ქართული სამხდრო კონტიგენტის ავღანეთში ყოფნას (მით უმეტეს, მსხვერპლს!) უნდა ჰქონდეს გამართლება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან უნდა მომდინარეობდეს.
რა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი? ხელისუფლებას და მის მომსახურე პარტიებს ამაზე თავისი “პასუხი” გააჩნიათ. იგი შედგება 2 ნაწილისგან: “ლოკალური” (ანუ საქართველოს ინტერესებით დასაბუთებული) და “გლობალური” (ანუ მსოფლიო ინტერესებით არგუმენტირებული).
ლოკალური – “ქართულ ჯარს ბევრი რამის სწავლა სჭირდება და იგი ავღანეთში ისეთ გამოცდილებას იღებს, რასაც ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის… მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა კი ამის საშუალებას იძლევა… გარდა ამისა, NATO-ს ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობაც უმჯობესდება…”.
გლობალური _”ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების, “თალიბანის”, “ალ-ყაიდასა” და მსგავსი დაჯგუფებების განეიტრალება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე, ნაციზმსა და კომუნიზმთან ბრძოლა იყო… ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის და საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი რეგიონში, თავის სამოკავშირო ვალდებულებას ასრულებს… თუ ახლა ჩვენ დავუდგებით დასავლეთს გვერდით, ისიც დაგვიჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში”.
ნატოს ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მოტივის კონსტატაცია ხელისუფლების, მათი სატელიტი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების და კარის-ექსპერტების ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია. ნატოს ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მოტივის კონსტატაცია ხელისუფლების, მისი სატელიტი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების და კარის ექსპერტთა მიერ ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია, მაგრამ როგორც საქართველოს დღევანდელი სათავდაცვო პოლიტიკის სისწორის დასაბუთება და საქართველოსადმი ამ ხელისუფლების ერთგულების ილუსტრირების მცდელობა, ეს მსჯელობა პირწმინდად ყალბია. საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს არც სახელმწიფოებრივი აზროვნების ის სიმწიფე, არც ქვეყნის ის ერთგულება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი გაიაზროს.
თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობის არსს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, ეს მისია ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიის იმ ძირითადი მიმართულების ხორცშესხმას, რასაც ევროკავშირსა და “ნატოში” საქართველოს ინტეგრაცია ჰქვია (სხვათა შორის, ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა და გვაქვს ისტორიული გამოცდილებაც).
ახლა ვნახოთ, თუ რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია საქრთველოს ხელისუფლება დეკლარირებული ამოცანების რეალიზაციის პროცესში? მართლაც ეს მიზანი აქვს დასახული და ამას ეწირება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე? ნამდვილად ემსახურება თუ არა ქართული კონტიგენტის ყოფნა ავღანეთში ამ სახელმწიფოებრივ ინტერესს?
ვნახოთ, სრულდება თუ არა ის უმთავრესი მოთხოვნები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და”ნატოში” ინტეგრაციისთვის
არმია, როგორც სახელმწიფოებრივი სეგმენტი, ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთ-ერთ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს: შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობისა და ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გარეშე ნატოს სტანდარტებამდე მისვლა შეუძლებელია.
შეიარაღებული ძალებში დამკვიდრებული გაუმჭვირვალობის გამო საზოგადოებაა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად “ნებაყოფლობითია” ავღანეთში წასვლა. უნდობლობას აძლიერებს ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს ყოველმხრივ მიჩქმალოს ინფორმაცია ჩვენი მეომრების დაღუპვის, ჩამოსვენებისა და დაკრძალვის შესახებ.
ამგვარი ფაქტების საბჭოთა ტრადიციისამებრ გასაიდუმლოებით ხელისუფლება შიფრავს საკუთარ არაგულწრფელობას, რითაც სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოებაში ნატოსადმი დამოკიდებულებას.
უკმაყოფილებას ზრდის ისიც, რომ დიდი სხვაობაა ფინანსურ ანაზღაურებაში ქართველ და სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს შორის, მით უმეტეს, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება წამსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივაციას წარმოადგენს (საბჭოთა ოკუპაციის დროსაც კი ავღანეთში მომსახურე ქართველ, რუს, უზბეკ მეომრებს თანაბარი ანაზღაურება ჰქონდათ).
არსად ჩანს ხელისუფლების მცდელობა ასეთი სხვაობის შესამცირებლად და არც ახსნა თუ სად მიდის ამ ოპერაციისთვის გამოყოფილი სახსრები.
სამაგიეროდ ნათლად ჩანს, რომ ნატოს ხელმღძვანელობა და დასავლელი პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ქართველი ჯარისკაცების შემდგომ ბედზე ვიდრე საქართველოს ხელისუფლება.
ერთადერთი, რაშიც ვეთანხმებით ხელისუფლებას, არის ის, რომ “ამგვარ გამოცდილებას ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის”, მაგრამ ესეც ხელისუფლების განსაკუთრებული დამსახურება არ არის, ბიჭები იბრძვიან და თან სწავლობენ.
ცხადია მისასალმებელია, საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა-განვითარებისთვის საქმეში რომ “მონაწილეობს”, მაგრამ როგორ დავიჯეროთ ხელისუფლების გულწრფელობა, როცა საქართველოში მისი ტირანიის განუხრელი დამკვიდრება ხდება! დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ხომ გაჩერება “ტირანია” _ არ არსებობს!
თუ ასე არ არის, მაშინ სად არის ის თანამდევი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის აუცილებელი მთელი რიგი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას?
საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დაწყების (სასამართლო, პოლიცია, თვითმართველობა და სხვა) და დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შექმნის გარეშე დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ავღანეთში დაღვრილი ქართული სისხლი შედეგს ვერ მოიტანს!
ამ მხრივ სააკაშვილის რეჟიმი “ღირსეული” მემკვიდრეა თავისი სულიერ წინაპრის, ბოლშევიზმისა, რომელიც მსოფლიოში “მშვიდობას” იცავდა, შიგნით კი დესპოტიას.
ასევე იქცევიან ქართველი ნეობოლშევიკები – ავღანეთში ისლამისტ-ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ ჯარს აგზავნიან, სამაგიეროდ კი დემოკრატიის ამ ნიღბით საკუთარ სამშობლოში მათ ფუნქციონირებას მნვანე შუქი აქვთ ანთებული და თვით კომუნისტური რეჟიმისთვის გაუგონარ საქმეებს სჩადიან;
ერთის მხრივ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა და რუსეთის საწინააღმდეგო რიტორიკა და მეორე მხრივ, საქართველომ ყველაფერი რუსეთისთვის დათმო, რაც ლოგიკურად შეუთავსებადია (ამასთანავე, გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავღანეთის პრობლემის მოგვარების პროცესში რუსეთიც მონაწილეობს).
მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იწვევს, რის გამოც ამერიკის უკიდურესი მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერით სარგებლობს, თვითონ კი ამ ნდობას ქართული საზოგადოებაზე ძალადობისა და საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის დამკვიდრების აუცილებლობის დამტკიცებისთვის იყენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო ფორმატის გარდა ავღანეთის ოპერაცია ითვალისწინებს ბევრ სხვა, მათ შორის, კომერციულ პროექტებს. მაგალითად, ქართული საზოგადოება ცოტა ხნის წინ მოწმე გახდა ქართული ავიაკომპანიების ბრძოლისა ავღანეთში სატრანსპორტო გადაზიდვების ქართული წილის გადასანაწილებლად.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის ასეთი ქმედებები საქართველოში ნატოს ავტორიტეტს აუფასურებს და საპირისპირო პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ხელისუფლებას მართლა რომ სურდეს ის, რის დეკლარირებასაც ახდენს, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი რეგიონში, მან უნდა შეასრულოს სამოკავშირო ვალდებულება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ნორმების მდგრადი სისტემის დანერგვას.
და, რამდენადაც ხელისუფლება არ ცდილობს საზოგადოების ნდობის და მხარდაჭერის მოპოვებას ამ მნიშვნელოვან საქმეში, შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად მმართველი კლანი ცდილობს გადაფაროს თავისი ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, მოაგვაროს საკუთარი კომერციული ინტერესები და მოიპოვოს მხარდაჭერა ხელისუფლებაში ყოფნის გასაგრძელებლად.
თუ ხელისუფლებას დამატებითი არგუმენტები გააჩნია თავისი პოლიტიკის გასამართლებლად, ჩვენს პრინციპულ დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისათვის მუდამ მზად ვართ.
მამუკა გიორგაძე
სახალხო პარტია
5.05.2012