ღალატის მცდელობის მორიგი ნაბიჯი – 21.07.2012

gerbebi_Page_6

ნოდარ ნათაძე
პაატა კოღუაშვილი                                        
მოსაზრება
მამუკა გიორგაძე
თამარ ჩხეიძე

საქართველოს ერთერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ანალიტიკურსა და მიმოხილვით წერილში ინგლისურ ენაზე სათაურით “რეტროსპექტივა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციისა” (9 მაისი, 2012 წელი), ინტერნეტით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სფეროდან, რომელსაც ძალუძს საგარეო პოლიტიკაში და საშინაო პრობლემების რეგულირების საქმეში საქართველოს მძიმე ზარალი მიაყენოს.
სახელდობრ, მან ისტორიულ ფაქტად მსოფლიოს შესთავაზა სიცრუე, თითქოს 1921 წლის 17 მარტს საქართველოს უზენაესმა საკანონმდებლო ორგანომ – დამფუძნებელმა კრებამ – თავის უკანასკნელ სხდომაზე ემიგრაციის წინ ბათუმში “შეაჩერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება”. ანუ: ბატონმა პაპუაშვილმა მოინდომა ქართველი ერის ზურგს უკან მსოფლიოს მოტყუება, თითქოს საქართველოს იურიდიული და პოლიტიკური თავდაცვის ერთერთი მთავარი იარაღი – კონსტიტუცია, რომელიც კავკასიაშიც და ყოფილ საბჭოთა კოლონიებს შორისაც მხოლოდ ჩვენ გვქონდა და რომელმაც, პოლიტიკურად, რუსეთის მიერ ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ “გუბერნიებად” ან საბჭოთა “ობლასტებად” ქცევისაგან დაგვიცვა და დღესაც გვიცავს ტერიტორიების წაგლეჯისაგან აღარ არსებობს.
ის, რაც ბატონმა პაპუაშვილმა შეთხზა, ხსენებულ დღეს, ანუ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის პროცესში (თბილისი დაეცა 1921 წლის 25 თებერვალს), პრაქტიკულად და იურიდიულად ედრებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალაუფლებაზე ხელის აღებას და, ამგვარად, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და ანექსიის ლეგალიზაციისთვის იურიდიულად ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამის მიღწევა რაგინდარა სახით დამპყრობელი რუსეთის პირველი მიზანი იყო კავკასიაში, ამიტომ რუსეთის შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები 1921 წლის თებერვალ-მარტში და შემდგომშიც გააფთრებით ცდილობდნენ საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისაგან გამოეძალათ სახელმწიფოს კაპიტულაციის აქტი, ანუ ძალაუფლებაზე ხელის აღების რამენაირი, თუნდაც არაპირდაპირი აქტი.
მათ ეს ვერ შეძლეს. ქართული სახელმწიფოს იმდროინდელ ხელისუფალთა ამ სიმტკიცემ საქართველო იურიდიულად და მორალურად გადაარჩინა როგორც ტრადიციული მონარქიული სახელმწიფო, იმ დროს უკვე დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ეს თავისი სახელმწიფოებრივი ფორმა შეინარჩიუნა რუსეთის მიერ ანექსიის დღემდე, ხოლო შემდეგ რუსეთმა “ჩაიბარა”, როგორც ფეხზე მდგომი ქვეყანა, და რომელიც ახალი ეპოქის დადგომიდან, ანუ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან, ახალი თავისუფლებისთვის იბრძოდა და იბრძვის.
საქართველოს ეს ისტორიული და აწმყო ვითარება ძირფესვიანად განსხვავდებოდა მისი ამიერკავკასიელი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანის – მდგომარეობისაგან. სომხეთს რუსეთის მიერ ანექსიის დღისთვის 600 წლის დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, “აზერბაიჯანი” კი როგორც “სახელმწიფო” ისტორიამ არ იცოდა რუსეთის თებერვლის (1917 წლის) რევოლუციამდე.
საქართველო ამ დროს არსებობდა, როგორც სავსებით ჩამოყალიბებული, ერთა ლიგის მიერ დე ფაქტოდ და ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე იურედ ცნობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რუსეთმა მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო კონიუნქტურის გამო გაბედა საქართველოს დაპყრობა და “გასაბჭოება”, მაგრამ ვერ გაბედა მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გაუქმება. 1921 წლის მაისში ხელშეკრულებაც დადო საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან. საქართველო დარჩა, როგორც სუვერენული, თუმცა “საბჭოთა” “სოციალისტური” რესპუბლიკა და მას დაურჩა ე.წ. “თვითგამორკვევის” (თვითგანსაზღვრის) უფლება “თვით გამოყოფამდე”.
საქართველოს 1921 წლის დაპყრობის ფაქტს, ანუ ამ ორი ცნების – “დაპყრობისა” და “ანექსიის” – ადექვატურობას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული ომის მიმართ, ადასტურებს საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის აქტი.
საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიის სრული და უეჭველი ლეგიტიმურობის ეს სტატუსი (ტერიტორიისა, როგორც მინიმუმი, გაეროს მიერ დღეს ცნობილ საზღვრებში) არის ის, რასაც ბატონ პაპუაშვილის ხსენებული ფალსიფიკატორული “ოპერაცია” უტევს.
ფაქტი, რომელიც ბატონმა პაპუაშვილმა შეთხზა – დამფუძნებელი კრების მიერ თავისივე კონსტიტუციის (ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციის) არც შეჩერების, არც გაუქმების, არც ახლებურად გარედაქტირების, არც, საერთოდ, რაიმე სახით ხელყოფის ან ეჭვის ქვეშ დაყენების ფაქტი – არ არსებობს. ბატონი პაპუაშვილი პირწმინდად ტყუის. დამფუძნებელი კრების არც 1921 წლის 17 მარტის სესიას, არც რომელსამე სხვას კონსტიტუციის “შემჩერებელი” ან სხვაგვარად ხელმყოფელი არანაირი გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია (იხ. იმ დროის ქართული ემიგრაციის პრესა, აგრეთვე შემდგომი წლების პრესა).
პაპუაშვილის “ცნობა” “ჭეშმარიტი” იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ავტორს ხელთ ექნებოდა დამფუძნებელი კრების აქტის ტექსტი ან მითითებული მაინც ექნებოდა ამ ტექსტის პუბლიკაცია ოფიციალურ ან სხვა სახის პრესაში (საქართველოს ხელისუფლების ემიგრაციაში წასვლის შემდეგ წლებისა და ათწლეულების მანძილზე ჰქონდა თავისი დოკუმენტების პუბლიკაციის საშუალება, მაგრამ ხსენებული შინაარსის დოკუმენტი იქ ავტორის მიერ მითითებული არ არის).
დაუსაბუთებლად, მაგრამ შესაძლებლად ჩაითვლეოდა ავტორის მიერ ხსენებული ეპიზოდი ქართული პოლიტიკისა 1921 წლის 17 მარტს იმ შემთხვევაში, რომ არ არსებობდეს ფაქტობრივად დაუძლევადი საბუთი მის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ასეთი საბუთი არსებობს. იგი იმაში მდგომარეობს, რომ, თუ აღნიშნული ცნობა მართალი იქნებოდა, ანუ კონსტიტუციის შეჩერება ფაქტი იქნებოდა, რუსეთი მაშინათვე აიტაცებდა და შეშფოთებული ევროპის წინაშე ფართოდ გააპროპაგანდებდა ამ ფაქტს. ეს არ მომხდარა. (ან როგორ მოხდებოდა, ანუ რატომ ჩაიდენდა დამფუძნებელი კრება თვითმკვლელობასა და სახელმწიფოს მკვლელობას, როდესაც საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში იძულებით მიემგზავრებოდა და იქიდან აპირებდა ბრძოლას დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად). (ნ. ჟორდანიას მთავრობა თავის ამ ფუნქციას 1935 წლამდე ასრულებდა).
რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა 1921 წლის აქეთ შეძლეს სადმე ყალბი ფრაზის პუბლიკაცია, თითქოს 17 მარტის სხდომას დამფუძნებელ კრებას თვითმკვლელობის ხსენებული აქტი მოეხდინოს კონსტიტუციის შეჩერების სახით. მაგრამ ცხადია, რომ ამ თეთრი ძაფით შეკერილსა და ორგანიზებულ ცნობას ოფიციალური პუბლიკაციის გარდა და ექსპერტიზის გარეშე არც იურიდიული ძალა, არც ისტორიული დოკუმენტის ძალა არა აქვს.
ამგვარად, უფლება გვაქვს იმის კონსტანტაცია მოვახდინოთ, რომ ბატონი პაპუაშვილი ცრუობს. შეგნებულად ცრუობს, საქართველოს სახელმწიფოს საზარალოდ, აგრესიულ უცხო სახელმწიფოს უშუალო ან უფრო მაღალი ხელისუფლებით გაშუალებული დავალების შესაბამისად.
თუ სადმე არსებობს თუნდაც რუსეთის მიერ “შეცურებული” ამგვარი ინფორმაცია (ასეთი მცდელობის არარსებობა მისი მხრიდან საკვირველიც იქნებოდა), მაშინ ამ ცნობის გამოყენების უფლებას წინასწარი აკადემიური გამოკვლევა ან სპეციალური გამოძიება დასჭირდებოდა და სჭირდება. თუ ბ. პაპუაშვილი წარმოადგენს შესაბამის მამტკიცებელ მასალებს, თუნდაც ასეთი, ანუ შეუმოწმებელი სახით, ამით გადავადდება მისთვის სახელმწიფო ღალატის მცდელობის ბრალად დადების უფლება მანამდე, სანამ მისი “ცნობა” ექსპერტიზას გაივლიდეს. სხვა შემთხვევაში ეს ბრალდება, ვფიქრობთ, ძალაშია.
ხსენებული ანტიქართული ოპერაციის საერთაშორისო პოლიტიკური მექანიზმი, ვფიქრობთ ნათელია. პუტინის პრესტიჟი რუსეთში და რუსეთისა – მსოფლიოში მოითხოვს იმას, რომ საქართველოს გამოსძალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის” აღიარება შენიღბული ფორმით – სახელშეკრულებო სახელმწიფოს (კონფედერაციის) ფორმით, რომელიც ავტომატურად იშლება მაშინათვე, როგორც კი ერთი რომელიმე მონაწილე იტყვის “ერთად ყოფნა აღარ მინდაო”. ამისთვის ავალებენ სააკაშვილს თქვას “აფხაზეთი რეალურად საქართველო არ იყოო” (და ამბობს კიდეც).
პაპუაშვილის წილი და “ფსონი” ამ “ოპერაციაში” არის მსოფლიოს მოტყუება თითქოს აღარ არსებობს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, სადაც დაფიქსირებულია აფხაზეთის ყოფნა საქართველოში და არანაირი “ოსეთის” არარსებობა კავკასიონის სამხრეთით.
ბ-ნ გ. პაპუაშვილის ხსენებული სიცრუის პუბლიკაცია ვერ გაიგება და ვერ აიხსნება სხვაგვარად, თუ არა რუსეთის ორი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით.
1. იმ ინტერესის, რომ “გაბათილდეს” საქართველოს შემადგენლობაში რუსეთის მიერ 1921 წლის დაპყრობამდე აფხაზეთის ყოფნისა და კავკასიონის სამხრეთით არანაირი “ოსეთის”, შემდგომში რუსეთის მიერ შეთხზულის, ამ დროს არარსებობის ფაქტი.
2. დაიმალოს ფაქტი, რომ 1921 წლის დაპყრობის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების გადაცემა მეზობელი “რესპუბლიკებისათვის” მოხდა კანონიერი მოქმედი კონსტიტუციის წინააღმდეგ.
გ. პაპუაშვილის ხსენებული ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სხვაგვარად, თუ არა როგორც მცდელობა სახელმწიფო ღალატისა, რომელსაც, სავარაუდოა, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის ნება მართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress