ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს 2011

კითხვა `საქართველოს ხელისუფლება 1992 წლიდან დღემდე `უცაბედად~ ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას თუ წინასწარი ზრახვით, რომ ქართველი მოსახლეობა ემიგრაციაში გაისტუმროს და მის ნაცვლად სხვა მოსახლეობა შემოიყვანოს?~ ძალიან ბევრი მოაზროვნე და გულდამწვარი ადამიანის წინაშე დგას. წინამდებარე პუბლიკაცია (მოქალაქის საქმიანი წერილი ხელისუფლებისადმი), რომელიც გადაცემულია ყველა საჭირო სარკმელში, ჩვენის აზრით, იძლევა მკაფიო პასუხს ამ კითხვისთვის. (რედ.)

ღია წერილი

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით ბაქრაძეს

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ნიკა გილაურს

 

ბატონებო,

შეგახსენებთ, რომ პირადად თქვენ და  შესაბამის  სახელისუფლებო დაწესებულებებს წლების განმავლობაში არაერთგზის მოგმართეთ თხოვნით, მიგეღოთ ზომები  საქართველოს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი და ტრადიციული  დარგის _ მეაბრეშუმეობის გადასარჩენად (მიმართვების ასლები თან ახლავს).

ყოვლად არაგონივრული, დაუჯერებელი და საგანგაშო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში  მიმდინარეობდა:

მეაბრეშუმეობის დარგის კუთვნილი ობიექტების ნგრევა და გასხვისება;

მეაბრეშუმეობის დარგის  მოწყობილობა-დანადგარების ჯართად ჩამოწერა და გასხვისება;

თუთის ნარგაობის პლანტაციების და სანერგე მეურნეობების გაჩეხვა და გასხვისება;

სამეცნიერო ბაზის (უნიკალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის ჩათვლით) თანდათანობით გაუქმება, შენობა-ნაგებობების წართმევა, ფუნქციის შეცვლა და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენს მიმართვებს რეაგირება არ მოჰყოლია. მეაბრეშუმეობის დარგმა, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა. სადღეისოდ, აღარ არსებობს არცერთი მოქმედი:

საგრენაჟო ქარხანა და სასელექციო  სადგური;

აბრეშუმხვევია ჭიის პარკის მიმღებ-გამომყვანი პუნქტი;

პარკსაშრობი და ძაფსახვევი ქარხნა;

პარკსაშრობი თუ ძაფსახვევი დანადგარიც კი;

გაუქმების პირას არის მისული მეაბრეშუმეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი (თბილისი) და მეაბრეშუმეობის ზონალური საცდელი სადგური (ქუთაისი),  ფუნქცია შეეცვალა და უსიცოცხლო მუზეუმად იქცა მეაბრეშუმეობაში `მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად აღიარებული~ და `საქართველოს სავიზიტო ბარათად~ წოდებული ყოფილი `კავკასიის  მეაბრეშუმეობის სადგური~ (მდებარე: თბილისი, ცაბაძის ქუჩა #6).

საგანგაშოა ისიც, რომ რეალური  საფრთხე დაემუქრა ქართული მეაბრეშუმეობის საფუძველს  _ აბრეშუმხვევია ჭიას (ჭიის `გრენას~) და მძლავრ ფესვთა  სისტემის  მქონე   თუთის   ხის   უნიკალური  თვისებების მატარებელ ქართულ ჯიშებს, რომელთა გაქრობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ქართული აბრეშუმის არსებობას. შედეგად, ამ დარგშიც მონოპოლისტი ქვეყნების ნება-სურვილზე დამოკიდებული ისეთივე კოლონიური პოლიტიკა გატარდება ეკონომიკაში, როგორიც მაგ. სოფლის მეურნეობის  ისეთ ტრადიციული დარგებში, როგორებიცაა მეჩაიეობა და მეთამბაქოეობა, რაც  მეაბრეშუმეობისთვისაც   კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  განმეორებით და დაბეჯითებით გთხოვთ, ქართველი ერისა და სახელმწიფო  ინტერესებისათვის, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოთ საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგში არსებული ვითარება და ჩვენს მიერ წარმოდგენილი  მასალები. ამასთან, გაითვალისწინოთ ქვეყნისათვის  მეაბრეშუმეობის უდიდესი როლი და მნიშვნელობა, თუნდაც ამ კრიზისულ ვითარებაში გლეხების სტაბილურად დასაქმების, სოლიდური დამატებითი შემოსავლების მიღების და მიგრაციის შეჩერების კუთხით და  დარგის გადასარჩენად გაატაროთ მეაბრეშუმეობის გადარჩენისათვის აუცილებელი  შემდეგი ღონისძიებები:

1. გადასცეთ საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის გადარჩენა- განვითარებისთვის მეურვეობა (მფარველობა)  საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიას (საპატრიარქოს), რომელმაც 2008-2010 წლებში ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში მეაბრეშუმეობის გადარჩენის მიზნით, წარმატებით განახორციელა ერთობლივი პროგრამის საწყისი ეტაპი;

2. შეაჩეროთ  მეაბრეშუმეობის დარგში ჯერ  კიდევ შემორჩენილი საწარმოებისა და სხვა  ობიექტების ჩამორთმევა, ძარცვა, გასხვისება და მანქანა-დანადგარების ჯართად ჩაბარება;

3. შეუნარჩუნოთ მეაბრეშუმეობას (ერთადერთი) ჩოხატაურის საგრენაჟო ქარხანა, რომელიც, ფაქტობრივად, ხელუხლებლად შემოუნახა ქვეყანას და მომავალ თაობას მრავალი წლის მანძილზე ქარხნის მცველად ქცეულმა ღვაწლმოსილმა ქალბატონმა, ქარხნის ყოფილმა დირექტორმა ცისანა გიორგაძემ. მან, ფაქტობრივად, თავისი ავტორიტეტისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, სრულიად  მარტომ, ამასთან,  ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დაიცვა ქარხანა ძარცვა-განადგურებისაგან;

4. მეაბრეშუმეობის დარგის საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტები (ს/ს `საქაბრეშუმის~ აქციების ჩათვლით) და გასხვისებას გადარჩენილი სხვა საწარმოო რესურსები, ობიექტები,   თუთის ნარგაობის პლანტაციები, თუთის სანერგე მეურნეობები (განურჩევლად მათი ტექნიკური მდგომარეობისა), აგრეთვე დარგის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, გადაეცეს საპატრიარქოს ეპარქიების მიხედვით (მიზნობრივი პრივატიზაციის წესით, სიმბოლურ ფასად ან უსასყიდლოდ);

5. დაუბრუნდეს  მეაბრეშუმეობის კვლევით ინსტიტუტს ჯერ კიდევ 1887 წელს სპეციალურად მეაბრეშუმეობის დარგში სამეცნიერო კვლევებისათვის აშენებული, ე.წ. `კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური~ დარგობრივი ლაბორატორიებით (მდებარე: თბილისი, ცაბაძის ქუჩა #6),  დარგის წამყვანი  ეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, თუ მუდმივად არა, დროებით (5-10წელი) მაინც, სანაცვლო შენობის აგებამდე, იქ განთავსებული უნიკალური დარგობრივი სამეცნიერო ბიბლიოთეკით და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებით (რომელიც მოიცავს 40-45 ათასამდე სამეცნიერო და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს და არა სამუზეუმო ექსპონატებს) და დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

6. დაუბრუნდეს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და, თუ მუდმივად არა, დროებით მაინც (5-10წელი) და საწყის ეტაპზე (2-3წელი) ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მისი დაფინანსება (თუნდაც მინიმალური) სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ  უნივერსიტეტში აღდგეს  მეაბრეშუმეობის სპეციალობა, მეაბრეშუმეობის განვითარებისათვის აუცილებელი კვალიფიცირებული სამეცნიერო კადრების შენარჩუნების და მომავალი თაობის მომზადების მიზნით;

8. სახელმწიფომ გამოიჩინოს კეთილი ნება და სახელმწიფო ბიუჯეტის  ხარჯზე, პრეზიდენტის ინიციატივით გახმიანებული 100 ახალი გადამამუშავებელი საწარმოს~ აშენების პროგრამის ფარგლებში, ან საპრეზიდენტო ფონდიდან დაფინანსების გამოყოფის გზით, უზრუნველყოს  აბრეშუმის პარკის გადამამუშავებელი ორი ახალი საწარმოს აშენება, აღჭურვა, ამოქმედება: ერთისა აღმოსავლეთ საქართვე¬ლოში, მეორისა დასავლეთ საქარ¬თველოში.

მოგმართავთ ყველას, თხოვნით, ერთად გადავარჩინოთ  ბუნების საოცრება `ქართული აბრეშუმი~ და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების გზით შევინარჩუნოთ ქართული სოფლები, მივცეთ მოსახლეობას სტაბილურად დასაქმების, ეკონომიკურად გაძლიერების, ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვისა და  მიგრაციის  შეჩერების მყარი საფუძველი.

პატივისცემით.

საქართველოში მეაბრეშუმეობის გადარჩენის საინიციატივო   ჯგუფის სახელით:

საქართველოს სოფლების აღორძინების ფონდის   თავმჯდომარე

ელენე კახნიაშვილი

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress