არანაირი დასავლური მფარველები სააკაშვილს არ ჰყავს – ის ემსახურება რუსებს და რუსების მითითებით ახორციელებს ანტიქართულ პროექტებს!
გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე
-ბატონო მამუკა როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ პრეზიდენტის გამოსვლამ და პარლამენტში შემდეგ გამართულმა დებატებმა?
-სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტის დასკვნას, ჩავაბულბულეთ დღევანდელი დღეო, რომ თქვა. მართლაც ჩააბულბულეს, -შეიქმნა წარმოდგენა, თითქოს პოლიტიკური ცხოვრება დუღს პარლამენტში. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა დემოკრატიაა თურმე ჩვენთან. პრეზიდენტმა გააგზავნა მთავარი მესიჯები იქ, სადაც მას სჭირდებოდა. ასე რომ სააკაშვილი უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა იყოს. შეიძლება ბოლომდე არ იყო გათვლილი მისი ნერვების ასე გაღიზიანება. მაინც პირდაპირი ეთერია და როგორც არჩევნებზე იღებენ ხმებს, 107 ან 115-პროცენტით, მთლად ისე არ გამოვიდა (იცინის). მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაატარა სააკაშვილმა. გაუგზავნა რუსეთს მესიჯი, თქვენი ვარ, ოღონდ დამტოვეთ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვისო, ანუ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ერთგულება. „ნაცმოძრაობას” უთხრა, რომ თქვენი პატრონი მხოლოდ მე ვარ, სხვა არავინ არ დაგიცავთ და ისევ ჩემი მზე იფიცეთ. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი კეთილდღეობა გარანტირებული გავხადოო და ყველაზე დიდი ტაშიც ამ დროს მიიღო. რა თქმა უნდა, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არც გახსენებია, იმიტომ, რომ ეს თემა მისთვის უკვე ამოწურულია, ჩააბარა რუსეთს ეს ტერიტორიები და ახლა იქიდანაც საპასუხო ხელშეწყობას ელის ხელისუფლებაში დასარჩენად. სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ეს ანტი-ქართული იდეოლოგია კვლავ დიდ ხანს იქნება მმართველობაში და დროა ქართველი ხალხი შეეგუოს ამას, ტყუილ-უბრალოდ ნუ ალახინებს თავს. მე პირადად, ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ მთელი ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო დავობს, მსჯელობს იმაზე, უთხრა თუ არა ობამამ სააკაშვილს-წადი! როგორ უთხრა, პრინციპული წადი იყო თუ „ლაითი”, პრემიერ-მინისტრად დარჩება თუ პარლამენტის თავმჯდომარედ და ა.შ. სააკაშვილმა ყველას გასაგებად უთხრა,-ბატონებო, ამას რომ მეკითხებით, უკვე მაღიარებთ. ფაქტობრივად, „სახალხო პარტიის” პოზიცია და სააკაშვილის ხედვა დაემთხვა ერთმანეთს იმაში, რომ უნდა მოიკიდო ხელი და გაუშვა იქ, სადაც გასაშვებია. ეს კი ქართველი ხალხის საქმეა. ნუ ველოდებით, რუსეთი ან ვინმე სხვა, როდის შეცვლის სააკაშვილს. იმიტომ, რომ გინდ რუსეთმა გადაწყვიტოს ეს და გინდ ამერიკამ, საქართველოსთვის მაინც და მაინც სასიკეთო არ იქნება.
ამ გამოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს მთავრობა ბოლშევიკური მმართველობის გაგრძელებაა.
ბოლშევიზმი ეს ცხოვრების წესია. შეიძლება იდეოლოგია შეიცვალოს, იყოს მარქსიზმი, ლენინიზმი ან ფსევდო-ლიბერალიზმი, მაგრამ ცხოვრების წესით ეს ხალხი არიან ბოლშევიკების ნაშიერები და შესაბამისად იქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ ბოლშევიკები. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის” მოქმედება. ეს იგივეა, თავის დროზე ქართველ ხალხს რომ ეთქვა,-როსტომ-ხან ნუ იქცევი ასე, ან დაუდ-ხან წესიერად მოიქეცი, შენ შეცდომებს უშვებო. ასე ნამდვილად არ შეიძლება, უნდა იბრძოლო, იშრომო და შედეგიც რეალური იქნება. მანამდე კი მივიღებთ ისეთ სპექტაკლებს, როგორიც პარლამენტში იყო და მივიღებთ იმ ცინიზმს, რაც დაიმსახურა ქართველმა ხალხმა.
-რა იყო ის სათქმელი, რაც ოპოზიციას უნდა ეთქვა სააკაშვილისთვის და არ უთქვამს?
-ძალიან მარტივია. სააკაშვილი იქცევა ადეკვატურად, მაგრამ ოპოზიცია არა. თუ მიგაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არის არა ლეგიტიმური, ტოტალური გაყალბების გზით მოსული. თუ მიგაჩნია, რომ ის არის სხვა ქვეყნის მარიონეტი, თავისი ბუნებით ანტი-სახელმწიფოებრივი, მოქმედების და ცხოვრების წესით ტირანული, შინაგანი თვისებით ანტი- მართლმადიდებლური და ანტი-ქართული. შეცდომებზე, შენიშვნებზე და რეფორმების მიმდინარეობის საკითხებზე კი აღარ უნდა ესაუბრო, არამედ უთხრა, რომ შენ ხარ დამნაშავე და უნდა წახვიდე. ისე კი არ უნდა წარმოაჩინო, თითქოს რაღაც შეცდომები იქნა დაშვებული რეფორმების გზაზე და მეტი არაფერი. არ უნდა თქვა, რომ პატრული ძალიან კარგია, მაგრამ აი, ამ ნაწილში ცდება, განათლების რეფორმა კარგია, მაგრამ აი, ლოტოტრონი არ ვარგა და მსგავსი სხვადასხვა საკითხები. ამ დროს, პირდაპირ, მკაცრად უნდა დასვა საკითხი და შესაბამისად ქმედებაც განახორციელო. სააკაშვილს ვირტუალურ ბრძოლაში კი არ უნდა აჰყვე, შენს მოედანზე უნდა გადმოიტანო თამაში, ინიციატივა შენ აიღო ხელში. არა ის, რომ სააკაშვილმა მოგახვიოს თავისი თამაშის წესი და ჩვენ ვიმსჯელოთ ახლა იმაზე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები 20-ში დაგვეღუპნენ თუ 21-ში, უთხრა ობამამ სააკაშვილს წადიო თუ არ უთხრა, ან ვიფიქროთ იმაზე, ახალ გახსნილ საავადმყოფოში აპარატურა მეორე საავადმყოფოდან შეიტანეს თუ მეშვიდედან და ა.შ. ამაზე არ უნდა იყოს საუბარი. როგორც კი ამაზე აჰყვები, ეს უკვე სააკაშვილს აწყობს. მის ხელშია ინიციატივა, იმ თემებს შემოაგდებს, რომელიც მას სჭირდება. ხანდახან შეიძლება ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან სულელური და მისთვის წამგებიანი თემაა, მაგრამ თუ არ ექნება რაიმე მისთვის სასარგებლო „ნიუსი”, შეიძლება არა პოპულარულ ნაბიჯზეც წავიდეს. თუნდაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ იყო მისთვის მომგებიანი ნაბიჯი. ეს მან ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ იმისთვის, რომ პირველი შემოტევა მოეგერიებინა და თავისიანებისთვის ეთქვა, მე ვარ აქ თქვენი პატრონიო, მაინც წავიდა ამ ნაბიჯზე. იმ დღეს მას ასე სჭირდებოდა. ისევე, როგორც ის სამი მილიონი, რომელიც ბანკიდან წაართვა და შემდეგ ისევ უკან დაუბრუნა. იცოდა, რომ ეს უკანონო ქმედება იყო, მაგრამ იმ დღეს სჭირდებოდა, რათა თავისიანებისთვის და ხალხისთვის ეთქვა, რომ ამ სახლში მე ვარ უფროსიო. თქვენ გგონიათ, თვითონ არ იცის, რომ ამ რაიონებში სიარულით ბევრი არაფერი კეთდება? მაგრამ დადის, იმიტომ, რომ ინიციატივა მის ხელშია. თვითონ თუ დაჯდება კაბინეტში, შესაძლებელია შიგნიდან დაიწყოს რღვევა. ვიღაც ზედმეტად გამოჩნდეს ტელევიზორში, ვიღაცამ ზედმეტად აიღოს თავისთავზე პასუხისმგებლობა. ეს კი ამ სისტემას დაანგრევს. ამიტომ ყველა უნდა იყოს „დაჩმორებული” შიგნითაც, გარეთაც და უნდა ჩანდეს ერთადერთი მძლეთამძლე, ბოროტებასთან მებრძოლი რაინდი. აი, ამას აკეთებს და გგონიათ სიამოვნებს ზევით-ქვევით სირბილი?
აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ტაქტიკა უნდა იყოს მისთვის ინიციატივის წართმევა. მას ჩვენ უნდა შევთავაზოთ თემები. იქით უნდა ჩავაყენოთ დაცვის პოზიციაში. დღეს ჩვენ ვიცავთ თავს. ყველა თავს იმართლებს ან ქილიკობს, ან თავისი თავი მოსწონს, რა კარგად თქვა რაღაც. ზოგიერთი ისეთი ფრაზა ითქვა, რომ მეც ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ქმედება არ არის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ეს რეჟიმი ფლობს ინიციატივას, აქეთ არის შეტევაზე გადმოსული. ქართველი ხალხი თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი კი თავდაცვის რეჟიმშია ჩაყენებული და ვკამათობთ ხუთი წელიწადია, არჩევნები თუ აქციები. თითქოს ეს რაიმე განსაკუთრებული მოვლენა იყოს. ერთიც და მეორეც ბრძოლის საშუალებაა. დაგჭირდება, აქცია უნდა ჩაატარო, დაგჭირდება არჩევნები-არჩევნებზე უნდა წახვიდე. თუ საჭიროა დებატებშიც უნდა მოუგო და მახვილსიტყვაობაშიც მომზადებული იყო. ჩვენ ხშირად ერთმანეთში ვურევთ მიზნებს და საშუალებებს. რატომღაც წინა პლანზე გამოდის საშუალება, არა ბატონო, საშუალება მიზნის მისაღწევად არსებობს.
-დიახ, მაგრამ ხომ არსებობს საშუალება, რომელმაც შესაძლოა მიზნამდე სულაც არ მიგიყვანოს? ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არჩევნებს და მისი საშუალებით სააკაშვილის შეცვლას..
-მიზნამდე რაც მიგიყვანს, ის ნაბიჯები უნდა გადადგა. შესაბამისად, თავისთავად საშუალების წინა პლანზე წამოწევა არასწორია. ზამთარში პალტო შეუცვლელია, მაგრამ ზაფხულში არ გვჭირდება არაფერში, ამიტომ გადავაგდოთ? ამიტომ, არჩევნები იქნება, აქციები, დებატებში მონაწილეობა თუ პრესაში აქტიურობა, ესენი ყველა საშუალებებია და ყველა მათგანი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შედეგს მივაღწიოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის შედეგი. სააკაშვილის წასვლაა შედეგი ჩვენთვის თუ ქართული სახელმწიფოს აშენება?! თუ სააკაშვილის წასვლაა შედეგი, მაშინ ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა საქართველოში და შესაძლებელია, რომ რაღაც სხვა ნაბიჯები გადავდგათ. თუ ჩვენთვის სააკაშვილის წასვლა საშუალებაა, იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ დღესვე შევთახმდეთ იმაზე, თუ რა არის ქართული სახელმწიფოს საფუძვლები. რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდეთ თუ რა რეფორმებია საჭირო კონსტიტუციაში. რა გვიშლის ხელს შევთანხმდეთ იმაში, რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს მომავალი ქართული სახელმწიფო? ამაში ხომ ვერ შეგვიშლის ხელს სააკაშვილი, მაგრამ რადგან ამას არ ვაკეთებთ, ე.ი არ ვფიქრობთ მომავალ ქართულ სახელმწიფოზე და მთელი ენერგია გადადის სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მის წინააღმდეგ ბრძოლაში გადასული ენერგია კი უქმად იქნება დახარჯული, იმიტომ, რომ ამ დროს მოწინააღმდეგე ახალ სააკაშვილს შემოგიგდებს. რვა წლის წინანდელ მწარე გამოცდილებაზე მაინც ვისწავლოთ. ვინც გინდა ის, ოღონდ შევარდნაძე არა,-მაშინ ასე დაისვა საკითხი. შესაბამისად, მოვიყვანეთ სააკაშვილი და უარესი სიტუაციაში აღმოვჩნდით. არავის არ უკითხავს სააკაშვილისთვის აბა რა გეგმები ან რა პროგრამა გაქვს?კონსტიტუციას როგორ ცვლი? როგორ უყურებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? -დავამარცხებ კორუფციას, წავართმევ შევარდნაძეს-მოგცემთ თქვენო, გაიძახოდა. წაართვა იმას, მაგრამ ხალხისთვის არაფერი მიუცია.
-მაშინ არ უკითხავთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დღეს რა გეგმა აქვს სააკაშვილს ან რომელ ლოგიკაში ჯდება, რომ ქვეყანას, რომელსაც ოკუპანტს ეძახი და მისი ჯარი ჯერაც თბილისიდან 20 კილომეტრში გყავს, სავიზო რეჟიმი გაუუქმო?
-ყველაზე საუკეთესო პარტნიორი რუსეთისთვის საქართველოში არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ყველანაირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ბუნებრივია, რუსეთიც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს მისი ძალაუფლების გამყარებას საქართველოში. დანარჩენი ყველაფერი ხდება ამ გეგმის შესატყვისად. თუნდაც ეს ისტერიკამდე მისული ლანძღვა-გინება, ერთი რომ ლილიპუტს ეძახის და მეორე ერთი ადგილით დაკიდებას პირდება. სინამდვილეში ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და ამის ნათელი გამოხატულებაა ეს იდეაც. ერთის მხრივ ეძახი ოკუპანტს და მეორეს მხრივ ეუბნები, ბატონო ოკუპანტებო, მობრძანდით და გვიყიდეთო. წარმოვიდგინოთ ახლა, მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინს რომ ეთქვა, ბატონო კრუპ, კი აკეთებეთ ფულს გერმანიაში, მაგრამ მოდით ეს ფული დააბანდეთ საბჭოთა კავშირშიო და კრუპიც, ჰიტლერის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი რომ ჩამოსულიყო რუსეთში და დაეწყო საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის შესყიდვა. ხომ კომიკური სიტუაციაა? არანაირი დასავლური მფარველები სააკაშვილს არ ჰყავს, ის ემსახურება რუსებს და რუსეთის ნებართვით მონაწილეობს სხვა ანტი-ქართულ პროექტებშიც, ვისიც არ უნდა იყოს ის. დასავლეთიდან თვითმმართველობის რეალურ დამკვიდრებას რომ არ იღებ, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას რომ არ იღებ, და მაინც და მაინც იმას იღებ, რასაც დასავლეთი არ ითხოვს, როგორიცაა მაგალითად საქართველოში ყველა რელიგიური კონფესიის ერთი და იგივე სტატუსით აღჭურვა. როგორ არის ეს პრო-დასავლური მიმართულება, როცა დასავლეთი სულაც არ ითხოვს ამას შენგან?! „ეუთოს” რეკომენდაციაში პირდაპირ წერია, რომ ყველა კონფესია უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების მიხედვით. როდესაც შვეიცარიაში, ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში არ აძლევენ მეჩეთის აშენების უფლებას 400 000 მუსულმანს, ამ დროს შენ გამოდიხარ და ტოლერანტობის, პრო-დასავლური, ვითომ ლიბერალიზმის დამკვიდრების საბაბით აქ მეჩეთების მშენებლობის ბუმს აჩაღებ, ეს არის ხალხის შეცდომაში შეყვანა და არა პრო-დასავლური მიმართულება. ისევე როგორც „გრანტებზე” მუშაობა და მისი მოზიდვა, რომელიც ანგრევს ქართულ საზოგადოებას. მაგალითად, ის პროპაგანდა, რაც ოჯახური ძალადობის შესახებ მიმდინარეობს. ეს საქართველოში ოჯახური ძალადობის კი არა, სოციალური პრობლემაა, შიმშილის პრობლემაა. ამის გამო ადამიანები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ეჩხუბებიან. არა იმიტომ, რომ კონკრეტულად ქალი და კაცი რაიმეს ვერ იყოფენ, არამედ მშიერი ქალის და კაცის ურთიერთობაა ეს, რომელთაც არ ძალუძთ შვილები გამოკვებონ. მაგრამ ამათ ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ეს გენდერული პრობლემაა, რატომ?-იმიტომ, რომ დაანგრიონ ქართული ოჯახი. იცით, როგორი მექანიზმია?-აქედან უშვებენ ინფორმაციას მთელს მსოფლიოში, ამათგან ხელდასხმული არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესის დიდი ნაწილი, სახელისუფლებო არხები, იმის შესახებ, თითქოს საქართველოში ვინმეს რელიგიური უფლებები იზღუდება და შემდეგ იქიდან მოდის „გრანტი”. შესაბამისად, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რათა იმ ადამიანებს, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ საკითხებზე მუშაობს, ვუთხრათ, რომ გატყუებენ თქვენ ეს ხალხი, საქართველოში სოციალური პრობლემაა და არანაირი ჩაგვრა არ ხდება არცერთი კონფესიის. თუ იჩაგრება, მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის კონფესია. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ და მერე გვიკვირს რატომაა ეს შედეგები. ამიტომ არის ბატონო, მუშაობს ეს ხალხი სახელმწიფოს ნგრევაზე, არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, თითქოს საქართველოში რომელიმე ერის ინტერესები იჩაგრება. როცა მთელ მსოფლიოში შენ თვითონ დაიწყებ „პიარს” რომ კრიმინალი ერი ვართ და ყოველი მეორე ქართველი დამნაშავეა, ბუნებრივია, მთელი მსოფლიო ასე შემოგხედავს. იმიტომ, რომ მათ ფსიქიკაში არ ზის, როგორ შეიძლება კაცი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეს. როგორ შეიძლება იმის კეთება, რაც ხდება ბათუმში ან სხვა რეგიონებში, ეს ხომ საქართველოს გეგმაზომიერი ნგრევაა. ჩვენ მიწის გაყიდვის ან გასხვისების წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ მისი გასაყიდად გამოტანა მაშინ, როდესაც მისი მყიდველი მხოლოდ და მხოლოდ არა ქართველია, ეს დანაშულია. როცა იცი, რომ იმ ბინების მყიდველები ბათუმელები არ არიან და მხოლოდ თურქი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი შეიძენს, დანაშაულია. ეს არის გეგმაზომიერი ხელოვნური დემოგრაფიული ცვლილება ქართული სახელმწიფოსი. იგივე „ლაზიკის” თემატიკა.. ის ხომ ელემენტარულად დემოგრაფიულ სურათს შეცვლის. მე ბათუმი ბათუმელების გამო მიყვარს, სამეგრელო მეგრელების გამო, გურია გურულების გამო და თუ ეს მოიშალა, აირ-დაირია, თუ განსხვავება ვერ ვნახე მე ჩოხატაურსა და წალენჯიხას შორის, საქართველო უკვე აღარ იქნება საქართველო. ამას გამოიწვევს სწორედ ხელოვნური ცვლილებები. დავკარგავთ ჩვენს მრავალფეროვნებას და თვითმყოფადობას. აი, აქეთ მივდივართ სწორედ და ახლა საჭიროა ამისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა. კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბება, თუ რითი უნდა შეიცვალოს ეს. მერე კი არა, ახლა უნდა ჩამოვყალიბდეთ. თითოეული პარტიის მხრიდან უნდა დაიდოს დოკუმენტალურად, თუ როგორ ხედავს საქართველოს მომავალს, შეჯერდეს ეს ყოველივე და ამით გავაგრძელოთ ბრძოლა საბოლოო მიზნამდე. ამ დროს კი ჩვენთან რა ხდება?-ვინ ვის დაელაპარაკა, ვინ ვისთან თანამშრომლობს, ვინ ვის უთხრა უარი და ა.შ. ე.ი. მიმდინარე პროცესებზე მახვილდება ყურადღება და არა ფუნდამენტალურ საკითხებზე. ასეთ დროს ყოველთვის მოწინააღმდეგე იგებს, იმიტომ, რომ ის თავის სტრატეგიულ ხაზს მიჰყვება. დღეს შეიძლება უკან დაიხიოს, ხვალ წინ წამოვიდეს, მაგრამ მაინც გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენ კი ასეთი სტრატეგიული ხაზი არ გაგვაჩნია და ამიტომ, როგორც დინებას მიყოლილი ნაფოტი, ხან სად შევეხეთქებით, ხან სად და ამ შეხეთქებებს შორის, სულაც არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენც გავხდეთ სუბიექტი, ვისწავლოთ ცურვა და მივიდეთ იმ წერტილამდე, საითაც გეზი გვაქვს.
ლელა არაბული
საერთო გაზეთი # 11 3-6 მარტი.2012-13 არანაირი დასავლური მფარველები სააკაშვილს არ ჰყავს