ევროპარლამენტის წევრს ბატონ ვიტაუტას ლანდსბერგისს

ძვირფასო ბატონო ლანდსბერგისს
მოგმართავთ, როგორც წლების მანძილზე თანამებრძოლს იმპერიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და მეგობარს.
მართალია, საქართველო დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული, სამწუხაროდ, რუსეთის გადამწყვეტმა გავლენამ და ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ელემენტებმა უხვად გამოავლინა თავი ჯერ ედუარდ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ამიტომ დასავლეთის დახმარება დღესაც ისევე გვჭირდება, როგორც ადრე. 

თქვენთვის, უთუოდ, ნათელია იმ საშიშროებათა დიდი ნაწილი, რომლებიც საქართველოს ემუქრება ა.წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რადგან რუსული იმპერიალიზმის ტრადიციულ მეთოდებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება გაქვთ. მაგრამ თქვენთვის, შესაძლოა, დაფარულია ჩვენი მდგომარეობის რამდენიმე სპეციკური მხარე, რომლებსაც ჩვენი აწმყოსა და მომავლისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ მოგმართოთ თხოვნით, რათა შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ეს გარემოებები და ამით ხელი შეუწყოთ ევროპარლამენტის მიერ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საიმედო მეგობრად ვრაცხთ, პოლიტიკის ოპტიმალურად დაგეგმვას კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში. ეს გარემოებებია:
1. საქართველოს სათავეში ფარულად, მაგრამ ცალსახად პრორუსული ხელისუფლება დგას, რომლის პოლიტიკის გამჭოლი პრინციპია საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ „დასავლური ღირებულებების” ყალბი სახელით. ქართველი ხალხის შედარებით ინფორმირებულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის პირდაპირი აგენტურაა, დანარჩენთა დიდი უმრავლესობა ყოყმანობს თავის მსჯავრში. ხელისუფლების მხრიდან ერისა და სახელმწიფოს პირდაპირი ღალატის საილუსტრაციოდ კმარა 2008 წლის ომიც: რუსეთმა 5-7 აგვისტოს შემოიყვანა საქართველოში რეგულარული არმიის ნაწილები(უკვე დისლოცირებული „სამშვიდოებების” გარდა), დაიკავა საკვანძო პოზიციები და მოახდინა ძალის კონცენტრაცია. ამ მანევრით მან მოიგო ომი. სააკაშვილი ოფიციალურად დუმდა ამ მანევრის თაობაზე. 7 აგვისტოს 23 საათზე სააკაშვილმა, _როგორც ამას ამტკიცებს თვით მოვლენათა ლოგიკა, რუსეთის მითითებით, _ ცეცხლი გაუხსნა მოსახლეობისგან 2 კვირით ადრე დაცლილ ქ.ცხინვალს და გააფორმა ომის მდგომარეობაში ყოფნის დოკუმენტაცია. რუსეთმა კი შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნით „ირეაგირა” 8 აგვისტოს ნაშუადღევს.
2. სააკაშვილი და მისი მორჩილი ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი არიან არალეგიტიმური და უკანონო, ხელისუფლებაში ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულნი. ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი დივერსიული პოლიტიკა ტარდება სწრაფი ტემპით. მაგალითად, დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო ფართობები 2003 წლიდან დღემდე შემცირდა 50%-ზე მეტით, განათლება (მოსწავლეთა და სტუდენტთა რაოდენობა) თითქმის სამჯერ, სპეციალობათა სპექტრი – თითქმის სამჯერ, მეცნიერება – დაახლოებით 80%-ით(როგორც აკადემიური ინსტიტუტების, ისე საუნივერსიტეტო მეცნიერების ხარჯზე), ემიგრაცია გაიზარდა კატასტროფული ტემპით(მოსახლეობის თითქმის მესამედი გასულია), იმიგრაცია(თვით ჩინეთიდანაც კი)_ კიდევ უფრო მაღალი ტემპით. ამ ხელისუფლების მიერ საქართველოს მართვის გაგრძელება სახელმწიფოებრიობის სრულ დაქცევას გამოიწვევს სულ რამდენიმე წელიწადში. მედია მოქცეულია ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ასევე, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, არმია, თვითმმართველობის ადმინისტრაციები და ა.შ. სახელმწიფოს ნაცვლად მხოლოდ რეჟიმის ინტერესებს ემსახურებიან.
3. არსებული ხელისუფლების დასახასიათებლად უადგილოა ცნების „დემოკრატია” ხმარება რაგინდარა კონტექსში. საქართველოს დღევანდელ მართვაში სანატრელია არა დემოკრატია, არამედ ანბანური სამართლებრიობაც კი.
4.წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებით და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. დიდი მასშტაბის სისხლისღვრის ჩათვლით. სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენი აზრით, შედის რუსეთის ინტერესებშიც. მისი მონაწილეობა ყველა ანტიქართული სცენარის განვითარებაში მოსალოდნელია.
აღსანიშნავია შემდეგი: იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიციის კურსში ეჭვი გვეპარება, მაინც, მის მიერ მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება პარლამენტში შედარებით ნაკლები ზიანია ქვეყნისთვის, ვიდრე არსებული ხელისუფლების მონოპოლიური ძალაუფლების დარჩენა და განუკითხავად ბატონობა.
დასახელებულ კატასტროფათა აცილება საქართველოს ძალუძს მხოლოდ დასავლური დემოკრატიის დახმარებით. საქართველოს შინაგანი ძალები ამ ამოცანას ვერ გასწვდება მანამდე, სანამ არსებულ დივერსანტულ ხელისუფლებას მფარველობს რუსეთის ჩუმი, მაგრამ რეალური ძალა და დასავლეთის მხრიდან მისი „მეგობრობის” გარკვეულწილად ყალბი, მაგრამ ფართო მასისთვის ძალიან დამთრგუნველი რწმენა. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, როგორც ევროპელ პოლიტოკოსსა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ღრმა რწმენით, მეგობარს.
1.შეძლებისდაგვარად შეუწყვეთ ხელი ევროპარლამენტისაგან(რომელსაც ჩვენი ქვეყნის მეგობრად ვიცნობთ) იმის გაცნობიერებას, რომ საქართველოს დღეს არა მხოლოდ საგარეო ურთიერთობებში სჭირდება დახმარება(რასაც ევროპის მხრიდან უხვად ხედავს), არამედ, სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაშიც.
2.რომ რუსეთის პოლიტიკის ერთერთი ფუნდამეტური მიზანია (მისთვის ოპტიმალურ ვარიანტად) საქართველოს დაპყრობა(ან თურქეთთან განაწილება), ან საქართველოს გადაქცევა გაუვალ ზონად, სისხლიან ქაოსად, რათა
_არ შედგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა;
_ დასავლეთს გზა გადაეკეტოს შუა აზიისკენ და პირუკუ.
ამ გეოსტრატეგიულ მიზნებზე რუსეთი ხელს ნებაყოფილობით არ აიღებს. მან ეს მრავალმხრივი იძულებით უნდა ქმნას. შავი ზღვისა და კავკასიის გადარჩენის გზა რუსეთის ამ იმპერიული გეგმის დამარცხებაზე გადის.
3. დასავლეთს შეუძლია დიდი ძალისხმევით, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში ტოტალური გაყალბებისგან დაიცვას. ჩვენი თხოვნაა, რომ დასავლეთმა ეს ძალისხმევა გაიღოს. თუ დასავლეთმა ეს ვერ შეძლო, მაშინ საქართველოში მმართველ კლიკას არ მისცეს დასტური, თითქოს არჩევნების შედეგებმა ხალხის აზრი და განწყობილება ასახა.
4.დასავლეთმა მასობრივად უნდა იცოდეს, რომ მისი ერთადერთი საიმედო მოკავშირე საქართველოში არის ქართველი პატრიოტი და არავინ სხვა.

პატივისცემით
საქართველოს სახალხო ფრონტის სახელით ნოდარ ნათაძე
სახალხო პარტიის სახელით მამუკა გიორგაძე
17.09.2012წ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress