დღეს, საქართველო თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დადის და იმის მაგივრად, რომ ჩვენ მთავრი გამოწვევები იყოს XXI საუკუნის ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში. მხედველობაში გვაქვს, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და ხელისუფლების ცვლილების პრობლემები.
დღეს ეს პრობლემები კიდევ უფრო მძაფრია, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებულია და ქვეყანას მართავს მებრძოლი, აგრესიული, მოტივირებული, ქმედითუნარიანი, ცნობიერებაშეცვლილი – დემოკრატიული, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისაგან დაცლილი, გარედან დაშვებული კლანები. ხოლო მათი დაშვებულობის ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს სახელმწიფოსთან შეზრდილი დანაშაულებრივი საარჩევნო გარემო და მმართველი პარტია, რომლის განსახიერებასაც დღეს წარმოადგენს ტიპიურ ტირან-ავტოკრატად ჩამოყალიბებული მიხეილ სააკაშვილი.
სწორედ ამ სისტემის არსებობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს რიგით მოქალაქეს აქვს უსამართლობის და ხვალინდელი დღის შიშის განცდა. სწორედ ამ სისტემის არსებობის შედეგია დემოკრატიის დაბალი დონე ქვეყანაში, მედიის და სასამართლო სისტემის უზურპაცია, ბიზნესის მონოპოლიზაცია და ელიტარული კორუფცია, უკიდურესად გამძაფრებული სოციალური ფონი და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების ფეხქვეშ გათელვა. სწორედ ამ სისტემის საქმიანობის შედეგია ერთიანი ქართული ცნობიერების არარსებობა და ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ამოცანის ვერდანახვა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების უგულვებელყოფა და ფსევდოლიბერალური ღირებულებების ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული უზნეობის სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანა.
საზოგადოების ფართო ფენებში უდიდესი ინტერესია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი. ასევე დიდი ინტერესია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის გამოჩენამ, ქართულ პოლიტიკურ არენაზე, ძირეულად შეცვალა სიტუაცია და რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო გამორჩეული როლი დაეკისრა. ვსარგებლობთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი აზრით, გულწრფელად ემოციური გამოსვლით ოზურგეთში და გვსურს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ ესახება “სახალხო პარტიას” ამ სამართლიან ბრძოლაში წარმატების მიღწევა და როგორ ავიცილოთ თავიდან მოვლენების განვითარების ქვეყნისათვის არასასურველი სცენარი.
ამ წერილის მიზანი არ არის რომელიმე პარტიის საქმიანობასა თუ ქმედებაში რაიმე სახის კორექტივების შეტანა, ან მითუმეტეს მათი პოლიტიკური ნაბიჯების რევიზია, მაგრამ ეს არის ჩვენი პრინციპული მოსაზრება და, “სახალხო პარტიის” პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ამის ართქმის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ არ შეიძლებოდა ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმის დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო აუცილებელი, და როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, ვაცხადებდით, რომ ყოველი წამი მისი ხელისუფლებაში ყოფნისა იქნებოდა დანაშაულებრივი და დამღუპველი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით დღეს. პრეტენზია არ გვაქვს ჩვენი ხედვების აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ვთვლით, რომ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებები შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი და შეძლებისდაგვარად იქნეს გათვალისწინებული ის მწარე გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და იძლევა იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას, რომელმაც შეიძლება ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისული მდგომარეობიდან, იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით:
_ ხელისუფლების მოქმედება აბსოლუტურად მიუღებელია ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისათვის და, შესაბამისად, ეს ნაწილი მზად არის იმისათვის, რომ დედამიწის იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
_ ჩვენი ვარაუდით და მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, რომელზეც ეხლა თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებთ, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის და, განსაკუთრებით, ამ ფლანგზე ყველაზე გამოკვეთილი ფიგურისა და პოლიტიკური ორგანიზაციის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” დამარცხება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის და საქართველოს ხვალინდელი დღისა. დაუშვებელია დღევანდელი რეჟიმის შემადგენელი კლანების რეინკარნაცია, რადგანაც მათი ხელახალი “წარმატების” შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის განვითარება არა თუ ეჭვქვეშ დადგება, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობაც კი, პრაქტიკულად, რეალური საშიშროების წინაშე დგება.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საერთო ამოცანის სწორად დასახვა და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ბრძოლისათვის სწორი ნაბიჯების გადადგმა. საჭიროა გარედან დასმული და მართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად ძირამდე შერყეული ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების გამყარების დაწყება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სისტემა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილით იმართება და მხოლოდ მისი შეცვლით არის შესაძლებელი სიტუაციის გამოსწორება. სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ავტომატურად არ ნიშნავს (ისევე როგორც შევარდნაძის ჩამოცილება არ ნიშნავდა) რეჟიმის, სისტემის შეცვლას. ამოცანა არ უნდა იყოს მხოლოდ სააკაშვილის პერსონალური გასტუმრება ხელისუფლებიდან. უნდა შევთანხმდეთ, რომ მარტო სააკაშვილი არ არის დამნაშავე შექმნილ ვითარებაში. დამნაშავეა ის რეჟიმი, ის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის შექმნაშიც თითოეულმა ჩვენგანმა მეტ-ნაკლები მონაწილეობა მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ნუ გავექცევით პასუხისმგებლობას, უარს ნუ ვიტყვით ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების აღიარებაზე და ნუ ვეცდებით იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს ავკიდოთ ეს ყველაფერი, ჩვენ კი ყველამ უცოდველებად და სააკაშვილის მსხვერპლად მივიჩნიოთ თავი. საჭიროა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და შესაბამისად, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში სწორედ ამ სინანულით განახორციელოს თავისი ქმედებები.
აუცილებელია ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა იმისათვის, რომ შევძლოთ არსებული რეჟიმის სრული დემონტაჟი. მთლიანად ეს სისტემა უნდა იქნეს გასტუმრებული ისტორიის სანაგვეზე, რადგანაც ამის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება არსებული პრობლემების მოგვარება. (სისტემის შეცვლის გარეშე სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება ნიშნავს ჩანაცვლებას, ჩანაცვლების რეჟიმში ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს გარკვეული ვალდებულებების აღებას როგორც გარე ძალების, ასევე ზოგიერთი შიდა კლანის მიმართ, რაც დაღს ასვამს შემდეგ ხელისუფლების საქმიანობას, რაც 2003-ში განხორციელდა და რის შედეგებსაც დღეს ვიმკით, აღებული ვალდებულებების გასტურება და ქვეყნისა და ხალხის ინტერესები წინააღმდებობაში მოდის ერთმანეთთან და ქვეყანაში კრიზისს აძლიერებს და”დემოკრატიად” წოდებული ეს ფარსი კიდევ გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში).
ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ჯანსაღი პოლიტიკური სივრცის პარამეტრების ჩამოყალიბების, სრულიად რეალური ოპოზიციური კონსენსუსის მიღწევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრების გარეშე ჯანსაღი პოლიტიკური მდგრადი სისტემის შექმნა და ქვეყნის განვითარების დაწყება შეუძლებელია. სისტემის შეცვლის მექანიზმებისა და ახალი სისტემის შექმნის პარამეტრების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება, საღი აზრი, ერთგულება და შესაძლებლობა. დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ოპოზიციის ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლებას პოლიტიკური მანიპულაციების განხორციელებაში, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის ბრძოლიდან გამოთიშვა ან არჩევნებზე ერთი ხმის დაკარგვა გამოიწვიოს.
აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილი ქართული საზოგადოების ამ დიდი ნაწილის სტრუქტურირება და მისი ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბება. საერთო ეროვნული ამოცანის მოაზრება, პოლიტიკური მენეჯმენტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და თითოეული თანამებრძოლის ადგილის განსაზღვრა ამ ამოცანის შესრულებაში. პოლიტიკაში ადამიანის ქმედითუნარიანობის შეფასება უნდა ხდებოდეს მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგების და პოლიტიკური პოტენციალის მიხედვით და არა სხვა სფეროებში მიღწეული წარმატებების მიხედვით. აღნიშნული ქმედებები ისე უნდა იყოს გააზრებული და განხორციელებული ცხოვრებაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ სისტემის დამარცხების შესაძლებლობის რწმენა, ხოლო ყველა აქტივისტს უნდა ქონდეს დაცულობის განცდა და იმის გარანტია, რომ ის მარტო არ იქნება მიტოვებული რეჟიმთან ბრძოლის დროს. შეუძლებელია ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მიღწევა, თუ არ იქნება გამოყენებული კაცობრიობის მიერ შექმნილი და აპრობირებული ყველა ის პოლიტიკური ბრძოლის მშვიდობიანი, ჰუმანური მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა ერებმა მიაღწიეს წარმატებას. ქართველებს არ გვჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. ეს მეთოდები ჩვენთვის ცნობილია და ის თავის დროზე უკვე წარმატებით იქნა გამოყენებული ეროვნული მოძრაობის მიერ იმ დესპოტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ 70 წლის მანძილზე ვცხოვრობდით. დღეს, ამ მეთოდიკის, რასაკვირველია, თანამედროვე ფორმებით სარგებლობა უნდა შეძლოს ქართულმა საზოგადოებამ. შესაბამისად, თუ არ მოხდება სტრუქტურირება საზოგადოებაში არსებული ამ ოპოზიციური განწყობისა, შეუძლებელი იქნება ტირანიასთან გამკლავება, მით უმეტეს, როდესაც მისი მთავარი მამოძრავებელი და წარმმართველი ძალა საქართველოს გარეთ არის.
მკაფიოდ და ნათლად უნდა უნდა იყოს ნაჩვენები ძირითად საკითხებში სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებული ხედვები და ქმედებები. არის თემები, რომელიც შეიძლება არ განცხადდეს ტაქტიკური მოსაზრებით, ისევე, როგორც არის თემები, რომელთა ართქმაც არ შეიძლება. ეს შეეხება როგორც საპროგრამო საკითხებს, ისე შეხედულებებს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების თაობაზე, როგორიცაა დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობები, ოკუპირებული ტერიტორიები, ადამიანის უფლებების, სახელმწიფო საზღვრების, ეროვნული და ქრისტიანული სიწმინდეების ხელყოფა (დავით გარეჯა, ბათუმი, მამისონი და ა.შ.) და ა.შ. მიგვაჩნია, რომ დღეს წინა პლანზე სოციალური პრობლემატიკასთან ერთად, წამოწეული უნდა იყოს ეროვნული იდეა და ღირებულებები, რომლისთვისაც ღირს ბრძოლაც, სიცოცხლეც და სიკვდილიც.
უნდა შედგეს გამარჯვებისკენ მიმართული ქმედებების გრაფიკი და უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის, რომელიც დაპირისპირებულია სააკაშვილის რეჟიმს, ერთიან პოლიტიკურ სივრცედ ორგანიზება; რეჟიმის გარე ლობისტებისა და შიგა სატელიტების გაშიშვლება და მხილება, რათა მოხდეს მმართველი ძალის მარტო დატოვება. დღევანდელ დღეს, ოპოზიციური თანამშრომლობის გარეშე(რაც არ ნიშნავს ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას) ხელისუფლებისა და მისი გარე ლობისტებისა და სატელიტი პარტიების წინააღმდეგ ერთიანი, გაშლილი ფრონტით ბრძოლის გარეშე შეუძლებელი იქნება ინიციატივის ხელში აღება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საბოლოო წარმატების მიღწევაში.
შესაბამისად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, თავის ფრონტზე, იმ მიმართულებითა და იმ სივრცეში, რომელიც მისთვის უკვე გათავისებულია, უფრო მეტად უნდა გაააქტიუროს მუშაობა. სრულიად არ იქნება გამართლებული, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს (მხედველობაში გვყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი) ავკიდოთ მთლიანი პასუხისმგებლობა და ვიყოთ მომლოდინის ან ჩასაფრებული გულგრილი მაყურებლის მდგომარეობაში. თითოეულმა ჩვენგანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ის ქმედითუნარიანია, სიტყვა ეთქმის და აქვს იმის ძალა, რომ ამ რეჟიმს (ტირანიას) მისი საყრდენი რომელიმე ბოძი მაინც გამოაცალოს, ეს მან აუცილებად უნდა გააკეთოს მთელს ოპოზიციურ სპექტრთან ერთად და ცალკეც.
“სახალხო პარტია” გამოთქვამს მზადყოფნას ამ ბრძოლაში მონაწილების თაობაზე, იწყებს აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს და მოუწოდებს ყველას ვინც იზიარებს ზემოთ ჩამოყალიბებულ შეხედეულებებს, მოვახდინოთ ჩვენი მოქმედებების კორდინირება და საერთო ძალისხმევა. მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ჯგუფს და პიროვნებას, რომელიც არ იკვებება სახელისუფლებო სუფრიდან, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ადამიანური, პოლიტიკური, ინტელექტუალური და სხვა აუცილებელი რესურსი, უფრო მეტი აქტიურობით ჩაერთოს ამ საქმეში, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული რეჟიმის დემონტაჟი და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამკვიდრდეს ნორმალური, ცივილიზებული პოლიტიკური გარემო, სადაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ არა დანაშაულებრივი კლანები, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სუბიექტები და საქართველოს მოქალაქეები. მიღწეული იქნება ჩვენი საერთო მიზანი – ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა და მისი განვითარება.
მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია
ქ.თბილისი. 2012 წლის 21 ივნისი.