2012-09-05 “ახალი თაობა”
ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი და სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ სწორედ უნდა დასვას საკითხები და ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის.
- დღეს რაიმე საუბარი იმაზე და ლოგიკური მოსაზრება, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები ქართული სახელმწიფოებრიობის განმტიცებისათვის იყო საჭირო, პრაქტიკულად შეუძლებელია. იკვეთება ერთადერთი ვერსია, რომ ხელისუფლება რაღაც გარიგებაში იყო ვიღაცასთან და და ამ გარიგების შედეგად ვიღაცის წინაშე ვალდებულება შეასრულა და ჩახოცა ეს ადამიანები. ასეთი ვიღაცა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სუბიექტი – რუსეთი, – აცხადება მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სააკაშვილის ხელისუფლების მორჩილება რუსეთისადმი და მის მიმართ ვალდებულებების გასტუმრების მომენტი.
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს არჩევნების წინ პროცესი? ამ საკითხის ირგვლივ გავესაუბრეთ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძეს.
- ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით, ლაფანყურის ფაქტიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექნილ ვითარებას და არჩევნებამდე შეიძლება ვითარება სახიფათოდ დაიძაბოს?
- პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, ნამდვილად ვერ უწოდებ კლასიკური გაგებით არჩევნებს და საარჩევნო პროცესს. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ, რომელიც ძალადობრივი გზით მოვიდა თავის დროზე სახელმწიფოს სათავეში და უზურპაციით ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას, დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომო გამოუცხადა საკუთარ ხალხს. მიზანი ნათელია – კიდევ ერთხელ დარჩეს ხელისუფლებაში და თან ხელისუფლებაში დარჩენა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში გაამყაროს იმ პროცედურით, რასაც ვითომ არჩევნები დაარქვა სააკაშვილმა. პრაქტიკულად ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაშიც არალეგიტიმური იყო საქართველოში; უკანონო, ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით. დღესაც მისთვის აუცილებელია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ფაქტობრივად, სამამულო ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. ნაციონალებისთვის ეს არის სამამულო ომი იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, ქართველი ხალხის ნებაყოფლობით ესენი ვერც ხელისუფლებაში მოვიდოდნენ და ვერც დარჩებოდნენ ამდენ ხანს.
- სპეცოპერაცია, რომელიც პანკისელების ლიკვიდაციით დასრულდა, სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით?
- მთლიანად სახიფათოა საერთო ეგზალტაციის ფონი. პრაქტიკულად მოსახლეობის უმეტესობა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამ ხელისუფლების ჩამოცილებას. მაგრამ ეს ხელისუფლება სერიოზულ ბერკეტებს ფლობს და წინააღმდეგობას უწევს ქართველი ხალხის ამ სურვილს. აქედან გამომდინარე, ეს ეგზალტირება ძალიან საშიშია ყველა მიმართულებით. იმიტომ, რომ მწყობრიდან გამოსული ადამიანი უკვე საღი აზრის კუთხით აღარ ექვემდებარება განსჯას. ის ფაქტობრივად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება მისთვისაც კი საზიანო აღმოჩნდეს, ოღონდ ეს ხელისუფლება მოიცილოს. ასეთ პირობებში ნებისმიერი ესკალაცია დამღუპველია ქვეყნისთვის და შეიძლება პროცესები უმართავ რეჟიმში გადავიდეს. მათ შორის ისეთი, რომელიც მოხდა სწორედ ლოპოტას ხეობაში, სადაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩახოცა ყოველგვარი ახსნა-განმარტების და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების გარეშე. ასეთ ფაქტსაც შეუძლია ითამაშოს იმ ბოლო წვეთის ფუნქცია ისედაც გამწარებულ ქართველ საზოგადოებაში. დღეს რაიმე საუბარი იმაზე და ლოგიკური მოსაზრება, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები ეს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტიცებისათვის იყო საჭირო, პრაქტიკულად შეუძლებელია. ფაქტობრივად იკვეთება ერთადერთი ვერსია, რომ ხელისუფლება რაღაც გარიგებაში იყო ვიღაცასთან და და ამ გარიგების შედეგად ვიღაცის წინაშე ვალდებულება შეასრულა და ჩახოცა ეს ადამიანები. ასეთი ვიღაცა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სუბიექტი – რუსეთი. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ხელისუფლების მორჩილება რუსეთისადმი და მის მიმართ ვალდებულებების გასტუმრების მომენტი.
- ანუ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში პროცესების ესკალაციაზე წავიდა?
- ამ შემთხვევაში სხვა ვერსიის დაშვება, ანდა იმის თქმა, რომ ასე გამოვიდა და ხალხი ჩახოცა უმიზეზოდ, ნამდვილად მის თქმა არ შეიძლება. არადა, ის ადამიანები საქართველოს არანაირ პრობლემას არ უქმნიდნენ. შესაბამისად, ისინი შეიძლება გამხდარიყვნენ პრობლემა რუსეთისათვის. იმ პროცესების ფონზე, რაც მიმდინარეობს დღეს ჩრდილო კავკასიაში. აქედან გამომდინარე სწორედ სააკაშვილმა შეასრულა რუსული დაკვეთა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ რომ ყველაფერი სუფთად იყოს, სააკაშვილი აგვიკლებდა თავისი გმირული ნამოქმედარით. ელემენტარულად ამ ანტირუსული ისტერიის გამღვივებელი სააკაშვილი დღეს რუსეთს ხელს არ დააფარებდა. პრაქტიკულად მან თითქმის მინიშნებაც კი არ გააკეთა, რომ რუსეთის მოქალაქეები თუ გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და თუ რაღაც დივერსიული ჯგუფები შემოაგზავნა რუსეთმა, ამის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს და არა დაღესტანს, როგორც თვითონ ამბობდა, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მოხდა ეს ამბავიო. საქართველო-დაღესტანს საზღვარი არ აქვს. სახელმწიფო საზღვარი არის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. აქედან გამომდინარე სააკაშვილი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ რუსეთის მიმართულებით კენჭები ისროლოს, დღეს ისე მშვიდად განიხილავს ამ თემას რუსეთის გარეშე, რომ ეჭვებს ნამდვილად აჩენს.
- როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკურ დაფაზე მოვლენები ივანიშვილის მიერ 6-პუნქტიანი გეგმის შეთავაზების შემდგომ? ივანიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ აღიარებს არჩევნებს, პარალელურად ქისტების დახოცვით ითქვა, რომ ხელისუფლებაზე შურს იძიებენ. არჩევნები შესაძლოა გადაიდოს?
- სააკაშვილი ყველაფერს ეცდება იმისათვის, რომ მან მაქსიმალური ლეგიტიმაცია მიიღოს არჩევნების გზით და ბუნებრივია, ეს თუ ვერ მოახერხა, შეეცდება, რომ ვითარება გამოიყვანოს კონტროლიდან და საერთოდ რაღაც ფორმით ჩაშალოს არჩევნები. ორივე შემთხვევაში სერიოზული ქმედებებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ არ უნდა მივცეთ არც ერთის გაკეთების საშუალება, არც მეორის გაკეთების საშუალება. აქ არის სწორედ საჭირო ოპოზიციის ერთიანი კოორდინირებული მოქმედება, რომელიც სრულებით არ ნიშნავს გაერთიანებას. აქ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია ძირითად პრინციპებზე ამა თუ იმ შემთხვევაში, უნდა ჩამოყალიბდეს ის საერთო შეფასებათა შკალა, რომლითაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ კონკრეტულ ვითარებაში, თითოეული ჩვენგანის კონკრეტული ქმედებები შევაფასოთ. ეს კონკრეტული ქმედებები დავუმორჩილოთ საერთო საქმეს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ოპოზიციის შიგნით არ არსებობს ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯები. ყველას თავისი ლოკალური ამოცანები აქვს. შესაბამისად, ეს ლოკალური ამოცანები არ არის გამორიცხული, რომ ხვალ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს ყველაფერი გამოიყენოს სააკაშვილმა. სწორედ ამიტომაც ჩვენ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ფორები და მეთოდები, რომელიც კაცობრიობამ გამოიმუშავა, საჭიროა დაინერგოს და განვითარდეს საქართველოში. ჩვენ კი სამწუხაროდ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ვცდილობთ, რაც იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს და შეუსაბამობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააკაშვილის მხრიდან. ამიტომაც რომ არ მივცეთ მოქმედების დიდი ამპლიტუდა სააკაშვილს, საჭიროა სწორედ შევზღუდოთ ის თავის ქმედებებში და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დღეს საქართველოს წინაშე.
- დაბოლოს, როგორი შედეგები შეიძლება დაიდოს არჩევნების შემდეგ? მაჭავარიანმა თავის დროზე მიუთითა, რომ ახალ პარლამენტში მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა შევაო – ხელისუფლება, ქდმ და “ქართული ოცნება”. ვითარება ამ მხრივ შეიცვალა?
- ვითარება არ შეცვლილა. პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ არ შევზღუდეთ ხელისუფლება თავის შესაძლებლობებში, ის დადებს ისეთ შედეგს, რომელიც მას სურს. თუ უნდა სამი პარტია გავიდეს, სამი პარტია გავა. თუ უნდა ხუთი პარტია გავიდეს, ხუთი პარტია გავა. მთავარი აქ არის ის, რომ მთლიანად ოპოზიციამ უნდა შეზღუდოს დღევანდელი ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში რა ციფრსაც უნდა, იმ ციფრს დადებს. თუ ხელისუფლება არ შეიზღუდა და თუ არ ექნება ილუზია იმისა, რომ შერჩება ნებისმიერი მისი ჩადენილი ქმედება და გადაწყვეტილება, ბუნებრივია, დადებს იმას, რაც მას უნდა. სწორედ აქ არის საჭირო ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი დონე, რათა ეს ილუზია გავუფანტოთ მას, რათა უარი ვათქმევინოთ მას მის მიერ დაგეგმილ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე; და თუ ამას მთლიანობაში ოპოზიცია მოახერხებს, მაშინ შესაძლებელი იქნება მცირე დანაკარგებით მივიღოთ ის შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უნდა. თუ ეს არ იქნება განხორციელებული და თუ სააკაშვილს ჩვენ მივცემთ ყველაფრის უფლებას, ბუნებრივია, როგორიც მას უნდა, ის შედეგი დაიდება. საზოგადოებაში ჩნდება ეჭვები, ეს ყველაფერი ხომ არ ემსგავსება ფარსს. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ვამბობთ იმას, რომ გვყავს ტირანი ხელისუფლება; ვამბობთ იმას, რომ ეს ხელისუფლება მზად არის, ოღონდ თავი გადაირჩინოს და საქართველო საერთოდ გაანადგუროს და მეორე მხრივ, ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი რაღაც დეკლარაციები გავაფორმოთ ეთიკურ ნორმებთან დაკავშირებით. დღეს ხალხის სწორ პოზიციას – უკმაყოფილებას არსებული ტირანიისადმი, სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. შედეგზე ორიენტირებული ქმედებით უნდა მოხდეს სააკაშვილის ტირანული რეჟიმის ჩამოცილება და ეს ოპოზიციის ლიდერებმა უნდა შეძლონ. დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ და თავიდან ბოლომდე თითოეული ლიდერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუ ასეთ გარემოში მოსახლეობის ასეთი უდიდესი მხარდაჭერის პირობებში ვერ დადგა ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
- დებატებში ვინ უნდა დაჯდეს ერთმანეთის პირისპირ ივანიშვილი და სააკაშვილი თუ ივანიშვილი და მერაბიშვილი?
- დღეს სახელმწიფო მასშტაბით ორი ლიდერი იკვეთება – სააკაშვილი და ივანიშვილი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი დღის შესაბამისად უნდა დადგეს საკითხი და დებატებიც დღეს არსებულ ლიდერებს შორის უნდა შედგეს, მაშინ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის უნდა შედგეს; რომელი პრემიერობის კანდიდატები უნდა დაჯდნენ დებატებში 2012 წელს, რომლებიც 2013 წელს განაცხადებენ პრეტენზიას? აი, ხელისუფლება გვთავაზობს ასეთ აბსურდებში მონაწილეობას. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ მივყვებით ამ თამასში და რატომ ვაძლევთ ხელისუფლებას ამ დემაგოგიის საშუალებას. უნდა გავარკვიოთ, რას ვირჩევთ დღეს. ჩვენ 1 ოქტომბერს სახელმწიფოს მეთაურს არ ვირჩევთ, ვირჩევთ პარლამენტს – დეპუტატებს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის პოლიტიკური საკითხები. მაგრამ საარჩევნო კამპანიიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ჩვენ ვირჩევთ მაშველთა კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც მოსახლების პრობლემებს – სადღაც მილი გასკდება, სადღაც შენობას გადახურვა სჭირდება, ლიფტი გაფუჭდა და ა.შ., ასეთი კამპანია მაშველთა კორპუსის არჩვას უფრო ემსგავსება, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოსი. ანუ ეს კამპანია პოლიტიკოსთა ჭიდილს კი არ ჰგავს, არამედ მაშველების არჩევას ემსგავსება. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ეს ფორმა ხელისუფლებამ შემოგვთავაზა და სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა დიდმა ნაწილმა ოპოზიციიდან ეს თამაში მიიღო, რაც არასწორია.
ავტორი: შორენა კოწოწაშვილი