news.ge 27.02.2014
„სახალხო პარტიაში“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამ განცხადებებს დანაშაულებრივ „სიბრძნეს“ უწოდებენ.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ დიდია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სურვილი, რაც შეიძლება, მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. თან ისე, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არ დაასწრონ, მით უმეტეს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. იმდენად დიდია ეს სურვილი, რომ უკვე აბსურდული გამონათქვამების კორიანტელი დააყენა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში სტუმრობისას.
„სტრატეგიული მოთმინების კურსი“ – დღევანდელი ხელისუფლების ახალ პოლიტიკად იქნა გამოცხადებული, რაც ჩვეულებრივ ენაზე გამოითქმება ასე: ჩვენ თვითონ ხელი არ უნდა გავანძრიოთ _ ქმედითი პროტესტი არ გამოვთქვათ, არ გავაღიზიანოთ რუსეთის პრეზიდენტი; არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომ საფრთხე შეექმნას ხელისუფლებაში, ანუ კომფორტში ჩვენს ყოფნასა და ცხოვრებას; ეს დასავლეთის საქმეა და თუ დასავლეთი წაართმევს რუსეთს ჩვენს ტერიტორიებს და დაგვიბრუნებს, ხომ კარგი, თუ არადა, გაგებით მოვეკიდოთ საკითხს; ქვეყანას თუ არა ჩვენ თავს მაინც მივხედავთ. მთავარია, რუსეთმა არ შეიტანოს ეჭვი მის მიმართ ჩვენს კეთილგანწყობაში.
არ უნდა ვახსენოთ ოკუპაცია, მშვიდად, ,,სტრატეგიული მოთმინებით” ვუყუროთ, ყოველდღიურად. როგორ გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თავი ვიმშვიდოთ, რომ ეს პროცესი, მინიმუმ სააკაშვილის დროს დაიწყო, მაქსიმუმ _ 1801 წლიდან. ამიტომ, ჩვენ არ გვეხება.
კიდევ ერთი დანაშაულებრივი ,,სიბრძნე” მოვისმინეთ ატოციდან: ,,არავითარი სტრატეგიული დანიშნულება ამ მავრთულხლართებს არ აქვს. ეს არის გავლებული იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა არ იურთიერთონ ერთმანეთთან.”. ე.ი. ოკუპანტის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის შემოსაზღვრას, ,,სტრატეგიული დანიშნულება” არ ჰქონია! ასეთი განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, როცა ,,საოკუპაციო ზოლს” ,,გამყოფი ზოლი” დაერქვა და ეს ქართულმა საზოგადოებამ შესაბამისად არ გააპროტესტა.
როგორც ჩანს, ბატონმა მარგველაშვილმა ახლა აღმოაჩინა, რომ “ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნას ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, არამედ ხელი შეუწყოს მათ, რომ მოაგვარონ თავიანთი პრობლემები”. ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მართლაც ხელისუფლება უქმნის მოსახლეობას მთავარ პრობლემას და მეორე, მაინცადამაინც მავთულხლართი უნდა გაგვიჭიმონ ეზოში, ასეთი ,,ღირსეული და პასუხისმგებლობის მქონე” პრეზიდენტის ყურადღების არეალში, მოვხვდეთ და დახმარების ხელი გამოგვიწოდოს..
ბატონო პრეზიდენტო, ასეთი პოლიტიკით ქვეყანას რომ ვერ დაიცავთ, ფაქტია. მაგრამ, გულწრფელად გირჩევთ, იფიქროთ: პუტინს თუ დაჭირდება, ან რატომ უნდა დასჭირდეს ასეთ უხერხემლო ფიგურასთან შეხვედრა“, – აცხადებენ პარტიაში.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მოთმინების კურსით ქვეყანა მივა იმ მომენტამდე, როცა რუსეთის ფედერაციასთან შედგება ძალიან მშვიდი, რაციონალური საუბარი.