მოგწონს თუ არ მოგწონს აქციის ორგანიზატორი, ყველა ქართველის ადგილი არის იქ, სადაც დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება! – 2012

  •  გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე
    -ბატონო მამუკა, 27 მაისს „ქართულმა ოცნებამ” მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ქუჩის აქციების წინააღმდეგი იყო. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი გეგმების შეცვლა და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ აქციისგან?
    -აქცია იქნება, პრესკონფერენცია თუ სხვა სახის ღონისძიება,  ყველა მათგანი  საშუალებაა იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზანი. შესაბამისად, ყველა ქმედება ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული გარკვეული ნაბიჯი. ამიტომ, დღეს კამათი იმასთან დაკავშირებით აქცია უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს, ჩემთვის ნამდვილად უადგილოა. არსენალში არსებული ყველა პოლიტიკური საშუალების გამოყენებას მივესალმები და საჭიროა, რომ ეს მოხდეს საზოგადოებისათვის გასაგები მკაფიო მესიჯებით. მე რომ არ ვიყო პოლიტიკოსი და არ მქონდეს ჩემი მოვალეობა, მივიდე იქ, სადაც შეიკრიბება ქართველი ხალხი,  მაშინ გამიჩნდებოდა ძალიან ბევრი ეჭვები და კითხვები. მაგალითად, რამდენად მკაფიოდ ასახავს „ქართული ოცნების” მიერ მოწოდებული მესიჯი დღევანდელ ვითარებას. თუ  ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქციაა, მაშინ პირდაპირ უნდა ითქვას და ბუნებრივია, მოგწონს თუ არ მოგწონს აქციის ორგანიზატორი, ყველა ქართველის ადგილი არის იქ, სადაც დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. მეორეს მხრივ, როგორც აცხადებენ, ეს არის საარჩევნო პრეზენტაცია და მაშინ იქ მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების ადგილია, რომლებსაც უნდათ მოისმინონ საარჩევნო მესიჯები და რომლებიც პოტენციური ამომრჩევლები არიან. 27 მაისამდე ჯერ კიდევ არის დრო და სასურველი იქნება თუ უფრო მკაფიო განცხადება გაკეთდება, რომ  ვიცოდეთ ეს შეკრული მუშტი სწორი მიმართულებით მოხვდება იმას, ვისაც უნდა მოხვდეს, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ დავდგეთ საფრთხის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუების ტალღა გადავიტანეთ ამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. დაწყებული „მიშა მოვდივარ”-ით და დამთავრებული მოწოდებებით- „შევიკრიბოთ და დღესვე დავამთავროთ ეს რეჟიმი”. ამიტომ უფრო მკაფიო უნდა იყოს, რატომ და რისთვის მივდივართ ამ აქციაზე და რა შედეგს ველოდებით.  მე პირადად, დიდი სიამოვნებით მივიღებდი აქციაში მონაწილეობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას შეეხება. ამ  შემთხვევაში  ბუნებრივია, ჩემთვის აქციის მიზანი გასაგები იქნება, მაგრამ როდესაც მოწოდება საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე მიდის, ალბათ სხვა ორგანიზაციებს გაუჭირდებათ სიტუაციაში გარკვევა.
    -ყველაზე ხშირად „ქართულ ოცნებას” სწორედ შენელებული ტემპებით მოქმედების და მტკივნეულ საკითხებზე მკაფიოდ, აგრესიულად არ რეაგირების გამო საყვედურობენ. ესეც ბრძოლის ტაქტიკად განვიხილოთ?
    - ცოტა რთულია სხვა ორგანიზაციის გეგმებზე საუბარი, როცა არ იცი, რა აქვს მას ჩაფიქრებული. იქნებ რაიმეს ამზადებს, რაც ვთქვათ ხვალ გამოჩნდება. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიქნებით ზედმეტად მომთხოვნები, რომ გაგვიხსნან თავიანთი კარტები. მაგრამ მეორეს მხრივ, სასურველი იქნებოდა, რომ მეტი შემართება და აქტიურობა ყოფილიყო „ქართული ოცნების” მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ ბრძოლა, დაპირისპირება პრინციპულ განსხვავებებში, ვერ ვნახეთ წინა პლანზე წამოწეული პრინციპული თემები, რომელიც შეიძლება გახდეს ძირითადი განმასხვავებელი, თუნდაც არჩევნების დროს. მხოლოდ ის, რომ მიშა უნდა წავიდეს, ანუ ნეგატივზე აგებული პოლიტიკა შედეგის მომცემი ვერ იქნება. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში ძველი მუხტი აღარ სჩანს. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს აქვს იმის სურვილი, რომ ივანიშვილმა მოუგოს სააკაშვილს, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებას თუ გადავავლებთ თვალს, ეს არ არის ის მუხტი, რაც იყო 2007 ან 2009 წლებში. ასევე არ სჩანს ძირეული განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და „ქართულ ოცნებას” შორის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კონსტიტუცია შესაცვლელია, მაგრამ რითი ვცვლით, ამაზე იქნებ დღესვე მოვახდინოთ ოპოზიციური აზრის ან ქართული საზოგადოებრივი აზრის კონსესუსი. ჩემთვის ასევე სრულიად გაუგებარია ის მომენტი, რომ იცით რა, არ შეიძლება კონსტიტუციის ერთ კაცზე მორგება, მაგრამ თუ ამას ხელისუფლება გააკეთებს, მე დავთანხმდები. ნათელაშვილი იქცეოდა ასე თავის დროზე, ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს, თუ ერთი ვინმე მაინც მიიღებს მონაწილეობას, მეც მივიღებო და 6 საათზე თუ იყო განცხადების შეტანის ბოლო ვადა, 6-ს რომ ხუთი წუთი აკლდა, მაშინ შეჰქონდა. (იცინის) შენ შენი პოზიცია გამოთქვი და შემოიკრიბე გარშემო ქართველი ხალხი, რად გვინდა სააკაშვილის ნაწყალობევი რაღაცა საეჭვო კონსტიტუციური ცვლილებები. ყველამ კარგად ვიცით სააკასვილის ტაქტიკა; კეთილშობილური მიზნით გადადგმული ქვეყნისთვის დამანგრეველი ნაბიჯები. ოშკის გადარჩენის საბაბით შენდებოდა აზიზიეს მეჩეთი, ბათუმის განვითარების მიზნით დაწყებული მშენებლობები, რომელსაც ქართველები ვერ ყიდულობენ, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური მოტივით, დღეს დავით გარეჯის გარკვეული ნაწილი უკვე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშაა. ასეთივე კეთილშობილური მიზნით ვბომბავდით ცარიელ ცხინვალს ვაჟკაცი ქართველი მხედართმთავრები, მაგრამ როგორ დამთავრდა ეს, ყველამ კარგად ვიცით. რაც კეთდება გარეგნულად ყოველთვის კეთილშობილური მიზნით არის შენიღბული. ზუსტად ასევე, ამ კანონის მიღმა, რომელიც თითქოს და კეთილშობილური მიზნით არის შემოტანილი ივანიშვილის მხარდასაჭერად, ისეთი ნაღმებია ჩადებული, რაც ბოლომდე გააზრებულიც კი არ გვაქვს. ვიცნობთ რა სააკაშვილს, ის ნამდვილად არ არის გულმოწყალე და არ მჯერა, რომ მთელი „ნაცმოძრაობა” მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მიაღებინოს ივანიშვილს მონაწილეობა არჩევნებში. ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს საქართველო იმან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ საარჩევნო უფლებები. არც ისაა გამორიცხული, ბოლოს ივანიშვილს რაიმე ერთი პუნქტი მოუძებნონ, მაინც არ მისცენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ეს კანონი დარჩეს უცხოეთის დანარჩენი მოქალაქეებისათვის. სწორედ ამიტომაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საჭიროა სტრუქტურირებული ბრძოლა. ამ დროს კი „ქართულ ოცნებაში” გაერთიანებულმა პარტიებმა დაიბევეს, როგორც მათ ჰგონიათ, გამსვლელ საარჩევნო სიაში ადგილები და შემდეგ მათი აქტიურობა სადღაც გაქრა. უმეტესი მათგანი, პრაქტიკულად მხოლოდ ივანიშვილის განცხადებებზე აკეთებს   კომენტარს. არცერთი პოლიტიკური ინიციატივა, არცერთი ქმედება. ე.ი.  იმისთვის იბრძოდნენ, რომ გარანტირებულ ადგილს მოხვედრილიყვნენ სიაში? თავისი სახის შესანარჩუნებლად ალასანიამ მოძებნა სამეგრელოს თემა და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად სჩანს. დანარჩენებმა კი პრაქტიკულად შეწყვიტეს პარტიული ფუნქციონირება. ელემენტარულად, დღეს ყველანი თბილისის ქუჩებში უნდა ვიდგეთ. სააკაშვილმა ფრაზა თქვა, სოხუმი არასოდეს არ იყო ჩვენიო. მაშინ როდესაც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია გყავს, ხოლო მოქმედი პატრიარქი 11 წელი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. მთელს საქართველოს სახეში სთხლიშა სააკაშვილმა, დაანებეთ აფხაზეთზე ფიქრს თავიო და  ამ დროს, ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის შიგნით ინტრიგებზე, პარტიებს შორის არსებულ დამოკიდებულებებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომელი ფორმა გამოვიყენოთ რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ა.შ. თუ ვინმეს მიაჩნია თავისი თავი ეროვნული ძალების შემაკავშირებელ, ძლიერ ლიდერად და გააჩნია რესურსი, გადავარჩინოთ მაშინ დავით გარეჯა, დავიბრუნოთ სოხუმი. ბოლო-ბოლო ლიტვის პრემიერი ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ლიტვამ კანონით აკრძალა სამხრეთ ოსეთის ხსენება. იმ ტერმინის ხსენება, რომელიც დაამკვიდრა საქართველოში რუსეთის მეფისნაცვალმა, მთავარმმართებელმა კნორინგმა და შემდეგ ბოლშევიკების ამიერკავკასიის ბიურომ. საქართველოში კი სააკაშვილის თავხედურ ნათქვამზე არანაირი რეაგირება არ არის. მე ნამდვილად არ მინდა პესიმიზმში ჩავვარდეთ, მაგრამ სასურველია ასეთი საკითხები რაც შეიძლება მალე გაირკვეს და თუ ბრძოლაა- ბრძოლა იყოს, ყველა მისთვის დამახასიათებელი და შესაბამისი ატრიბუტიკით.
    -ბატონო მამუკა, არ რეაგირებენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ აბსოლუტურად ჩუმადაა საზოგადოებაც, ხალხი. საქმე იმაზე უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს, ვიდრე პარტიების უპასუხისმგებლობა და უუნარობაა..
    - სრულიად გეთანხმებით. ეს პარტიებიც ამ საზოგადოების პროდუქტია და როცა, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად საზოგადოებაზე, ეს ყველაფერი აისახება მის პოლიტიკურ ნაწილზე. იმიტომ, რომ პარტია არის საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესების გამომხატველი.  ის ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სოლიდურად, მაღალი რეიტინგებით, პრაქტიკულად, ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში, დიდად მაინც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სამწუხაროდ, მათი რესურსები არ იხარჯება დანიშნულებისამებრ. შე კაი დედმამიშვილო, საქმე აკეთე და ეს საქმე თავისთავად პიარი არ იქნება? შენივე პიარი არ იქნება, შენ რომ განსაკუთრებული იქნები, დასვამ ეროვნულ თემატიკას, პირდაპირ ისაუბრებ ყველა მტკივნეულ პრობლემაზე და არ იფიქრებ იმაზე, ვინმე არ გავაღიზიანოო?  როგორც პასპორტის მონაცემები არაა დასამალი, ისევე არაა დასამალი ეს თემები. ფაქტობრივად, ქვეყანა თავზე გვენგრევა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ჩვენ ამ თემებზე არ ვსაუბრობთ. ამის შემდეგ კი, თუ ვინმე გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ის არის ქართველი ხალხის  ნების გამომხატველი ძლიერი პოლიტიკური ძალა, ყველას მიმართ გაჩნდება ბუნებრივია ეჭვები და შეკითხვები. აბა რად გინდა ეს ძალა თუ არ გამოიყენე ქართული საქმისთვის? და ქართული საქმე დღეს სწორედ ეს არის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლაა საჭირო. იგივე „სახალხო პარტიას” და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს გვესმის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. როდესაც გაგვაჩნდა შესაბამისი რესურსი სხვის მხრებზე პასუხისმგებლობა არ გადაგვიდია, მაგრამ დღეს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აქვს რესურსი, ჩვენ მზად ვართ მხარში დავუდგეთ და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი დამოკიდებულება არსებული რეჟიმის მიმართ. რატომ 27-ში? – 26 მაისს  ვაჩვენოთ. რატომ ვდუმვართ იმ საკითხებზე, რაზეც დუმილი არ შეიძლება?
    -თქვენ კარგად გახსოვთ ხელისუფლებაში, როგორც ზვიად გამსახურდიას მოსვლა, ასევე 2003 წელს სააკაშვილის. ორივე შემთხვევაში, ერთი ფაქტორი არსებობდა, ხელისუფლებაში მომავალ ძალას, მხარდამჭერები ჰყავდა მოქმედი ხელისუფლების შიგნით. ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი ხდება ივანიშვილთან დაკავშირებით, ეს მის შანსებს ბევრად არ ამცირებს?
    -90-91 წლების დროს, ხელისუფლების შიგნით არსებული რესურსი ვისი მითითებით მოქმედებდა ჯერ-ჯერობით დადგენილი არაა და ამ შიდა სახელისუფლო რესურსმა შემდგომ, რამდენად ითამაშა უარყოფითი როლი, ესეც ჯერ კიდევ გააზრებული არ გვაქვს. გამსახურდიას პრაქტიკულად შეატოვეს ხელისუფლება ხელში და მათვე უზრუნველყვეს შემდეგ, გამსახურდიას ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მასთან დაპირისპირება. ამიტომ, ეს პროცესები საჭიროებს ძალიან სერიოზულ, ღრმა ანალიზს, რადგანაც, იქ ძალიან დიდი იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტების როლი. ძალიან დიდი იყო პოლიტიკური ჭიდილი, არა პიროვნულ ნიადაგზე, არამედ სერიოზულ იდეოლოგიურ თემაზე. გლობალიზაციის პირობებში, საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოს სტატუსის, როლის, ფუნქციის შესახებ. ეს თემა შესასწავლია და არ განვევრცობი. მაგრამ აი 2003 წელს ეს თავიდან-ბოლომდე მართული პროცესი იყო. ვისი მითითებით მოქმედებდა ხაბურზანია კარებს რომ უღებდა მათ? ან ვისი მითითებით მოქმედებდა ჯორბენაძე, რომელიც იმის მაგივრად, რომ თავის პარტიას დახმარებოდა, სააკაშვილს ეხმარებოდა. ვისი მითითებით ჩამოდიოდა იგორ ივანოვი მიტინგზე სააკაშვილის მხარდასაჭერად? როგორ მოხდა, რომ ექვსი თვის თავზე, პროდასავლური დროშით მოსულ სააკაშვილს ასლან აბაშიძესთან ბრძოლაში, რუსეთმა დაუჭირა მხარი? ეს იყო მართვადი პროცესები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ  „მოქალაქეთა კავშირის” შიდა წრიდან, მათი გაყოფის შედეგად წარმოიქმნა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გათამაშდა 2003 წლის ე.წ. რევოლუცია, სადაც გაბითურებული გამოვიდა ქართველი ხალხი. ხოლო იმ სპექტაკლის  მონაწილეები, ყველანი ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ერთი-ორ ადამიანს თუ ცოტა თავში წამოარტყეს და ერთი-ორი მილიონი წაართვეს, ეს თვითონ ჟანრის კანონია. ერთი-ორი კაცი გაიქცა და სადაც არიან, იქაც მშვენივრად გრძნობენ თავს. როდესაც მწარე გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ დღესაც არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ და ვისი დავალებით ხელისუფლების შიგნით არსებული კლანები. როდის, რომელ ეტაპზე და რომელი მათგანი აღმოჩნდება იმ ფუნქციის შემსრულებელი, რაც 2002-2003 წლებში სააკაშვილმა და ჟვანიამ შეასრულეს. ეს ჯერ-ჯერობით სერიოზული დაკვირვების საგანი  უნდა იყოს და მეორეს მხრივ, ძალიან ბევრს, ოპოზიციურ სპექტრში აქვს „მოქალაქეთა კავშირის” და „ნაცმოძრაობის” წევრობის ისტორია. დღეს ტელევიზიით აქტიურად გამოჩენილი სახეები, ყველა 2003 წლის რევოლუციის შემოქმედები არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებას დიდი დაფიქრება მართებს. საჭიროა, რომ სააკაშვილის შეცვლის სურვილმა არ გადააჭარბოს საღ გონებას, თორემ  შესაძლებელია, რომ  სახელისუფლო კლანებმა შემდეგ, ამ სურვილის გადამეტების გამო, ისეთ მდგომარეობაში დაგვტოვონ, სანანებელი გაგვიხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ არასდროს  არ მოუტანია ვიღაცის ჯინაზე გაერთიანებულ ჯგუფს სიკეთე თავისი ქვეყნისთვის. სააკაშვილის ჯიბრზე კი არ უნდა დავუდგეთ ვინმეს გვერდით, არამედ მისი თვისებების, ღირსების, ცოდნის, გამოცდილების გამო. სააკაშვილის სიძულვილმა არ უნდა გადააჭარბოს ქვეყნის სიყვარულს. სააკაშვილი მონსტრი შენობაა, რომელსაც ძლიერი კედლები აქვს, მაგრამ ქვიშაზეა აშენებული. პატარა, სწორად მიმართულ ნაკადულს კი შეუძლია ისე გამორეცხოს ფუნდამენტი, რომ ეს შენობა თავისით დაემხოს.
    ლელა არაბული 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress