ახალი თაობა #55 7 03 2011 თეა მარხვაიძე
ჩვენთან უკვე დიდიხანია საუბრობენ იმის შეახებ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ბრჯოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ღიად აკეთებს ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებებს. მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეიცხადეს, რატომ ერევა პტრიარქი პოლიტიკაში. ცოტა ხნის წინ ის რუსეთთან გამჭვირვალე დიალოგის ინიციატივით გამოვიდა. ამაზე ნაციონალების ნაწილი სულ გადაირია.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე პატრიარქის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ პატრიარქი ისე იქცევა, როგორც ერის მამა. ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით გიორგაძე შეშფოთებულია, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ისინი მართლმადიდე3ბლობას ვერაფერს დააკლებენ. ვინ და რატომ ებრძვის ქართულ ეკლესიას, რატომ ტეხს ხელისუფლება ისტერიკას, როცა პატრიარქი რუსეთზე საუბრობს, როდის ჩაეყარა მართმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას საფუძველი, ამ თემებზე მამუკა გიორგაძე “ახალ თაობას ” ესაუბრა.
თეა მარხვაიძე
-დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ყველაფერს აკეთებს ეკლესიის ავტორიტეტის შელახვისათვის. თქვენი აზრით, ვის არ აწყობს, რომ საქართველოს ეკლესია ძლიერი იყოს?
-ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც არ სურთ, საქართველოში მიმდინარეობდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრება. მიმდინარეობდეს ქართველი ხალხის სწრაფვა მაღალი ღირებულებისაკენ, მათ არ უნდათ, რომ საქართველოში მრავლად იყვნენ თავისუფალი ადამიანები. მათ ძალიან კარგად იციან სახარებისეული სიბრძნე –სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი აქტიური ბრძოლა. ამ ადამიანებს აშინებთ ჩვენი ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ეკლესიამ ვერ შეასრულოს ერის სულიერი წინამძღოლობა. ცდილობენ, ეკლესია ამ ძნელბედობის ჟამს არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი. მათ ქართული ეკლესიის ეშინიათ.
-რატომ ეშინიათ?
-ეშინიათ, ეკლესიამ დიდი მასშტაბით არ დაამკვიდროს ზნეობრივი ღირებულებები. არ უნდათ, რომ საქართველოში თავისუფალი ადამიანები იყვნენ. თავისუფალი ადამიანები ხელისუფლებაში ისეთ მარგინალებს ვერ აიტენენ, როგორებიც დღეს არიან ქვეყნის სათავეში. აი, ეს არის მიზეზი, რომელთა გამოც ეკლესიის წინააღმდეგმიმდინარეობს ბრძოლა.
-მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ქვეყნის გარედანაც მიმდინარეობს ბრძოლა. ამაზე რას იტყვით?
-ეს უკვე სხვა თემაა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მთავარია საქართველოს ხელისუფლების ქცევა, რომელსაც სურს, ჰყავდეს საქართველოში არა თავისუფალ პიროვნებათა კრებული, არამედ უსახური მასა. ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი უმსგავსო საქციელის ჩასადენად. ასეთი მასა მზად არის იმისათვის, რომ გაწიროს თავისი მოყვასი, გაწიროს თავისი ქვეყანა. და საკუთარ კეთილდღეობას ანაცვალოს ჩვენი მომავალი. გარედან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა კი არის ბუნებრივი პროცესი. მსოფლიოში მიდის გლობალიზაციის პროცესი. მავანს და მავანს ძალიან უნდა, მსოფლიოს ერთიან სტანდარტებზე მოწყობა. ამ ადამიანებს ქართული და სხვა ეკლესიები ხელს უშლით. და სრულად ბუნებრივია, რომ ისინი ეკლესიების წინააღმდეგ იბრძვიან. ამის გარდა მიმდინარეობს გარკვეული კონკურენცია, რომელიც მე ჩვეულებრივ და ბუნებრივ პროცესად მიმაჩნია.
-რატომ მიგაჩნიათ კონკურენცია ბუნებრივ პროცესად?
-იმიტომ, რომ როცა ამის საშუალება გვქონდა, ჩვენც ასე ვიქცეოდით.
-ასე, როგორ?
-როცა გვქონდა ამის საშუალება, უფლის სიტყვას საქართველოს გარეთაც ვავრცელებდით. მიგვაჩნდა, რომ ამით იმ ხალხებს ვაძლევდით საშუალებას ღვთიურ ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ და თავისუფალი არჩევანი ჰქონოდათ. გარედან მომდინარე ბრძოლები სერიოზულია, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გაცილებით მნიშვნელოვანია შიდა პროცესები. ხელისუფლება, რომელიც ეკლესიის გაძლიერებით უნდა იყოს დაინტერესებული, მას მტრობს. გარედან ბრძოლა ყოველთვის იქნება. ეს გლობალიზაციას უკავშირდება. ასეთი რამე ადრეც ხდებოდა. მაშინაც კი, როცა სიტყვა გლობალიზაცია არ არსებობდა. ჩვენ ბიბლიაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, როგორ მიდიოდა კაცობრიობა იქითკენ, რომ ერთიან სტანდარტებზე მოეწყოთ ხელისუფლებები და ქვეყნები.
-რა საჭირო იყო ამის გაკეთება?
-ეს კეთდებოდა, რათა გაადვილებულიყო ანტიქრისტეს ტახტის დამკვიდრება. ასე რომ გლობალიზაციის ეგიდით დაწყებულ ბრძოლას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად. ამ პროცესში იმაზე უნდა ვიზრუნოთ, როგორ გადავრჩეთ, როგორ გავხდეთ კონკურენტუნარიანნი. როგორ მოვახერხოთ, რომ ამ წამლეკავ ტალღას ჩვენი ღირებულებები დავუპირისპიროთ.
-მოდით, ისევ ხელისუფლების და ეკლესიის ურთიერთობებს დავუბრუნდეთ. ზოგიერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პატრიარქი პოლიტიკაში ერევა. მისი ბოლო ინიციატივაც დაიწუნეს, რომელიც, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას გულისხმობს.
-დავიწყოთ იმით, რომ პატრიარქმა ჩვენზე კარგად იცის, რა ხდება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მას ეს მადლი უფლისგან აქვს მიღებული. ეს მადლი რომ არ იყოს, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა, ამხელა ენერგიის და სითბოს გაცემა, რაც მან 45 წლის განმავლობაში გასცა, სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს არა აქვს გამომუშავებული იმდენი ენერგია, რაც საქართველოს პატრიარქს აქვს გამომუშავებული და დახარჯული. ეს ენერგია მან გათითოკაცებული, გაუბედურებული, დედა ეკლესიისგან განზე მყოფი ხალხის მრევლად ქცევას მოანდომა. ის ქართველ ერს განსაცდელში ყოველთვის გვერდით ედგა. შევხედოთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. ასეთი რამე არც რუსეთის და არც სომხეთის ეკლესიას არ გაუკეთებია. საქართველოს ეკლესია იყო ერთადერთი, რომელიც მუდმივად იდგა საქართველოს მოსახლეობის გვერდით. რაოდენ ძნელიც არ უნდა ყოფილიყო ეს. გვახსოვს, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის დროს უწმინდესის მოქმედება. მთელმა მსოფლიომ ნახა 1989 წლის 9 აპრილს მისი თავდადება. ის ძალიან აქტიურობდა თბილისის ომის დროს და ცდილობდა, ეს საშინელება შეეჩერებინა. პირადად წავიდა ომში დაღუპული მებრძოლების გადმოსასვენებლად.
-2008 წლის აგვისტოს ომი გაქვთ მხედველობაში?
-ამ ომზე ვსაუბრობ, ჩვენი დახოცილი ბიჭები მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დარჩნენ. მათ გადმოსვენებას ვერავინ ვერ ბედავდა. პატრიარქი ადგა და სასულიერო პირებთან ერთად თავად შევიდა იმ ტერიტორიაზე. მან გააკეთა, რაც ერის მამას უნდა გაეკეთებინა. მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შემიძლია. ის მუდმივად იმ პოზიციას გამოხატავდა, რომელიც უნდა გამოხატოს ეკლესია. ეს შრომა და თავდადება მას დაუფასდა. დღეს ეკლესიას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ხალხმა დაინახა, რომ ერთადერთი მისი პატრონი და გულშემატკივარი არის პატრიარქი. ეს ხელისუფლებას არ მოწონს. გადაწყვიტეს მის წინააღმდეგ რაღაცეების მოგონება. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, იმას გაიძახიან, რატომ ერევა პოლიტიკაშიო.
-თქვენი აზრით, გამართლებულია, როცა ეკლესია პოლიტიკურ პროცესში ერევა?
-რას ჰქვია პოლიტიკაში ჩარევა? ქართველი კაცი თუ იღუპება, არ უთხრას ამას ნუ გააკეთებ დაიღუპებიო? ან ქართველი კაცის წინასვლა როცა უნდა არ უთხრას ბოროტება ამოიგდე გულიდანო? როცა ხედავს, რომ ქართველს მოფერებით რაიმე გააკეთებინოს, არ გააკეთებინოს? ის პოლიტიკაში არ ერევა. ის მოქმედება, როგორც უნდა იქცეოდეს ერის მამა. პატრიარქი ასრულებს თავის მოვალეობას. ის არის ერის მამა. ეს აღქმა მას უფლის წინაშე აქვს დადებული. ის ყოველთვის იქ დგას, სადაც საქართველოს სჭირდება. ის ხალხის გვერდითაა, მიუხედავად იმისა, რომ ერმა და მრევლმა მას გული ბევრჯერ ატკინა. მათ შორის იმათაც, ვისზეც პატრიარქს ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა. უწმინდესი ამას ყურადღებას არ აქცევს. იცის, რომ ეს ადამიანების ბუნებაა. მათ მაცხოვარს არ დაუფასეს ამაგი და ადამიანს როგორ დაუფასებენ. ამის მიუხედავად ის მაინც ქართველი ხალხის გვერდით იქნება.
-რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ინიციატივით გამოდის პატრიარქი. რუსეთის ნდობა შესაძლებელია?
-რუსეთი რასაც წარმოადგენს, ეს პატრიარქმა ხელისუფლებაზე და გია ნოდიაზე უკეთ იცის. სხვაზე უკეთ იცის პატრიარქმა, რა როლს ასრულებს ეკლესია რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისიც სხვებზე უკეთ მოეხსენება, ამა თუ იმ სასულიერო პირს რა გავლენები აქვს საერო ხელისუფლებაზე. ის სწორ გზაზე აყენებს ხელისუფლებას, რომელსაც ურჩევს, რომ რუსეთს ღიად დაელაპარაკოს. Aაი, ეს პოზიციაა ხელისუფლებისათვის მიუღებელი და არა ის, რომ უწმინდესი რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ითხოვს.
-რატომ არის მიუღებელი ხელისუფლებისათვის რუსეთთან ღიად დალაპარაკება?
-იმიტომ, რომ ჩუმად ისინი რუსეთს ისედაც ელაპარაკებიან. მეტსაც გეტყვით. ხელისუფლების წევრთა დიდი ნაწილი თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. პატრიარქი ხელისუფლებას ურჩევს, რომ ის მშვიდად და საქართველოს ინტერესების დაცვით დაელაპარაკოს რუსეთს. ხელისუფლებას ეს არ აწყობს. ისინი ეკლესიაზე ახორციელებენ ზეწოლას, მათ სურთ, რომ იმ დონემდე მიიყვანონ ჩვენი საპატრიარქო, რომ რუსული ეკლესია ანათემას გადასცეს. რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ და საჯაროდ ანტირუსულ ისტერიკებს აწყობენ. ხელისუფლება ცდილობს, ქართველების სულში შოვინიზმი ჩანერგოს. სხვა ერების მიმართ სიძულვილი ქართველის თვისება არასდროს არ ყოფილა. საქართველოს მოსახლეობას რუსებთან ადამიანური ურთიერთობის დამყარებას უშლიან, თავად კი მზად არიან, რუსეთს ბევრი რამ დაუთმონ.
-რის დათმობას აპირებენ რუსეთისთვის?
-რის დათმობასაც მათგან მათი პატრონები მოითხოვენ რუსეთში. უწმინდესი კი რუსეთთან ღია დიალოგის მომხრეა, რომელიც საქართველოს ინტერესების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული.
-აქცენტი ძირითადად ნაციონალებზე კეთდება, მაგრამ ეკლესიასთან ეროვნულიხელისუფლებაც იყო დაპირისპირებული და შევარდნაძეც.
-გამსახურდიას ეკლესიასთან დოგმატურ საკითხებზე ჰქონდა დაპირისპირება. და ეს სხვა თემაა. შევარდნაძე ეკლესიასთან ღია დაპირისპირებას ვერ ბედავდა. ამაში მას თავისი წარსული უშლიდა ხელს.
-რომელი წარსული?
-როგორც სხვა კომუნისტები, თავის დროზე ისიც აქტიურად იბრძოდა ეკლესიის და მორწმუნეების წინააგმდეგ. მას ყოველთვის აწუხებდა ეს კომპლექსი. ამიტომაც ვერ ბედავდა ის ეკლესიასთან ღიად დაპირისპირებას.
-ფარულად უპირისპირდებოდა?
-რა თქმა უნდა, ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მის დროს დაიწყო. ღიად არ უპირისპირდებოდა ეკლესიას, მაგრამ იმათ ზრდიდა ვინც დღეს ცდილობენ ეკლესიის ავტორიტეტის შემცირებას. ისინი, ვინც დღეს ეკლესიას ებრძვის, შევარდნაძის მიერ არიან გამოზრდილები. შევარდნაძე მათ გრანტებით გულუხვად კვებავდა.
-იქნებ არ იცოდა, რომ ეს ადამიანები ეკლესიას დაუპირისპირდებოდნენ?
-ძალიან კარგად იცოდა, ამ ადამიანების მოსამზადებლად მილიონებია დახარჯული, დღეს ეს ადამიანები თავგამოდებით ებრძვიან ეკლესიას. დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ. მართლმადიდებლობას ნერონმა, დიოკლეტიანემ და ლენინმა ვერაფერი დააკლეს და ამათ^ რა უნდა დააკლონ? მე უბრალოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, რომლებსაც ამათ თავგზა აუბნიეს.
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონები დაიხარჯა
March 9th, 2014 shalva chkhaidze