ხელისუფლებამ პატრიარქზე ზეწოლისთვის გარეგინ II გამოიყენა

mamuka

საქართველო  ,,პრახადნოი დვორი” არ უნდა გახდეს
ინრერვიუ მამუკა გიორგაძესთან – შორენა კოწოწაშვილი
რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებული კანონით საჯაროდ გამოხატული აღშფოთების ტალღა შედარებით მინელდა, თუმცა, როგორც საკითხში კარგად გაცნობიერებული პირები მიანიშნებენ, ამ კანონს თავისი დამანგრეველი შედეგების მოტანა მომავალში შეუძლია, ანუ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი კანონი მიიღო და რელიგიური კონფესიების, მათ შორის სომხური ეკლესიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებამ შესაძლოა საქართველოს შემდგომში ტერიტორიული პრობლემაც კი შეუქმნას.
საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა ხელისუფლების გაკრიტიკების პარალელურად ეკლესიის წარმომადგენლებიც გააკრიტიკეს და ასეთი  შედარებებიც დააფიქსირეს: სასულიერო პირებმა ჯიპებზე გაცვალეს სახელმწიფოს ინტერესებიო.
_ რა შუაშია ჯიპები და საჩუქრები. თუ ამის მთქმელს, თამაზ წივწივაძე იქნება თუ სხვა ვინმე, აქვს იმის არგუმენტი და ფაქტი, რომ რომელიმე ეპისკოპოსმა ან სასულიერო პირმა ჩაიდინა ანტიეკლესიური ან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ჯიპების მიცემა-არმიცემა, ეს თავისთავად არ არის დანაშაული. თუ იცი რამე, თქვი და დაადე კონკრეტულ პიროვნებას ხელი. თუ გვინდა ნორმალური საზოგადოება, უდანაშულობის პრეზუმფცია უნდა არსებობდეს. ჩაიდინა კონკრეტულმა მღვდელმა რაიმე დანაშაული, კი ბატონო, მოვთხოვოთ პასუხი, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე და უწუნებს იმ პოლიტიკოსებს საქციელს, რომლებმაც ბოლო დღეებში გააკეთეს განცხადება მღვდლებს აღსარების საიდუმლოებები შსს-ში მიაქვთო. გიორგაძე ურჩევს კოლეგა პოლიტიკოსებს, თუ ერთი მსგავსი ფაქტი მაინც იციან, იმ კონკრეტულ მღვდელს მოვთხოვოთ პასუხი.
_ თუ ეს ფაქტი არა გაქვს, ასეთი განცხადებებით რომ მთელ ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებს, ამას ვერ უნდა ხვდებოდეს? თუ იცი, კონკრეტული ფაქტი, რომ არის მამათმავალი ეკლესიაში… ჯერ ერთი სამოქალაქო სივრცეში თუ მეგობრობ მამათმავალთან, აქ რატომ ხარ ასე ხმალამოღებული? კაი, ჯანდაბას. ამას რომ თავი დავანებოთ, თუ იცი კონკრეტული ფაქტი, მოდი და ეს საკითხი რელიგიურად, კანონიკურად განვიხილოთ და მთელი მრევლი მასთან ერთად ვიქნებით. თუ კონკრეტული ფაქტი არ გაქვს რომელიმე მღვდელზე, ყველა მღვდელზე რატომ გვაეჭვიანებ? ეს იგივე ვთქვათ, ყველა პოლიტიკოსი ნაძირალაა, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე.
დაიხია თუ არა წმინდა სინოდმა გადაწყვეტულების დროს უკან და რა საფრთხეებს შეიცავს რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებული კანონი? _ ამ სკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რას იტყვით პრეზიდენტის და საერთოდ, საქართველოს ხელისუფლების დაჩქარებულ ნაბიჯზე, რომლითაც რელიგიური კონფესიებს საჯარო სამარლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების უფლება მიეცათ? რას ნიშნევს მათთვის ეს სტატუსი და შეიცავს თუ არა სააკაშვილის ეს ნაბიჯი საფრთხეებს?E
_ პირველი: ხელისუფლების მოქმედება რომ შევაფასოთ, ცალსახაა, რომ საქართველოს მმართველმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ბუნება. როდესაც გადადგა ეს ნაბიჯი და საქართველოს სახელმწიფო ცხოვრებაში საქართველოს ეკლესიის შემოქმედებითი მონაწილეობის შესაძლებლობათა შეკვეცის მცდელობა განახორცილა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქმედება პარლამენტისაც და პრეზიდენტისაც მეტყველებს მათი ჰორიზონტის ყოვლად დაუშვებელ სივიწროვეზე, რომელიც არ აძლევა მათ საშუალებას დღევანდელი დღე დაინახონ არა როგორც დღევანდელი უბანი მსოფლიო სისტემისა, არამედ როგორც ერთერთი ეტაპი საპასუხისმგებლო ეტაპი საქართველოს წარსული და მომავალი  იტორიისა. ამავე დროს ეს მეტყველებს მათ უპასუხისმგებლობაზე და ერისა და სახელმწიფოს ერთგულების დეფიციტზე. რომ სდომებოდათ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მათ განახორციელეს, ეს არის სუფთა პროვოკაცია. რა მაქვს მხედველობაში: გარეგინ მეორის ვიზიტს ელოდებოდი, რომ ამ თემებზე დაგეწყო საუბარი. როდესაც საქართველოს პატრიარქმა გარეგინთან საუბრისას ძალიან ოსტატურად განახორციელა საქართველოს ინტერესების დაცვა და ისეთი პირობებში შესთავაზა, რომ პრაქტიკულად თემა დახურა, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც სთხოვდა გარეგინ მეორე. თანაც ეს ქართულ სახელმწიფოს არ დაუმალავს, ნინო კალანდაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩამოსული იყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით და გაცხარებული ტემპით იმიტომ მიიღეს, რომ სომხებმა სთხოვეს. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. ამავე დროს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება არაფერია. რადგან ამაზე სომხები წუხდნენ, ჩვენც იმიტომ ვწუხდითო. ე.ი პრაქტიკულად პრეაზიდენტმა, უშიშროების საბჭომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პარლამენტმა მიმართულება მისცა გამწარებულ ქართველ ხალხს, თუ რაზე და ვისზე უნდა ეყარათ ჯავრი. ხელისუფლებამ პრაქტიკულად განახორციელა სომხურფობიური მიმართულების მიცემა ქართველი ხალხისა და ამ შემთხვევაში გამოხატა ორი სუბიექტი; ერთი გამწარებული უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაზე და მეორე _ სომხებზე. ამას თუ მივუმატებთ იმ გარემოებას, რომ პოლიტიკური პარტიების ძალიან დიდმა ნაწილმა და ე.წ. შემოქმედებითი თუ სამეცნიერო ინტელიგენციის ,,ძალიან პატრიოტმა” წარმომადგენლებმა დაიწყეს და ქართულ პრესაში გაშალეს ანტისომხური პროპაგანდა. რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელთა ერთგულება საქართველოს ეკლესიისადმი ჩემში ძალიან დიდი ეჭვებს იწვევს, იგივე გაიმეორა. ფაქტობრივად ხალხი მიაბრუნეს ამ მიმართულებით. ზუსტად ისევე, როგორც გია ჭანტურიას მკვლელობიდან ორი კვირის თავზე შევარდნაძის ხელისუფლებამ დააჯილდოვა იგორ გიორგაძე გენერალ-ლეინტენანტის წოდებით. ამით სცადა ჩვენი ბუნებრივი კანონიერი სამართლიანი და პოლიტიკური აღშფოთების მისგან სხვა მიმართულებით გადატანა. ზუსტად ასევე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი შედეგები მიეღო. ვიმეორებ, რომც ყოფილიყო ეს სომხური მხრიდან თხოვნა, ეს არც უნდა გაეხმაურებინა ხელისუფლებას, მაგრამ მან ეს სპეციალურად გააკეთა. ჯერ გარეგინ მეორის მეშვეობით განახორციელა მისი ჭკუით პატრიარქზე ზეწოლა, მეორე _ პირდაპირ გამოაცხადა ამ კუთხით საით უნდა წასულიყო ქართველი ხალხის აღშფოთება. ეს ძალიან დამღუპველია. აქვე მინდა აღვნიშნო ის გარემოებაც, რომ ხელისუიფლებამ ამ პროვოკაციის მსგავსად პრაქტიკულად განაცხადა, რომ ის არის არაქართული წარმოშობის ძალების ლობისტი და დამცველი საქართველოში. რაც შეეხება იმას, კარგია თუ ცუდი, ასე ვთქვათ საქართველოსთან მიმართებაში, ვატიკანის ინტერესები, გრეგორიანული ეკლესიის ინტერესები, ეს ჩამონათვალი კიდევ იზრდება და ეს და ბევრი სხვა საკითხი საქართველოს ფარგლებს გარედან იმართება. შეიძლება ითქვას, საქართველოს ეკლესიასთან შედარებით გაცილებით მეტი რესურსი გააჩნია როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. როდესაც ამას უკეთებ ლობირებას, ეს ნიშნავს, რომ შენ უცხო ძალებს უკეთებ ლობირებას ქართული სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. და ერთი დემაგოგია, რომელიც აუცილებალად უნდა აღინიშნოს, რასაც დღეს აქვს ადგილი ქართულ საზოგადოებაში. ამ ე.წ. ფსევდოლიბერალების მხრიდან, როდესაც ხდება გაიგივება აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიური დაწესებულების სტატუსის და უფლებების შესახებ. სრულიად განსხვავებული სიბრტყეებია, სრულიად განსხვავებული მოვლენებია და ერთმანეთთან შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, არანაირი საერთო არ აქვთ. ის, რომ საქართველოს მოქალაქე კათოლიკეს ან სხვას აღმსარებლობის თავისუფლება უნდა ჰქონდეს გარანტირებული, ამის ყველაზე დიდი დამცველი საქართველოში მორწმუნე საზოგადოებაა. საქართველოში ეს პრობლემა არ დგას, ამიტომ აქ მიმდინარეობს შეგნებულად ამ თემებზე აქცენტის გამახვილება, რათა სინამდვილეში ქართველ ხალხს მოეჭრას თავი, ვითომ ჩვენ ვართ ფობიით დაავადებული ერი, ფუნდამენტალისტები და ძალადობაზე დაფუძნებული ერი და ა. შ. ხოლო რაც შეეხება მეორე საკითხს რელიგიური დაწესებულების სტატუსის უფლებების და მოვალეობების შესახებ, ეს არის ევროპული სამართლის და პრაქტიკის მოთხოვნა, როდესაც მათი ადგილი უნდა განისაზღვრებოდეს ქვეყანაში მათი დამსახურებების, ღვაწლის და დღევანდელი ამოცანის შესაბამისად. ეს არის ეუთოს რეკომენდაციები, ეს არის ევროკავშირში დამკვიდრებული პარქტიკა. რომ არის დომინანტი ეკლესია და არის სხვადასხვა ეკლესიები იმის მიხედვით, თუ რა როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. თუ საქართველოს მიმართ კეთილად არიან განწყობილი, ბუნებრივია ჩვენ უნდა გავუხსნათ გზა, მაგრამ თუ ესა თუ ის ინსტიტუტი, გინდა რელიგიური იყოს, გინდა პოლიტიკური, რომელიც ეწევა ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას, იმიტომ რომ რელიგიური დაწესებულებაა, ან ჟურნალისტური დაწესებულებაა, ფართოდ უნდა გავუხსნათ მათ გზა–კვალი? აქედან გამომდინარე, ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა და ხელისუფლება ამას შეგნებულად აიგივებს ერთმანეთთან. რომ არანაირი ტოლერანტობა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. ვინც ამას უკეთებს ლობირებას, ის არის სხვა უცხო ძალების ლობისტი.
_ პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რელიგიურ კონფესიებთან მსგავსი კანონის მიღება საფრთხეს არ შეიცავს, რადგანაც მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა კონსტიტუციური შეთანხმებით არის დაცული.
_ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ცხოვრება არ არის სხვადასხვა დღეების მექანიკური ჯამი და პოლიტიკა არ არ არის სხვადასხვა გადაწყვეტილებების მექანიკური ჯამი. ეს არის მუდმივი პროცესი და ხელისუფლებამ ელმენტარულად, ასე ვთქვათ, თავის პრაქტიკაში აიღო იარაღად მცირე მუხტებით აფეთქების თეორია. აღარ აკეთებს იმას, რომ მსხვილი მუხტებით განაგრძოს აფეთქება იმიტომ, რომ უკვე ეშინია, ისედაც მყიფეა მათი ძალაუფლება. ამიტომ გადავიდა მცირე მუხტებზე. რას ვგულისხმობ: დავუშვათ, იგივე რომ შევადაროთ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას. თავიდან გამოაცხადა, რომ მხოლოდდამხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის გაიხსნა და ესეც სომხეთის მხარდასაჭერად და ფიზიკური პირები იქ ვერ გადმოვიდოდნენ; შემდეგ გამოაცხადა, როგორ ჩვენ ჩრდილოკავკასიელ ძმებს არ უნდა გავუხსნათ საზღვარი და მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელი ძმებისთვის გაიხსნა. სულ რაღაც სამი კვირის წინ, აი, ამ აჟიოტაჟის დროს ნახევარმა საქართველომ რომ ვერ გაიგო, ისე გახსნა ყველასთვის ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი. ე.ი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სურვილი ჰქონდა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი ყველასთვის გახსნილიყო. მაგრამ ერთბაშად ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა და ხელისუფლებისთვის დამანგრეველ პროტესტს გამოიწვევდა. ამიტომ გადაწყვიტა, მცირე მუხტებით განეხორციელებინა ქმედებები. ზუსტად ასეა ეს საქმე. დღეს ერთი მცირე ნაღმი აფეთქდა. 6 თვის თავზე მეორეს და მესამეს ააფეთქებენ. ყოველთვის იქნება საუბარი იმაზე, რომ ეს მცირე აფეთქებაა და რას დაგვაკლებს. ფაქტი ფაქტად რჩება: ხელისუფლ;ებამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეკლესია და უცხო ქვეყნებიდან მართული რელიგიური დაწესებულებები ერთ სიბრტყეში მოაქცია. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამას შემდგომ მოყვება სხვა დანარჩენი ნაბიჯები, რომლებიც იმ მოტივით, რომ დაუშვებელია არაკონკურენტული გარემოს შექმნა საქართველოში, თითქოს სხვა სფეროებში კონკურენცია იყოს, ამიტომ შეუქმნიან ყველას ერთნაირ პირობებს. ერთნაირი პირობები რომ შეიქმნება, შეადარეთ იგივე ვატიკანის, გრიგორიანული თუ პროტესტანტული ეკლესიის შესაძლებლობები, რომელიც განუზომლად დიდია, ვიდრე საქართველოს ეკლესიის შესაძლებლობა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ ხვალ საქართველოს ეკლესია აღმოჩნდება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ამის მიღმა დგება ქონების საკითხი. თუ ჩვენ დღეს არ დავსვამთ საკითხს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ საუკუნეების მიერ დაგროვილი ქონება და ამ ქონებით შექმნილი, თუნდაც საკულტო შენობები, ეს არის ქართველი ერის და საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება. მისი გამოყენება რელიგიური დაწესებულებისათვის არის აღმსარებლობის საქმე და თუ ეს აუცილებელია და საჭიროა, ბუნებრივია, მათ უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სახელმწიფომ უნდა განკარგოს. როდესაც ეს ფუძემდებლური პრინციპი დაირღვევა, შემდეგ უკვე ძალიან გვიან იქნება. ჩვენ ამ ნიშნებს ვხედავთ, თუ როგორ მიიყვანა გიგი უგულავამ გარეგინ მეორე შუაღამისას ვერცხლის ქუჩაზე ვითომ სომხურ ეკლესიაში, რომელშიც ამჟამად მიმდინარეობს გამწმენდი და სარესტავრაციო სამუშაოები იმ მინიშნებით, რომ თქვენ გიკეთებთ ამ ტაძარს. სჭირდება? არის ამდენი მრევლი? როდესაც ასობით მეჩეთი იხსნება საქართველოში, თუ არ სჭირდება, მაშინ დგება შემდეგი პოსტულატი დღის წესრიგში, რომ ამ აღმსარებლობის ინტერესი სცილდება აღმსარებლობის თავისუფლების ინტერესს და ის, როგორც საუკუნეების განმავლობაში დემოგრაფიულ ტერიტორიულ ექსპანსიაში გადადის. ამიტომ ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ. აქ არანაირი ფობიობა არ არის საჭირო. თუ მეგობრები ვართ, ამ თუ იმ რელიგიასთან, რომელიც წეარმოდგენლია საქართველოში, მაშინ ეს უნდა გაფორმდეს ცალკე ამ ქვეყანასთან შეთანხმებით. ეს პატრიარქმა ძალიან სწორად და ზუსტად ჩამოაყალიბა. გინდა მეგობრობა? რა სტატუსიც ექნება სომხურ ეკლესიას საქართველოში, იგივე სტატუსი უნდა ჰქონდეს ქართულ ეკლესიას სომხეთში.                  იგივე  მიდგომა უნდა იყოს სხვასთან, მაგალითად აზერბაიჯანთან მიმართებაში. ძალიან მარტივად არის ეს საკითხები, თუ გვინდა მეგობრობა იყოს. ჩვენ იმის გამოცდილება Gგვაქვს, იმ ტიპის მმართველობები, როგორიც არის სააკაშვილის რეჟიმი შემდგომ თავიანთ უნიათობას და უგერგილობას როგორ გადაიყვანენ ქვეყნისთვის ძალიან დამღუპველ ქმედებაზე. ეს არ არის დაფარული თემა. ამაზე დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ღიად სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემა, როდესაც ქვეყანა იმყოფება საომარ მდგომარეობაში, რომ მას საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს რუსეთის სახით, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს ისტორიული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. ჩვენ იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ საქართველოს საზღვარი ,,პრახადნოი დვორი” გახდეს და ვისაც არ ეზარება შემოვიდეს და იბატონოს ამ ტერიტორიაზე.        O
_  მოდით ვისაუბროთ სინოდის გადაწყვეტილებაზე. არაერთმა განაცხადა საჯაროდ პრესის საშუალებით, რომ სინოდისგან მეტს ველოდითო.
_ აქ მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან საინტერესო დეტალი: როგორ წარმოაჩინა ამ პრობლემებმა დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიის მიმართ. ვისაც საქართველოს ეკლესიის შვილად მიაჩნია თავი, ყველამ ძალიან ადეკვატური ქმედება განახორციელა. თუ რამე გასარკვევი ჰქონდა, გაარკვია თავის მოძღვართან და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, როგორც ქრისტანული წესით არის განსაზღვრული. მაგრამ ვინც თავისი ცხოვრების წესით არ არის ქრისტიანი, ვისაც სრულებით არ აინტერესებთ საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა, იმ ადამიანებმა თავის თავს უფლება მისცეს ეს ბოღმა და ზიზღი გამოეხატათ. ვის აქვს უფლება პრესით და ტელევიზიით ანთხიოს ეს ბოღმა. როგორ სძულებიათ საქართველოს ეკლესია. თუნდაც რომ შეშლოდა სინოდს გადაწყვეტილება, შეიძლება, რომ შენ თუ დედად მიგაჩნია ეკლესია და დედას თუ რამე შეეშლება, შეიძლება მთელ ქვეყანაზე გამოაჭენო? გამოჩნდა ეკლესიის მიმართ პატივისცემა. პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, რომლებიც სხვათაშორის თავის პოზიციას არ აფიქსირებდნენ ამ კანონთან დაკავშირებით, არ აფიქსირებდნენ პოზიციას არც ბათუმში და არც ქვემო ქართლში მეჩეთების მშენებლობასტან დაკავშირებით, აფიქსირებდნენ: ჩართეთ მოლაპარაკებებში საქართველოს ეკლესია. ამ პოლიტიკურ პარტიებს თავისი პოზიცია არასოდეს არ დაუფიქსირებიათ. ზოგადად ვითომ იცავდნენ ეკლესიის უფლებებს და საქართველოს პატრიარქს ზურგს ამოფარებულები, გამოდიოდნენ ვითომ ეკლესიის დამცველები და ამით ფარისევლობდნენ. როგორც კი კრიტიკული მომენტი დადგა, უმეტესმა მათგანმა ამაზრზენი განცხადება გააკეთა და ტელევიზიით დაიწყო ეკლესიის ლანძღვა. ამათ როგორ ჰგონიათ, რომელიმე მცდარი გადაწყვეტილებისთვის სასულიერო პირის ან ეპისკოპოსის ლანძღვა, ეს ეკლესიის ლანძღვა არ არის? ვის აქვს უფლება, გამოვიდეს და ასე აგდებულად ილაპარაკოს იერარქებზე, თუნდაც ეს იერარქი დამნაშავე იყოს. საეკლესიო წესი არსებობს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საკითხები. უმეტესმა მათგანმა გამოაჩინა თავისი პოპულიზმი, თავისი ანტიეკლესიური ბუნება, ნახევრად ათეისტური და ნახევრად ფარისევლური ბუნება. და მეორე ნაწილი, ე.წ რადიკალური მორწმუნეები გამოვიდნენ ათასგვარი ინიციატივებით, წინადადებებით. ისარგებლეს იმით, რომ მრევლი გარკვეულწილად იყო აღტკინებული და ყველამ თავისი იდეების პროპაგანდა შესთავაზა ხალხს და ცდილობდნენ ქუჩაში გამოსულ ხალხს სათავეში ჩადგმოდნენ. ეს სერიოზული ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
_ რაც შეეხება სინოდის გაადწყვეტილებას, ეს არ იყო სუსტი გადაწყვეტილება ეკლესიის მხრიდან?
_ სინოდმა სხვათაშორის ის აჟიოტაჟი, რომელიც არის გამოწვეული რაღაც ციფრებს და კენჭისყრას ასახელებენ, კენჭისყრა შედგა არა საკითხის გარშემო, არამედ იმის გარშემო, რომ სხდომაზე მოსული სამოქალაქო პირებისთვის მოესმინათ, თუ არ მოესმინათ. თუნდაც ამის გამო შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ სინოდის შიგნით არსებობს რაღაც უბედურება და თან რაღაც ციფრები სახელდება. კენჭისყრა სხვა საკითხზე იყო, რომელსაც არანაირი შეხება არა აქვს განსახილველ საკითხთან. მეორეც, სინოდმა თავის განჩინებაში პირდაპირ აღნიშნა, რომ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ გამოითქვა საერთო უკმაყოფილება, ანუ არც ერთ სასულიერო პირს არ უთქვამს, რომ ეს კარგია. ყველაზე უფრო დამაჯერებელი მისი უწმიდესობაა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია პრაქტიკულად არის იმ პოზიციაზე, რომ ამ კანონის მიღება პრაქტიკულად გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს და პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას. თუ ვინმეს ეგონა, რომ სინოდის განჩინებაში ჩაიწერებოდა 24 საათში სინოდი ბრძანებს ლაშქრის შეკრებას დიდგორის ველზე და ა.შ. ეს ელემენტარული საკითხის უცოდინარობაა. ვიღაცას ეტყობა გაუჩნდა განცდა, რომ ჩანაწერი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. ხალხის შეკრება და საპროტესტო აქციების ჩატარება, ეს არ არის სინოდის საქმე. ძალიან საინტერესოა შემდეგი პუნქტები, სადაც ძალიან მკაცრად არის ნათქვამი, რომ რაც იყო, იყო, მაგრამ თუ მომავალში რელიგიასთან დაკავშირებით საკითხები წამოიჭრება, თუ გვინდა, რომ ავიცილოთ შესაძლო გართულებები, საკითხის სპეციფიკიდან და სიფაქიზიდან გამომდინარე, აუცილებლად დაუკავშირდით საქართველოს ეკლესიას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მცირე აფეთქებები კვლავ გაგრძელდება, მაშინ ეკლესია იფიქრებს სხვა ქმედებებზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress