ახალი თაობა
2012-08-25
ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
- ბატონო მამუკა, ფაქტია, სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლა ძალიან საინტერესოდ ვითარდება. თქვენი შეფასებით, რის წინაპირობას ქმნის პოლიტიკური ბრძოლის ეს პროცესი?
- საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება შორსაა ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ელემენტარული მოთხოვნებისგან, რაც, სამწუხაროდ, ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სააკაშვილის შექმნილი ტირანული რეჟიმი ყოველნაირად ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის საფუძვლად კონცეფციებისა და პროგრამების ჭიდილი კი არ იდოს, არამედ ბრძოლა პიროვნებებს შორის წესების გარეშე. ხელისუფლება ხელს უწყობს მოსახლეობის მაქსიმალური ეგზალტაციას, მას სურს ადამიანებმა გადაწყვეტილებები სახელმწიფოებრივი ან საღი აზრის გათვალისწინებით კი არ მიიღონ, არამედ გაღიზიანებისა და ემოციის ფონზე, რაც ხელისუფლებას აძლევს შანსს ამღვრეულ წყალში უფრო მეტი თევზი დაიჭიროს – სახელისუფლებო მექანიზმების, მთლიანად კონტროლირებული საარჩევნო ადმინისტრაციის და ფინანსური რესურსის გამოყენებით მოახერხოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პირადი მერკანტილური პრობლემების მცირე ხნით დაკმაყოფილება და საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარეზე დაყენება. ასევე იკვეთება გამჭოლ მიზნად ის, რომ სიძულვილით დაბრმავებულმა მოქალაქემ პოლიტიკური აღტკინების ტალღაზე ვერ შენიშნოს, რას უმზადებენ მას. ერთ-ერთი შესაძლო ჰიპოთეზა ამ დაძაბულობის ახსნისა ის გახლავთ, რომ განზრახულია ფართო მასის უკიდურესად გამწვავებული მორალური პროტესტისა და მოძალადე ხელისუფლებისადმი სიძულვილის ფონზე მოდუნდეს მასის ყურადღება ანტიქართული გეგმის განხორციელების უშუალო ოპერაციისადმი – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამა თუ იმ იურიდიული ფორმით, საქართველოსგან მიტაცებულ ტერიტორიათა “დამოუკიდებლობის” აღიარების მიღწევისადმი. ასევე, ხალხის მტკიცე ნება თუ ვერ დაინახა სააკაშვილმა, შესაძლებელია, სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზებაც განახორციელოს.
- მართლაც დასავლურ ინტერესებს და მოთხოვნებს ერგება ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტის – ივანიშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, თუ სააკაშვილი და მისი გუნდი დასავლეთის ფაქტორს უკვე აღარ ითვალისწინებს?
- ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ასეთი ქმედებებით ცივილიზებული სამყაროს წინაშე უკვე მერამდენედ წარვდგებით არა როგორც, მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და მაღალგანვითარებული კულტურის შემქმნელი ერი, არამედ, როგორც გამოქვაბულიდან ახლახან გამოსული ბრბო (ჰილარი კლინტონის შეფასებაც კმარა – საბჭოთა დახურული სივრციდან ოცი წლის გამოსულების პირობაზე არაგიშავთო). დასავლეთის ფაქტორს სააკაშვილი იყენებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც დაშვებულია რუსეთის სპეცსამსახურებისგან, რომელიც უზრუნველყოფს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას. დასავლეთი მთელი რიგი მიზეზების გამო თვალს ხუჭავს სააკაშვილის ქმედებებზე. ამის მიზეზი ოპოზიციის არასწორ, ბევრ შემთხვევაში დასავლეთისათვის გაუგებარ ქმედებებშიც უნდა ვეძებოთ. მაქსიმალურად უნდა წამოვწიოთ ერთი მხრივ, თემები, რომელზეც დასავლეთი თვალს ვერ დახუჭავს, და მეორე მხრივ, ქართული ოპოზიციისა და დასავლეთის საერთო ინტერესები. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და ქართული საქმის გაკეთებაც გაიოლდება.
- სააკაშვილი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მუმიებს უწოდებს და საჯაროდ აფიქსირებს, რომ ივანიშვილი რუსული ოცნების ასახდენად მოდის. პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები წინასაარჩევნოდ მომგებიანია?
- ხელისუფლების მოქმედება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა – მთლიანად ოპოზიციური სპექტრის და, განსაკუთრებით, პოლიტიკური მოძრაობა “ქართული ოცნების” მიმართ – მისი ფაშისტურ-კომინისტური რბევის გზით, არის ხელისუფალთა ბოლო შანსი საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც უღირსებო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი, მორჩილი მასა.
სააკაშვილი ტიპური ბოლშევიკურად მოაზროვნე ადამიანია. მას არ შეუძლია კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირება. მას უშუალო კონკურენტთან არც კამათი შეუძლია და არც დიალოგი. ამის ნათელი დადასტურებაა, თუნდაც თავის დროზე ჩვენი დებატები პარლამენტში თუ მის მიღმა. ამიტომაც მოწინააღმდეგეს თუ კონკურენტს, როგორც ბოლშევიკები, იგი განიხილავს როგორც მტერს. რადგანაც მას ოპონირება არ შეუძლია, როგორც ბოლშევიკების კანონიერი მემკვიდრე ოპონენტებს არ აღიარებს და პირდაპირ მტრად აცხადებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შინაგანად მართლაც მათ მტრად მიიჩნევს იმიტომ, რომ მის პირად კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, მიაჩნია, რომ მან ამდენს მიაღწია და ახლა ვიღაცა უპირებს მას განუსაზღვრელი ძალაუფლების შეზღუდვას. მტერია, აბა, რა!
ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთი ნაბიჯითაც რომ დაიხიოს უკან ან ცოტათი მაინც დაწიოს დაპირისპირების ტემპერატურა, ხუხულასავით ჩამოეშლება თავზე მისი ნაქები სახელისუფლო თუ პარტიული სტრუქტურა. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ აშკარად მიუღებელია ქართველი ერისათვის. იციან, რომ უმცირესობაში არიან და ამიტომ თვლიან, რომ საჭიროა აგრესიული, თავხედობამდე მისული შემტევი და ძალადობრივი ქმედებები და მეთოდები.
- დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მაჟორიტარების სწორად შერჩევა და ხმების არგაყოფა ოპოზიციურ ძალებს შორის. სწორი პოზიცია აირჩია “ქართულმა ოცნებამ”, როცა მაჟორიტარებთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ოპოზიციურ პარტიებთან არ წავიდა?
- ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ჯანსაღი პოლიტიკური სივრცის პარამეტრების ჩამოყალიბების, რეალური ოპოზიციური კონსენსუსის მიღწევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრების გარეშე ჯანსაღი პოლიტიკური მდგრადი სისტემის შექმნა და ქვეყნის განვითარების დაწყება შეუძლებელია. სისტემის შეცვლის მექანიზმებისა და ახალი სისტემის შექმნის პარამეტრების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება, საღი აზრი, ერთგულება და შესაძლებლობა. დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ოპოზიციის ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლებას პოლიტიკური მანიპულაციების განხორციელებაში, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის ბრძოლიდან გამოთიშვა ან არჩევნებზე ერთი ხმის დაკარგვა გამოიწვიოს. ასევე, დაუშვებელია რომელიმე სუბიექტის მხრიდან პრეტენზია ოპოზიციური აზრისა და ქმედების სრულ მონოპოლიზებაზე. ასეთმა ქმედებებმა 2006-2011 წლებში უზრუნველყო სააკაშვილი მანიპულირებების დიდი დიაპაზონით, რამაც, საბოლოო ჯამში, მისი გამარჯვება განაპირობა. ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს უფრო ქმედითი ტაქტიკა და აჩვენოს ის მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, რომლითაც გარანტირებულ გამარჯვებას უზრუნველყოფს.
- როგორ განვითარდება ძალაუფლებისთვის ბრძოლის ბოლო ეტაპი? არის ინფორმაციები, რომ ბიზნესმენების დიდი ნაწილი ივანიშვილის მხარეს დადგება, თუმცა საჯარო სამსახურებშიც არ აქვს მმართველ ძალას გარანტირებული მხარდაჭერა…
- აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილი ხალხის სტრუქტურირება და ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბება; საერთო ეროვნული ამოცანის მოაზრება, პოლიტიკური მენეჯმენტის და ინფრასტრუქტურის განვითარება და თითოეული თანამებრძოლის ადგილის განსაზღვრა ამ ამოცანის შესრულებაში. პოლიტიკაში ადამიანის ქმედუნარიანობის შეფასება უნდა ხდებოდეს მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგების და პოლიტიკური პოტენციალის მიხედვით და არა სხვა სფეროებში მიღწეული წარმატებების მიხედვით. აღნიშნული ქმედებები ისე უნდა იყოს განხორციელებული, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ სისტემის დამარცხების შესაძლებლობის რწმენა, ხოლო ყველა აქტივისტს უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა და იმის გარანტია, რომ ის მარტო არ იქნება მიტოვებული რეჟიმთან ბრძოლის დროს. შეუძლებელია ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მიღწევა, თუ არ იქნება გამოყენებული კაცობრიობის მიერ შექმნილი და აპრობირებული ყველა ის პოლიტიკური ბრძოლის მშვიდობიანი, ჰუმანური მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა ერებმა მიაღწიეს წარმატებას. რაც ხდება დღეს სამტრედიაში და წალენჯიხაში, თუ შეარჩინე, პირველ ოქტომბერს უფრო დიდი დანაშაულობების ჩადენის სტიმულს მისცემს მოძალადეს.
- დაბოლოს, რა ნაკლს ხედავთ ივანიშვილის ფლანგის ნაბიჯებში და რას ურჩევდით ლიდერს, რომელმაც საჯაროდ დადო პირობა, რომ ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა და მანამდე ერს ერთ მუშტად შეკრავს.
- ნათლად უნდა უნდა იყოს ნაჩვენები ძირითად საკითხებში სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებული ხედვები და ქმედებები. არის თემები, რომელიც შეიძლება არ გაცხადდეს ტაქტიკური მოსაზრებით, ისევე, როგორც არის თემები, რომელთა ართქმაც არ შეიძლება. ეს შეეხება როგორც საპროგრამო საკითხებს, ისე შეხედულებებს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების თაობაზე, როგორიცაა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფო მოწყობა, ოკუპირებული ტერიტორიები, სახელმწიფო საზღვრების, ეროვნული და ქრისტიანული სიწმინდეების ხელყოფა (დავით გარეჯა, ბათუმი, მამისონი და ა.შ.) და ა.შ. სოციალური პრობლემატიკასთან ერთად წამოწეული უნდა იყოს ეროვნული იდეა და ღირებულებები, სადაც ხელისუფლებას სათქმელი არაფერი აქვს და რომლისთვისაც ღირს ბრძოლაც და თავდადებაც. უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის, რომელიც დაპირისპირებულია სააკაშვილის რეჟიმს, ერთიან პოლიტიკურ სივრცედ ორგანიზება; რეჟიმის გარე ლობისტებისა და შიგა სატელიტების გაშიშვლება და მხილება, რათა მოხდეს მმართველი ძალის ბრძოლაში მარტო დატოვება. დღეს ოპოზიციური თანამშრომლობის გარეშე ხელისუფლებისა და მისი გარე ლობისტების და სატელიტი პარტიების წინააღმდეგ ერთიანი, გაშლილი ფრონტით შეტევის გარეშე შეუძლებელი იქნება ინიციატივის ხელში აღება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საბოლოო წარმატების მიღწევაში. გაუმართლებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ავკიდოთ მთლიანი პასუხისმგებლობა და ვიყოთ მომლოდინის ან ჩასაფრებული გულგრილი მაყურებლის მდგომარეობაში. თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც მიაჩნია, რომ ის ქმედითუნარიანია, სიტყვა ეთქმის და აქვს იმის ძალა, რომ ამ რეჟიმს საყრდენი რომელიმე ბოძი მაინც გამოაცალოს, ეს მან აუცილებლად უნდა გააკეთოს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად და ცალკეც.
ჩვენი ამოცანაა – მტერს გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება. უნდა გავაგებინოთ და დავარწმუნოთ საქართველოს მოსახლეობა და მსოფლიო თანამეგობრობა, რომ ჩვენ ძალგვიძს დავამარცხოთ ტერორი, დემონტაჟი გავუკეთოთ რეჟიმს და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო!
ავტორი: შორენა კოწოწაშვილი