თამარ ნინიძე
სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძემ დადებითად შეაფასა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და `ახალ თაობასთან~ საუბარში განაცხადა, რომ დამთავრდა მონოპოლიზებული პოლიტიკური გარემო და ერთპარტიული პარლამენტი, რაც ქვეყანას აუცილებლად ცივილიზებულ სამყაროსთან დააახლოებს.
_ საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, ითვლიან შედეგებს, საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილებები ამ არჩევნებთან დაკავშირებით?
_ ჩვენი უახლესი ისტორიის წარუმატებელი ეპიზოდი დამთავრებულია, ჯერ საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის, ამიტომ მთელ არჩევნებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც რეალურად ჩანს, ეს არის უდიდესი წარმატება. დამთავრდა ერთპარტიული მონოპოლიის პერიოდი პოლიტიკაში, ამდენი წლის განმავლობაში პირველად ვიღებთ სურათს, რომ პარლამენტში არ იქნება ერთი პარტიის დომინანტობა, რაც იმის შანსს იძლევა, რომ საქართველოში სამართლიანი კანონების მიღების პერიოდი დადგეს, შევთანხმდეთ შიდა პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე, დამთავრდა სატელიტი პარტიების არსებობის პერიოდი პარლამენტში, ალბათ, დღეს უკვე ნათელია, რომ არავის ვუსურვებ იყოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ეს სატელიტი პარტიები იმყოფებიან. ნაცმოძრაობა კიდევ მიხედავს თავის ტყავს, მაგრამ ხალხის რისხვა, რომელიც ამ პარტიებს დაატყდებათ თავს ნამდვილად არ მინდა ვინმეს მომავალშიც ვუსურვო. საქართველოს გაუჩნდა შანსი დაიწყოს ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ არის შედეგები გამოქვეყნებული და ბოლომდე გველეშაპის შესაძლებლობები არ არის ამოწურული.
_ იქნებ უფრო ღრმად გააანალიზოთ ნაცმოძრაობის მარცხი მხოლოდ პატიმრების საკითხით იყო განპირობებული თუ სხვა მიზეზებით, ელოდით თუ არა ასეთ შედეგებს და ქართული ოცნების გამარჯვების მიზეზებზეც გვითხარით?
_ ვერ ვიტყოდი მარცხზე იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მთელი თავისი არსებობის განმავლობაში პრაქტიკულად 2003 წლიდან მონოპოლიზებულ პოლიტიკური გარემოში აკეთებდა იმას, რაც მას სურდა, მცირე ჯგუფის ხასიათზე იყო დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს ბედი, 21-ე საუკუნეა, ეს დღეს თუ არა ხვალ უნდა დასრულებულიყო. ეს დასრულდა. ვერ ვიტყვით, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე იყო ნაცმოძრაობა და დამარცხდა, ასეთი ეგზემპლარები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში 21-ე საუკუნეში, ეს რუდიმენტები უნდა გადაშენდნენ ქართული პოლიტიკიდან. ამიტომ ამას ვერ ვუწოდებ მარცხს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ გამარჯვებიდან. საერთოდ ვამბობ, როცა არ იქნება ქართულ პოლიტიკაში ასეთ ადამიანებზე მოთხოვნა, მაშინ შეიძლება გამარჯვებული ვუწოდოთ ჩვენს თავს. რაც შეეხება ამ პერიოდის პოლიტიკურ ეტაპს, აქ კიდევ მრავალი ფაქტორი უნდა განვიხილოთ, პირველი ეს არის ქართველი ხალხის შინაგანი რწმენა, გენეტიკური სწრაფვა თავისუფლებისკენ, ჯანსაღი, ნორმალური ცხოვრებისკენ, როგორც ოდნავ მაინც მიეცა ამის შესაძლებლობა, მან ყველაფერი ეს გამოავლინა; მეორე მომენტი, გამოჩნდა დამაჯერებელი ლიდერი, რომელმაც ეს მისწრაფება ქართველი ხალხისა კიდევ უფრო მეტად რეალური გახადა და ივანიშვილის მომენტი ამ პროცესში განსაკუთრებულია, ასევე არ შეიძლება არ გამოვყოთ საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის ძალიან ზუსტი, გაწონასწორებული ქმედებები და საქართველოს ეკლესიის მხრიდან ხალხისთვის სწორი მიმართულების მიცემა, გვერდით დგომა, იმედის შთაგონება, ყვერლანაირი ხელშეწყობა რაც ეკლესიამ განახორციელა, მან დაიცვა ქვეყნის ინტერესები როგორც მას სჩვევია, ასევე უნდა გამოვყოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც ტირანიას პირდაპირ განუცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში თვალს არ დავხუჭავ თქვენს მიერ ჩადენილ უმსგავსოებებზე, გარკვეულ ზღვარს იქით უკანონობებზე. რაც ამ ზღვარში ჩაეტია, სააკაშვილმა მხოლოდ ეს გარისკა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიმართულებით გადადგა ნაბიჯები. ციხის სკანდალმა განსაკუთრებული როლი ითამაშა, სტუდენტების გააქტიურებამაც თავისი როლი ითამაშა, ასევე ბევრმა სხვა პროცესმა, ეს ყველაფერი ერთმანეთს მთლიანობაში ავსებდა და მიღებულია ის შედეგი, რაც ჩვენ ვნახეთ.
_ ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, ნაცმოძრაობას უპირატესობა აქვს, ზოგიერთ სხვა რაიონშიც, თქვენი აზრი როგორია, იყო გაყალბების მცდელობები?
_ ის პროცესი რაც მიდიოდა, ამას კლასიკურ არჩევნებთან არანაირი კავშირი არა აქვს. დარღვეული იყო ყველა წესი და კანონი, პროცედურა, რაც არჩევნებს უნდა ახასიათებდეს, დაწყებული ამომრჩეველთა სიიდან, დამთავრებული ბევრი სხვა ქმედებებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამდენი ძალადობა პოლიციის პროკურატურის მხრიდან, მედიის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მრავალი ფაქტი და სხვა. ეს არ არის ქართველი საზოგადოების საარჩევნო გადაწყვეტილება. ეს არის ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის გადაწყვეტილება, ის ლოკალური ამოცანა, რომელიც იდგა ქართველი საზოგადოების წინაშე, ის იქნა გადაჭრილი და შესაბამისად, მეორე ეტაპზე გადავედით, მომავალში შესაძლებელი იქნება ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, რომ კიდევ უფრო წინ წავწიოთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმე.
_ ბიძინა ივანიშვილმა დღეისათვის უკვე განაცხადა, სამოქმედო გეგმაზე, მაგალითად, განთავისუფლდება სასამართლო, რომელიც მას აღუდგენს მოქალაქეობას, ასევე პარლამენტში სულ მცირე სამი ფრაქცია მაინც შეიქმნება, ხომ არ იქმნება იმ უმრავლესობის დაშლის საფრხე, რომლითაც ის მოვა პარლამენტში?
_ პირველი ნაწილი გეგმისა, სასამართლოს განთავისუფლება აუცილებელი ნაბიჯია, რათა ქვეყანაში გაჩნდეს დამოუკიდებელი არბიტრი, რომლის მიმართაც ყველას გვექნება ნდობა, გაჩნდება სამართლიანობის მიმართ ნდობა, რაც შეეხება ფრაქციების რა რაოდენობა იქნება ახალ პარლამენტში, გასული დეპუტატები გადაწყვეტენ ამას. ხელოვნური არაფერი ვარგა, ხოლო თუ ეს იქნება ჩამოყალიბებული გარკვეული იდეოლოგიური პრინციპებით, სწორედ კონცეპტუალური საკითხების ირგვლივ დაკავშირებული ადამიანების მჭიდრო კავშირებით, ეს სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენ გადავალთ ერთი ადამიანის მიმართ პიროვნული ერთგულებიდან იდეოლოგიურ თანამშრომლობაზე, ეს იქნება ქვეყნისთვის სერიოზული წარმატება, თუ მრავალპარტიულობას დანეგრავს ივანიშვილი დიდ საქმეს გააკეთებს.
_ ადრე ივანიშვილი ამბობდა, რომ პარლამენტს თბილისში დააბრუნებდა, ახლა ამბობს, რომ ახალი პარლამენტის პირველის სხდომა ქუთაისში გაიმართება. როგორ აფასებთ ამ განხადებებს?
_ როგორც ვიცი, პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, ეს სამართლებრივად ივანიშვილს არ ეხება, მაგრამ ვემხრობი ივანიშვილის და სხვა ჭკუათმყოფელი ადამიანების აზრს, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ფუნქციის იგნორირება, მისი ფუნქციის გაყოფა, არ შეიძლება ერთიანი ქართული პოლიტიკური სივრცის ცენტრის გადატანა, ეს გამოიწვევს ერთიან ცნობიერებაში ბზარის გაჩენას. Aამიტომ აუცილებელია პარლამენტი დარჩეს თბილისში, აუცილებელია თბილისმა შეასრულოს დედაქალაქის ფუნქცია და აუცილებელია ჩვენ დავიწყოთ განთავისუფლება სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი ახირებებისგან. მრავალი პროექტი რომელიც მან დაიწყო, ეს ლაზიკები იქნება თუ პარლამენტის გადატანები, ამ გეგმებზე უარი უნდა ვთქვათ, დედაქალაქშია განთავსებული ხელისუფლება, ქუთაისს რაც შეეხება ათასი შესაძლებლობა და მექანიზმი არსებობს რომ ქუთაისში აქტიური ცხოვრება დაიწყოს, არა მარტო იქ, მთელ საქართველოში უნდა გააქტიურდეს საზოგადოებრივი ცხოვრება, გახდეს ქუთაისი და სხვა რეგიონის ცენტრები ბიზნესის, განათლების ცენტრები, ყველა რეგიონს ეშველება.
_ ივანიშვილმა განაცხადა, ბევრს ექნება ჩვენთან გადმოსვლის სურვილი, ნურავის შეეშინდება, ჩვენ ყველას კარს გავუღებთ, იქნება ეს ტენდენცია გადასვლის თუ გადაბირებისა პარლამენტში?
_ არ ვიცი რას გულისხმობს გადმოსვლაში, საერთოდ პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები უნდა ერთიანდებოდნენ პოლიტიკური მრწამსის, შეხედულებების, იდეების მიხედვით, ჩვენ დაგვღუპა ერთპარტიულმა სისტემამ და ერთი კაცის ირგვლივ შეკრებილი ადამიანების ერთობამ. თუ ვინმე გადადის იმიტომ, რომ რაღაც პოზიცია მოსწონს, ეს სხვაა, თუ იმიტომ გადადის, რომ პირად კეთილდღეობას ეძებს, სხვა საკითხია. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ძველი შეცდომები, როცა მოქკავშირის მთელმა ელიტამ ნაცმოძრაობაში ამოყო თავი, კომუნისტური პარტიის მთელმა ელიტამ თავი ამოყო მრგვალი მაგიდის მთავრობაში და ა.შ. ამ გზას სიკეთე არ მოუტანია ქვეყნისთვის და სჯობს ჩვენ განვსაზღვროთ, მთავარი რა არის ქვეყნისთვის, მთავარში ვიყოთ ერთიანი, და თუ იქნება იდეოლოგიური გასხვავებები, ეს პირიქით ქვეყნის მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. თუ ამ პროცესს ივანიშვილი ხელს შეუწყობს ძალიან კარგი იქნება, საქართველოს მოსახლეობა გადანაწილდება პოლიტიკურ სპექტრში შეხედულების მიხედვით და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ამა თუ იმ პარტიაში ყოფნა არ იქნება მერკანტილური ინტერესებით გამოწვეული. პარტიის იდეების გაზიარება იქნება პოლიტიკური მდგრადობის გარანტი. ამით არის ცივილიზებული სამყარო წინ, ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც არ იყოს ძლერი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, დამთავრდა საქართველოში მონოპოლიზებული პოლიტიკური გარემო და ეს აღარ უნდა გავიმეოროთ.