NEWS.GE 08.03.2014
სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოგი ლორთქიფანიძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმიანება. მისი განცხადებით, ბოლო დღეებში გახშირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენებისა და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოჭრა, რომლებმაც მისი თქმით, გადაუფრინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
“საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ “შეშფოთების” გამოხატვით კმაყოფილდება და “ამაყად” აცხადებს, რომ ის: “პროვოკაციას არ წამოეგება” და ეს იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მთელი ცივილიზებული სამყარო მსჯელობს, თუ რა სასწრაფო ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატარონ რუსეთი მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის მიერ განცხადებული პოლიტიკა -„სტრატეგიული მოთმინების კურსი“ – წარმატებით აიტაცა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასავლეთის სახელმწიფოებისკენ გადამისამართა: “მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია რათა აღკვეთილი იქნას მომავალში ასეთი სახის შემთხვევები, მიუხედავად იმისა რომ საჰაერო სივრცის დარღვევას აღიქვამს პროვოკაციად, ჩვენ არ ვაპირებთ პროვოკაციაზე პასუხს”.
ვერაფერს იტყვი – სახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელი მინისტრის “ღირსეული” პასუხია. სამწუხაროდ, იმაზე მეტად მძიმედაა საქმე ქვეყანაში, ვიდრე გვეგონა და ჩვენ იმის შეხსენება გვიწევს ხელისუფლებისათვის, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომლის შესრულებაზეც ის ასე ღიად აცხადებს უარს”, – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.