სახალხო პარტია 2008 წლის ომის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია ხელისუფლებას სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელმაც უნდა შეისწავლოს და პოლიტიკურ შეფასება მისცემს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.

სახალხო პარტიის თავჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების დაპირებისა, რომ გამოიძიებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა ყოფილი ხელისუფლების ქმედებას ამ ომში, საკითხი საერთოდ მიჩუმათებულია.

“მხოლოდ სატელევიზიო ტოქშოუებისა და ნაცმოძრაობასთან დებატების დროს ისტერიკამდე მისული ემოცის ფრქვევის თემად რჩება. საკითხის იგნორირება და ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოუყალიბებლობა სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელის შემშლელ უმთავრეს ფაქტორადაა ქცეული – ყველა იტოვებს შესაძლებლობას საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი”, – აცახდებს მამუკა გიორგაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა). გიორგაძის აზრით, აღნიშნული, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს, მხოლოდ, ერთი მხრივ, ნაცმოძრაობას აძლევს საშუალებას ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში.

“არ მახვილდება ყურადღება სააკაშვილის ძირითად დანაშაულზე _ როდის, სად და რა ვითარებაში დაუშვა მან ტყვიის გავარდნა, რომელზეც არა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, არამედ სააკაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალურად უნდა აგებდნენ პასუხს.

დიდია საზოგადოების ინტერესი იცოდეს სიმართლე. გასაცემია უამრავ კითხვაზე პასუხი, რომელიც არა მარტო წინა ხელისუფლების რაობის შესახებ მოგვცემს სრული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, არამედ დღევანდელი ხელისუფლების ამ მიმართულებით უმოქმედობის მიზებებსაც ახდის ფარდას.

შეუთანხმებლობის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის მიზნით ხელისუფლებას ვთავაზობთ: შეიქმნას სახელმწიფო საგამოძიებო კომისია, რომელიც პირუთვნელად, დიდი პასუხისმგებლობით შეისწავლის და პოლიტიკურ შეფასება მისცემს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რითაც დამნაშავეებს მიუზღავს დამსახურებისამებრ და მოუსპობს საქართველოს ყველა არაკეთილისმსურველს ანტიქართული ქმედებების განხორციელებისა და ამ ფაქიზი თემით სპეკულირების საშუალებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს შიდა ეროვნულ თანხმობას და გარე სამყაროსთან სახელმწიფოებრივი ერთიანი მტკიცე პოზიციით წარდგომას. მით უმეტეს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა თავისთავად გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის თემის აქტუალიზაცია, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

მისივე თქმით, სახალხო პარტია გამოთქვამს მზადყოფნას ასეთი კომისიის მუშაობაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მიაწოდოს მას თავისი კომპეტენტური მოსაზრებები და მტკიცებულებები.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress