პაატა კოღუაშვილი (29.06.2012)
ამ წერილის მიზანია ხელისუფალთ შეახსენოს მსოფლიოში მოწინავე სახელმწიფოს და მისი მეურნეობის ერთ-ერთი მოწინავე დარგის გაძღოლის ანბანი. ღმერთმა ინებოს ფაქტების ენა სწორად გაიგონ.
აშშ-ში აგროსამრეწველო, სასურსათო კომპლექსზე ზრუნვა უმაღლესი ეროვნული ინტერესების რიცხვში შედის. სწორედ ამ მიზნით, 1985 წელს პრეზიდენტ რეიგანის ინიციატივით, კონგრესმა მიიღო კანონი “აშშ-ს სასურსათო უშიშროების შესახებ”. მასში აისახა ქვეყნის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება და თავისი არსით იურიდიული საფუძველი ჩაუყარა სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ახალ ეტაპს. უპირველეს ყოვლისა მან ხაზი გაუსვა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებულ დარგს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია აშშ-ისთვის. რეიგანმა რადიკალურად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა სასოფლო-სამეურნეო რესურსების გამოყენებისა და სასურსათო უშიშროებისადმი.
ცნობილია, რომ რეიგანის ადმინისტრაციამ ბევრი გააკეთა კერძო ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის შესაზღუდად და ამ მიზნებისათვის საბიუჯეტო ასიგნების შესამცირებლად, მაგრამ არა სოფლის მეურნეობის სფეროში. აქ, ასეთი ზემოქმედების მექანიზმი და დაფინანსებისადმი მიდგომა ხელუხლებელი დარჩა.
80-იან წლებამდე კანონმდებლობის მთელი ფრაზეოლოგია და პათოსი მიმართული იყო საოჯახო ფერმის მხარდასაჭერად. ადრე ერთიანი პოლიტიკური ხაზიდან გამოყოფილი იყო ორი მიმართულება – “ქვეყნის კომერციული სოფლის მეურნეობის სტაბილიზაცია” და “სასოფლო რაიონების კეთილდღეობა”. კანონის ლოგიკით პირველი მიმართულება გულისხმობს სახელმწიფოს ორიენტირებას მსხვილ მეურნეობებზე – სასაქონლო პროდუქციის ძირითად მწარმოებლებზე მაშინ, როცა მეორე მიმართულია საშუალო და მცირე ფერმების სახელმწიფო მხარდაჭერაზე სასოფლო რაიონებში სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად გადაისინჯა სახელმწიფო სტრუქტირების ფუნქცია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროში.
1985 წლის კანონმა აგრარული მეურნეობის სახელმწიფო სუბსიდირებისა და კრედიტის ასაღებად სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაგირავების ახალი დებულებები და მექანიზმები შემოიღო. ამგვარ იურიდიულ საფუძველზე დაყრდნობით, გაფართოებულმა საბიუჯეტო სახსრების სუბსიდიებმა 80-იანი წლების მეორე ნახევარში 58 მლრდ დოლარს მიაღწია. პრაქტიკულად, ამან აშშ-ს მთავრობას მისცა საშუალება არა მარტო გაეძლიერებინა თავისი ზემოქმედება ბაზრის, სათესი ფართობების, წარმოების მოცულობის კონიუქტორულ ცვლილებებზე და ფერმერების შემოსავლებზე, არამედ გამხდარიყო ქვეყანაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციი მთავარი მყიდველი და გამანაწილებელი. 80-იანი წლების ბოლოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა წარმოებული ხორბლის 48% და რძის ნაწარმის 75%.
1985 წლის კანონში უმთავრესი ადგილი უჭირავს სასოფლო-სამეურნეო რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ამასთან, წინა პლანზე წამოიწია ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის კონკრეტულმა პროგრამამ. მისი განხორციელება განიხილებოდა აშშ-ს მთავრობის მიერ არა მარტო როგორც მიწის ფონდის შენარჩუნების კამპანია, არამედ როგორც ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა. ძველი მოწოდებები, განმარტებანი და დარწმუნებები შეიცვალა უმკაცრესი ეკონომიკური და ადმინისტრაცუილი სანქციებით იმ მეურნეთა მიმართ, რომლებიც თავს არიდებდნენ ანტიეროზიული ღონისძიებების გატარებას.
ყველა იმ მეურნეობას, რომელიც ჩართულია მიწის რესურსების დამუშავებაში ნიადაგის ეროზიის მაღალი დონით, კანონმა დაავალა ნიადაგის დამცავი ზომების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერმერი კარგავდა ყველა სახელმწიფო სუბსიდიას. კანონმა აგრეთვე დაავალა ყველა მეურნეობას წარმოედგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგდამცავი ღონისძიებათა გეგმა 1990-1995 წწ პერიოდზე, და უკვე 80-იანი წლების ბოლოსათვის ასეთი გეგმები დამტკიცდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ნიადაგდამცავი ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა 13 მლნ ჰექტარზე.
კანონით იყო დადგენილი ყოველწლიური სახელმწიფო ფულადი დახმარება იმ ფერმერთათვის, რომლებიც ნებაყოფლობით გამოიყვანდნენ ბრუნვიდან 10 წლის ვადით იმ ფართობს, რომელიც ხასიათდებოდა ეროზიის მაღალი დონით. ამით საფუძველი ჩაუყარეს მიწის სახელმწიფო ფონდს. სახელმწიფომ აიღო თავის თავზე მიწის ამ ფართობის გამდელოებისა და ტყის გაშენებასთან დაკავშირებული ხარჯების 50%. გამდელოებას დაექვემდებარა რეზერვში გადაყვანილი მიწის 80%, ხოლო ტყის გაშენებას – 20%. პირველად რეზერვში გამოყოფილი მიწის ფართობი განისაზღვრა 10,2 მილიონი ჰექტარით. დადგინდა, რომ მიწის ფონდის შექმნაზე სახელმწიფო დახარჯავდა 1,2 მილიარდ დოლარს, ანუ წყლისა და მიწის რესურსების შენარჩუნებაზე გამოყოფილი მთელი თანხების 50%-ს.
კანონი ითვალისწინებდა სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტას იმ ფერმერთათვის, რომლებიც აწარმოებდნენ ჭაობების ამოშრობას (სახნავად გამოყენების მიზნით) თუკი ექსპერტები დაასკვნიდნენ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა იმ ტერიტორიის ბიოლოგიურ გარემოსა და ჰიდროლოგიაზე.
კანონმა ახლებურად ჩამოაყალიბა ქვეყნის წყლის რესურსების დაცვის მოთხოვნები. მისი პირდაპირი გაგრძელება გახდა 1987 წლის სპეციალური კანონი “წყლის რესურსების” ხარისხის შესახებ. ამ კანონის თანახმად 1990 წელს 36 შტატში შემოიღეს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც კონტროლს აწესებენ წყალში პესტიციდების შემცველობაზე. ზოგიერთმა შტატმა გადასახადები შემოიღო სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებზე, რითაც გაზარდა ხარჯები ფერმერთა განათლების დონის ასამაღლებლად.
1990 წლის კანონი “სოფლის მეურნეობის დაცვის, სურსათით უზრუნველყოფისა და ვაჭრობის შესახებ” გახდა 1985 წლის კანონის ლოგიკური გაგრძელება და დამატება. არსებითად ამ კანონმა დაასრულა პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის ძალისხმევა სოფლის მეურნეობის დინამიკური განვითარებისათვის.
ყოველივე ზემოთქმული იძლევა საფუძველს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში გამოიყოს შემდეგი ძირითადი მომენტები:
1. 1985 და 1990 წლებში მიღებული კანონები, წარმოადგენდნენ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას და თავისი არსით ისახავდნენ ერთ საერთო მიზანს – სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტაბილიზებას და ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფას.
2. აშშ-ს სასურსათო უშიშროების აყვანამ სახელმწიფოს სტარატეგიულ რანგში, თავისი ასახვა ჰპოვა იმ საკანონმდებლო ნორმების მიღებასა და სრულყოფაში, რომლებიც ემსახურებიან შემდეგი მიზნების მიღწევას: ა) სასოფლო-სამეურნეო რესურსების – მიწის, წყლის, ტყის, ატმოსფეროს (ჰაერის) – რაციონალურ გამოყენებას, რის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა იურიდიული ბაზა, რომელმაც აამოქმედა ამ რესურსების დაცვის სავალდებულო ნორმატივები; დააკანონა სათესი ფართობის სახელმწიფო რეგულირებისა და ცალკეულ კულტურებს შორის მათი გადანაწილების მექანიზმი, ძირითადი საკვები პროდუქტების ოპტიმალური ფასებისა და მათი წარმოების რეგულირების შესაძლებლობა; ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა შემოსავლების სტაბილიზება და მათი დაცვა საბაზრო სტიქიისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. საკანონმდებლო ბაზამ მისცა მთავრობას უფლებამოსილება ეწარმოებინა (აუცილებლობის შემთხვევაში) სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქციის ფართომასშტაბიანი სუბსიდირება; გ) საკანონმდებლო ნორმების, მექანიზმებისა და საფინანსო გადაწყვეტილებათა სპეციფიკა განისაზღვრა იქიდან, რომ უკვე ახლო მომავალში 100 ათასი მსხვილი მეწარმე მისცემდა ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო წარმოების 80%-ს; დ) სახელმწიფოს გადაქცევა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო მთავარ დამკვეთად, არამედ მთავარ მყიდველად და განმანაწილებლად.
აღნიშნული მიზნების დასახვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მკვეთრი შემობრუნების ეტაპი გახდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ისტორიაში.
აქედან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ სასურსათო უშიშროება ქვეყნის უპირველეს სტრატეგიულ მიზანთა რიგში შედის. ხელისუფლებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ ამოცანის გადაჭრა ძალუძს, არის თვით სახელმწიფო. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური სუბიექტის, ფუნქციობის ურთულესი ტექნოლოგია, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულყოფის საქმეში, ისე სოფლის მოსახლეობის სოციალური, ტექნიკური და კულტურული დონის სრულყოფის მხირვაც.
პაატა კოღუაშვილი