NEWS.GE 12.03.2014
„სახალხო პარტია“ პოლიტიკურ ძალებს, რეალური პრობლემების გადაფარვის მიზნით, ქართულ საზოგადოებაზე მედიაშეტევაში ადანაშაულებს.
„დღეს, აშკარად ჩანს, როგორ მიმდინარეობს ქართული საზოგადოებაზე ღია, მასირებული და კარგად ორგანიზებული მედიაშეტევა – წამყვან სატელევიზიო არხებზე უაზრო პოლიტშოუების ჩვენებით და მასში მონაწილე ერთი და იმავე ფიგურანტების მეშვეობით. თითქოს ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლები არ არსებობდეს და არც მათზე პასუხის დამფიქსირებელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კომპეტენტური პიროვნებები.
„სახალხო პარტია“ მიიჩნევს, რომ ეს ხდება შეგნებულად, ერთი მხრივ რეალური პრობლემებზე საღი, სახელმწიფოებრივი პოზიციის გადაფარვის მიზნით, მეორე მხრივ, პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ორი ძალის – ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის – დამკვიდრებისთვის“, – აცხადებენ პარტიაში.
პარტიის წევრები, მედიაშეტევაში ჩართულ ძალად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსაც მიიჩნევენ.
„ამ საშურ საქმეში ჩართულია, აგრეთვე, ის სამთავრობო ,,არასამთავრობო” ორგანიზაციები, რომელთაც დიდი ხანია, მონოპოლია შექმნეს სამოქალაქო სექტორში და ოცნება-ნაცმოძრაობის პოლიტიკურ გემოვნებას აკმაყოფილებენ.
ეს ორი პოლიტიკური დაჯგუფება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე უტიფრობით გამორჩეული კამათით ქმნის ილუზიას, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური ხედვები აქვთ და ოპონირებენ. სინამდვილეში, საზოგადოებისთვის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა მონოპოლიზებული პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია სივრცე, საარჩევნო სია და გარემო, დიდი ჰესების მშენებლობის პრობლემატიკა, საყდრისის ძეგლის განადგურება, ეკლესიის წინააღმდეგ აქტიურობა, ID ბარათების ძალად გაპრობლემებური თემატიკა, რეგიონალიზმი და რეგიონული ენები და სხვა. მათ საერთო ხედვები და პოზიცია გააჩნიათ.
მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, ნუ ჩაერთვებიან ამ პროცესებში და ნუ გამოაყენებინებენ თავს კოჰაბიტანტებს ქვეყნისთვის საზიანო თამაშში. ყველაფერი თვალნათელი და გასაგები გახდება, თუ ზემოთ აღნიშნულ თემებზე, რომლებზეც მათ საკამათო არ აქვთ და უნისონში ბაასობენ, სტუდიაში სასაუბროდ მოიწვევენ მათ ,,რეიტნგულ” სახეებს და მაყურებელს დაანახვებენ სავალალო რეალობას. საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება ამ ორ ძალას შორის არა განსხვავებების, არამედ მათი ერთიანობის დანახვა.
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნული იმ გამოცხადებული შუაგაკრეფვის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის ქვეყნისთვის დამღუპველ შედეგებს მალე იგრძნობენ საქართველოს მოქალაქეები“, – აცხადებენ „სახალხო პარტიაში“.