დრამატული მოვლენების მიზეზი სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა

„სახალხო პარტიის“ ერთერთი ლიდერის გოგი ლორთიფანიძის განცხადებით, ქვეყანაში, ოცი წლის განმავლობაში არსებული პრობლემების ვერმოგვარების მიზეზი, სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევები იყოს ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში.

საქართველოში განვითარებული ამ დრამატული მოვლენების ძირითადი მიზეზი სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა და სამწუხაროდ დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრია, ვიდრე გუშინ.

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა გაძლიერების გზით ხდებოდა, რომელთა დაფინანსების ძირითადი წყარო საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, მათი უდიდესი უმრავლესობა შორს იყო საქართველოს სინამდვილისაგან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისაგან, რის გამოც არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ძირითადი მიმართულებები, არ ემთხვეოდა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს.

ხშირ შემთხვევაში კი, ზოგი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია მავანთა და მავანთა მიერ, არასასურველ ოპონენტებთან ანონიმური დაპირისპირებისთვისაც იყო გამოყენებული.

ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადება, რომელიც მან ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის დროს გააკეთა: – ”არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს”.

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გარედან ნაკარნახევი წესებითა და პრინციპებით ვერ შეიქმნება. სამოქალაქო საზოგადოება სწორედ იმ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ჩამოაყალიბონ, რომელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაზეც არის საუბარი“, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

იგი მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოახერხონ თვითორგანიზება საქართველოში, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

„ამ პროცესის დასაწყებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თვითონ სამოქალაქო სექტორმა მოახდინოს ამ წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ტენდენციების, დაფინანსების წყაროების, ქვეყანაში შემოსული გრანტების ოდენობის, განხორციელებული პროექტების და მიღებული შედეგების შესწავლა – ანალიზი და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს ეს შედეგები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ რა არის ის ფენომენი რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქვია და თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა გამოიტანონ დასკვნები ამ სექტორის მუშაობის ავ-კარგიანობაზე“, – აღნიშნა გოგი ლორთქიფანიძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress