ხელისუფლებას აქციები არ უნდა დავარბევინოთ!” “ოპოზიციამ ადამიანები მარტო არ უნდა დატოვოს რეჟიმის პირისპირ – 2012

giorgadze-1

ახალი თაობა      2012-06-29
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

- როგორ შეაფასებთ იმას, რაც ხდება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით?
- ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მისთვის დამახასიათებელი ტაქტიკით ბრძოლა, უფრო სწორად, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, შესაბამისად ის ასეთი ფორმით მოვიდა ხელისუფლებაში, ასეთი ფორმით აგრძელებდა ბრძოლას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ წლების მანძილზე, ასეთი ფორმით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას აქვს გეგმა ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში საპროტესტო მუხტით და დაარბიოს, დაასუსტოს ოპოზიცია?
- მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენთან უფრო მეტს საუბრობენ საშუალებებზე, ვიდრე მიზანზე. არჩევნები, პიკეტი, პრესკონფერენცია, ეს ყველაფერი საშუალებაა იმისათვის, რომ მიაღწიო მიზანს. ჩვენთან თითქოს სტერილურ გარემოში ვცხოვრობთ, კეთდება განცხადებები და ისეთი საუბარი მიმდინარეობს, თითქოს მხოლოდ აქციებით, არჩევნებით შეიძლება რამის შეცვლა. ეს უნდა იყოს აღებული არსენალში, თუ საჭირო იქნება ეს აქციაც სწორად უნდა იყოს გაკეთებული, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, უნდა იყოს ის გამოცდილება გაზიარებული, რომელიც დაუგროვდა თუნდაც საქართველოს ეროვნულ მოძრაობას ან დაგროვდა მსოფლიოში ტირანიის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევაშიც თუ სწორად იქნება წარმართული მეთოდები, არჩევნებიც და სხვა ქმედებებიც იქნება შესაბამისი შედეგის მომტანი. ასე რომ იყოს, დაარბიოს ხელისუფლებამ აქცია და ამის გამო ქუჩაში არ გამოვიდეთ, იქნებოდა ისევ საბჭოთა კავშირი. ეს არასერიოზული საუბარია. არ დავარბევინოთ აქციები, ისე ვიმოქმედოთ, რომ ამ დარბევამ უფრო უარესად იმოქმედოს ხელისუფლებაზე. მთავარია შევინარჩუნოთ ბრძოლის უწყვეტობა. ეროვნული მოძრაობის დროს ამა თუ იმ დარბევისას რომ შეგვეწყვიტა ბრძოლა, შემდეგ შედეგს კი ვერ მივაღწევდით. ეს უნდა იყოს სწორი ბრძოლა და ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ არა ამა თუ იმ ბრძოლის მეთოდებზე, არამედ ამა თუ იმ მეთოდის სწორად გამოყენებაზე.
- გასაგებია, რომ ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციებზე იწვევს “ქართულ ოცნებას”. თქვენ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, რას ურჩევდით “ქართულ ოცნებას”, როგორ უნდა იმოქმედოს მან?
- ეს არის არა მარტო ჩემი რჩევა. მე არა მაქვს უფლება, რაიმე კორექტივები შევიტანო სხვა ორგანიზაციის მოქმედებებში, ჩვენ სახალხო პარტია როცა არჩევნებში ვმონაწილეობდით, მთავარი იყო ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სწორად სტრუქტურირება, ერთიან ძალად ჩამოყალიბება და წინააღმდეგობის გაწევა ტირანიისადმი. ტირანიის საყრდენი წერტილების ჩამოშლა – ეს არის უმთავრესი ამოცანა ოპოზიციური ჯგუფისათვის. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც არჩევნების გაყალბება მინიმუმამდეა დაყვანილი, ან ვცხოვრობდეთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ხელისუფლებას სურვილი არ ექნება, მოახდინოს ძალადობა ან უზურპაცია, მაშინ ჩვენ ამ მეთოდიკის გამოყენება არ დაგვჭირდებოდა. მაგრამ რადგანაც ვცხოვრობთ ასეთ სახელმწიფოში, მხოლოდ და მხოლოდ სწორი ბრძოლით, სტრუქტურირებით, მხოლოდ ისეთი მექანიზმების ამუშავებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს არსებული რეჟიმის სრული დემონტაჟის განხორციელებისა, რომელიც მოგვცემს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სტრუქტურირებას და მისი ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბებას, საერთო ეროვნული ამოცანის გააზრებას, პოლიტიკური მენეჯმენტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და თითოეული თანამებრძოლის ადგილის განსაზღვრას, ამით მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. დღეს საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს დაცულობის განცდა და იმის გარანტია, რომ ის არ იქნება მარტო მიტოვებული რეჟიმის პირისპირ, სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები რეჟიმთან მარტო გვყავს მიტოვებული. რეჟიმი მარტო მყოფ ადამიანს ყოველთვის დაამარცხებს. რჩეულთა ხვედრია, რომ პიროვნებამ რეჟიმის წინააღმდეგ წარმატებით იბრძოლოს და მერაბ კოსტავა, გია ჭანტუარია, მარიამ ბაღდავაძე, ეროვნული მოძრაობის ლეგენდები იშვიათი გამონაკლისები იყვნენ. ამ ადამიანებმა შეძლეს პიროვნულად დაემარცხებინათ სისტემა. ამიტომ არ უნდა დავტოვოთ ადამიანები მარტო რეჟიმთან. ეროვნული მოძრაობის მიტინგები მაქსიმალურად ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი იყო, არ გვიკვირს ეს, ამავე დროს ადგილებზე წერტილოვან დარტყმებსაც ვახორციელებდით და ვუკარგავდით ხელისუფლებას იმის სურვილს, რომ წამოსულიყო პროვოკაციაზე. რამდენიმე რაიონში მოხდა შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელმა გალახა “გლობალ ტივის” დაყენების დროს მუშა, ამას თუ შევარჩენთ, ამ არჩევნებზე ნუღარ გვექნება იმედი, რომ შევძლებთ ადგილებზე ხმების დაცვას. დაიჭირეს ესა თუ ის აქტივისტი? არ უნდა შევარჩინოთ ხელისუფლებას, სამართლებრივი გზებით, აქციებით უნდა დაინახოს მოქალაქემ, რომ ოპოზიციურ სპექტრს შესწევს უნარი, დაიცვას ეს მოქალაქე, თუ ვერ დავანახვებთ ამას ადამიანებს, ეს ადამიანები ორგანიზაციულ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან. 1988 წელს ნოემბერში სამოცი კაცი დავსხედით საშიმშილოდ. ამ სამოცი კაცის თავგანწირვაში დარწმუნებული საზოგადოება ათი ათასობით მოვიდა მეორე დღეს და კარგად გვახსოვს, რამხელა მიტინგები იმართებოდა. ხალხი დარწმუნდა, რომ თავგანწირვაზე შეგვეძლო წავსულიყავით, იდეა, რომლის გამოც ღირდა თავგანწირვა და შესაბამისად, დარწმუნებული იყვნენ, რომ არც ერთ მოქალაქეს არ მივატოვებდით და შემდგომ როცა ქალაქში ტანკები გამოჩნდა, თითოეულმა ადამიანმა თავი რიგით ჯარისკაცად წარმოიდგინა და 9 აპრილს ტანკებს უწვებოდა ქუჩაში.
- ანტენების საკითხი ახსენეთ, ხელისუფლება დღედღეზე მიიღებს კანონს, რომ ყველა საკაბელო არხმა უნდა უზრუნველყოს ოპოზიციური ტელევიზიების ჩართვა. როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა ხელისუფლება ამ დათმობაზე?
- ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ბრძოლის აღქმის უნარიც განსხვავებული გვაქვს. ისეა მიჩნეული, თითქოს სააკაშვილს უკან დავახევინეთ, არის კმაყოფილება ოპოზიციურ სპექტრში. 2008 წელს იყო საუბარი, თბილისი დავათმობინეთ, არა, ასეთი ეიფორია დამღუპველია. 2007-2011 წლებში გახსოვთ, რა ხდებოდა, სააკაშვილი დავამარცხეთ, დავათმობინეთ, ისეთ აბსურდამდე მივიდა საქმე, როცა 2007 წელს მიხეილი გადადგა, ახალი არჩევნები დაინიშნა, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაჰკიოდა, ნახეთ, რას მივაღწიეთ, მიშა გადავაყენეთო. ორმოც დღეში ყველაფერი დადგა თავის ადგილას. ეს ეიფორიული განცდა უნდა მოვიხსნათ და საჭიროა რეალურ ბრძოლაში ჩავერთოთ. სააკაშვილი დააპატიმრებს ვიღაცებს, დააყადაღებს ანტენებს, გაანადგურებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, განახორციელებს შეტევას ბანკებზე, მერე კი ცოტა ხნით დაიწევს უკან იმიტომ, რომ მოაჩვენოს მთელს მსოფლიოს როგორი დემოკრატია ის, ამ დათმობის დროს ჩვენ ვვარდებით თვითკმაყოფილებაში.
რაც შეეხება კომუნიკაციების საკითხს, რა თქმა უნდა, ამაზე ივაჭრეს, მისი ამოცანაა, რომ გარეგნულად დასავლეთი არ შემოედავოს მას არჩევნების დროს უკანონო ქმედებებში. მაგრამ არჩევნებამდე აგვარებს ის საკითხებს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციას გახსნილი ხომ ჰქონდა ტელევიზიები, არ გახსოვთ ის შოუები, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიური კანდიდატები?
- თავიანთი ოჯახებითაც კი მონაწილეობდნენ ინგა გრიგოლიას გადაცემაში.
- დიახ, სააკაშვილისთვის აღარ არის საშიში ოპოზიციური არხები, როცა მთელი საქართველო აგუგუნებულია, იქ ტელევიზიებს გაუშვებს თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ახალი არაფერი ხდება, უბედურება ისაა, რომ ჭკუა ვერ ვისწავლეთ, ამ მწარე გამოცდილების გაანალიზების ნაცვლად ისევ და ისევ ვუშვებთ შეცდომებს.
- მაშინ გაჩეჩილაძემ პირწმინდად მოუგო სააკაშვილს დედაქალაქში, მაგრამ დათმო რეგიონებში ნაციონალების სასარგებლოდ. დღეს რა ვითარებაა, რეგიონებში რა შანსები აქვს ნაცმოძრაობას და ქართულ ოცნებას?
- დღეს დიდი ცვლილებები არ არის, დღეს რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის 90( მიბმულია ხელისუფლებაზე, ბიუჯეტზე, მიბმულია ყოველდღიურად იქ არსებულ ადგილობრივ რეჟიმზე. რაიონებში მოშლილია პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ შეწყვიტა ფუნქციონირება რაიონებში. სანამ არ იქნება აღდგენილი პოლიტიკური ინფრსტრუქტურა, სანამ მოსახლეობას არ ექნება იმის განცდა, რომ ის არ იქნება მარტო დატოვებული ამ ბრძოლაში და არ დაუბრუნდება პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა, სანამ არ გაჩნდება თავგანწირვის მოტივი, შეუძლებელია მოსახლეობამ ხელმძღვანელის გარეშე იბრძოლოს და გამარჯვებას მიაღწიოს. საკითხის დასმა, რომ სააკაშვილის წასვლის გამო თავი გავწიროთ, ეს მოსახლეობისთვის არ არის დამაჯერებელი, ჩემთვისაც არ არის დამაჯერებელი, რატომ უნდა გავწიროთ თავი სააკაშვილის წასვლის გამო, რატომ უნდა შევწირო სააკაშვილს ჩემი ოჯახი, მეგობრები, მეზობლები. თუ წინა პლანზე წამოვა იდეა, მაგალითად, თუ დავით გარეჯის ის ორი პროცენტი არ იქნება დაკარგული, მე ამისთვის მზად ვარ, თავი გავწირო, ეს ორი პროცენტი ღირს არათუ ჩემს სიცოცხლედ, არამედ ჩემი ოჯახის და ახლობლების კეთილდღეობად. ჩვენმა წინაპრებმა ასეთი განცდით შემინარჩუნეს გარეჯი. არასწორად არის დასმული საკითხი – სააკაშვილი სჯობს თუ ვინმე სხვა. არ არის წინა პლანზე წამოწეული იდეოლოგიური განსხვავებები, მოსახლეობას უჩნდება არჩევანი, ვისთან უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. ბრძოლის მატერიალიზაცია არ არის მომგებიანი ჩვენთვის. სააკაშვილი იმიტომ კი არ მომწონს, რომ პიროვნულად არ მომწონს, არამედ იმიტომ არ მინდა, რომ დაანგრია ჩემი ქვეყანა, მან გამოაცხადა სოხუმი არა საქართველოს ტერიტორიად, გარეჯზე ხმას არ იღებს, აზიზეის მეჩეთის აშენების უფლებას იძლევა, არაქართულ და ანტიმართლმადიდებლურ ღირებულებებს თესავს. თუ ეს იდეები არ იქნება წამოწეული წინ, საზოგადოების მოტივაცია იქნება დაბალი. დამოუკიდებლობის იდეისთვის ხალხი მზად იყო, თავი გაეწირა. კოხტა აფხაზი, მარო მაყაშვილი ამბობდნენ, ბედნიერი ვართ, რომ სამშობლოსთვის შეგვიძლია თავი გავწიროთ. თუ ამ იდეებს წინა პლანზე არ წამოვწევთ, ბრძოლის მოტივაცია არ გვექნება და ეს დავა მხოლოდ მატერიალურ ინტერესებამდე. სააკაშვილს ხელთ უპყრია ბიუჯეტი, მთელი ადმინისტრაცია, გაცილებით მეტი ფული აქვს, ვიდრე ივანიშვილს, უფრო მეტი ფულის მობილიზება შეუძლია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიდრე ეს ივანიშვილს შეუძლია. შეიძლება ამის გამო საზოგადოებას არ ეყოს თავის თავში ის ძალა, რომ დადგეს სიმართლის მხარეზე.
- თქვენ ახსენეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს რეჟიმის პირისპირ მარტო, თავად თქვენ როგორ იბრძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, გაქვთ ვინმესგან შეთავაზება, რომ უფრო აქტიურად ჩაებათ ამ ბრძოლაში?
- ჩვენ გვაქვს ჩვენი სივრცე, ჩვენი ამოცანა, კონკრეტული მიმართულებით ვცდილობთ ტირანიას ის საყრდენი წერტილი გამოვაცალოთ, რომელიც ამ ნაწილში უდგას მას. სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიაში იმყოფებოდა. ევროპის სახალხო პარტია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა. სამწუხაროდ, უფრო მეტი რესურსი არა გვაქვს, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ ევროპის სახალხო პარტიას მუდმივად მივაწოდოთ ის ინფორმაციები, რაც ობიექტურია სააკაშვილის და მისი რეჟიმის შესახებ. შეიძლება მთელ საქართველოში არ გვეყოს იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად გადავლახოთ ბარიერი, მაგრამ იმის რესურსი მაინც გვაქვს, რომ რამდენიმე რაიონში სერიოზული ბრძოლა გავუმართოთ სააკაშვილს. ტელევიზია ჩვენთვის მთლიანად გადაკეტილია, სააკაშვილს სწორი პოზიციის ეშინია. ყველა პარტია ყოველდღე ტელევიზიაშია, მხოლოდ ეროვნული, პროდასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიებისა ეშინია სააკაშვილს. სწორედ იმიტომაც არის, რომ სამწუხაროდ, ამიტომ არ ვჩანვართ ეკრანზე. ჩვენზე ვერავინ იტყვის, რომ შემჩნეული ვართ სააკაშვილთან თანამშრომლობაში. ბევრი პარტია, რომელიც ჩანს ეკრანზე, იყო სააკაშვილის დანამატი, სააკაშვილის სუფრიდან იკვებებოდნენ. ბევრ ოპოზიურ პარტიას არ აწყობს სახალხო პარტიის გამოჩენა, იმიტომ, რომ გამოჩნდება მათი უნიათობა, არაპრინციპულობა და მერკანტილური ინტერესები პოლიტიკაში. ჩვენ მზად ვართ, კოოდინირებულადაც და ცალკეც ვებრძოლოთ ტირანიას, მიგვაჩნია, რომ ამის უნარი გვაქვს, დავიკავებთ ჩვენს ადგილს ფრონტის ხაზზე, ეს ბრძოლა არასოდეს მიგვიტოვებია და ბოლომდე ვიბრძოლებთ უკეთესი საქართველოსთვის.

ავტორი:  თამარ ნინიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress