ უფრო მსხვილი ცეცხლსასროლი იარაღი და გასაგები იქნება უკვე ყველაფერი. მაგრამ როცა ტირანიას ებრძვი, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები. საკმარისია აქ გაერიოს რაიმე ძალადობის მსგავსი, რომ არცერთი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი მხარს არ დაგიჭერს. დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ეს მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ და მექანიკურად კი არ უნდა გადმოვიღოთ, არამედ გააზრებულად. ამასთან ერთად, თავი უნდა დავანებოთ ე.წ. კაზაკი „რაზბონიკების” თამაშს, რომლითაც დაიღუპა ეროვნული მოძრაობა. ქმნიდნენ რაზმებს, ჯგუფებს, საძმოებს, ვითომ პროცესებში დადებითი როლის შესასრულებლად. საბოლოო ჯამში კი ამ ჯგუფებმა თუ საძმოებმა  დაღუპა ქვეყანა. ჩვენი ერთ–ერთი იარაღი ეს არის საჯაროობა, პოლიტიკური ბრძოლისთვის დამახასიათებელი მეთოდები, ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა ორგანიზაციული პოლიტიკური ფორმებით და არა ძალისმიერი მეთოდებით. ამიტომ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მეორდება იგივე დანაშაულებრივი შეცდომები, რამაც 1991–1992 წლებში დაღუპვამდე მიიყვანა საქართველო.
–ამ დარბევაში ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა ამერიკის ელჩის განცხადებამ, თუმცა ხალხისთვის არც დარბევის შემდგომი განცხადებები ყოფილა დასავლელი დიპლომატების მხრიდან ნუგეშისმომცემი, რატომ სწმენდს პირს სააკაშვილს ზე–დემოკრატიული ევროპა და ამერიკა?
–აი, აქ არის ძალიან საინტერესო პროცესი. ტირანია პატარა სახელმწიფოში შეუძლებელია განხორციელდეს დიდი დესპოტიის მხარდაჭერის გარეშე. შეუძლებელია, განხორციელდეს იმ ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე, რომელიც ხელს უწყობს სააკაშვილს ძალაუფლების განმტკიცებაში. მე ვკითხულობ,–საიდან გაიგო „რუსთავი2″–მა მოსკოვში კოტე გოგელია, მელაძე  თუ ოქრუაშვილი, როდის მივიდოდნენ ებრალიძის ოფისთან? თუ ასეთი აგენტურა ჰყავს „რუსთავი2″–ს და ქართულ სახელმწიფოს, რომ შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დაზვერვითი ოპერაციები განახორციელონ, ყოჩაღ ამათ მაშინ!  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომაა ყველა კრიტიკულ მომენტში რუსი პოლიტიკოსების განცხადებები სააკაშვილის მხარდამჭერი? ეს რუსი პოლიტიკოსი თუ დემოკრატად არის მიჩნეული, დავუშვათ ნოვოდვორსკაიას ტიპის, მაშინ სააკაშვილს იცავს და ოპოზიციას აკრიტიკებს, ხოლო თუ  პირსისხლიანი „დერჟავნიკია” ვითომ უტევს სააკაშვილს, მაგრამ ზუსტად იმ კრიტიკულ მომენტში, როცა სააკაშვილს სჭირდება საშუალება და საბაბი ე.წ. „რუსული კვალის” წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ყველაფერი თამაშია და მის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას, ისევე როგორც 1991–1992 წლებში. რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთს მექანიზმები არ გააჩნია საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩასარევად.  ჯერჯერობით, სანამ არ იქნება ათვისებული შავ ზღვამდე მთლიანი პოლიტიკური სივრცე, მანამდე მათი მხრიდან, საქართველოს შიდა საქმეების რეალურად „ათვისებაზე” საუბარიც ზედმეტია. აქედან გამომდინარე, როდესაც იციან რუსეთმა და სააკაშვილმა, რომ თუნდაც ამერიკა ომის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ წყალს შემოგიტანს და მეტს ვერაფერს ვერ გაგიკეთებს, როდესაც იცის, რომ მსგავსი დარბევების დროს ვერანაირ რეაგირებას ვერ მოახდენს, ეს გარკვეულწილად დასავლეთის მიმართულებით სილის გაწვნაა. თქვენ როგორ გგონიათ, ბასს ან ევროკავშირის ელჩს სიამოვნებდათ ამის გაკეთება? მაგრამ ვერ გამოვლენ დღეს ისინი და ვერ იტყვიან სხვა რამეს, იმიტომ, რომ მათ ქვეყნებს რეალური მექნიზმი არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მხოლოდ ის, რომ ფინანსური რესურსები გადაუკეტონ სააკაშვილს, ამის საშუალებით პროვოცირება გაუკეთონ აქ შიდა პროცესებს და ჩამოაცილონ სააკაშვილი ხელისუფლებას, სხვა არანაირი მექანიზმი მათ არ გააჩნიათ. ხოლო ასეთ ფონზე, როდესაც აქ დესტაბილიზაცია იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კარტ–ბლანში. ამიტომ ბუნებრივია დასავლეთი თვლის, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთს აქვს შესაძლებლობა უარესი ტრაგედია დაატრიალოს საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც საბჭოთა  კავშირის დროს ჩაკეტილ სივრცეში, რასაც უნდოდა იმას გვიკეთებდა რუსეთი, იგივე შეიძლება განახორციელოს ახლაც. შეიძლება უკვე ნამდვილი ტყვიების სროლასაც კი აღარ მოერიდოს. ბელორუსიის მაგალითს შევხედოთ თუნდაც. როგორ ცდილობდა დასავლეთი  ლუკაშენკოზე ზემოქმედებას და თავის მხარეზე  გადაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა ლუკაშენკოს წარსულიც და მისი ხედვებიც. მაგრამ ეუბნებოდნენ,–იქნებ გააღო პატარა ფანჯარა, რომ შემოვიდეს თავისუფლების და დემოკრატიის ცოტა ჰაერიო და ამაში სხვათაშორის, დიდი ფულიც გადაუხადეს. ასეთივე ვითარებაა ჩვენთანაც. თუ გგონიათ, რომ დასავლეთმა არ იცის სააკაშვილი ვინ არის ძალიან ცდებით, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხვალ, ზეგ, ან მაზეგ საქართველოში შეიძლება ისეთი დაკეტილი სივრცე შეიქმნას, რომ მერე ხალხის დახვრეტა პირდაპირ ქუჩაში დაიწყონ. ამიტომ ჩვენ ნუ შევუწყობთ ხელს ისეთ პროცესებს, როგორიც იყო დავუშვათ აქციები ამერიკის საელჩოსთან. არ უნდა გახდეს საქართველო რუსეთ–ამერიკის ვაჭრობის თემა. როდესაც საქართველოს საკითხი წყდება ჩვენ მინიმუმ მონაწილეობას მაინც უნდა ვღებულობდეთ ამ მოლაპარაკებებში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სააკაშვილს კი ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ამ პროცესში საქართველომ არ მიიღოს მონაწილეობა, კარტ–ბლანში მიეცეს რუსეთს, რუსეთის საშუალებით სააკაშვილს და 4–5 წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ერთი და იგივეს. რუსეთისგან მხარდაჭერილი ოპოზიცია რატომღაც ყოველთვის ჩასვრილია, სააკაშვილი კი ყოველთვის გამარჯვებული. როგორ ხდება, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სააკაშვილი გამოდის ანტი–რუსული დროშით, ოპოზიციის დიდი ნაწილი პრო–რუსული დროშით და რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობენ სააკაშვილზე?! ჩვენ შეგვიძლია არჩევნების პერიოდებიც გავიხსენოთ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე გამოდიოდა პრო–დასავლური ლოზუნგით, დავუშვათ, ჯუმბერ პატიაშვილი ლოიალურად იყო განწყობილი ამ მიმართულებით და რუსეთი მხარს უჭერდა შევარდნაძეს, რომელიც თითქოს მას აგინებდა. ზუსტად ასე ხდება დღესაც, პრო–დასავლური დროშით მოსულ სააკაშვილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოჰყვა საქართველოში. მეტი საქმე არ აქვს ამხელა ქვეყნის მინისტრს, თბილისში რომ არ ირბინოს აქციებზე, ან თბილისსა და ბათუმს შორის რომ არ იფრინოს მერე? ეს ყოველივე ნათლად მიუთითებს იქითკენ, რომ  დღეს რუსული სპეცსამსახურების ძალიან დიდი ნაწილი მუშაობს სააკაშვილზე.
გარდა ამისა, არის მეორე მომენტიც. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვისაუბროთ. საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ გაგიგებს, როდესაც ამ „ტრუბებით” დარბიხარ, ან რაში გჭირდება საერთოდ, რა იბრძოლებ ამ „ტრუბებით” თუ რამეში გამოიყენებ? გამოდის ეს მხოლოდ „პიარისთვის”, ვინმეს გასაღიზიანებლად ან სხვა პოლიტიკურ ძალებთან „საბლატაოდ” გჭირდება,  შეხედეთ  რა მაგარი ვარო. თუ მაგარი ხარ დამდგარიყავი იქ, აგეღო „დუბინკები” და დაგეძახა ბიჭებისათვის–აბა წავედით შეტევაზეო. რისთვის გჭირდება ეს რადიკალური განცხადებები, რასაც აკეთებ? ვერ ხვდები, რომ  შენივე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული? ან უცოდინარობით მოგდის ეს ყოველივე, ან არადა, არ მინდა ახლა ვიფიქრო, შეგნებულად აკეთებ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას  მოუსპო დახმარების საშუალება. რა უნდა თქვას ამაზე ელჩმა?!  ელემენტარულად, ჩვენ რომ 26   მაისის მოქმედების გამო არ გვქონდეს სააკაშვილის წინააღმდეგ განცდა, ან ჩვენ რა უნდა გვეთქვა?! მაგრამ იმდენად დიდია ჩვენი ზიზღი იმ პროცესების მიმართ, რაც ხდება, რომ ამას უკვე ტექნიკურ საკითხად განვიხილავთ. სამაგიეროდ, ამას ტექნიკურ საკითხად ვერ განიხილავს საერთაშორისო თანამეგობრობა. ამიტომ, თუკი აცხადებ, რომ  რუსეთის წინააღმდეგ გჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, ამის საშუალება დასავლეთს არ უნდა მოუსპო და თუ ამას უსპობ, ე.ი  გაგყავს დასავლეთის ინტერესები საქართველოდან და შენც გინდა, რომ აქ ჩაკეტილი რუსული სივრცე იყოს. სხვა ლოგიკას მე ვერ ვხედავ და დაუჯერებელია, ამდენი არ იცოდეს  ნინო ბურჯანაძემ, დასავლეთს რა ენით უნდა ელაპარაკოს.
საერთოდ, ძალადობის თემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმიტომ, რომ ერთია ძალადობა ხელკეტით და მეორეა, ძალადობა სამხედრო ტექნიკის გამოყენებით. მაგრამ, როცა იცი, რომ როგორც ჩვენთან ამბობენ  „აქლემის და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო”, როცა იცი, რომ ჩასაფრებულია ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩასაფრებულია კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფები, გეყოს რა იმდენი ჭკუა, არაფერში რომ არ გჭირდება ხელკეტი, ნუ ქმნი ძალადობის მომენტს. იმიტომ, რომ ისიც იტყვის, ორივე მხრიდან იყო ძალადობაო და როგორ არის ახლა თანაბარზომიერი  ძალადობა ჩემი მხრიდან და ძალადობა ტექნიკის გამოყენებით? როდესაც იძახი, რომ ქმნი „შეფიცულებს” ,  ეს შენ არაფერში არ გჭირდება, ხოლო მოწინააღმდეგეს ამით საბაბს აძლევ. დაარქვი რა თუნდაც „დიდუბის კომიტეტი”, რა პრობლემაა ვერ გავიგე. მაგრამ,  რადგანაც ამას აკეთებ ასეთი ფორმით, ე.ი. შენ მინიმუმ ხელს უწყობ ხელისუფლებას პიარ–კონტრზომების მიღებაში, მეორე მხრივ მე მიმტკიცებ, რომ მაგარი ხარ და შეცდომაში შეგყავარ. საბოლოოდ კი აშკარაა, რომ ყველაფერი ჩაფლავდება, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში.
–ბატონო მამუკა, თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ყველამ იცის ბურჯანაძის ახლო კავშირების შესახებ რუსეთთან?
–მე ვარ ერთი რამის კატეგორიული წინააღმდეგი. თუ ჩვენ ავყვებით ამ ჩანაწერებს, ეს საბოლოო ჯამში გახრწნის და გააფუჭებს პოლიტიკურ ცხოვრებას. იმიტომ, რომ თუ ეს არის მტკიცებულება მოპოვებული კანონიერი გზით, ამას უნდა მოჰყვეს სასამართლო უწყება, შემდეგ  კი კეთილი ინებოს და გაარკვიოს სასამართლომ. თუ არადა, ცოლთან–ქმარი ლოგინში რაღაცას რომ ლაპარაკობს,ან  დედა–შვილთან და ამ ქუჩაში გამოტანილ სიბინძურეს  თუ ავყვებით, ხვალ ნებისმიერ ჩვენგანზე გამოაქვეყნებენ მსგავს რამეს.  ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტალახი დავაშროთ, თორემ ამ ტალახში ერთხელაც ჩვენ აღმოვჩნდებით. ხან შეიძლება მეგობარზეც კი თქვა რაიმე აგდებულად, ან პარტნიორი გააკრიტიკო და ეს რომ ვინმემ ცალკე ჩანაწერად შენს პარტნიორს მიუტანოს, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები, იმიტომ, რომ კონტექსტს ვერ აუხსნი. რა პირველად გავიგეთ ნინო ბურჯანაძე პუტინთან რა თემებს განიხილავდა თუ აქამდე არ გვინახია? თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია მიიღე ზომები, თუ არ არის დანაშაული, მაშინ რა არის ეს ბაზრის დედაკაცებივით რომ ჭორაობენ ტელევიზორში სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ეს არის ამაზრზენი და მსგავსი ფარული ჩანაწერები არ უნდა დავუშვათ. იმიტომ, რომ ხვალ ამ ტალახში აღმოჩნდება მთელი საქართველო ჩართული. ეს ჯერ დაიწყება ზედა ეშელონებში, ხოლო ხვალ–ზეგ უკვე მოსახლეობა დაიწყებს ჩამწერებით სიარულს. „მოქალაქეთა კავშირს” და „ნაცმოძრაობას” ჰქონდათ ეს ადრე, ერთმანეთს რომ ელაპარაკებოდნენ ჩამწერებით დარბოდნენ და ახლა მთელ ქართულ საზოგადოებაზე  გადმოიტანეს. ამიტომ, ვისზეც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, თუნდაც სააკაშვილზე, არ შეიძლება ამაზე რეაგირების გაკეთება საზოგადოების მხრიდან, თორემ მივეჩვევით და როგორც ხშირად ბრძანებს მისი უწმინდესობა, ცოდვამ მიჩვევა იცის. ამ გათახსირებისკენ სვლამ შეიძლება იქამდე წაგვიყვანოს, რომ საერთოდ დავკარგოთ ადამიანური სახე ყველამ და ამის დაშვება არ შეიძლება.
ლელა არაბული

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress