NEWS.GE 07.03.2014
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დეპუტატების პოლიტიკურ უმწიფარობაზე და პასუხისმგებლობის დეფიციტზე საუბრობს. გიორგაძისთვის, აღნიშნული შეფასების საფუძველი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატების შეუთანხმებლობა გახდა.
„უკრაინის შესახებ რეზოლუციის განხილვამ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წევრთა პოლიტიკური უმწიფარობა და პასუხისმგებლობის სრული დეფიციტი. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ცხადად დაანახვა საზოგადოებას ამ ორგანოს სრული უუნარობა, მიიღოს გადაწვვეტილება და დაიცვას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამის ნაცვლად, ისინი მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების დრამატიზების ილუზიის შექმნით არიან დაკავებულები.
ყალბი პათეტიკითა და ხელოვნური აჟიოტაჟებით, პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად არაფრისმომცემ დებატებში, აშკარად იკვეთება ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა – თითქოს პოლიტიკური ცხოვრება დუღს ქვეყანაში და, ორი მეტ-ნაკლებად “პროდასავლური” ძალა “ტაქტიკური” საკითხების გამო სამკვდრო-საციცოცხლოდ უპირისპირდება ერთმანეთს.
,,ოცნებასთან” ყველაფერი ნათელია: მათი სულიერი ლიდერის კურსი დაცულია _ რუსული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში პროდასავლურობის დაშვებულ საზღვრებში დეკლარირება. ცალკე აღსანიშნავია ,,ნაცმოძრაობის” ფსევდოპროდასავლური რიტორიკა, რომელიც იკვებება ,,ოცნების” პოზიციით, ძირითად ოპოზიციურ ძალად დაამკვიდროს ,,ნაცმოძრაობა”, რომლის საქმიანობაც ათი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების საბაბით და, მეორე მხრივ, საქართველო და მისი ხალხი კიდევ უფრო დააშორა ევროპას. რეალურად, არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებია, რითაც საქართველო დასავლეთს დაუახლოვდებოდა, უფრო პირიქით, მათ გამო გაიზარდა ანტიდასავლური განწყობა ხალხში..
ბატონებო! გვინდა, შეგახსენოთ, რომ პროდასავლურობა იმით კი არ განისაზღვრება, რა სიტყვას ჩაწერთ ამა თუ იმ რეზოლუციაში ან ეკლესიის მიმართ რამდენად აგრესიულები იქნებით, არამედ, იმით, იქნება თუ არა საქართველოში მონოპოლიზებული პოლიტიკური სისტემა, ღია საჯარო სივრცე, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების წესი, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო, რეალური თვითმმართველობა, თავისუფალი ბიზნესი, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სისტემა, გარანტირებული სოციალური დაცვა და სხვა…
მოგიწოდებთ, თუ კიდევ დაგრჩათ პოლიტიკური რერსურსი, ამ და მსგავს საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება, წინაააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს თვითონვე შიფრავთ!“, – განაცხადა გიორგაძემ.
პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი მესამე რეზოლუციის ტექსტი 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, გუშინ, მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ რეზოლუციის ის პროექტი დაამტკიცა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა.