“ახალი თაობა” #169 18.07.2012 შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი და ყოფილი პარლამენტარი მამუკა გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ რჩევებს აძლევს და მაზოხიზმის ნიშნებს ხედავს იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ბოლო 7 წელია გრძელდება.
რამდენად წაადგება ივანიშვილს მის გვერდით მყოფი ექსპერტების რჩევები და რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს მან მუშაობა, თუU მართლა უნდა, რომ სააკაშვილის ტირანია დაამარცხოს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს, გორში მიმხდარ ინციდენტებს და საერთოდ, რაზე მიანიშნებს ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები?
_ რამდენიმე ასპექტზე მინდა გავამახვილო საზოგადოების ყურადღება. პირველი _ ხელისუფლების შეფასება, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენია თავის არსენალში, თუ არა პროვოცირება და ხალხის დაშინება. ხელისუფლებას არასოდეს ჰქონია რაიმე სათქმელი ხალხისათვის. ის მხოლოდ მონოლოგშია ძლიერი. შესაბამისად, სპექტაკლების და შოუების დადგმა გამოსდის. მაგრამ საკმარისია გაჩნდეს მეორე სუბიექტი, რომ თავის თავს რეალურად აჩვენებენ და არგუმენტად მხოლოდ ძალადობა შერჩებათ ხოლმე. მეორე ასპექტი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ და არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წინა ასპექტი: უკვე პრაქტიკულად მთელი 20-25 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე მოვლენების წინაშე ვდგავართ სახელისუფლების ცვლილებების დროს. წინა პლანზე გამოდის არა კონკრეტული იდეები, ღირებულებები, არამედ სრულიად აპოლიტიკური ქმედებები. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუჩვენებთ, რომ ჩვენ მართლაც საბჭოთა ჯურღმულიდან 20 წლის გამოსული ადამიანები ვართ, რომლებთანაც არ შეიძლება ცივილური ურთიერთობა და არ შეიძლება ვისაუბროთ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტებზე. იგივე ჰილარი კლინტონის განცხადება _ 20 წლის წინ დახურული სივრციდან გამოსულის კვალობეზე, არაფერი გიშავთო, ამის ნათელ დადასტურებაა. აქცენტები არასწორად კეთდება. ხდება საზოგადოების ეგზალტირება. შემდეგ ხდება ამ ეგზალტაციის და სიძულვილის პოლარიზაცია. შემდგომ კი ისეთი შედეგი დადგება, რა ამ სპექტაკლების დამდგმელებს აწყობთ.
_ ანუ ამ არჩევნებზეც ის შედეგი დადგება, რაც მიშა მაჭავარიანმა გაახმაურა, ახალ პარლამენტში `ნაციონალური მოძრაობა~, `ქართული ოცნება~ და `ქდმ~ შევლენო?
_ რა თქმა უნდა. აშკარად იკვეთება წინასწარ დადგმული სპექტაკლი. დღეს პრაქტიკულად იდეოლოგიური დაპირისპირება არ არის. დღეს არის მხოლოდ ხელოვნურად გამიჯნული ბრძოლის ფორმები. ხელისუფლების ქმედება გასაგებია, მას სხვა არგუმენტი და სხვა შესაძლებლობა არ აქვს. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიყვება ამ თამაშში `ქართული ოცნება~. გასაგებია, `გაერთიანებული ოპოზიცია~ რატომ მიყვებოდა ლევან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით; ვნახეთ, ბურჯანაძის ხელმძღვანელობითაც რატომ მიყვებოდა, მაგრამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით რატომ მიყვება, ჩემთვის გაუგებარია. ნამდვილად არ მინდა ვიხილო ბიძინა ივანიშვილი ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების რანგში და იმ შედეგით, რაც მათ მიიღეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ჩემი ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. აქედან გამომდინარე, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს უფრო ქმედითი ტაქტიკა და აჩვენოს ის მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესდება და მათი მხრიდან იქნება რეალური მხარდაჭერა და არა ის, დავუშვათ, რაც მოხდა ბრიუსელში. თუ სააკაშვილს დავტოვებთ ასე მოქმედებებში, ბუნებრივია, დადგება ის შედეგი, რომელიც ბრიუსელში დადგა.
_ თქვენი აზრით, რატომ მიყვება ივანიშვილის ხელისუფლების თამაშს, ივანიშვილი ჯერაც გამოუცდელი პოლიტიკოსია? მისი კოალიციის წევრები ხომ საკმაო დროა პოლიტიკაში არიან, ისინი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებენ?
_ კოალიციის წევრების უმეტესობა მსგავს ქმედებებში ხშირად იყვნენ და მათ, როგორც ჩანს, ამოწურეს თავის თავი და სხვა ქმედებები მათ არ იციან. ამ პოლიტიკურმა პარტიებმა და ამ ე.წ. ექსპერტებმა, რომლებიც ყოველთვის სხვაზე იყვნენ აკიდებული, ჟვანიაზე, სააკაშვილზე, ბადრი პატარკაციშვილზე, ლევან გაჩეჩილაძეზე _ ეს ხალხი არ შეცვლილა და მუდამ ასე იქცეოდა. ასე გვიმტკიცებდნენ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე, ჩვენ არ გვინდა აქციები, სასამართლოს გზით მოვუგებთ სააკაშვილსო. როცა სასამართლოზე დაგვიანებით შეიტანეს სარჩელები და ელმენტარული უცოდინრობა გამოამჟღავნეს, მაშინ მეორე ტური იქნება საპარალმენტო არჩევნებიო და როგორც დასრულდა ეს არჩევნები, ყველამ კარგად ვიცით. ამ ექსპერტების ანალიტიკური მონაცემები, ყველასთვის ცნობილია. მათ მიერ დაგეგმილი, შეფასებული და განხორციელებული ნაბიჯები ვიცით, როგორია. ამ ხალხს პერსონალურად არაფერი დაკლებია _ ძალიან კარგი შემოსავალი აქვთ, საზღვარგარეთ ვიზიტებში დადიან და კარგადაც ცხოვრობენ. სამწუხაროდ, მერე სააკაშვილი ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს უსწორდება და ამათი ახირებები, ხუნტრუცი და უვიცობა, შემდეგ აისახება ჩვეულებრივ მოსახლეობაზე, რომელსაც წაართვეს ბიზნესის უფლება, შემოქმედების და საეროდ, ადამიანის უფლებები და პრაქტიკულად აქციეს ხელისუფლების შემყურე უსახურ მასად. ეს სახლხი ყოველთვის ასე იქცეოდა. გადახედეთ ამ პარტიების და ამ ექსპერტების განცხადებებს თუნდაც ბოლო 7 წლის განმავლობაში და დამეთანხმებით, რომ იგივეა. მაგრამ ამას რატომ აკეთებს ივანიშვილი, დღეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. პოლიტიკაში ახალი მოსული ვარო, არა მგონია, ეს სერიოზული არგუმენტი იყოს, რადგან 2003 წლიდან თვალყურს ადევნებს ამ პროცესებს, თვითონაც მონაწილეობდა და ის ხალხი მაინც უნდა იცოდეს, ვინც მის გარშემოა. ასე რომ, მე ამ კითხვაზე დღეს პასუხი არ მაქვს. ვიმედოვნებ, დღეს თუ არა ხვალ ივანიშვილი შეძლებს ვითარების კარდინალურ შემობრუნებას.
_ ივანიშვილმა კარგად უნდა გაანალიზოს, რაც ურჩევენ მას თანაგუნდელები, კოალიციაში შემავალი ლიდერები?
_ თანაგუნდელები ამ შემთხვევაში, არავის აინტერესებს. არც ის ექსპერტები და ის პარტიები აინტერესებს ვინმეს. მათ საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია ხაზი გადასმული აქვთ. ყველას ამ შემთხვევაში აინტერესებს არა მიზეზი და საბაბი, არამედ რეალური შედეგი. ამ შედეგზე პასუხისმგებელი კი მხოლოდ ერთი პირი _ ბიძინა ივანიშვილია. მან ასე შესთავაზა თავის თავი ქართულ საზოგადოებას. თავისთავად, ერთ კაცზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება, სიმართლე გითხრათ, არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული არ არის, მაგრამ ასე შესთავაზა თავის თავი ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, თვითონ არის პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე და იმაზეც, მის გარშემო არსებული ზოგიერთი პარაზიტი, კიდევ გააგრძელებს თავის პარაზიტულ ცხოვრებას თუ არა. მაგრამ ქართვლი ხალხი სწორედ ივანიშვილზე აკეთებს აქცენტს და ის ავანსი, რომელიც მის მხარდასაჭერად იყო გაწეული, ბუნებრივია, უნდა იყოს ანაზღაურებული და შესაბამისად, ეს ქვეყანას უნდა დაეტყოს. თუ ეს ასე არ იქნება, ალბათ, ქვეყნისთვისაც და თითოული ჩვენგანისთვისაც ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ივანიშვილს გადახედოს ტირანიის წინააღმდეგ მსოფლიო ბრძოლის პრაქტიკას და ამ ცოდნით აღჭურვილმა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი მხრიდან არის გადასადგმელი.
_ თქვენ ახსენეთ, ივანიშვის მიერ თავის თავზე აღებული პასუხისმგებლობა. მან ასევე თქვა, რომ ის აუცილებლად მოვა უმრავლესობით ახალ პარლამენტში, რაშიც ეჭვი არც გაეროში მომუსავე სალომე ზურაბიშვილს ეპარება. ზურაბიშვილმა ევროპარლამნტში დაფიქისრებული პოზიცია ოლიგარქი ივანიშვილის მიმართ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თქვენ რას იტყვით?
_ ჩვენ რატომღაც გვიკვირს და გვგონია, შედეგი, რომელიც ევროპარლამენტში დადგა, არაბუნებრივია. ძალიან ბუნებრივი შედეგია, რატომ გვიკვირს? ვინმემ იმუშავა ევროპის სახალხო პარტიასთან ან ევროპელ დემოკრატებთან? ვინმემ იმუშავა ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ჯგუფთან? ვინმემ ჩაიტანა აქედან ობიექტური ინფორმაცია, სააკაშვილი რა ქმედებებს ახორციელებს პოლიტიკური კუთხით, და არა ჰუმანიტარული კუთხით. იყო საუბარი მის ფლირტზე რუსეთის ხელისუფლებასთან?! ეს ინფორმაცია რომ ჩასულიყო იგივე ლანცბერგისთან, არა მგონია, მას ასეთი განცხადებები გაეკეთებინა. პირიქით, ხელისუფლებიდან თუ ოპოზიციიდან, არასამთავრობო სექტორიდან თუ პრესიდან ეს ადამიანები იღებენ იმ ინფორმაციას, რომელიც სრულად საკმარისია იმ დასკვნების გასაკეთებლად, რაც მოვისმინეთ. ლანცბერგისის გამოსვლა პრაქტიკულად არის ქართული პრესის სათაურების გამეორება. როცა ქართულ ოპოზიციურ პრესაში იბეჭდება მასალები სააკაშვილის სომხობასთან დაკავშირებით, დედამისის პიკანტური ცხოვრების დეტალებზე, სხვადასხვა ისეთ თემებზე იბეჭდება სტატიები, რომელიც ადამიანმა არ უნდა იკადროს პოლიტიკურ ბრძოლაში და ხდება ამის ტირაჟირება და ამაზე პრეზიდენტი არ რეაგირებს, შემდეგ ჩვენ გვინდა ევროპას დავუმტკიცოთ, რომ სააკაშვილი დიქტატორია?! პირიქით, ეს სათაურები, ამ პოლიტიკოსების განცხადებები სწორედ სააკაშვილს ეხმარება, რომელიც ამ გამონათქვამებს მთელ ევროპაში აფრიალებს და ეუბნება, შეხედეთ, როგორი ოპოზიცია მყავს _ ეს ოპოზიცია ვერ იტანს მეზობლებს, ურთიერთობებს, თავისუფალ აზრს და ვერ იტანს გამოხატვის თავისუფლებას. ამ ადამიანებთან გარკვეულწილად ავტოკრატიისთვის დამახასიათებელი ქმედებებიც არის საჭირო და კეთილი ინებეთ, თვალი დახუჭეთ ამ ქმედებებზე; როგორც თავის დროზე ათათურქმა შეძლო და შემოაბრუნა შუასაუკუნოვანი ოსმალეთის იმპერია დემოკრატიული ევროპული ღირებულებისაკენ, მეც ასე უნდა გავაკეთოვო. გახსოვთ, მის მიერ საკუთარი თავის შედარებები ათათურქთან მიმართებაში. ევროპისთვის გარკვეულწილად ეს ყოველივე გასაგებია. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ვიქცევით არასწორად, არ ჩავდივართ და არ ვეუბნებით, რომ ელემენტარულად, სააკაშვილის პრორუსული ქმედებებზე, სააკაშვილის მიმართებაზე ისლამურ ექსტრემიზმთან. ამის მაგივრად გაზეთები აჭრელებულია _ სააკაშვილი ერთადერთი დასაყრდენი ამერიკისა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რეგიონში. ჩვენვე ვუწყობთ ხელს ამ ყველაფერს. არ ვიცი, ეს უცოდინრობით ხდება თუ შეგნებულად და სააკაშვილისგან არის მართული. თუმცა, მე მეორე მოსაზრებას უფრო ვემხრობი. ამ განცხადებების და ამ გაზეთების ტირაჟირებას ხელს სააკაშვილი უწყობს. ამიტომ, როდესაც დასავლეთზე ვსაუბრობთ, აღშფოთება კი არ არის საჭირო, არამედ დაჯდომა და ყოველდღიური მუშაობა. ელემენტარულად, მათ თუ არ იციან მისამართები და არ იცნობენ პიროვნებებს, `სახალხო პარტიას~ შეუძლია ეს სამსახური გაუწიოს და მიაწოდოს ინფორმაცია, ვის რა თემაზე ელაპარაკონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამაში არც არაფერს ვითხოვთ, ოღონდ საქართველოს საქმე გაკეთდეს. მაგრამ თუ არ იღებ ამ მომსახურებას და შენი არ იცი, უკვე შეგნებული სახელმწიფოებრივი დანაშაულია, იმიტომ რომ თუნდაც იმ ბრძოლაში, რასაც საგარეო დახმარება ჰქვია, ამ ბრძოლაში ქართველ ხალხს ასეთი დახმარება მოუსპო, ეს დანაშაულია. და აი, ამ პარტიებმა, რომლებიც ამ ვიზიტებში ათიათასობით დოლარს ხარჯავენ, პრაქტიკულად ქართველ ხალხს ასეთი დახმარება მოუსპო ცივილიზებული სამყაროსაგან. სწორედ ეს არის პრობლემა. თუ გვინდა თავი მოვიტყუოთ და ვთქვათ, რა კარგები ვართ და დასავლეთი ვერ გვიგებს, ეს უკვე მაზოხიზმია. სამწუხაროდ, ამ 7 წლის განმავლობაში რაღაც მაზოხისტურ ელემენტებს უკვე ვხვდებით ქართულ პოლიტიკაში. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. დარღვეულია ყველა პოლიტიკური ბრძოლის კანონი, რაც მსოფლიომ დააგროვა ტირანიასთან ბრძოლაში და მერე გვიკვირს, რატომ ვერ ვიმარჯვებთო. ქვეყნისთვის ბრძოლის საქმეს თუ ბიზნესად აქცევ, ბუნებრივია, შედეგი არ დადგება.
_ ანუ ამ ეტაპზე პოლიტიკურ ბრძოლაში ხელისუფლება უგებს ივანიშვილს?
_ რა თქმა უნდა. ინიციატივა ხელისუფლების ხელშია, დიდ აქციებს წინააღმდეგობას არ უწევს, მაგრამ ადგილებზე პრაქტიკულად არ აძლევს ოპოზიციას საშუალებას, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას. ოპოზიცია თვითონ არ იღებს თავის თავზე ამ მნიშვნელოვან ფუნქციას და გართულია ვირტუალური ბრძოლით, რომელიც იყო 2005-დან 2012 წლამდე. თითქოს არ გადიან კანონის სივრციდან, თითქოს ყველაფერს აკეთებენ რომ სამართლებრივი ბრძოლის რეჟიმში იყვნენ და შემდეგ მაზოხისტური ტკბობით ჩვენ, ქართველ ხალხს, გვეუბნებიან ხელისუფლება ამას კადრულობს და ა.შ. ტირანი იკადრებს აბა, რას იზამს?! ჩაგისაფრებს ხალხს შეხვედრაზე და იმ კანონს მიიღებს, რომელიც მას აწყობს. აბა, ტირანი სხვაგვარად როგორ მოიქცევა.