news.ge 27.02.2014
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ გრძელდება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ირიბი პოლიტიკური რეაბილიტაციისა და პროპაგანდირების ქმედებები, დაპატიმრებების ,,შთამბეჭდავი” სპექტაკლებისა და ბრალეულობების უსუსური არგუმენტაციის წარდგენის მეშვეობით.
„ახალაიას, მერაბიშვილისა და სხვების შემდეგ, პოლიტიკის ბოლო მაგალითია, გიორგი ონიანის ხმაურიანი დაკავება; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა; ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ იზოლატორში გადაყვანა და პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა. სასამართლოს აჟიოტაჟი, სხვადასხვა ადგილას აქციების მოწყობა, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებები, სატელევიზიო შოუებში ,,ოცნების”, ,,ნაცმოძრაობის” და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ,,სერიოზული სახეებით” მსჯელობა-კამათი დაკავების პოლიტიკურ მოტივებსა თუ სამართლიანობის აღდგენაზე. შემდეგ კი გირაოთი გათავისუფლება მიმართულია ერთი მხრივ ჵ დღეს რეალურად არსებული სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაფარვისა და მეორე მხრივ, პოლიტიკურ დაფაზე მხოლოდ ამ ორი ძალის დომინანტობის დამკვიდრებისთვის ხალხის ცნობიერებაში.
ვერც ერთი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობისა და საკუთარი თავის პატივისცემის გამო, ასეთ აბსურდში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ხელისუფლება, სამართლიანობის აღდგენის საბაბით, ნაცმოძრაობისგან გამწარებულ ხალხზე ახდენს ზემოქმედებას ისე, რომ ნაცმოძრაობას აძლევს საბაბს, ოცნების არამომხრეებში თავი პოლიტიკურ დევნილად გაასაღოს და ერთადერთ ოპოზიციად წარმოაჩინოს თავი.
ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა უნდა დასრულდეს! მარტივი ჭეშმარიტებაა, დამნაშავემ, ვინც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი ისე, რომ არ დაირღვეს, ან ეჭვი არ გაჩნდეს რომ ირღვევა, დაკავებულის უფლებები!
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას ქვეყნისთვის დამღუპველ ამ პრაქტიკაზე და რეალურად აკეთოს საქმე. მათ უნდა იცოდნენ, რომ, რაც ხდება ქვეყანაში _ კარგიც და ცუდიც, პასუხისმგებლობა მათზეა და ხალხის რისხვა მათკენ იქნება მიმართული და ნაცმოძრაობა ვეღარ უშველით!“, – აცხადებს გიორგაძე.