საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის  განცხადება
საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობასთან დაკავშირებით

ვარდების რევოლუციად წოდებული 2003 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ატარებდა ანტისახალხო პოლიტიკას და დღესდღეობით კლასიკურ ტირანიად ჩამოყალიბდა. არავითარი ილუზია, იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი ნორმალურთან ოდნავ მაინც მიახლოებულ არჩევნებს ჩაატარებს, საქართველოს სახალხო პარტიას არ აქვს.
არჩევნების გაყალბების ყველა ნიშანი უკვე სახეზეა. ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს საქართველოს ხალხის პოლიტიკური ნება ოქმებში გაფორმებულ ციფრებში ნაკლებად იყოს ასახული. მიუხედავად ამისა, სახალხო პარტია მონაწილეობს 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ “არჩევნებში”, ვინაიდან:
– საშუალება გვეძლევა ჩვენთვის აქამდე მიუღწეველი მედია საშუალებებით საზოგადოებას გავაცნოთ სახალხო პარტიის ხედვა მთელი რიგი სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი საკითხებისა, რომლებიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის საციცოცხლო აუცილებელობად და, რომლებიც სხვა პოლიტიკური ძალების ყურადღების მიღმაა დარჩენილი;
_ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილ საერთაშორისო საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ უტყუარი და სანდო ინფორმაცია, რათა ეს უკანასკნელი არ იქნას შეყვანილი შეცდომაში, თითქოს არჩევნების შედეგებმა ხალხის ნება და აზრი ასახა და ვიდრე არჩევნების შედეგებს არ ცნობს საქართველოს ხალხი, არ მისცეს დასტური მმართველ დანაშაულებრივ რეჟიმს.
ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ამოცანაა ერთიანი ჯაჭვის რგოლებად გადაჭდობილებმა შევზღუდოთ ტირანია, ვიდრე ხალხი მთელი ძალით საკუთარ თავზე არ იწვნევს არჩევნების მორიგი გაყალბების დამღუპველ შედეგებს. სახალხო პარტიის რგოლის სანდოობა, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და, ზოგადად, საკაცობრიო ღირებულებებისადმი მისი განუხრელი ერთგულების, სიტყვისა და საქმის ერთიანობის, პოლიტიკური თანმიმდევრულობის, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა და არც ამჯერად გავუცრუვებთ ხალხს ჩვენდამი გამოხატულ ნდობას;

სახალხო პარტია
2012 წლის 12 სექტემბერი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress